"არ არის გამორიცხული, ასეთ ფიგურას პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გასჩენოდა, პუტინიც ხომ მასსავით არსაიდან მოვიდა, ერთ დროს" - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული, ასეთ ფიგურას პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გასჩენოდა, პუტინიც ხომ მასსავით არსაიდან მოვიდა, ერთ დროს"

კრემლი არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. ლუკაშენკოს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში და პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა, - ამის შესახებ ამერიკული "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშშია აღნიშნული.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამბოხებამ გამოავლინა რუსეთის უსაფრთხოების ძალების სისუსტე და აჩვენა პუტინის უუნარობა, გამოიყენოს თავისი ძალები დროულად შიდა საფრთხის მოსაგერიებლად და კიდევ უფრო დაანგრია მისი მონოპოლია ძალაზე. პრიგოჟინის აჯანყების თაობაზე საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია გავრცელდა, ზოგიერთი მოსაზრებით "ვაგნერელების" ამბოხს ობიექტური მიზეზები ჰქონდა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი.

რა მოხდა სინამდვილეში, როგორი გაგრძელება ექნება ამ ამბავს და როგორ შეიცვლება კავკასიელი ლიდერების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე მამუკა არეშიძეს დავუკავშირდით.

მამუკა არეშიძე:

- მე მათ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც თავიდანვე ფიქრობდნენ, რომ ამ ამბავს სპექტაკლის ელემენტები ჰქონდა, სპექტაკლის მიღმა კი მასშტაბური ვაჭრობა იმართებოდა. პრიგიჟინმა 65 000 კაცით ბახმუტი ვერ აიღო, მთელი 9 თვის განმავლობაში და 25 000 ათასი კაცით როგორ აიღებდა მოსკოვს, სადაც უამრავი ძალოვანი ინფრასტრუქტურაა განლაგებული, შესაბამისი სამხედრო კონტიგენტით?! რაში მდგომარეობს ვაჭრობა და რაში რა გაიცვალა, ჯერ მიჭირს ამის თქმა, ეს ამბავი მოგვიანებით გაირკვევა. .

- რუსებმა მხოლოდ სპექტაკლითვის ჩამოაგდეს 7 საფრენი აპარატი, მოკლეს 12 მფრინავი, ორჯერ დაბომბეს ვორონეჟი და ააფეთქეს ნავთობტერმინალი?

- რუსებისთვის არასოდეს არ ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი არც ადამიანების სიცოცხლე და არც მატერიალური რესურსი. უამრავი ადამიანი იღუპება იმის გამო, რომ ჯარში კორუფცია ჰყვავის და არასწორად იგეგმება სამხედრო ოპერაციები. პრიგოჟინის აჯანყებას რომ სპექტაკლის ელემენტები ჰქონდა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პუტინმა თავის მიმართვაში პრიგოჟინი საერთოდ არ ახსენა, თითქოს არც არსებობდა. მხოლოდ მოღალატეობრივ ფაქტად შეაფასა ამბავი და თქვა, რომ დამანაშავეები დაისჯებოდნენ. ისეთმა პროპაგანდისტმაც კი, როგორიც სოლოვიოვია, ძალიან ბუნდოვანი შეფასება გააკეთა. რაღაც სისულეები ილაპარაკა, მისტიკაში გადავარდა... სხვებმაც ასევე იბოდიალეს. მე იმის თქმა მინდა, რაღაც სხვა ხდება იმის მიღმა, რასაც ჩვენ ეკრანზე ვუყურებთ. რა ხდება სინამდვილეში, ახლა ამის თქმა ძალიან რთულია.

- ეკრანზე ჩანს, იმიჯშელახული პუტინი და "თიხის ფეხებზე" მდგარი კრემლი. ამის ჩვენება, ფართო საზოგადოებისთვის ვის ინტერესებში შედიოდა?

