რა საფრთხეები ემუქრება ბიზნესს, ვინც მხოლოდ რუსეთის ბაზარს დაეყრდნობა - კვირის პალიტრა

რა საფრთხეები ემუქრება ბიზნესს, ვინც მხოლოდ რუსეთის ბაზარს დაეყრდნობა

ბოლო წლებში საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები სულ უფრო იზრდებოდა, პუტინის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი ზრდა ნახტომისებურია. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ცხადია, ქვეყნისთვის ეს მომგებიანია, თუმცა პოლიტიკურმა მხარემ არაერთი კითხვა გააჩინა. ამ კითხვების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება და პირადად პრემიერი ეკონომიკურ ზრდას საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და ამას ხშირად იმეორებს. ასეა თუ ისე, რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც დღეს რუსეთშია, და ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომს, რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგნენ ქართველი ბიზნესმენები და რა უნდა გაითვალისწინონ, ამ საკითხებზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ხელმძღვანელ გიორგი­ კაპანაძეს ვესაუბრეთ.

- პოლიტიკა და ეკონომიკა, როგორც წესი, ერთმანეთსაა გადაჯაჭვული და ამიტომ ჯერ ის უნდა ითქვას, რატომ იზრდება რუსეთთან ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობები. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო. ქვეყანა დასავლურ ბაზრებზე გადართვას უნდა ცდილობდეს. ჩვენს ბიზნესმენებს, განსაკუთრებით წინა თაობისას, კარგი ურთიერთობები აქვთ რუსეთთან, უფრო მარტივად გამოსდით ურთიერთობა რუს ბიზნესმენებთან. უკრაინაში ომის დაწყებამდეც ჰქონდათ ქართველ ბიზნესმენებს სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან, ომის გაჩაღების შემდეგ კი, რაც რუსეთში განსაზღვრული პროდუქციის დეფიციტი გაჩნდა, ბუნებრივია, დეფიციტის შევსების ერთ-ერთ წყაროდ გაჩნდა საქართველო და ქართველმა ბიზნესმენებმაც გაააქტიურეს რუსეთში ბიზნესსაქმიანობა და სავაჭრო ურთიერთობები, მით უმეტეს, მოთხოვნა მაღალი იყო, ლოგისტიკურადაც ახლოს არის, ურთიერთობებიც აწყობილი აქვთ და სხვ. არადა, ჩვენ უნდა ვეცადოთ სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას დასავლეთთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც სავაჭრო ხელშეკრულებები გვაქვს.

- რატომ არ არის კარგი, რა საფრთხეებს შეიცავს, რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ ბიზნესმენებს?

- თუკი კრემლი, პუტინი გადაწყვეტს, ნებისმიერ წამს შეუძლია პოლიტიკური პრობლემები შეგვიქმნას - ან ემბარგო დააწესოს, ან სანქციები ქართულ პროდუქციას (ამის მწარე გამოცდილება გვაქვს) და ბიზნესსაც შეექმნება პრობლემა. 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი გავიხსენით, როცა რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო დააწესა, ის ქართველი ბიზნესმენები, რომელთაც ბიზნესურთიერთობები მხოლოდ რუსეთთან ჰქონდა, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

საფრთხეა ისიც, რომ რუსეთში პროდუქციის გასაღება უფრო ადვილია, რადგან იქ არ არის სტანდარტებსა და ხარისხზე ისეთი მაღალი მოთხოვნა, როგორიც დასავლეთის ქვეყნებში. თუ მხოლოდ რუსეთზე აქვს აქცენტი გაკეთებული ამა თუ იმ ბიზნესს, დასავლურ ბაზრებზე გადაწყობა ძალიან გაუჭირდება და უჭირს კიდეც. ამას დრო და ბევრი სასწრაფო ინვესტიცია სჭირდება, რაც ბიზნესისთვის ხშირად შეუძლებელია. ამიტომ ეს ასპექტიც საფრთხის შემცველია. რუსეთის ბაზარზე ორიენტირებისას, სულ რომ არ დადგეს ემბარგოსა და აკრძალვის საფრთხე, ბიზნესი ეჩვევა, ასე ვთქვათ, უფრო იოლ ფულს, ნაკლებად ზრუნავს ხარისხზე და ამით ძვირ ბაზრებზე გასვლის შანსს კარგავს. ვერავინ მისცემს ქართულ ბიზნესს გარანტიას, რომ ხვალ-ზეგ იგივე არ მოხდება. გავიმეორებ - ბიზნესი ხშირად ცდილობს იპოვოს მარტივი გამოსავალი, დაეყრდნოს არსებულ ურთიერთობებს და როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გავზარდეთ.

