მონოსპექტაკლი ლაურასგან, ანუ ეპიზოდები ქართველი სოფი ლორენის ცხოვრებიდან - კვირის პალიტრა

მონოსპექტაკლი ლაურასგან, ანუ ეპიზოდები ქართველი სოფი ლორენის ცხოვრებიდან

ის მხოლოდ ნიჭიერი მსახიობი კი არა, შესანიშნავი რესპონდენტია. გასაოცრად იცის ამბის გადმოცემა და როცა თავისი ცხოვრების ეპიზოდებს იხსენებს, მონოსპექტაკლს დგამს, ოღონდ არ თამაშობს, ბოლომდე გულწრფელია. ჟურნალისტებს ხშირად გვიყვარს რესპონდენტებზე საუბარი, ჰოდა, როცა მათ შეფასებებს ვიწყებთ, ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი საყვარელი რესპონდენტი ლაურა რეხვიაშვილია. თეატრსა და კინოში გამოჩენისთანავე მას ქართველი სოფი ლორენი უწოდეს. მართლაც, სოფივით ტანადი, ეშხიანი, მიმზიდველი და სახასიათო მსახიობია. მე ის დიდი ხნის წინ შემთხვევით დეზერტირების ბაზარში გავიცანი. მაშინ უკვე გამოსული იყო ფილმი "სიყვარული ყველას უნდა". მახსოვს, გამყიდველმა კაცებმა როგორ მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს ერთმანეთს, მერე კი ერთმა მეორეს გადაულაპარაკა, ეს ის არაა, მეზობელს კაცი რომ დააწერაო? დავინტერესდი, ნეტავ ვისზე ლაპარაკობენ-მეთქი და ხელში შემრჩა ლაურა. მივესალმე, მოვიკითხე და ინტერვიუ ვთხოვე. თუმანიშვილის სახელობის თეატრში დამიბარა. იმ პირველი ინტერვიუს მერე დავმეგობრდით.ამჯერადაც მისთვის მშობლიურ თეატრში შევხვდით. შენობაში რემონტია, მაგრამ ფოიეში სიმყუდროვეა. როგორც ვთქვი, ლაურამ ისეთი საუბარი იცის, რემონტს კი არა, ომსაც დაგავიწყებს... გაიხსენა თავისი დიდი მაესტრო, თეატრი და კინო, ილაპარაკა ნანატრ შვილზე, ბოლოს კი, ჩცდ-ს გადაღებასა და იმ გასაოცარ ეგონა გუნავაზეც მიამბო, რომელიც მიუხედავად ტიპური სიდედრობისა, მთელმა საქართველომ შეიყვარა.

მე და მიშა თუმანიშვილი

egona3-1687708232.jpg

- ბატონი მიშა თუმანიშვილი მსოფლიოს 10 საუკეთესო რეჟისორს შორის დასახელდა. ასეთი გენიოსი და სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ადამიანი რომ გამოგარჩევს, საამაყოა, აბა, რა! პირველად, თეატრალურ ინსტიტუტში შევხვდი, მანამდე არასოდეს მენახა. მახსოვს, დერეფანში ვიდექი, შემოქმედებით ტურზე დამაგვიანდა და არ ვიცოდი, რას გადაწყვეტდა კომისია. მაღალი, ინტელიგენტური გარეგნობის კაცი გამოჩნდა დერეფანში, რომ ჩამიარა, შემათვალიერა და უნებურად წამოსცდა: "ხოხ!" მოგვიანებით მითხრეს: ის კაცი მიშა იყო და შენზე თქვა: თუ ამ გოგონას თავისი გარეგნობის ტოლფასი ნიჭი აქვს, ყველა წესს ვარღვევ და ჩემს ჯგუფში ვრიცხავო. ისეთი ბედნიერი ვიყავი, მეგონა, მიწაზე კი არ დავაბიჯებდი, დავფრინავდი. უკვე სწავლის პერიოდში, როცა პარალელურად სპექტკლებსაც ვდგამდით, მითხრა: შენისთანა "მასალა" ჯერ არ მყოლია. მთავარია, შრომა არ დაგეზაროს და დიდ წარმატებას მიაღწევო. ამ გადასახედიდან რომ ვაფასებ წარსულს, ბატონმა მიშამ ჩემი ნიჭი აღმოაჩინა, დააფასა და სამზეოზე გამოიტანა, თუმცა თვითონაც აღიარებდა, რომ ეს მხოლოდ ჩემი შესაძლებლობების ერთი ნაწილი იყო. მაშინ მიკვირდა და მწყინდა, ახლა კი ვაცნობიერებ, რომ მართალი იყო. რომ არა შავბნელი 90-იანი წლები, გაცილებით მეტს შევქმნიდი.

