„თავს მოხვეული იდეოლოგია ეკრანზე მაშინვე გამოჩნდება“ - კვირის პალიტრა

„თავს მოხვეული იდეოლოგია ეკრანზე მაშინვე გამოჩნდება“

"ჩვენ შეგვიყვარდა "მეოთხე ბრაიტონი," ქართული დრამა, რომელიც მოგვითხრობს შვილის გადასარჩენად ყველაფრისთვის მზადმყოფ მამაზე, რომელსაც განასახიერებს გასაოცარი ქარიზმის მქონე ყოფილი სპორტსმენი და ასევე არაპროფესიონალი მსახიობები. ჯეიმზ გრეისა და ძმებ კოენების სულიერი მემკვიდრე ლევან კოღუაშვილი გვთავაზობს ადამიანობის, სიმარტივის, თავმდაბლობისა და გულწრფელობის მარგალიტს!" - ეს სიტყვები ფრანგულმა გამოცემამ "ლე მონდმა" მიუძღვნა ფილმის რეჟისორ ლევან კოღუაშვილს. ახლახან ფილმმა "მეოთხე ბრაიტონი" კასაბლანკას დამოუკიდებელი კინოს საერთაშორისო ფესტივალზე ორი პრიზი მოიპოვა - საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო მსახიობი მამაკაცის. გთავაზობთ ინტერვიუს რეჟისორ ლევან კოღუაშვილთან:

- ბატონო ლევან, გილოცავთ ამ გამარჯვებას! წარმატებამ მიჩვევა იცის?

- გმადლობთ. არ ვიცი, არ მიფიქრია ამ თემაზე და სიმართლე გითხრათ, არ ვთვლი, რომ განსაკუთრებული წარმატებაა. ცხადია, ფილმის ყოველი წარმატება გახარებს, მაგრამ მაინც ზომიერად, თან ფესტივალსაც გააჩნია. კასაბლანკა, როგორც ვიცი, ახალი ფესტივალია და ამბობენ, რომ საინტერესო ხალხი აკეთებს.

- როგორ ფიქრობთ, ამ გადასახედიდან "მეოთხე ბრაიტონმა" ქართული თანამედროვე კინოს თამასა ასწია?

- შეიძლება რაღა ახალი შტრიხი შეიტანა საერთო პალიტრაში. ჩემთვის ეს იყო რთული ფილმი ბევრი მიზეზის გამო - უცხოეთში გადაღება პატარა ბიუჯეტით და აქედან გამომდინარე შეზღუდვებით... მე თვითონ ვცადე სიახლის შეტანა გადაღებასა და მონტაჟში. რაღაცა გამოვიდა და რაღაცა - არა.

- როგორ მიმდინარეობდა გადაღებები და როგორი იყო ბატონი კახი გადაღებისას?

- კახი კავსაძე არაჩვეულებრივი ადამიანი და პროფესიონალი იყო. ისე მოხდა, რომ კინოში მისი ბოლო გადაღების დღე იყო. თბილისში ლტოლვილების ერთ საცხოვრებელში ვიღებდით სცენას, რომლის გადაღებაც ნიუ-იორკში ვერ მოვახერხეთ. ღამის სცენაა: ქართველებს ბრუკლინის "სასტუმროში" სუფრა აქვთ გაშლილი და თედიაშვილის გმირის ჩასვლას აღნიშნავენ. კახი შუა სუფრის დროს უნდა შემოვიდეს. გადაღება გაგვიგრძელდა და კახის რამდენიმესაათიანმა ლოდინმა მოუწია. იჯდა მეზობელ ოთახში და მორჩილად გველოდებოდა. დისკომფორტს არასდროს გიქმნიდა. რამდენი ხანიც საჭირო იყო, დაგელოდებოდა. ბოლომდე დაიხარჯებოდა ყველა დუბლში, ანთებული თვალებით და მთელი გულით ითამაშებდა და ეს მაშინ, როდესაც 83 წლისას ორი ოპერაცია ჰქონდა ახალი გადატანილი. ღამის სამ საათზე დავუძახეთ გადასაღებ მოედანზე. თვლემდა, გამოიღვიძა. კარგად აღარც ახსოვდა, რა ხდებოდა ფილმში. მკითხა, გამახსენე, რა კინოში ვარო. მე ვუთხარი, ბატონო კახი, ბიჭები ქეიფობენ, შედით, ჭიქა აუწიეთ, ოღონდ არ დალიოთ, შეუქეთ და მერე თუ სიმღერას შემოგთავაზებენ, წაიმღერეთ, დაემშვიდობეთ და წადით-მეთქი. კარგიო. ეგ იყო და ეგ. სამი თუ ოთხი დუბლი გადავიღეთ. მერე არ ვიცოდი, რომელი ამერჩია. ყველა კარგი იყო.

- როგორ შეაფასებდით ქართველ და უცხოელ მაყურებელს?

- კარგი მაყურებელი ყველგან არის. თუ ფილმი შედგა, ის ყოველთვის პოულობს თავის მაყურებელს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

- სცენარზე დიდხანს მუშაობთ?

- ერთი ამოსუნთქვით შეიძლება ერთი ან ორი სცენა დაწერო. მთელ სცენარს ვერ დაწერ. დიდი სცენარის დაწერას დიდი მოთმინება და შეუპოვრობა სჭირდება. ყველაფერი სათქმელიდან იწყება, მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მაღელვებდეს და ამავე დროს კინემატოგრაფიული უნდა იყოს.

- ცნობილია, თქვენი სიყვარული დოკუმენტური ფილმების მიმართ და აქვე მახსენდება "ქალები საქართველოდან".

