"როდესაც მამაკაცი ქალზე ძალადობს, ეს არასრულფასოვნების კომპლექსის ბრალია... ცოლი მისი საკუთრება ჰგონია და ცდილობს, აკონტროლოს" - როგორ აფასებენ ცნობილი მამაკაცები ფემიციდის შემზარავ ფაქტებს
ფემიციდი გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობას ნიშნავს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქალებს, ხშირად, უახლოესი ადამიანები იმეტებენ სასიკვდილოდ: ქმრები, ყოფილი ქმრები, ნათესავები და შეყვარებულები... მკვლელობის მიზეზი სხვადასხვაა: ეჭვიანობა, ქალის ურჩობა, ან სულაც, ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი!
საქართველოში ფემიციდის სტატისტიკა შემაშფოთებელია: მარტო გასულ წელს, 21 ქალი მოკლეს, ხოლო 2014-2022 წლებში, 186 ქალია მოკლული - ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, რომლის უკან ათეულობით ადამიანის დანგრეული ცხოვრება დგას. ფემიციდის რამდენიმე შემზარავი ფაქტი 2023 წელსაც მოხდა, ქალებს კლავენ დანით, ცივი იარაღით, ელექტროშოკით და ა.შ...
ალბათ, მკითხველს დააინტერესებს, რას ფიქრობენ ამ შემზარავ მოვლენაზე სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის მამაკაცები.
"კარგია, რომ ქალები ძალადობის ფაქტებს აღარ მალავენ"
ნიკა ლომიძე, პროდიუსერი:
- როდესაც მამაკაცი ქალზე ძალადობს, ეს არასრულფასოვნების კომპლექსის ბრალია. მე მგონია, რომ რეალიზებული ადამიანი ასე არავის მოექცევა. ზოგჯერ ამბობენ, რომ დამნაშავე აფექტის მდგომარეობაში იყო, მაგრამ კაცისკვლა ვერც აფექტის მდგომარეობით გამართლდება და ვერც - სხვა მიზეზით. თანაც, აფექტის გათამაშება თავისუფლად შეიძლება. 21-ე საუკუნეა, ის დრო ხომ არ არის, როცა ქალს განათლების და ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდა? მასაც ხომ აქვს თავისუფლების და სიცოცხლის უფლება?! კიდევ კარგი, რომ სიტუაცია თანდათან იცვლება და ქალები წარმომადგენლები თავიანთ უფლებებს იცავენ. ამის დასტურია, რომ ისინი პოლიციაში რეკავენ და ძალადობის ფაქტებს აღარ მალავენ, უკვე ძალიან ცოტა ქალი ფიქრობს იმაზე, მეზობელი რას იტყვის და ვინ რას იჭორავებს.
ჩემთვის ქალზე ძალადობა წარმოუდგენელია და ვინც მასზე ხელს ასწევს, ვერ გავამართლებ, რაც უნდა ახლობელი იყოს. მეუღლე რაღაცას აშავებს? ადექი და გაეცალე - ეს ხომ მარტივია... კანონი იმისთვის არსებობს, რომ ასეთი სიტუაცია განმუხტოს და თუ გაშორდები, მის ცხოვრებაში ჩარევის უფლება აღარ გაქვს - ამას ყველა უნდა შეეგუოს.
"ზოგიერთ კაცს ცოლი მისი საკუთრება ჰგონია და ცდილობს, განქორწინების შემდეგაც აკონტროლოს"
შოთიკო ნოზაძე, მსახიობი:
- ფემიციდი - ეს არის დანაშაული, რომელსაც გამართლება არა აქვს! ადამიანის მკვლელობას ვერც ეჭვიანობა ამართლებს და ვერც აფექტის მდგომარეობა. ჩემი აზრით, სასამართლომ კარგად უნდა გამოიძიოს, დამნაშავე მართლა იყო თუ არა აფექტურ მდგომარეობაში და თუკი ეს წინასწარ ჩაფიქრებული მკვლელობაა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! სამწუხაროდ, ზოგიერთ კაცს ცოლი მისი საკუთრება ჰგონია და ცდილობს, განქორწინების შემდეგაც აკონტროლოს. ზოგი ვერ ეგუება იმას, რომ ერთ დროს მისი მეუღლე იყო და ახლა ახალი ცხოვრება აქვს... ამის ბრალია, რომ ფემიციდის შემთხვევებს შორის, ყოფილი მეუღლის ხელით მოკლული ქალების რიცხვი ჭარბობს. ალბათ, ასეთი მამაკაცები ფსიქოლოგიურად ცუდ მდგომარეობაში არიან და მათ აგრესიას გარემოც ხელს უწყობს. საკმაოდ მძიმე, დაძაბულ დროში ვცხოვრობთ, ტელეეკრანიდანაც ყოველდღე ნეგატიური ინფორმაცია გვესმის, რაც ადამიანის ფსიქიკას ძალიან აზიანებს. ხომ შეიძლება მედიამ ისიც გააშუქოს, რაც დადებითია? ჩვენს ირგვლივ კარგი ამბებიც ხომ ხდება? მედია უნდა ცდილობდეს, რომ მარტო ნეგატივით არ შემოიფარგლოს და ხალხს დადებითი ინფორმაციაც მიაწოდოს. თანაც, ფორმასაც ხომ გააჩნია: როცა მკვლელობას, ან სხვა მძიმე მოვლენას გადმოსცემენ, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი დეტალებში მოგვითხრონ. გასაგებია, რომ ხალხი ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მოითხოვს, მაგრამ ხომ შეიძლება სასიამოვნო ინფორმაცია გადმოსცენ და მაყურებელი გაახარონ, მის განწყობაზეც იზრუნონ?!
