ატომური კატასტროფის ყველაზე ცუდი სცენარი ანუ ათი ჩერნობილი ერთად აღებული - კვირის პალიტრა

ატომური კატასტროფის ყველაზე ცუდი სცენარი ანუ ათი ჩერნობილი ერთად აღებული

უკრაინული დაზვერვა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, მათი მტკიცებით, რუსებმა დანაღმეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. რა თქმა უნდა, ისმის კითხვა - წავლენ კი რუსები იმაზე, რომ ბირთვული კატასტროფა მოაწყონ? თუ გაუჭირდათ, დიდი ალბათობით, წავლენ და უკრაინელებს დააბრალებენ, თითქოს მათ მოარტყეს რაკეტა ატომურ ელექტროსადგურს. ბოლოს და ბოლოს, აგერ ახლახან კახოვკის ჰესი ააფეთქეს, ეკოლოგიური კატასტროფა მოაწყვეს და მთლიანად შავი ზღვის აუზს შეუქმნეს საფრთხე...

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი 2022 წლის მარტში დაამყარეს და ამ ობიექტს იყენებენ ცოცხალ ფარად. კერძოდ, სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ესვრიან უკრაინელებს მძიმე არტილერიით, უკრაინელები კი თავს იკავებენ, რათა არ დააზიანონ ატომური ობიექტი.

საქართველოში, ალბათ, ბავშვსაც კი აინტერესებს: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში რა ელის უკრაინას, ევროპას და პირველ რიგში, საქართველოს. არავინ არ გვიწყინოს, მაგრამ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ქართველი ექსპერტები მხოლოდ ზედაპირულად მიმოიხილავენ ხოლმე ამ საკითხს (აღარაფერს ვამბობთ ე.წ. ფეისბუკექსპერტებზე, რომლებიც ტანკს და ბეემპეს ვერ ასხვავებენ ერთმანეთისგან და მაინც მიმოიხილავენ ხოლმე გლობალურ საკითხებს).

ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულიაო, ნათქვამია. ამიტომ მოვლენების ყოველგვარი დრამატიზების გარეშე, დასავლური ექსპერტების ანალიზის შეჯამებით, შევეცდებით გავცეთ პასუხი კითხვას - რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მართლაც მოხდა უბედურება. სცენარი რაც არ უნდა მძიმე იყოს, მასზე საუბარი აუცილებელია და არა სირაქლემასავით თავის ქვიშაში ჩარგვა.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ასევე, როდესაც საუბრობენ ატომური კატასტროფის სცენარებზე, პირველ რიგში, ჩერნობილის ტრაგედიას ადარებენ ხოლმე.

სწორია თუ არა ერთმანეთთან ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურების შედარება?

1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ტრაგედია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე დიდ კატასტროფად მიიჩნევა. შეგახსენებთ, მაშინ რეაქტორში მომხდარი აფეთქების შედეგად მთლიანად დაინგრა ერთ-ერთი ენერგობლოკი და ჰაერში გაიტყორცნა უზარმაზარი ოდენობით რადიოაქტიური ნივთიერება.

თუმცა ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურების შედარება მთლად კორექტული არ არის. კერძოდ, მათ სხვადასხვა ტიპის რეაქტორები აქვთ. ტექნიკური დეტალებით რომ არ დაგღალოთ, მოკლედ ავხსნით: ჩერნობილის რეაქტორი ისეთი ტიპის იყო, რომ მან დიდი როლი შეასრულა რადიაციის გავრცელებაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებში კი ასეთი რისკი მინიმუმამდე არის დაყვანილი. მეორე დიდი განსხვავება - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს აქვს დამცავი ე.წ. გარსი: დიდი ჰერმეტული ბეტონის კონსტრუქცია, რომლის კედლების სისქე მეტრზე მეტია. დამცავი ე.წ. გარსის მთავარი ფუნქციაა, თუ ენერგობლოკში ავარია მოხდა, რადიაცია შენობის შიგნით დარჩეს და გარეთ არ გამოვიდეს. მაგალითად, ასეთივე ე.წ. გარსი ჰქონდა ცნობილ „ფუკუსიმას“ (შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ცუნამის შედეგად ეს იაპონური ატომური ელექტროსადგური დააზიანა) და შესაბამისად, ჰაერში რადიოაქტიური ნივთიერების მხოლოდ 2% გაიტყორცნა. ჩერნობილს არ ჰქონდა არანაირი დამცავი მექანიზმი და ატმოსფეროში მოხვდა რადიოაქტიური ნივთიერების 100%.