- მიყვარს და ვცდილობ შიგადაშიგ დოკუმენტური კინოც გადავიღო. ეს მხატვრული ფილმის შექმნის მძიმე პროცესის შემდეგ თავისუფალ, თითქმის უდარდელ კინომუშაობასთან დაბრუნებაა. კარგი შეგრძნებაა, როდესაც მხოლოდ თემას ირჩევ, სცენარზე არ ფიქრობ და ტოტალურ იმპროვიზაციას მიეცემი გადამღებ ჯგუფთან ერთად. თუმცა მერე მონტაჟი რომ იწყება და ისევ მხატვრული კინო მენატრება თავისი შეზღუდული მასალითა და დროზე დაწერილი სცენარით.

- კინოში დრამა გიზიდავთ. ეს აფხაზეთის ომს ხომ არ უკავშირდება?

- დრამა კონფლიქტია. კონფლიქტის გარეშე კინო, საერთოდ, ხელოვნება არ გამოდის. აფხაზეთი ჩვენი კოლექტიური ტკივილი და მეხსიერების ნაწილია. მისმა დროებითმა დაკარგვამ ჩვენს თაობაზე ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია.

- იმისათვის, რომ დღეს რეჟისორმა გადაიღოს კარგი ფილმი, ამისათვის რა არის საჭირო?

- ნიჭი, გულწრფელობა, ხასიათი (კარგი გაგებით, გიჟი უნდა იყო) და ჯანმრთელობა.

- რაც დღეს ქართულ კინოინდუსტრიაში ხდება, რამდენად მისაღებია თქვენთვის?

- ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ კინოს ირგვლივ დაძაბულობა და კონფლიქტია. მგონია, რომ მთავარი პრობლემა დიალოგის არარსებობაა. რაღაცა უნდა იდგეს უფრო მაღლა, ვიდრე ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა. ამ შემთხვევაში ეს უნდა იყოს ქართული კინოს ინტერესები და კონკრეტულად კინოცენტრი, რომელიც პროცესების წარმმართველი იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში. თუ ჩვენ მართლა გვიყვარს ქართული კინო და გვადარდებს მისი ბედი, ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ და არ ვიყოთ უკიდურესად კატეგორიული. კინოცენტრში დაპირისპირება ადრეც ყოფილა, მაგრამ მოხერხდა დიალოგის ორგანიზება, ყოველ შემთხვევაში იყო გამოსავლის ძიების ცდა. დღეს დუღილის გრადუსი გაცილებით მაღალია და გამოსავლის პოვნა ბევრად რთულია, მაგრამ მაინც მგონია, რომ დიალოგია მხოლოდ გამოსავალი. ეგება მოხერხდეს, რომ კინოს განვითარების ინტერესები დავაყენოთ უფრო მაღლა, ვიდრე ჩვენი მოსაზრებები. ამით რაციონალური გადაწყვეტილების მიღების პრეცედენტი უნდა შევქმნათ პოლარიზებითა და პოლიტიკური ვნებათაღელვებით გატანჯულ ჩვენს ქვეყანაში.

- დავით აღმაშენებლის ცხოვრების შესახებ საკონკურსო 10 პროექტიდან თქვენმა გაიმარჯვა. რა ეტაპზეა დღეს ეს პროექტი?

- ისტორია საოცარი სასცენარო მასალაა და არაჩვეულებრივი კინემატოგრაფიული ფაქტურა. გარდა ამისა, გამორჩეულად მიყვარს კუროსავა, ჯონ ფორდი, ჯონ ჰიუსტონი, ტარკოვსკის "ანდრეი რუბლიოვი". მიყვარს ცხენები ატალახებულ და ნისლიან გზებზე, მიყვარს ხმლები, ფარები და მსგავსი რეკვიზიტი... ამიტომ როდესაც კონკურსი გამოაცხადეს, ცხადია, თავი ვერ შევიკავე. გარდა ამისა, შვილები მყავს, სხვებსაც ჰყავთ შვილები და რატომ უნდა უყურონ მარტო "მამაც გულს", თურქულ სერიალებს თუ "სამეფო ტახტის თამაშებს". ხომ შეიძლება ჩვენიც გვქონდეს რაღაც.

უკვე ვამთავრებთ სცენარის საბოლოო ვერსიაზე მუშაობას. უზომოდ რთულია და უზომოდ საინტერესო.

- რამდენად უშლის ხელს დღეს პოლიტიკა კულტურის განვითარებას?

- მე ვიღებდი როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისე დღევანდელ დღეს. ყოველთვის ვიღებდი იმას, რაც მინდოდა და როგორც მინდოდა. ცხადია, არ ვგულისხმობ ფინანსური რესურსების სიმწირით გამოწვეულ შეზღუდვებს. იყო სირთულეები და ისინი ყოველთვის იქნება, მაგრამ ეს პროცესის ნაწილია. "დავით აღმაშენებელიც" სახელმწიფო დაკვეთაა. წელიწად-ნახევარია ვმუშაობ სცენარზე და ვინმეს კონტროლი არ მიგრძნია და იმედია, ასეც გაგრძელდება. ჩარევა, თავს მოხვეული იდეოლოგია ეკრანზე მაშინვე გამოჩნდება. ეკრანი არ ტყუის.

- რას გეგმავთ კიდევ ქართველი მაყურებლისათვის?

- ჯერ დავითის სცენარის დასრულებას, შემდეგ მხატვრული ფილმის გადაღებას გურიაში. ტრაგიკომედიაა 1990-იანების გურიაში.

რუსუდან შაიშმელაშვილი