- ეს არის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც ჯერ არ ჩანს. არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვში იმაზე უარესის მოლოდინი ჰქონდათ, ვიდრე პუტინის იმიჯის შელახვა და რუსეთის სამხედრო ძალების სისუსტის გამოვლინებაა. შეიძლება, ამ დაპირისპირების ფონზე, პუტინს ოლიგარქების წინააღმდეგ საბრძოლველად ხელ-ფეხი გაეხსნა, შეიძლება პირიქით, სამხედროების წინააღმდეგ გაეხსნა ხელ-ფეხი. ჯერჯერობით უცნობია. ერთი რამ ცხადია, ამ ჯანყის ფონზე ოლიგარქების თვითმფრინავებმა, მათ შორის, თავად პუტინის თვითმფრინავმაც, ძალიან აქტიურად დაიწყეს მოძრაობა, რუსეთის საჰაერო სივრცეში. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსული სახელისუფლებო წრეების კულუარებში ძალიან დიდი აქტიურობა იყო. ეს ამბავი რომ კარგად გავიგოთ, სახელისუფლებო წრეებში შექმნილი ვითარება უნდა გავითვალისწინოთ. იქმნება განცდა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მყოფ პირებს, უკრაინასთან და ზოგადად, დასავლეთთან დაპირისპირების კუთხით, ერთი პირი აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. უნდა ითქვას, რომ მოსკოვში დღემდე არიან დასავლეთზე ორიენტირებული პირები. რუსეთის გავლენის ჯგუფები რამდენიმე ნაწილად არიან დაყოფილნი, მათ შორის, ძალიან სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენს ე.წ. პატრიოტების ჯგუფი. ესენი ძალიან სერიოზულად არიან დაპირისპირებულები ხელისუფლებაში მყოფ ჩინოვნიკებთან. მოდით ასე ვთქვათ, კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ბრძოლა. პუტინი დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა ურთიერთობების დაბალანსებას, პრიგოჟინის დაჯგუფებასა და თავდაცვის სამინისტროს შორის, მაგრამ ბოლოს ეს შეუძლებელი გახდა.

რუსეთის ხელისუფლებაში, პუტინის მოწინააღდეგე ძალებიც არიან. უბრალოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ პუტინი ჯერ კიდევ საჭიროა, ბალანსის შესანარჩუნებლად. საბოლოო ჯამში, პუტინი ლიბერალების დაკრულზე ცეკვავს. იცით, როგორი სიტუაციაა? მაგალითად, შესაძლებელია, ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა მეორესთან სატელეფონო საუბრისას თავს იმის უფლება მისცეს, რომ პუტინი გალანძღოს და სატანა უწოდოს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ პუტინმა ეს ყველაფერი, რომელიმე ბალანსიდან გამოსული ჯგუფის თავში ჩასარტყმელად გააკეთა. თუნდაც, კონსერვატორებისთვის. დიდის ამბით, რომ გამოაცხადა პრიგოჟინმა, რუსების სისხლის ვერ დავღვრიო, მოსკოვისკენ რომ დაიძრა, მაშინ არ იცოდა, ამის გაკეთება რომ მოუწევდა?! ძალიან კარგადაც იცოდა! უბრალოდ, მიიღო ის შეთავაზება, რაც სჭირდებოდა და ამიტომაც გაჩერდა.