- ხშირად გვესმის, რომ ბიზნესს სჭირდება სტაბილური გარემო. რუსეთი დღეს მის მიერვე წამოწყებულ ომშია ჩართული, ასეთ ვითარებაში რა სტაბილურობაზე შეიძლება ლაპარაკი და ეს არ მოქმედებს ბიზნესზე?

- დარწმუნებული ვარ, სტაბილურობის გარანტიაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. ჩვენი ბიზნესმენებიც, ალბათ, დარწმუნებული არიან, რომ სტაბილურობის გარანტია ვერ ექნებათ. თუმცა პროდუქციის რუსეთში შეტანა, როგორც წესი, გაცილებით მარტივია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებსა და ჩინეთშიც, სადაც არის განსაზღვრული ლოგისტიკური პრობლემები და ხარისხზეც მაღალი მოთხოვნაა. რუსეთში ეს მოთხოვნა ყოველთვის უფრო დაბალია და შესაბამისად, იქ პროდუქცია შედარებით ადვილად საღდება. გარდა ამისა, დღეს მაღალი მოთხოვნა არსებობს რუსეთში და მიწოდება ნაკლებია, თუნდაც ალკოჰოლური სასმელებისა თუ სხვა პროდუქციის და კიდევ უფრო მარტივია რუსეთში პროდუქციის გატანა. დარწმუნებული ვარ, ბიზნესიც კარგად ხედავს, რომ რუსეთში სტაბილურობის გარანტია ვერ ექნება, მაგრამ რისკავს და სარგებლობს დღეს არსებული შესაძლებლობით.თუმცა უფრო სწორი და ეფექტური გზა იქნება, საკუთარი პოლიტიკა გრძელვადიანად განსაზღვრონ და სავაჭრო ურთიერთობები განავითარონ ეკონომიკურად დაწინაურებულ და იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც სავაჭრო ხელშეკრულებები გვაქვს.

- გასაგებია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მომგებიანია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები და სტაბილურობის თვალსაზრისით კი, ასე ვთქვათ, რისკზე მიდიან. მაგრამ როგორც ცნობილია, რუსეთში ყვავის კორუფცია, კრიმინალი, არ არის სამართლიანი სასამართლო, რაც ბიზნესისთვის, ცხადია, დამატებითი ხარჯია და ხშირად გვსმენია კიდეც, რომ დიდი ფულის გადახდა უწევთ. მათი მოგება იმხელაა, რომ მაინც უღირთ?

- ქართულ ბიზნესს ეს ყველაფერი გარკვეულწილად შეუქმნის პრობლემებს, მაგრამ არა პირდაპირ. იქაური კორუფცია, რეკეტი და ა.შ., ძირითადად ადგილობრივ, ბიზნესმენებზე მოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ მსმენია, ქართველ ბიზნესმენებს ოფისი გადაეტანოთ, ან მეორე გაეხსნათ რუსეთში.