"ეს სახიფათო თამაშია! ვიღაცამ უნდა აუხსნას ქალებს, რომლებიც გენდერული თანასწორობის თეორიებით გააბრუეს და გადარიეს"
ბიძინა მახარაძე, მსახიობი, იუმორისტი:
- ყველაფერის თავისი მიზეზი აქვს: მამაკაცისთვის არაფერი ისე დამამცირებელი არ არის, როგორც უარყოფა - როცა ქალი უარს ამბობს თუნდაც, ცოლ-ქმრულ ურთიერთობაზე, ეს მის თვითშეფასებას ძალიან აზიანებს, რაც ბევრ ქალს არ ესმის. როდესაც მამაკაცს უარყოფს ცოლი, თუნდაც ყოფილი, იქ მისი განათლება, კულტურა, მოთმინება - ყველაფერი მთავრდება და ასეთი უბედური შემთხვევები ხდება. ჩემი აზრით, ეს ვიღაცამ უნდა აუხსნას ქალებს, რომლებიც გენდერული თანასწორობის თეორიებით გააბრუეს და გადარიეს. ეს სახიფათო თამაშია! ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ორ სხვადასხვა სამყაროზე და ვინც ამტკიცებს, რომ ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება არ არის, უდიდეს შეცდომას უშვებს. იმასაც ნურავინ დაიკვეხნის, რომ საღ აზროვნებას ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნებს. რა გაწონასწორებული პიროვნებაც უნდა იყოს, არის სიტუაცია, როცა ადამიანი წონასწორობას კარგავს და დაუფიქრებელ საქციელს სჩადის. ამას სხვაგვარად აგონია ჰქვია. გავიხსენოთ "ოტელო", სადაც მთავარი გმირი მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს ახრჩობს. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ყოველთვის ხდებოდა და ახლაც ხდება. დღეს ამას ემატება მატერიალური პრობლემებიც - ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვვეყანაში, სადაც გაჭირვება და უმუშევრობაა, უამრავი მამაკაცი უფუნქციოდ დარჩა, რაც ამ ხალხის ფსიქიკას აზიანებს. ევროპას და სკანდინავიის ქვეყნებს ჩვენ ვერ შევედრებით, რადგან მათ სულ სხვა ხასიათი და ტემპერამენტი აქვთ, ჩვენ კი, სამხრეთელები ვართ და მსგავს საკითხებთან ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო: როცა ევროპულ ქვეყნებში მიღებული სტანდარტები ჩვენთან პირდაპირ გადმოაქვთ, ეს სასურველ შედეგს ვერ მოგვიტანს, შესაძლოა, ბევრი შემეკამათოს, მაგრამ მე ასე ვფიქრობ...
"თუ ცოლზე ეჭვიანობ და მისი არ გჯერა, ადექი და გაშორდი - შენ შენს გზაზე წახვალ და ის - თავის გზაზე!"
დათო ოქიტაშვილი , "საქართველოს კულტურის პალატის" პრეზიდენტი:
- ჩემი აზრით, ფემიციდი უმძიმესი დანაშაულია და ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს. როგორ შეიძლება ქალზე ხელი აღმართო? - სულ ერთია, მეუღლეა ის, ყოფილი ცოლი თუ ოჯახის წევრი?! ამ დანაშაულზე საქართველოში კანონი უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს და ვინც მას ჩაიდენს, უვადო პატიმრობაში უნდა გაუშვან. გაოგნებული ვრჩები, როცა ვკითხულობ, რომ კაცმა ყოფილი ცოლი შვილების თვალწინ მოკლა, რომ მამამ შვილები დააობლა... როგორი არაკაცი უნდა იყო, ქალზე ხელი რომ აღმართო! ოჯახი ხომ სიყვარულით იქმნება? დავუშვათ, გაშორდი, მაგრამ როგორ შეიძლება დაგავიწყდეს, რაც ყოფილ მეუღლესთან გაკავშირებს? მით უმეტეს, როცა ყოფილ ცოლ-ქმარს საერთო შვილები ჰყავს! ჩხუბი და კამათი ყველა ოჯახში ხდება, მეუღლესთან ვის არ უკამათია, მაგრამ ადამიანი ამ ზომამდე როგორ უნდა მივიდეს?! არ ვიცი, ამის ახსნა უბრალოდ, შეუძლებელია. თუ ცოლზე ეჭვიანობ და მისი არ გჯერა, ადექი და გაშორდი - შენ შენს გზაზე წახვალ და ის - თავის გზაზე, მკვლელობას და ძალადობას გამართლება არა აქვს!
ჩემთვის ქალზე ხელის აღმართვა მიუღებელია, როგორი შეცდომაც არ უნდა დაუშვას მან... სხვა შეიძლება სხვანაირად ფიქრობდეს, მაგრამ მე ასეთ საქციელს ვერ გავამართლებ!
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)