გარდა ამისა, ზემოხსენებულ დამცავ მექანიზმს შეუძლია რეაქტორის დაცვა საშუალო სიმძლავრის დაბომბვებისაგან, უძლებს მიწისძვრას და სხვა სტიქიურ უბედურებას და მცირე ზომის თვითმფრინავის დაცემასაც კი.

თუმცა შეგახსენებთ, რომ უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ატომური ელექტროსადგური შიგნიდან დანაღმეს. შესაბამისად, შესაძლოა დამცავი მექანიზმიც გამოვიდეს წყობიდან.

რა მოხდება, თუ რუსებმა კაცობრიობის წინაშე კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინეს?

თუ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსებმა ააფეთქეს ისე, რომ ვერანაირმა დამცავმა მექანიზმმა ვერ უშველა და რადიოაქტიური ნივთიერებები ჰაერში სრულად გაიტყორცნა, ეს სიმძლავრით ჩერნობილის აფეთქებაზე დაახლოებით ათჯერ მეტი იქნება.

აფეთქებიდან მალევე ათეულათასობით ადამიანი დაიღუპება, სალიკვიდაციო სამუშაოებს კი მილიონამდე ადამიანის ჩართულობა დასჭირდება. თუმცა 1986 წელს, როდესაც ჩერნობილის კატასტროფა მოხდა, საბჭოთა კავშირმა ავარიის ლიკვიდაციისთვის მთელი ძალები მიმართა. ჩერნობილში არც ომი იყო და არც ოკუპანტები დათარეშობდნენ. ზაპოროჟიეში ლამის ფრონტის ხაზზე მდებარე ატომური კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოებში როგორ უნდა ჩაერთოს მილიონამდე ადამიანი, ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ჯერ ერთი, მოიძიებს კი ამხელა ადამიანურ რესურსს უკრაინა?! რომც მოიძიოს, ლიკვიდატორებს მშვიდად მუშაობის საშუალებას მისცემენ რუსი ოკუპანტები?! რაღაც არ გვგონია, რუსები უცებ გაკეთილშობილდნენ.

გარდა ამისა, ორი მილიონი ადამიანის დაუყოვნებლივი ევაკუაცია იქნება საჭირო. პირველ რიგში, შემდეგი ქალაქებიდან: ზაპოროჟიე, მელიტოპოლი, ენერგოდარი, ნიკოპოლი და კრივოი-როგი. აქედან მელიტოპოლსა და ენერგოდარს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. ორი მილიონი ადამიანის ევაკუაცია მშვიდობიან დროსაც კი ძნელია, არათუ ომის დროს. თუმცა ისევ ვუბრუნდებით ზემოხსენებულ თემას - კატასტროფის ავტორები მისცემენ კი უკრაინელებს იმის საშუალებას, რომ ამხელა ქალაქები მშვიდობიანად დაცალონ?!

უბედურების ზონის ფართობი დაახლოებით 30 ათასი კვადრატული კილომეტრი იქნება (ათჯერ მეტი, ვიდრე ჩერნობილის ზონა) - ანუ იმ ზონაში სპეცაღჭურვილობის გარეშე შესვლაც შეუძლებელი იქნება. რადიაციული დაბინძურების ზონა კი, ექსპერტთა გათვლებით, 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე იქნება. ფაქტობრივად, დაბინძურდება უკრაინის დიდი ნაწილი. რაც შეეხება საფრთხის დონეს ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებით, ყველაფერი დამოკიდებულია ქარის მიმართულებაზე. იმავეს თქმა შეიძლება ბელარუსსა და რუსეთის დასავლეთ ნაწილთან დაკავშირებით.