ერთხელ თეატრის წინ ნაცნობი შემხვდა. საუბარი გავაბით. დავინახე, ბატონი მიშა როგორ შევიდა თეატრში. დავემშვიდობე ნაცნობს და რეჟისორს უკან მივყევი. ვატყობ, მაესტროს, რომ უგუნებოდაა. რეპეტიცია დაიწყო, მაგრამ მიშამ უცებ გააჩერა, ვერ გავაგრძელებ მუშაობას, სანამ ჩემს სათქმელს არ გეტყვით, ეს ლაურას ეხება, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოსო. მომიბრუნდა და: შენ ხარ მსახიობი, ხოლო მსახიობი რძის და პურის რიგში მდგომი უბრალო ადამიანი ან ქუჩაში მოლაპარაკე კი არ უნდა იყოს, არამედ იდუმალიო. ამის მერე სულ ვცდილობდი "იდუმალება" შემენარჩუნებინა.

მიშა ვერ იტანდა მისი მსახიობი კინოგადაღებებზე რომ მიდიოდა და ამას ასე ხსნიდა: თეატრი ცოცხალი ორგანიზმია, ყოველთვის შეიძლება იმპროვიზაცია, კინოში კი გადაიღებ და მორჩა, ვეღარაფერს შეცვლი, არადა, წლების მერე შეიძლება ბევრი რამ აღარ მოგეწონოს, მე არ მინდა ჩემი მსახიობები დაიშტამპონო... ჩემი პირველი ფილმი გახლდათ "სიყვარული ყველას უნდა". ცხონებულმა რეზო ინანიშვილმა რომ ნახა ფილმი, თქვა, ლაურასთვის სპეციალურად უნდა იწერებოდეს სცენარებიო. როცა გოდერძი ჩოხელის მოკლემეტრაჟიან ფილმში, "ბაკურხეველ ხევსურში" პატარა როლი შევასრულე, მიშა გამებუტა. როგორ არ ვცდილობდი შემორიგებას, მაგრამ ზედ არ მიყურებდა. მიშა თუმანიშვილის დისშვილმა, გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილმა ფილმი გადაიღო "ათოვდა ზამთრის ბაღებს" და იქ როლი მომცა, ფილმის ნახვის მერე ბატონმა მიშამ დასს გამოუცხადა, ჯერჯერობით მხოლოდ ლაურას ვაძლევ კინოში მუშაობის უფლებასო. ერთხანს თეატრის თანამშრომლებმა აიჩემეს, რეხვიაშვილი მაღალია თუმანიშვილის თეატრის პატარა სცენისთვისო. ისე გამოვიდა, თითქოს ჩემი მონაწილეობა სპექტაკლებში არ იყო მიზანშეწონილი. გული მეტკინა, მაგრამ რა მეთქვა? მაღალი მართლაც ვიყავი... თუმანიშვილი ასეთ მსახიობურ ვარჯიშს გვავალებდა ხოლმე: უნდა მოგვესმინა სიჩუმისთვის და მერე ეს ხმები გადმოგვეცა. ერთხელაც ადრე მივედი, არავინ იყო დარბაზში, დავწექი სცენაზე, დავხუჭე თვალები და გავირინდე. ასე ვიწექი კარგა ხანს, დავიმახსოვრე ის ბგერები, რაც სიჩუმეში ჩამესმა, და ნელ-ნელა გავახილე თვალები. ვხედავ, მიშა თავს დამდგომია. მაშინ მითხრა, ლაურა, მართლაც პატარაა ეს სცენა შენთვის, რუსთაველში შენს გადაყვანაზე არ დავთანხმდი, არადა, უნდა გამეშვიო.

