"არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, ეს იყო რუსეთის შიდა საქმე"
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოში უშიშროების საბჭოს მოწვევის არავითარი საჭიროება არ იყო.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ დაპირისპირებისკენ მოწოდებები ისმოდა, რაც კალაძის შეფასებით, არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და დამოკიდებულება, არამედ ეს არის მტრის „წისქვილზე წყლის დასხმა“.
„დავიწყოთ იქიდან, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. როდესაც რაღაც განსაკუთრებული ხდება და უშიშროების საბჭოს მოწვევის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიღებული იქნება და პრეზიდენტისთვისაც ცნობილი იქნება.
ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა არ არის. საპარლამენტო რესპუბლიკაა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. პრეზიდენტის უფლებამოსილებაც ვიცით, თუ როგორ არის განაწილებული და გადანაწილებული. შესაბამისად, გუშინდელ დღეს რაც შეეხება, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდებოდა. ეს იყო რუსეთის შიდა საქმე, შიდა პრობლემები და რაც შემდეგ მოგვიანებით გამოჩნდა, კიდევ უფრო დადასტურდა ის განცხადებები, რაც მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. დამოკიდებულება, რომელიც განცხადებების სახით ვიხილეთ და მოწოდებები, არ ვიცი ეს ადამიანები მიზანმიმართულად აკეთებენ ამას და შეცდომებს უშვებენ, გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თითოეულმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ და ზოგადად, ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა უნდა იზრუნოს პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. დამაზიანებელია ის დამოკიდებულება, თუნდაც რაც გუშინ ვიხილეთ, რა სტატუსებს წერდნენ, რა მოწოდებები იყო. ზოგი დაპირისპირებისკენ მოუწოდებდა ქვეყანაში, რომ ახლა იყო თურმე შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ ხელისუფლება ჩამოეგდოთ, ვიღაც გამოდიოდა და ომისკენ მოგვიწოდებდა. ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და დამოკიდებულება, ეს არის მტრის „წისქვილზე წყლის დასხმა“,- განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება საზღვრების კონტროლს, კახა კალაძის თქმით, არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ვითარებას აკონტროლებენ.
„გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, სადაც ყველაფერი იყო ნათქვამი. შესაბამისად, ყველა მოწოდების სიმაღლეზეა, ვისაც აღნიშნული მიმართულების კონტროლი და ზედამხედველობა ევალება. თუ რაიმე საფრთხე იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, რაც პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებში შედის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს“,-განაცხადა კალაძემ.
"ინტერპრესნიუსი"