ლუკაშენკო ვინ იყო ამ სიტუაციაში? უბრალოდ, ამბის მიმტან-მომტანი! პრეზიდენტი კაცია და სირცხვილია, მისი ამ როლში ყოფნა, მაგრამ რეალობა ასეთია. პრიგოჟინთან მოსალაპარაკებლად, ლუკაშენკომდე თავდაცვის მინისტრისა და დაზვერვის უფროსის მოადგილეები გავიდნენ კავშირზე, მაგრამ ისინი არაფრად არ ჩააგდო. მათი რანგი არ მიიჩნია საკმარისად. როგორც კი ლუკაშენკოს პირით მიიღო ის გარანტიები, რაც სჭირდებოდა, მაშინვე დასთანხმდა. ორასი კილომეტრიღა ჰქონდა დარჩენილი მოსკოვამდე და ამხელა არმადა მოაბრუნა უკან. ერთი რამეც მინდა გითხრათ, მთელი ამ ამბით, მოსახლეობის განწყობებიც გაიზომა. რა გაირკვა? მოსახლეობის დიდი ნაწილი არის პრიგოჟინის მხარდამჭერი. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, "ვაგნერს" გზად გასავლელი ჰქონდათ ტვერის რაიონი. ამ რაიონის გუბერნატორი პრიგოჟინის მეგობარია. ამის შესახებ მოსკოვშიც გადასარევად იცოდნენ. ისიც ნიშანდობლივია, რომ ტვერის გუბერნატორს არც კომენტარი გაუკეთებია და საშტაბო მუშაობა არ ჩაუტარებია. ე.ი. სამთავრობო სტრუქტურებშიც კი არ იყო საქმე ისე, როგორც ზოგიერთს ეგონა.

- საბოლოოდ, ვინ იყო ამ სპექტაკლის მთავარი რეჟისორი?

- ძალიან კარგი კითხვაა. ჩემი აზრით, ამ სპექტაკლს ერთი რეჟისორი არ ჰყავდა. საინტერესო ნიუანსზე მინდა მიგანიშნოთ, ბოლო დროს პრიგოჟინმა აქტიურად დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ უკრაინელები კარგი მეომრები არიან და კარგი სამხედრო ხელმძღვანელობა ჰყავთ. ეს მაშინ ასე იკითხებოდა - პრიგოჟინი უკრაინის არმიის ხარისხს მაღლა სწევდა იმისთვის, რომ საკუთარი ჯარის განსაკუთრებყლობა ეჩვენებინა, რომ თითქოს ასეთ ძლიერ ჯარს სძლია ბახმუტში. ახლა ჩანს, რომ ეს მთლად ასე არ იყო. პრიგოჟინის გარკვეული კონტაქტები, ფრონტის ხაზს იქით, უკვე შემჩნეულია. გაგიკვირდებათ და ამ გაგანია ომის დროს, ბერლუსკონის გასვენებაშიც კი იყო ჩასული. მოსკოვში უკვე ჭორაობენ იმის შესახებ, რომ ბერლუსკონის გასვენებაში ის მისთვის საჭირო ადამიანებს შეხვდა და გარანტიებიც მიიღო. ე.ი. როდესაც ამ სპექტაკლის რეჟისურაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა მონაკვეთზე, სხვადასხვა აქტივობა შეინიშნებოდა. საბოლოოდ კი ის მივიღეთ, რაც მივიღეთ. საბოლოო ჯამში, პუტინის იმიჯიც დაზარალდა და ისიც ნათელი გახდა, რომ რუსეთს შეტევის შემთხვევაში თავდაცვისთვის სახარბიელო რესურსები არ აქვს.

- თქვენი ვერსიით, პუტინი ერთ-ერთი როლის უნებლიე შემრსულებელი იყო თუ ერთ-ერთი რეჟისორი?

- პუტინი შეიძლება ერთ-ერთი რეჟისორი იყო, მაგრამ არა მთავარი. ვგულისხმობ იმას, შეიძლება პუტინს სწორად არ ჰქონდა გათვლილი შესაძლო შედეგი. არც ის არის გამორიცხული, რომ პუტინი ერთ-ერთი როლის შემსრულებელი იყო, მაგრამ ეგონა, რომ მთავარი რეჟისორი იყო. ინფორმაცია ჯერ ძალიან მწირია. ერთი შეხედვით, ჩნდება ლოგიკური კითხვა, როგორ შეიძლება პუტინი ყოფილიყო რეჟისორი, როდესაც საბოლოო ჯამში, მისი იმიჯი შეილახა? არადა, პოლიტიკაში ზოგჯერ ადამიანებს ისე იყენებენ, გარკვეული მიზნებისთვის, რომ ის ვერც კი ხვდება ამას. ისეც ხდება, რომ ადამიანს ჰგონია, მთავარი ფუნქცია შეასრულა, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მეორეხარისხოვანი ფუნქცია აქვს.

