"რუსეთის იმპერია შუშის ფეხებზე დგას და ადრე თუ გვიან, მოსახდენი მოხდება..."
ერთდღიანი სამხედრო ამბოხება რუსეთში 24 ივნისის საღამოს დასრულებულად გამოცხადდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: 23 ივნისს "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, მისი მტკიცებით, "ვაგნერის" რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მან, ამასთანავე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა ამხილა ათასგვარ უკეთურობაში და განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლით მიდიოდა მოსკოვისკენ, რათა აღედგინა სამართლიანობა და შეეჩერებინა "ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის ბოროტება".ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში და შეიარაღებული სვლა მოსკოვისკენ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის დასჯის მიზნითო, ამბობდა პრიგოჟინი. მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, პრიგოჟინი აცხადებდა, რომ მისმა მებრძოლებმა აიღეს როსტოვი, გაიარეს ვორონეჟი... ვრცელდებოდა მათ მიერ ჩამოგდებული ვერტმფრენების თუ ხელში ჩაგდებული იარაღის საწყობების ფოტო- და ვიდეომასალაც. მოსკოვში ანტიტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა, ქუჩებში გამოჩნდა მძიმე ტექნიკა, ხალხს შინ დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებას "ზურგში დანის დარტყმა" უწოდა. რუსეთის ეფ-ეს-ბემ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ფაქტზე. რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, პრიგოჟინს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.ამ ყველაფრის შემდეგ ყველასთვის მოულოდნელად პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მებრძოლების რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებდა. "დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. მესმის მთელი პასუხისმგებლობა, ამიტომ ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით. გეგმის თანახმად", - თქვა მან.კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი 24 ივნისს განაცხადა, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მეთაური ევგენი პრიგოჟინი, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ამ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება და ბელარუსში წავა, თან განმარტა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით, რათა დასრულებულიყო სამხედრო ამბოხება.კრემლის განცხადებით, "ვაგნერის" მებრძოლებს არ მისცემენ პასუხისგებაში მათი დამსახურების აღიარების ნიშნად.მოკლედ, ამოუხსნელია ამ ერთდღიანი ამბოხის აზრი და მიზანი, თუმცა ამან აჩვენა, რომ რუსეთში გვარიანად არის არეული მონასტერი. სწორედ მომხდარის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:
- ის, რაც რუსეთში მოხდა და რაც, ჩემი აზრით, გარკვეული პროცესების მხოლოდ დასაწყისია, განპირობებულია ისტორიული კანონზომიერებით. ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმი ერთგვარ მითზე დგას - ეს არის საკუთარი უძლეველობისა და შეუმცდარობის მითი. როგორც კი ის ნგრევას იწყებს, ეს საბოლოოდ გადადის სისტემის შიგნით დაპირისპირებაში, ანუ როგორც კი მსახურები უზენაესის უძლეველობაში შეიტანენ ეჭვს, თავის გადარჩენაზე ზრუნვას იწყებენ და ვისაც ამის რესურსი აქვს, ამ პროცესის ინიციატორიც ის ხდება. ამ ეტაპზე ეს აღმოჩნდა პრიგოჟინი, მან ბრძოლა დაიწყო თავის გადარჩენისთვის.
გვინდოდა ეს დაპირისპირება ყოფილიყო უფრო მასშტაბური და რუსეთისთვის უფრო მეტად დამაზიანებელი, მაგრამ ჯერ ეს არ მოხდა მხოლოდ ერთი მიზეზით - როცა ორივე მხარე ნაძირალაა, მათ შორის გარიგების შანსი ყოველთვის არსებობს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ეს მოხდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის იმპერიის დასასრული არ არის მოახლოებული. თუნდაც პრიგოჟინის ეს ბუნტი და "ვაგნერის" რეიდი მოსკოვამდე აჩვენებს, რომ იმპერია უკვე შუშის ფეხებზე დგას და, ადრე თუ გვიან, მოსახდენი მოხდება. როდესაც სისტემა ზრდის ურჩხულს, ის ბოლოს აუცილებლად შეჭამს თავის შემქმნელს. პუტინის რეჟიმი სწორედ ამ გზას ადგას და პრიგოჟინმა სწორედ ეს აჩვენა.
ყველაზე მეტად ის მიკვირს, საქართველოს პრორუსულ ბანაკში პუტინის ამ დროებით გადარჩენის გამო სიხარულის ჟივილ-ხივილი რომ ატყდა. როგორ უნდა დაეცეს ქართველი ისე, რომ უხაროდეს საქართველოს უპირველესი მტრის, ოკუპანტის გადარჩენა. ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარი ფენომენია.
