"სანამ სტალინი ცოცხალი იყო, ყოველგვარი ცნობის მოტანა აკრძალული იყო. წერილებს უშიშროების სამსახური კითხულობდა" - ვინ არის ცნობილი ქართველი მილიონერის, ჯორჯ კობის შთამომავალი - კვირის პალიტრა

"სანამ სტალინი ცოცხალი იყო, ყოველგვარი ცნობის მოტანა აკრძალული იყო. წერილებს უშიშროების სამსახური კითხულობდა" - ვინ არის ცნობილი ქართველი მილიონერის, ჯორჯ კობის შთამომავალი

ამერიკელი ქართველი მილიონერის ჯორჯ კობის შესახებ რომელ ქართველს არ გაგვიგონია. ოდესღაც ერთი პატარა რაჭველი ბიჭი გიგო (გრიგოლ კობახიძე)­ დედ-მამას ბორჯომში გაეპარა უფროს ძმასთან, მინის ქარხანაში სამუშაოდ. გიგოს­ უნდოდა ცოტა ფული ეშოვა და ოჯახს დახმარებოდა. დედ-მამას თავზარი დაეცა, როდესაც­ 10 წლის შვილი ვეღარ იპოვეს. სიღარიბის მიუხედავად, შვილებს ლუკმას არ აკლებდნენ, შეძლებისდაგვარად არც განათლებას. გიგოც სოფლის მღვდელთან მიიყვანეს წერა-კითხვის შესასწავლად და იმდენად ნიჭიერი გამოდგა, უფრო მეტი მოინდომა და გზას ფეხშიშველა დაადგა. გზაში ყაჩაღი შეხვდა, ფეხშიშველა ბიჭი შეეცოდა და ფული აჩუქა, ფეხსაცმელები იყიდეო (გამდიდრებული გიგო ყაჩაღს დიდხანს ეძებდა სიკეთის გადასახდელად, თუმცა ვეღარ ნახა, 1924 წელს რუსების წინააღმდეგ აჯანყებას შესწირვოდა). მინის ქარხანაში ყველა მიხვდა, რომ ბავშვი უზომოდ ნიჭიერი იყო, ამიტომაც ყველამ, როგორც შეეძლო, ისე უპატრონა. უბრალოდ, დრო იყო ცუდი, - ძირმომპალი რუსული იმპერიის ნგრევა იწყებოდა, ყველაფერზე წამსვლელი რევოლუციონერები კი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. ასე რომ, გიგომ ევროპას მიაშურა, მით უმეტეს, იმ დროს ევროპა-ამერიკაში წასვლა ადვილი იყო. განსაკუთრებით გერმანია იყო სავსე რუსებით, რომელიც გერმანელებს მაშინაც ყელში ჰყავდათ ამოსული.

ჰოდა, 1907 წლის ერთ დილას ახალგაზრდა მეწარმემ გერმანიაში თავის ახალგახსნილ მინის ქარხანაზე ასეთი წარწერა იხილა: "რუსო ღორო, წაეთრიე აქედან". გაგიჟდა გიგო. მართალია, არც თვითონ იყო რუსი და არც ქარხნის გახსნაში მონაწილე მისი მეგობრები, მაგრამ მაინც იუკადრისა, გერმანია მიატოვა და ინგლისში წავიდა. ინგლისიდან კი ამერიკისაკენ დაადგა გზას. იქ მისი ნიჭისთვის დიდი ასპარეზი იყო, თანაც, უამრავ რაჭველ მეპურეს შეხვდა. ასე რომ, გიგოს იქ არაფერი გასჭირვებია. მალე თავადაც დაიწყო პურის ცხობა. თანდათან წელში გაიმართა, მინის ქარხანა გახსნა და 60-მდე გამოგონება-შედევრიც შექმნა, მათ შორის, ნაძვის ხის ულამაზესი სათამაშოები, წყალგამძლე ბეტონი და მინა-ბლოკი (ამ მასალით დღესაც შენდება ამერიკული ცათამბჯენები). საბოლოოდ ჯორჯ კობის, იგივე გრიგოლ კობახიძის ბიზნესს წელიწადში, დღევანდელი კურსით, დაახლოებით 57 მილიონი დოლარის მოგება ჰქონდა. უფრო დიდი სასწაული ის იყო, რომ დიდი დეპრესიის დროს გიგოს ბიზნესიც გაკოტრდა, მისმა პარტნიორმა თავი მოიკლა, გიგომ კი ბიზნესი ხელახლა აამუშავა და ისევ მილიარდერი გახდა, ოღონდ უბედური მილიარდერი - ყველას თავისი ჯვარი აქვს: ჯორჯ კობის 1927 წლის შემდეგ საქართველო აღარ უნახავს და ამას ძალიან განიცდიდა, განსაკუთრებით ასაკში, რასაც ისიც ემატებოდა, რომ შვილი არ ჰყავდა, ვერ გადაეწყვიტა, ვისთვის გადაელოცა ნაშრომი. საქართველოში ჯორჯ კობის შთამომავლებს მაშინვე ეტყობათ, რომ ამ დედამიწის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის სისხლ-ხორცი არიან... თუმცა მსგავსებასთან ერთად, განსხვავებაც დიდია: უპირველესად შეძლებასა და საქმიანობაში, მერე კი იდეაში: ოჯახის უფროსი, გოჩა კობახიძე, ელექტროინჟინერია და ავტომანქანების ხელოსნად მუშაობს (სამაგიეროდ, ამ საქმის პროფესიონალია). მილიარდერი წინაპარი მისთვის მხოლოდ დიდი ბაბუაა, რომელიც სამშობლოს მონატრული დაიკრძალა და ამაზე სწყდება გული.

