"არავინ გაბედოს ლევანიკოს სახელის ხსენება" - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა?
მომღერალ ნუცა ბუზალაძის მოსკოვში სიმღერასთან დაკავშირებულ სკანდალს მისი კოლეგა, მომღერალი ნინი შერმადინი გამოეხმაურა. ამ კონტექსტში ნინიმ გარდაცვლილი ლევან კბილაშვილი ახსენა. შერმადინი წერდა:
"ჩემი ლევანო კბილაშვილი, ღმერთმა აცხონოს მისი სული! თავისი ქართული სიმღერით რომ ატირებდა რუსებს და ათაყვანებდა საქართველოს, ისიც ვატრიალოთ საფლავში? მოღალატე იყო?! თუ გაუმარჯოს საქართველოს აძახებინებდა რუსებს" - აღნიშნავდა ნინი. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა.
თემასთან დაკავშირებით, ლევან კბილაშვილის დედამ, მელიტა ფურცელაძემ პოსტი გამოაქვეყნა:
"არავინ არ გაბედოს ლევანიკოს სახელის ხსენება. ლევანიკო არსად არ გაპარულა, ლევანი წავიდა ….წავიდა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქვა - “ვიმღერე იმიტომ, რომ ჩემი საქართველო მინდოდა მეჩვენებინა” -ო. ხოდა, აჩვენა.
ამ ხუთი წლის მანძილზე მთელმა საქართველომ იცოდა მისი რუსეთში მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ერთი სიტვა არ დასცდენია არავის აუგად.
სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა სცენაზე, საქართველოს დროშით ხელში, ქართულ სიმღერას ასრულებდა და ყველას დაანახა მან თავისი საქართველო.
დაანახა თან ისე, რომ დარწმუნებული ვარ დიდხანს, ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ. ამიტომ მე, მისი დედა, ხმამაღლა, თავაწეული და ამაყი ვამბობ, ლევან კბილაშვილი იყო, არის და იქნება ადამიანი, რომელმაც ღირსეულად ატარა ყველგან თავისი და საკუთარი ქვეყნის სახელი და დაამტკიცა, თუ როგორი უნდა იყოს სამშობლოს და პრინციპების მქონე პატრიოტი ადამიანი.კიდევ ერთხელ.
ყველას გასაგონად ვიმეორებ, მეორედ არავინ გაბედოს ლევანის სახელის ხსენება და ვინმესთან გაიგივება.ის ლევან კბილაშვილია.
ლევანი, რომელიც ყველგან და ყველაფერში თავის სახელსა და ღირსებას რუდუნებით უფრთხილდებოდა", - წერს მელიტა ფურცელაძე
"ინტერპრესნიუსი"