უმდიდრესი ზაპოროჟიეს ოლქი მრავალი ათეული წლით გამოუსადეგარი იქნება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, ევროპის ერთ-ერთი დიდი მდინარე დნეპრი კი ასევე მრავალი ათეული წლით დაბინძურდება.

ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?!

უცხოელების მოდელირებულ არც ერთ სცენარში საქართველო არ ხვდება ხიფათის ზონაში. თუმცა გარკვეული ზომების მიღება გახდება საჭირო, თუ ქარმა რადიოაქტიური ნივთიერები აქეთ წამოიღო. გარდა ამისა, ოფიციალურ თბილისს მოუხდება უკრაინიდან ნებისმიერი სახის პროდუქტის შემოტანის აკრძალვა. თუმცა, თუ რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ააფეთქეს და უკრაინაში კატასტროფა მოხდა, ეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის პირადი ტრაგედია იქნება.

შეცვლის თუ არა ომის სცენარს სავარაუდო ატომური კატასტროფა?!

თუ რუსეთმა კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე, ეს, რა თქმა უნდა, ფრონტის ხაზზე ცვლილებებს მოახდენს, თუმცა არა გადამწყვეტს. კიევს რუსები ვეღარ აიღებენ. აი, უკრაინელებს კი ექნებათ სრული ლეგიტიმური უფლება, იმავე მეთოდებით უპასუხონ პუტინს რუსეთის ტერიტორიაზე. ატომური ელექტროსადგურები რუსებსაც აქვთ და გარდა ამისა, აქვთ ბევრი ქიმიური ქარხანა.

ამ დანაშაულს კიდევ ექნება ერთი შედეგი. კერძოდ, დღეს ზოგიერთი დასავლური ქვეყანა ხან მინიშნებით და ხან კულუარებში, ცდილობს უკრაინაში ომი შეჩერდეს თუნდაც უკრაინის ტერიტორიული დათმობების ხარჯზე. ან გაყინოს ისე, როგორც, მაგალითად, კვიპროსშია, ხოლო, თუ პუტინი ატომური კატასტროფის ავტორიც გახდა, დასავლეთში ყველაზე სკეპტიკოსიც კი დარწმუნდება, რომ უკრაინის გამარჯვება თუნდაც იმიტომ არის აუცილებელი, რათა მსოფლიომ პუტინი მოიშოროს.

დასავლეთი უფრო აქტიურად ამოქმედდება, რადგან ატომური ელექტროსადგურის აფეთქებამდე ერთი ნაბიჯია ბირთვული იარაღის გამოყენებამდე. ჯერ ერთი, უკრაინას გადაცემულ ტექნიკას თითებზე აღარ დაუთვლიან და მეორეც - თვითონაც შეიმუშავებენ რუსეთისთვის პრევენციული დარტყმების მიყენების სტრატეგიას. თუმცა ეს სტრატეგია, ალბათ, უკვე შემუშავებულია.

p.s. უკრაინელები და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები (რომლებმაც გადმოცემით არ იციან, თუ რა არის რუსული აგრესია), დასავლეთს ხშირად ადანაშაულებენ ზედმეტ სიფრთხილეში. ეს ნაწილობრივ სიმართლეც არის. კერძოდ, რუსეთმა (და პირადად პუტინმა), დღისით, მზისით, ევროპელებისა და ამერიკელების ცხვირწინ მოაწყო ტექნოგენური კატასტროფა. დასავლეთს რეაქცია ჰქონდა, მაგრამ ის, ალბათ, ათჯერ უფრო მწვავე უნდა ყოფილიყო, რათა მოსკოვზე წამახალისებლად არ ემოქმედა. იმედია, ამაზე ფიქრობენ ვაშინგტონსა და ბრიუსელში და წინასწარ მიიღებენ პრევენციულ ზომებს, რათა ზემოხსენებული მძიმე სცენარი მხოლოდ ქაღალდზე დარჩეს.

გიორგი კვიტაშვილი