- ალბათ ბევრი რამ მას შემდეგ გაირკვევა, როდესაც პრიგოჟინი უკრაინაში დაბრუნდება. ჩემი აზრით, პრიგოჟინს უკვე ძალიან სერიოზული ამბიციები გაუჩნდა. იმისათვის რომ ეს ამბავი კარგად გავიგოთ, პრიგოჟინის ბიოგრაფია უნდა ვიცოდეთ.

- პრიგოჟინი იყო ავანტიურისტული ბუნების კრიმინალი. ამასთან, კარგი ორგანიზატორი. პეტერბურგში, საიდანაც პრიგოჟინია, ორი კრიმინალური კლანი ებრძოდა ერთმანეთს. მატვიენკოს კლანი და ძალოვანების კლანი. მატვიენკო საკმაოდ დიდხანს იყო გუბერნატორი, ახლა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეა. ეს ორი კლანი მუდამ ებრძვის ერთმანეთს და ვინც იმარჯვებს ის ხდება გუბერნატორი. შესაბამისად, ხან ერთი კლანის წევრია გუბერნატორი, ხან მეორის. პრიგოჟინი იმდენს ახერხებდა, რომ ყოველთვის გამარჯვებულის მხარეს იყო. საბოლოოდ პუტინის ყურადღებაც მიიქცია. ის მართლა პუტინის მზარეული კი არ იყო, უბრალოდ მისთვის საჭირო სუფრების ორგანიზებას ახდენდა. ამასობაში დიდძალი ქონება ჩაიგდო ხელში და პუტინის დავალებით, კერძო სამხედრო სტრუქტურის ჩამოყალიბება დაიწყო. ამისთვის გამოიყენეს "ვაგნერი", რომელის მეთაურიც იმ პერიოდში უტკინი იყო. ეს ორგანიზაცია იმ რეგიონებში მოქმედებდა, სადაც პუტინს თავისი ინტერესები ჰქონდა. პირველად ეს მოხდა სირიაში, შემდეგ ავფრიკაში, სუდანში და ა.შ თავად განსაჯეთ, როგორი უნდა ყოფილიყო ამ დაჯგუფების მისია, როდესაც მათი საქმიანობის გასარკვევად ცენტრალურ აფრიკაში ჩასული რუსული ჟურნალისტები თავადვე დახვრიტეს. ყველაზე მთავარი ის არის, პრიგოჟინი მხოლოდ რუსეთის ინტერესებისთვის კი არ სწირავდა თავის ჯარისკაცებს, არამედ იმისათვის, რომ ბიზნესის ძალიან მნიშვნელოვან სეგმენტებს დაპატრონებოდა. ეს არის ალმასები. ე.ი ალმასების წარმოება ჩაიგდო ხელში. უზარმაზარ ფულზეა საუბარი. ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში დღეს მოქმედი ხელისუფლება "ვაგნერის" გარეშე ვერ იარსებებს, მთლიანად "ვაგნერს" აქვს აღებული ხელისუფლების დაცვის ვალდებულება. ამის საფასური ალმასებია. აი, ეს კაცია პრიგოჟინი. ეს იცის მთლმა რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ, მაგრამ ხმას ვერავინ იღებს. პუტინი ამ ადამიანს მუდმივად იყენებდა, საკუთარი ინტერესებისთვის, სხვადასხვა ძალთა დასაბალანსებლად, ხან რუსეთის ინტერესებისთვის, ხან პირადი ინტერესებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ასეთ ფიგურას, ახლა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გასჩენოდა. რატომაც არა?! პუტინიც ხომ ერთ დროს, მასსავით არსაიდან მოვიდა?!

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)