თუმანიშვილი თითოეული მსახიობისგან ყოველ სპექტაკლზე ახლებურად თამაშს ითხოვდა, ჩვენც ვასრულებდით მის მოთხოვნას, ამიტომაც მოსწონდათ მისი დასი, ამიტომაც აღიარეს დიდ რეჟისორად.

მე და ჩემი მათე

- 38 წლის ვიყავი, მათე რომ გავაჩინე. არ ვამეტებ, მის დაბადებაში ღვთისმშობელი ჩაერია. ჩაჩავას სახელობის სამშობიაროში ვიმშობიარე და ჩემი ექიმი, გოცაძე ამბობდა, გინესის წიგნში ხარ შესაყვანიო. იცით, რატომ? უიშვიათესი შემთხვევაა, რომ ნაყოფი დიდი მიომის ფონზე განვითარდეს. ბავშვი 3,100 კილოგრამი დაიბადა, მიომა კი 4 კილოგრამი იყო. ბავშვი ჯანმრთელი მოევლინა სამყაროს. ჩემმა მეუღლემ, რეჟისორმა დათო ნაცვლიშვილმა, რომელიც სულით ხორცამდე მორწმუნეა, როგორც კი მათემ ფეხი აიდგა, მთხოვა, ბავშვი ქაშვეთის ეკლესიაში წამეყვანა და მის სახელზე ღვთისმშობლის ხატის წინ სანთელი დამენთო. მაშინ მათე 1,2-ის იყო. ყველას უკვირდა, რომ სიარულზე ადრე ლაპარაკი დაიწყო. როცა ეკლესიის შესასვლელთან მივედით, ჩემს ნეკა თითზე ეკიდა ხელი. მინდოდა კარგად ჩავჭიდებოდი, რომ ხატთან მიმეყვანა, მან კი ხელი გაითავისუფლა და თავისი პატარა ნაბიჯებით პირდაპირ ღვთისმშობლის ხატისკენ გასწია. ძლივს ამოვღერღე, აქ რატომ დადექი-მეთქი და მიპასუხა, დამიძახა და ხელი დამადო თავზეო. როცა მამამისს ეს მოვუყევი, შევატყვე, დიდად არ გაჰკვირვებია.

დათო კინოსტუდიის დირექტორად რომ დაინიშნა (რეზო ჩხეიძის მერე), ბევრ კარგ საქმესთან ერთად პატარა სამლოცველოც ააშენებინა კინოსტუდიის თანამშრომლებს ჩვენი სალოცავი ადგილი გვექნებაო. მათე ხშირად დამყავდა იქ. ისეთ ინტერესს იჩენდა, რომ უკვე წამოზრდილს მღვდელმა სტიქაროსნობა შესთავაზა. სულ მეგონა, რომ საეკლესიო გზას დაადგებოდა, მაგრამ სკოლის დამთავრების მერე გადაწყვეტილება შეცვალა და ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩააბარა სოციოლოგია-პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. ახლა ურბანული მოწყობის მენეჯმენტის მაგისტრია. ჰყავს ძალიან კარგი მეუღლე, მარიამ წერეთელი. შვილიშვილზე ვოცნებობ და იმედია, მალე ვეღირსები.

მე და ჩცდ

egona-1687708231.jpg

- სერიალში მონაწილეობისთვის რომ მიხმეს, ქასთინგის გარეშე პირდაპირ გადაღებაზე აღმოვჩნდი. ჩემი ტექსტი ვთქვი და მითხრეს, ამიერიდან ჩვენი გუნდის წევრი ხარო. ჯერ იყო მცირე ეპიზოდები, მერე და მერე, როცა ჩემი "და" ნატრულიც (მარინა კახიანი) გამოჩნდა სერიალში, ჩვენი სცენები გახშირდა. ბევრი მეკითხება, მეგრელებთან რამე ხომ არ გაკავშირებსო. არა, ბატონო, დავიბადე და გავიზარდე თელავის რაიონის სოფელ რუისპირში. რაც შეეხება მეგრულად ლაპარაკს, ალბათ, სმენის ამბავია, რომ იოლად ვითვისებ ინტონაციას.