ქართველი ბიზნესმენები, როგორც წესი, ან რუსი ბიზნესმენების შუამავლობით ოპერირებენ, ან პირდაპირ შეაქვთ პროდუქცია და ამიტომ დიდი ნაწილი შესაძლოა პირდაპირ არც არის დაკავშირებული ხელისუფლების, ძალოვანების ჯგუფებთან, ვინც შეიძლება რეკეტს მიმართოს. დღეს, ალბათ, იმის მოლოდინიც აქვთ, რომ რეკეტი ნაკლები იქნება, რადგან რუსეთს სჭირდება, რომ მასთან ურთიერთობა ჰქონდეთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს. ამიტომაც ამ საფრთხეს, სავარაუდოდ, ქართველი ბიზნესმენები ვერ ხედავენ. მათ, ალბათ, უფრო მეტად უნდა დაინახონ საფრთხე გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ მხოლოდ რუსეთში დარჩებიან და მასთან ურთიერთობას გააგრძელებენ. არ არის გამორიცხული შუამავალი კომპანიებისა თუ პირების რეკეტი, ვისთანაც ქართველ ბიზნესმენებს ურთიერთობა აქვთ, მაგრამ, ალბათ, აქაც პოულობენ გამოსავალს. ვინაიდან არსებობს მოთხოვნა, ჩანს, მისი დაკმაყოფილებაც ხდება და ამით ჩვენი ბიზნესმენებიც სარგებლობენ.

რაც შეეხება ხარჯებს, მე ამ თემაზე კონკრეტულად ბიზნესთან კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სარგებელი და მოგება ფარავს ხარჯებსა და რისკებსაც, რადგან სავაჭრო ურთიერთობები იზრდება. როგორც ჩანს, ბიზნესმაც იცის, რომ უნდა გადაიხადოს გადასახადის ან ქრთამად და სხვ., ან შესაძლოა გადაუხადოს შუამავალ აგენტს და მან მოუგვაროს `შავი გადასახადების~ პრობლემა. ალბათ, ეს ყველაფერი ჩადებულია ხარჯებში. მე ვერც ერთ ქართველ ბიზნესმენს დავდებ ბრალს, რომ რუსულ კორუფციულ სქემებშია ჩართული, თუმცა, როგორც ვთქვით, შესაძლოა ამას შუამავალი აგვარებდეს და არც კი იცოდეს, ქვეყანაში რა ხდება, პროდუქციაზე ედოს საკუთარი ფასი და იმის იქით რა ხდება, არ ეხებოდეს.

- რუსეთი აღიარებულია არაკეთილსინდისიერ ქვეყნად თუნდაც ეკონომიკურ ურთიერთობებში. გარდა ემბარგოსი, პირდაპირ ისაკუთრებს სხვის ქონებას. თვითმფრინავების სკანდალი გავიხსენოთ, როდესაც რუსეთმა ლიზინგით აღებული თვითმფრინავები აღარ დააბრუნა. ჩვენ თვითმფრინავები არ გვყავს, მაგრამ ასეთი საფრთხე პროდუქციასთან დაკავშირებით არ არსებობს?

- მსგავსი მასშტაბების, ალბათ, არ იქნება, რადგან არა გვაქვს ისეთი დიდი ეკონომიკა, რომ რუსეთს ამის გაკეთება უღირდეს.

მთავარი საფრთხე, რაც შეიძლება შეგვექმნას, ემბარგოა, რომელიც შეიძლება დაწესდეს, მაგალითად, ღვინოზე და კომპანიებს, რომლებიც მთლიანად ორიენტირებული იყვნენ რუსულ ბაზარზე, ძალიან გაუჭირდებათ სხვა ბაზრებზე იმ ღვინის გატანა, რომელიც რუსეთში გასატანად ჰქონდათ გამზადებული. ემბარგო შეიძლება დაწესდეს მწვანილზეც და ცხადია, მის გამყიდველებს სხვა ბაზრებზე სწრაფად გასვლა ძალიან გაუჭირდებათ, შესაძლოა ერთი ან ორი-სამი წლის განმავლობაშიც კი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ არასდროს ვიცით, როდის რას მოიმოქმედებს რუსეთი. შესაძლოა, 5 და 10 წელიწადი გქონდეს გარანტირებული სავაჭრო ურთიერთობა და შემოსავალი, მაგრამ პუტინმა ან რომელიმე მაღალჩინოსანმა უეცრად გადაწყვიტოს რომელიმე პროდუქციაზე ან მთლიანად ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესება. მოკლედ, საფრთხეები არსებობს, მაგრამ ბიზნესის გადასაწყვეტია, რას იზამს. ალბათ, გარისკვა უღირთ, ან წინასწარ არ ფიქრობენ ამაზე და, თუკი რამე მოხდება, მერე იფიქრებენ გადაჭრაზე ან სახელმწიფოს მიმართავენ დახმარებისთვის.