- მომხდარის მერე არაერთი შეთქმულების თეორია გავრცელდა, მათ შორის აქაურ რუსეთუმეებში ძალიან აქტუალური, თითქოს პუტინი და პრიგოჟინი გარიგებული იყვნენ, თუმცა მომხდარმა პუტინს, რომელიც გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გვარიანად შეშინებული ჩანდა, ვფიქრობ, იმაზე დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე ახეირა.
- თუ მაგათ ლოგიკას გავყვებით, თურმე მთელი ეს არეულობა: ვერტმფრენების ჩამოყრა, მოსკოვში სანგრების შენება, ქალაქის შესასვლელების ჩახერგვა და ასე შემდეგ, გამოწვეული იყო "ვაგნერის", როგორც დამოუკიდებელი სამხედრო ფორმირების ბრძოლის ველიდან გამოყვანის, დაშლის ან არმიაში ინტეგრირების მიზნით. მე ამ აზრს კატეგორიულად არ ვიზიარებ. ამ ერთდღიანმა სამხედრო ამბოხმა აჩვენა, რომ რუსეთი ძალიან დასუსტებულია. უკვე რუსეთშივე საეჭვო გახდა პუტინის უძლეველობა და ამის მერე კიდევ ძნელად დასაჯერებელი იქნება, რომ პუტინი ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს.…მან ჯერ მოღალატედ გამოაცხადა პრიგოჟინი, მერე კი იძულებული გახდა "მოღალატესთან" გარიგებულიყო. დარწმუნებული ვარ, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მიუხედავად ომისა, უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, ახლა დაუცველობის განცდა გაუჩნდებათ. გასაგებია, ქართველი პუტინისტები შეეცდებიან, რომ პუტინის უძლეველობის მითი კვლავაც განავითარონ, მაგრამ ამ მითმა თვითონ რუსეთში დაიწყო მსხვრევა.
ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აშკარად გამოჩნდა, რა დიდი დაძაბულობაცაა რუსეთის არმიაში, ეს კი უკრაინის წისქვილზე ასხამს წყალს. მათ დაიწყეს კიდეც გარკვეული მიმართულებებით კონტრშეტევა, რაც მისასალმებელია. დიახ, რაც მოხდა, სწორედ რუსეთის სისუსტის დასტურია. შესაძლოა იმ სცენარით არ წარიმართა, როგორითაც ჩვენ გვსურდა და რასაც ველოდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ამის შედეგად რუსეთის ხელისუფლება აშკარად უფრო დასუსტდა. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ რუსული იმპერია სასტიკ მარცხს განიცდის ამ გლობალურ ომში.
- რას ფიქრობთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე? პრეზიდენტი, ოპოზიცია, სამხედრო საქმის სპეციალისტები მთავრობას სთხოვდნენ უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, თუმცა მმართველმა ძალამ უარი თქვა.
- როდესაც ასეთ ვითარებაში ხელისუფლება თავშეკავებულია, ცუდი არ არის, საკითხავი სხვა რამეა: რა არის თავშეკავების რეალური საფუძველი? შეფასებებში სიფრთხილის გამოჩენა იმ დროს, როდესაც ვითარება ნაკლებად პროგნოზირებადია, ცუდი არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სიფრთხილე კი არ იყო, არამედ უფრო დაბნეულობასა და დემორალიზებას ჰგავდა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა ლამის ფატალური შეცდომები, როდესაც ფსონი დადო რუსეთის უძლეველობაზე და შესაბამისად, ამის გასამართლებლად დაიწყო ანტიდასავლური კამპანია. პრინციპში, ახლა ამ არასწორად აწყობილი პოლიტიკის მძევალია. ეს, რა თქმა უნდა, მას მანევრირების არეალს უზღუდავს. ახლა ცდილობენ ოდნავ სხვა ტალღაზე გადმოლაგდნენ, მაგრამ ბრიყვი არავინ არის და ყველას კარგად ესმის რა და როგორ არის. ვთქვათ, რუსეთში ამ დაპირისპირებას მასშტაბური ხასიათიც რომ მიეღო, "ქართულ ოცნებას" მაინც ძალიან გაუჭირდებოდა საკუთარი პოზიციის გამოხატვა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.დღეს "ქართული ოცნების" ტრაგედია ის არის, რომ მან მშვიდობისა და კეთილდღეობის სახელით უღალატა საკუთარ მეგობრებს და ამის ასახსნელად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს რა აღარ დააბრალა, თან გეზი კოლაბორაციონიზმისკენ აიღო. მეგობრები და პარტნიორები უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღეს და თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდეს, რომ იძულებული არიან ასეთ სიტუაციებში მტერს უგულშემატკივრონ. არადა, ჩვენ რუსეთიდან მომდინარე რისკებისა და საფრთხეების შეფასება მუდმივად გვჭირდება. ჩვენთან მდგომარეობა ძალიან გართულებულია - დაახლოებით 150 000 რუსი ჩამოსახლდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში, ქვეყანა ეკონომიკურად რუსეთს მიება და ეს კავშირები ათას მამაძაღლობაშია გადასული...
