"როგორც რუსი ანალიტიკოსები ამბობენ, მაღალია რისკი იმისა, რომ პრიგოჟინის მოქმედება მხარდაჭერილია პუტინის კარზე და გადატრიალება მოხდება" - რა ელის რუსეთს: სავარაუდო პროგნოზები
პრიგოჟინი პუტინს მთავრობის დამხობით ემუქრება. "ვაგნერის“ დაჯგუფების მეთაური ამტკიცებს, რომ რუსეთს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება. აჯანყებული პრიგოჟინი წინ მიიწევს. „როიტერის“ ცნობით, ვორონეჟის ყველა საკვანძო და სამხედრო ობიექტი, მათ შორის აეროპორტიც „ვაგნერის“ კონტროლქვეშაა. ვორონეჟში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს...
იგივე ვითარებაა რისტოვშიც - ქალაქს სრულად „ვაგნერები“ აკონტროლებენ, ქალაქის ყველა შესასვლელ-გასასვლელი ჩაკეტილია, ცენტრში კი ჯავშანტექნიკა და შეიარაღებული სამხედროები დგანან.
პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ აჯანყებაში 25 ათასი „ვაგნერის“ მებრძოლი იღებს მონაწილეობას. მისივე მტკიცებით, „ვაგნერს“ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროპორტიც კონტროლქვეშ ჰყავს აყვანილი.არსებობს ცნობები, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება რუსეთის დედაქალაქს უახლოვდება. მოსკოვში კონტრტერორისტული რეჟიმია დაწესებული, სადაც ყველა გზატკეცილი გადაკეტეს. კრემლი სრულ პანიკაშია და ქალაქში გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული. ვორონეჟი, რომელსაც „ვაგნერელების“ ნაწილი აკონტროლებს, მოსკოვიდან 500კმ-შია.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 23 ივნისს, "ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“. ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.
პუტინმა, რომელიც, როგორც ჩანს, ამგვარ სცენარს არ ელოდა, საჯაროდ დაადასტურა, რომ რუსეთი სამხედრო გადატრიალების ზღვარზეა, დიქტატორი ვაგნერის მეთაურს შურისძიებას და მრავალწლიან პატიმრობას ჰპირდება. „ეს არის ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა“, - თქვა პუტინმა საგანგებო მიმართვის დროს.
დასავლეთში ფიქრობენ, რომ ვაგნერის სამიზნე ახლა მოსკოვია.
რუსეთში მიმდინარე პროცესებსა და ამ ფონზე საქართველოსთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე AMBEBI.GE-სთან თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე საუბრობს:
- ფაქტებზე დაყრდნობით შეიძლება იმის თქმა, რომ არსებობს ორი სამხედრო დაჯგუფება, რომლებიც უკვე დიდი ხანია უკრაინელებთან თანამშრომლობენ და რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე, შეიძლება ვთქვათ, საბრძოლო მოქმედებებს წარმატებით ახორციელებენ. წარმატებულს იმიტომ, რომ მათ მიზერული დანაკარგები აქვთ და თავიანთ მიზნებსაც მიაღწიეს. ისინი გარკვეული პაუზებით მოქმედებენ. გარდა ამისა, უკვე გაჩნდა „ვაგნერიც“ - ფაქტია, მოხდა „ვაგნერის“ მიზნების დეკლარირება და ამას მოჰყვა მოქმედებაც - მათი გადაადგილება და როსტოვის დაკავება. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თითქოს მათ ვორონეჟის მიმართულებით აქვთ წარმატებები და მოსკოვის მიმართულებითაც ხორციელდება მოძრაობა. ფაქტია, რომ დაუმორჩილებლობის მაღალი ხარისხია. თვითონ პრიგოჟინის განცხადებაშიც დასტურდება, რომ მათ ჰქონდათ შეტაკებები და თავდაცვის სამინისტროს ძალებმა განიცადეს გარკვეული დანაკარგები, საუბარია სამი ვერტმფრენის დაზიანებაზე, მაგრამ მხოლოდ ერთის ვიდეოკადრები აჩვენეს. ჩავთვალოთ, რომ რაკი პრიგოჟინმა ეს განაცხადა, მიუხედავად იმისა, გაბუქებულია თუ არა, ფაქტია, მან ისეთი პოზიციონირება მოახდინა, რომ ოფიციალური რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მას აქვს გარკვეული შეტაკებები. გარდა ამისა, ისევ მას რომ დავეყრდნოთ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სტრუქტურის ზოგიერთი წარმომადგენელი და ქვედანაყოფები მასთან წინააღმდეგობაში არ შედიან და უარს აცხადებენ მათთან ბრძოლაზე. შეესაბამება თუ არა ეს რეალობას, ამის დამადასტურებელი ფაქტები მალე გამოჩნდება. (გააგრძელეთ კითხვა)