- დღეს ხელისუფლების პოლიტიკა რამდენად უწყობს ხელს ბიზნესს, რომ რუსულ ბაზარზე იყოს ორიენტირებული და რა შეიძლება გაკეთდეს რეალური საფრთხეების გასაცნობიერებლად?

- სახელმწიფოს რის გაკეთება შეუძლია? ერთი მხრივ, შეუძლია მთლიანად შეაჩეროს სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან, ან დაეხმაროს ბიზნესს დასავლეთის ქვეყნებში პროდუქციის აქტიურად რეალიზაციაში, გააცნონ ქართული პროდუქცია, ჩაატარონ მარკეტინგული კამპანიები და სხვ. ამას სახელმწიფო აკეთებს კიდეც - თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე საუბარია კორეასთან, ინდოეთთან, მუდმივად იმართება მარკეტინგული კამპანიები დასავლურ ბაზრებზე და ქართულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარადგინონ. რაც შეეხება რადიკალურ გზას - სახელმწიფომ რომ პირდაპირ განაცხადოს, რუსეთთან უნდა შეწყდეს სავაჭრო ურთიერთობებიო, შესაძლოა, პოლიტიკურად მომგებიანი იყოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დღეს ჩვენი ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება, მით უმეტეს, უკრაინაში ომის დაწყებამდეც ძალიან აქტიური სავაჭრო ურთიერთობები გვქონდა რუსეთთან. მაშინაც კი რომ აგვეკრძალა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები, ძალიან დიდი საფრთხე და წნეხი იქნებოდა ჩვენს ეკონომიკაზე. გვახსოვს, ღვინის სექტორი რამდენად რთულ მდგომარეობაში ჩავარდა რუსეთის ემბარგოს შემდეგ. ამიტომაც საჭიროა მოზომილი ნაბიჯები. მით უფრო, როგორც პრემიერიც ამბობს და რიცხვებიც მოჰყავს, ევროკავშირის ქვეყნებს ჩვენზე გაცილებით ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობა აქვთ რუსეთთან სანქციების მიუხედავად. საქართველო პატარა ქვეყანაა, განვითარებადი ეკონომიკით და ჩემი აზრით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სრული გაწყვეტა დამანგრეველი იქნება.

- რადგან ახსენეთ, სწორედ რიცხვები აჩვენებს, რომ ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირი და ევროკავშირის ქვეყნები სულ უფრო ამცირებენ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ჩვენ კი ვზრდით.

- ჩვენ როგორადაც უნდა გავზარდოთ ექსპორტი, ვერასოდეს ვაჯობებთ ვერც ევროკავშირს და ვერც ცალკეულ ქვეყნებს. არც იმხელა ეკონომიკა გვაქვს და არც ისეთი ძლიერი ბიზნესი. კი, ზრდა არის, მაგრამ ის, ალბათ, იქიდან გამომდინარეობს, რომ მოთხოვნა რუსეთში მაღალია და გარკვეული პროდუქცია მხოლოდ საქართველოდან მიდის. რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ რუსეთის ბაზარზე არასოდეს არ გადავეწყობით და სულ უფრო გაიზრდება ბიზნესის ის წილი, ვინც ან უკვე დასავლეთზეა ორიენტირებული, ან ცდილობს, რუსეთის გარდა, პროდუქცია დასავლეთის ქვეყნების ბაზარზეც გაიტანოს.

რუსა მაჩაიძე