მეტასტაზებივით არის მოდებული რუსეთის ინტერესები ქართული სახელმწიფოს სხეულზე და ამისგან გათავისუფლება უცებ და ნაციონალურ უსაფრთხოებაზე ფიქრი კრემლის კარნახის გარეშე ჩვენს ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, რომც მოინდომოს. ფაქტობრივად, თავისივე არასწორი პოლიტიკის მძევლად იქცა.
- გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალება, რასაც არაერთგვაროვანი რეზონანსი მოჰყვა, "ქართულ ოცნებაში" გვარამიას შეწყალებას არასწორ და გაუმართლებელ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ, ოპოზიციაში კი სამართლიანად და ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილის აზრით, სალომე ზურაბიშვილს ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია, რომ ეს დაავალა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც, თავის მხრივ, გვარამიას შეწყალება დასავლეთის ზეწოლის შედეგად გადაწყვიტა. მოკლედ, საქართველოში შეთქმულებებს კვლავაც დიდი გასავალი აქვს...
- წარმოუდგენელია "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა - ადამიანმა გადადგა სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ხომ შეიძლება პოლიტიკური სიბრმავე ახლა მაინც არ გამოიჩინო და დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი?
თქვენ იცით, ჩემი დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მაგრამ ჩვენს ინსტიტუციურ ლიდერებსა და პოლიტიკოსებს ზოგადი წარმოდგენებით კი არ უნდა ვაფასებდეთ, არამედ უნდა ვაფასებდეთ ნამოქმედარით - ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ადამიანი ღირსეულად მოიქცა. მან სახელმწიფო ინტერესები დააყენა პირად ბოღმაზე, შურისძიებაზე, მეტიც, საკუთარ თავმოყვარეობაზე მაღლა. როგორ შეიძლება ეს არ დაუფასო პოლიტიკოსს?!
როდესაც ამაზე მწვავე რეაქცია აქვს "ქართულ ოცნებას", ეს გასაგებია, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის” აგრესია და შეთქმულებების თეორიების განვითარება ყოვლად მიუღებელია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთი მენტალიტეტის პოლიტიკური ძალებია, რომლებსაც ყველაფერი აგებული აქვთ მითოლოგიაზე. პოლიტიკური რაციო არ ფიგურირებს სამყაროს მათებურ აღქმაში. მათთვის პოლიტიკური პროცესი გარკვეულწილად რელიგიური ბრძოლაა ჭეშმარიტი მესიის გამოსავლენად. ფაქტობრივად, ეს ორი პარტია ერთმანეთს იმისთვის ებრძვის, რომ დადგინდეს, ბიძინაა მესია თუ მიშა.
მსოფლმხედველობით ტყუპისცალივით ჰგვანან ერთმანეთს - ორივე მიიჩნევს, რომ ვინც მათთან არ არის, მათი მტერია. ეს არის მათი მოქმედების მთავარი ალგორითმი. დღეს სახელმწიფოებრივად აზროვნების ფორმულა იცით, როგორია? - თუ "ქოცისთვის" "ნაცი" ხარ და "ნაცისთვის" "ქოცი", აი, მაშინ აზროვნებ სახელმწიფოებრივად.
- ნიკა გვარამიას შეწყალება ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს. როგორც გვითხრეს, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
- ამისთვის ეს ნაბიჯი შესაძლოა გადამწყვეტი არ იყოს, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ჩვენთან შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით არაფერი იცვლება. საქმე ის არის, რომ ეს არის ერთჯერადი აქტი, ამით არც მართლმსაჯულებისა და არც მედიის პრობლემები არ მოგვარდება.
- თქვენი აზრით, შეამცირებს ეს პოლარიზაციას?
- ვფიქრობ, არა. თუ ქვეყანაში არ იქნება სამართალი, ვერც მშვიდობა იქნება და ვერც პოლარიზაცია შემცირდება. პრეზიდენტის ერთი გადაწყვეტილება სამართლიანობას ვერ დაამკვიდრებს. თუმცა ევროკავშირი მზად არის ავანსად რაღაცები მოგვცეს, უფრო სწორად, მისცეს ქართულ სახელმწიფოს და არა მის ხელისუფლებას. ეს გადაწყვეტილება სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი და არა ევროპასთან ფასეულობათა სისტემის დაახლოების თვალსაზრისით.