"პრიგოჟინს, როგორც ჩანს, იმედი აქვს, მოსკოვს ტრიუმფით აიღებს და კრემლში თავის მარიონეტს დასვამს... არ არის გამორიცხული, მას დასავლეთიდან ასეთი შეთავაზება მიეღო"
სამხედრო და პოლიტიკურ წრეებში „ვაგნერის“ აჯანყება რუსეთში უკვე შეფასდა სამოქალაქო ომის დასაწყისად. ანალიტიკოსების ვერსიით, უკრაინის კონტრშეტევამ მოსკოვსა და გასამხედროებულ ფორმირებებს შორის ისედაც არსებული განხეთქილებები, კიდევ უფრო გაამწვავა. ცოტა ხნის წინ უკვე ცნობილი გახდა რუსეთის სამთავრობო ძალების და „ვაგნერის“ პირველი დანაკარგები. OSINT- პროექტისა და „Oryx“-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით რუსული რეგულარული არმია უფრო ბევრ დანაკარგს განიცდის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევგენი პრიგოჟინის მებრძოლებთან შეტაკებებში, რუსეთის სამხედროებმა თვითმფრინავი ილ-22, რადიოელექტრონული ბრძოლის 2 ვერტმფრენი, ერთი ვერტმფრენი მი-35, საბრძოლო მანქანა „ტიგრი“ და სამხედრო კამაზი დაკარგეს. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაცია განადგურებულია, ხოლო მანქანები „ვაგნერის“ განკარგულებაშია. „ვაგნერმა“ კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი „უაზის“ ტიპის მანქანა დაკარგა. რამ განაპირობა ამ პროცესების დაწყება რუსეთში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამის შესახენ ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება:
- ამ ამბავს ძალიან ბანალური დასაწყისი აქვს, „ვაგნერის“ მეთაურს, კრემლიდან შესაბამისი ყურადღება არ მიაქციეს. როგორც ჩანს, პრიგოჟინი მეტ პატივს ითხოვდა. არც ის არის გამორიცხული, რომ მართლა არ აწვდინენ შესაბამის იარაღს, ფრონტის ხაზზე. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ მასში კონკურნტს ხედავდა. რაღაც მომენტში, ამ კაცს ტვინი გადაუტრიალდა. მართლა არ ვიცი, რა მოლოდინები და ილუზიები აქვს. წესით, უნდა სცოდნოდა, რომ ასეთი ბუნტის მოწყობის შემდეგ, პრეზიდენტი თავის გენერლებს არ გასწირავდა და მხარს მას არ დაუჭერდა. ის, რასაც პრიგოჟინი აკეთებს, ნამდვილად ბუნტია. როგორც ჩანს, იმედი აქვს, რომ ჯარის დიდი ნაწილი აჰყვება, მოსკოვს ტრიუმფით აიღებს და კრემლში თავის მარიონეტს დასვამს, მაგრამ ეს ამბავი ასე მარტივად არ დასრულდება.
- პრიგოჟინის აჯანყებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, ერთ-ერთი ვერსიით, ის დასავლეთთან არის შეკრული, მეორე ვერსიით, ეს პუტინის და პრიგოჟინის თამაშია, შოიგუს დასასჯელად. კიდევ ერთი ვერსიაა, რომლის მიხედვითაც, ეს ყველაფერი უკრაინელების დასაბნევად კეთდება.
- მეორე და მესამე ვერსიას გამოვრიცხავ. მე უფრო პირველს ვიზიარებ. არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთიდან პრიგოჟინს ასეთი შეთავაზება მიეღო: ის პუტინს, რომელიმე პრაგმატულად და საღად მოაზროვნე რუსი პოლიტიკოსით ჩანააცვლებდა, რომელიც უკრაინიდან რუსეთის გასვლას უზრუნველყოფდა, მოსკოვს კი სანქციები მოეხსნებოდა. ეს არის პროგოჟინის საქციელის რაციონალური ახსნა. სხვა შემთხვევაში არც კი, ვიცი, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს.
- ცოტა ხნის წინ უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა და მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.
- არა, ამის არ მჯერა. უკრაინა ომშია და შეიძლება დასჭირდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება. შეიძლება ითქვას, რომ ეს შეიძლება ერთგვარი ტაქტიკაც იყოს.
- ჩვენ ვიცით, რომ "ვაგნერის" გარდა, რუსეთში სხვა კერძო, გასამხედროებული ორგანიზაციებიც მოქმედებს. რა შეიძლება მოხდეს ახლა რუსეთში, რა პროცესებს მიეცემა ბიძგი?
- ცხადია, რომ რუსეთის თავს კარგი არაფერი ხდება. პუტინისთვის ერთადერთი საუკეთესო გამოსავალი ამბოხების ორ დღეში, ადგილზევე ლოკალიზება და პროგიჟინის დაპატიმრება ან მოკვლაა. თუ ეს პროცესი როსტოვს გასცდება, მერე პროცესები უმართავი გახდება.
- ცოტა ხნის წინ მოსკოვმა ბირთვული იარაღით შანტაჟი განაახლა. მუქარა იმდენად სერიოზული ჩანდა, რომ უკრაინამ პრევენციული ღონისძიებებიც კი დაიწყო. როგორ გგონიათ, ბირთვული საფთხე მოიხსნა დღის წესრიგიდან?
- არ გაშინებთ, მაგრამ რუსეთის დოქტრინაში წერია, რომ მოსკოვმა ბირთვული იარაღი იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, თუ რუსეთის სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრება. ახლა კი სწორედ რუსეთის სახელწიფოებრიობას ემუქრება საფრთხე. ცოტას კი ვუტრირებ, მაგრამ სამოქალაქო ომი გაცილებით დიდი საფრთხეა რუსეთისთვის, ვიდრე უკრაინელების მიერ კიდევ ერთი ქალაქის აღება.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)