- ბატონო გოჩა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მილიარდერს საქართველოში შთამომავლობა ჰყავდა და თანაც, ასეთი მოკრძალებული.

- გიგოს ორი ძმა და ერთი და ჰყავდა. ძმებს ლევანი და ერასტი ერქვათ. ერასტი ჩემი ბაბუა იყო, მამაჩემის, დავითის მამა. 1925 წელს გიგოს სამშობლოდან წასვლიდან 20 წლის შემდეგ საქართველოში ცოლთან, დაშასთან ერთად ჩამოვიდა, მაშინ მამაჩემი წლის იყო. გიგოს და მის ცოლს შვილი არ ჰყავდათ. ამიტომ უნდოდათ მამაჩემის შვილად აყვანა. ალბათ, გიგოს სურდა თავად გაეზარდა და ყველაფერი ესწავლებინა, რომ მერე თავისი ბიზნესი გადაეცა.

- რამ შეუშალა ხელი?

- ბებიაჩემის, ფოტინესა და ბაბუაჩემ ავქსენტის უარმა. ვერ დათმეს შვილი. მათ ის აწუხებდათ, რომ შვილი ოკეანის იქით უნდა გაეშვათ და ვეღარ ნახავდნენ. გიგო, რომ იტყვიან, თან ჰყვებოდა ოჯახს. ყოველ შემთხვევაში, 1928 წლამდე, სანამ ბოლშევიკებს უცხოეთთან ურთიერთობა ჯერ კიდევ ჰქონდათ და ხალხსაც არ უკრძალავდნენ წასვლას. გიგო შემდეგ, თუ არ ვცდები, 1928 წელს ჩამოვიდა საქართველოში და არა მარტო ოჯახს დაეხმარა, თავის სოფელ თხმორსაც სკოლა, აფთიაქი, ეკლესია და ა.შ. გაუხსნა. სწორედ ამ დროს ჩაუტანა უფროსმა ძმისშვილმა ამბავი რაჭაში, თავს უშველე, შენს დაჭერას აპირებენო. ეს დიდი კაციც იძულებული გახდა საქართველოს სამუდამოდ დამშვიდობებოდა.

სანამ სტალინი ცოცხალი იყო, ყოველგვარი ცნობის მოტანა აკრძალული იყო. გიგოს დედმამიშვილები შვილებთანაც ვერ ლაპარაკობდნენ გიგოს შესახებ, რომ ბავშვებს რაიმე არ წამოსცდენოდათ და ოჯახი არ გაესახლებინათ. ასე რომ, ჩემს უფროს ძმებს შეიძლება იმდენი ვერ გაეგოთ გიგოზე, რამდენიც მე, ნაბოლარა შვილს. მე 1965 წელს ვარ დაბადებული. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირში რკინის მარწუხებმა ოდნავ მოიშვა დაგიგომ ისევ დაიწყო ამერიკიდან ამანათების გამოგზავნა. მათ მისაღებად ფოსტაში მამაჩემი მიდიოდა. მამა ადრე გარდამეცვალა, პატარა ვიყავი, მაგრამ მიუხედავად ამისა, თითქოს ახლაც ვხედავ მის სასოწარკვეთილ სახეს, როდესაც ერთ დღეს ფოსტიდან გამწარებული დაბრუნდა. ამბობდა, ამანათები ამოქექილი მხვდება, ბევრი რამე ამოცლილიაო.

- ანუ ამანათებს ხსნიდნენ?

- რა თქმა უნდა, ხსნიდნენ და რაც კარგი იყო, იღებდნენ, მხოლოდ ტოვებდნენ წერილებს,­ ფოტოებს... ოღონდ მანამდე წერილებს უშიშროების სამსახური კითხულობდა. გააგრძელეთ კითხვა