ქეთი დევდარიანი და ირაკლი საღინაძე სცენარზე მუშაობენ და ტექსტი მათია, მაგრამ არც ისინი და არც რეჟისორი არ გამორიცხავს მსახიობის იმპროვიზაციას. ჩვენს სერიალში ხშირია ბილწსიტყვაობა. ჩვენი "შავი ბრილიანტი" მაქსიკო, რომელსაც დები გუნავები თავს ვევლებით, ამის ოსტატია. ჰოდა, ერთ ეპიზოდში ერთ მის "ფრთიან" რეპლიკას მეც რომ მოსწრებულად, "ფრთიანად" ვუპასუხე, იმიტომ, რომ გავბრაზდი და უნებურად წამომცდა, სიცილით დაიხოცნენ ლიფონავა და გადამღები ჯგუფი. აღარ შეუცვლიათ, ისევე დატოვეს. საქმე ის არის, რომ ეს გამონათქვამი ჩემი უაღრესად დახვეწილი, ინტელიგენტი დედამთილისგან, ირინე მხეიძისგან მაქვს მოსმენილი. ის წმინდანებად შერაცხული ძმების, დავით და კონსტანტინე მხეიძეების პირდაპირი შთამომავალია. ერთხელ, როცა ჩემი ქმარი მთვრალი დაბრუნდა შინ, მეორე დღეს, ნაბახუსევზე, მთლად კარგად ვერ იყო. ირინამ ხან სველი ტილოები ადო თავზე, ხან უსაყვედურა, ხან კომპოტი და მინერალური შესთავაზა. დაიღალა დათო და ზუსტად ის უთხრა, რასაც მაქსიკო გვეუბნება დებ გუნავებს. გამწარებულმა ჩემმა დედამთილმა აღშფოთება ვერ დამალა: რას მეუბნები, ბიჭო, ეშმაკმა შ...ა შენო. ეს იმდენად მოულოდნელი იყო მუდამ გაწონასწორებელი ქალისგან, რომ მე და ჩემს ქმარს სიცილი წაგვსკდა. იმ ეპიზოდის დროს, როცა კატოს მამა (ნუგზარ ერგემლიძე) რესტორანში დაგვპატიჟებს და "გამოვთვრებით", ბევრი გარეშე პირი თვალს ადევნებდა გადაღებას. დამთავრდა გადაღება, გამოვიშალეთ გარეთ, შემთხვევით ფეხი წამოვკარი ქვას და დავბარბაცდი. უცებ ვიღაც დამეტაკა, შემომივარდა წელში და მანქანისკენ წამიყვანა, ქალბატონო დედა, მე წაგიყვანთ სახლშიო. მართლა მთვრალი ვეგონე.

როცა გადაღებები შეჩერდა, სულ მეკითხებოდნენ, გაგრძელდებოდა თუ არა ახალი სეზონით. მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7 ივლისიდან დაიწყება ახალი სეზონი და ახლა იმას მეკითხებიან, ეგონა და ნატრული ისევ ვიქნებით თუ არა. დავურეკე საღინაძეს და ვკითხე, ახალ სეზონში ვიქნებით გუნავები-მეთქი? აბა, თქვენ გარეშე როგორ იქნება სერიალიო. სულ თავიდან, როცა ჩცდ-ში დამიძახეს და მითხრეს, მეგრელი ეგონას როლი უნდა მეთამაშა, სახელმა ისე დამაინტრიგა, წამითაც არ დავფიქრებულვარ.

"რა ზნე გვჭირსა?"

- გათითოკაცება ესაა ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი, რომელიც დროდადრო მთელი ძალით შემოგვიტევს, გვთიშავს და უფსკრულისკენ მიგვაქანებს. გათითოკაცებას არასოდეს ხეირი არ დაუყრია ჩვენი ქვეყნისთვის და რატომ ვერ ვსწავლობთ წარსულის გაკვეთილებით? მაინც მჯერა, რომ მომავალი ჩვენია. ახალგაზრდა თაობიდან, აი, იმ თაობიდან, რომელიც რუსთაველზე ევროკავშირის დროშებს აფრიალებდა, ზოგი კი წყლის ჭავლზე აქეთ-იქით დახტოდა და ისე გამოხატავდა თავის გადაწყვეტილებას, გამოჩნდება ლიდერი, რომელიც ქვეყანას და ერს პროგრესისკენ წაიყვანს. ეს თაობა არავის მისცემს უფლებას, საქართველო რუსეთის რეგიონად გადააქციოს.

მარინა ბაბუნაშვილი