„არ მიმაჩნია, რომ თავშესაფარი „ლელოსთან“ ან ვინმე სხვასთან უნდა ვეძებოთ“ - კვირის პალიტრა

„არ მიმაჩნია, რომ თავშესაფარი „ლელოსთან“ ან ვინმე სხვასთან უნდა ვეძებოთ“

"დაძაბული, ლანძღვა-გინებით შემკული და ტრადიციულად ქართული", - ასე წარმოუდგენია პარტია "გირჩის" ლიდერ იაგო ხვიჩიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები,­ - რა მაძლევს ამგვარად ფიქრის საფუძველს?! ის, რომ სხვა­გვარი ფიქრის საფუძველი არ მოუცია არავის და არასდროს", - დასძენს "გირჩის" დეპუტატი. როგორც ამბობს, არჩევნებამდე წინ "დიდი კინოა" და მმართველი გუნდისა და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ბევრი ისეთი მოქმედების ხილვა მოგვიწევს, რაც სიბრიყვის კლასიკურ ნიმუშად შეფასდება, თუმცა ბრიყვული ქცევების სიმცირეს არც ახლა განვიცდით.

- მმართველი გუნდის სისულელესა და სიბრიყვეზე მეტყველებს ის, რომ მათი ორგანიზებული ჯგუფები დარბიან და ხალხს შეურაცხყოფენ, ფიზიკურად ძალადობენ. საიდან დავასკვენი, რომ მოძალადე ჯგუფების უკან ხელისუფლება დგას?! ასე, თავისთავად, არავინ იკრიბება იმ განცდით, რომ პასუხს არ აგებენ. მსგავსი კამპანიური მოქმედების უკან ყოველთვის ხელისუფლება დგას. რისთვის შეიძლება ხელისუფლებას ეს სჭირდებოდეს? პოლიტიკური მოწინააღმდეგის დასაზიანებლად. თუმცა, როგორც წესი, ამით მიზანს ვერავინ აღწევს და ძალაუფლების გადამეტებასთან ერთად დიდი სისულელეა. მეორე დიდი სისულელეა ის, რასაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი აკეთებს. ჯერ იძახა, ვკვდებიო და კიდევ 40 დაავადება მჭირსო, ახლა ამბობს აქტიურ პოლიტიკაში­ ვბრუნდებიო. მე ამ ამბავს "ვივამედის" სასწაული დავარქვი - ადამიანი, რომელიც 60 კილოგრამს იწონიდა და კვდებოდა, მხოლოდ სააქაოს კი არა, პირდაპირ პოლიტიკაში დააბრუნა. თურმე მხოლოდ სააკაშვილი კი არა, მისი პარტია, მხარდამჭერი ტელევიზიები, ჟურნალისტები და კიდევ ვიღაცები რასაც ამდენ ხანს გვეუბნებოდნენ, ყველაფერი ტყუილი ყოფილა. ახლა თქვენ განსაჯეთ, ვის წისქვილზე დაასხა სააკაშვილმა წყალი თავისი განცხადებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ამ ორი პარტიის მიღმა გაიხედოს და ის იმედგაცრუება, რომელიც ამ ორმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ჩვენს საზოგადოებაში გამოიწვია,­ არჩევნებზე აისახოს.

- საზოგადოებამ ამ ორი პოლიტიკური­ ჯგუფის მიღმა რომ გაიხედოს, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების შესაბამისი ქმედებებია­ საჭირო. ოპოზიციის ნაწილმა გამოსავალი პატარა პარტიების გაერთიანებაში, ნაწილმა კი ახალი პლატფორმის შექმნაში დაინახა. "გირჩის" სტრატეგია როგორია?

- რაც არ უნდა ქნან პატარა ოპოზიციურმა პარტიებმა, შედეგს არ მოიტანს. ერთიანი გარდატეხა უნდა მოხდეს საზოგადოებაში. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომ ეს ორი პარტია არ უნდა, როგორც ერთ დროს გადაწყვიტა, რომ არ უნდოდა კომუნისტები, შევარდნაძე, სააკაშვილი... მჯერა, რომ ხალხი ამ გადაწყვეტილებამდე მივა.

- რატომ არის მიუღებელი თქვენთვის რომელიმე პოლიტიკურ ერთობაში ყოფნა?

- იმიტომ, რომ ჩემთვის ერთია ხელ­ისუფლება და ის ოპოზიცია, რომელიც იდეის კი არა, რაღაც უცნაურობის გარშემო ერთიანდება. "გირჩისთვის" პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, ოპოზიციონერი­ ლიდერების გარშემო გაერთიანდებიან თუ ფულის გარშემო - ორივე თანაბრად საშიშია, თუ წინასწარ არ იცი, ამ გაერთიანე­ბის მიზანი რა არის. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ელექტორალური წარმატების მოპოვების მიზნით, იდეის გარეშე გაერთიანებას პერსპექტივა არა აქვს.

- როგორ აპირებთ ამ ერთი წლის განმავლობაში ისე გაზარდოთ თქვენი ელექტორატი, რომ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახოთ?

- 2016 წელს, როდესაც "ბურჭუს" პარტიიდან გამოგვაგდეს, ფაქტობრივად, არ ვარსებობდით. 2020 წელს ოთხი კაცით შევედით პარლამენტში. ახლანდელი კვლევების მიხედვით (რომლებიც, სხვათა შორის, ჩვენი­ პოლიტიკური ოპონენტ­ების ჩატარებულია) 3% გვაქვს. ესე იგი, არაფე­რს რომ არ წარმოვადგენდით, მაშინ შევიყვანეთ პარლამენტში ოთხი კაცი, წელიწად-ნახევრის წინ კი 1% რომ გვქონდა, ახლა 3% გვაქვს. წინ კიდევ ერთი წელია და ჩვენი ოპონენტებიც არ არიან საუკეთესო ფორმაში. თუ 2024 წლის არჩევნებამდე სერიოზულ შეცდომებს არ დავუშვებთ, პარლამენტის გარეთ დარჩენის საფრთხე არ გვემუქრება. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ პესიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილი და თავშესაფარი "ლელოსთან" ან ვინმე სხვასთან ვეძებოთ.

- სააკაშვილის განცხადებას, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება, მალე ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლება მოჰყვა. გავრცელდა მოსაზრება, რომ გვარამია პოლიტიკაში მიდის და სავარაუდოდ, "ნაცმოძრაობას" ჩაუდგება სათავეში. როგორ ფიქრობთ, ეს რამეს შეცვლის?

- სააკაშვილი ვეღარაფერს შეცვლის. რას იზამს გვარამია, ჯერ არ ვიცი. ციხეში გატარებული ერთი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, შეცვლილია და შესაძლოა მასთან თანამშრომლობის რესურსი არსებობდეს. იმედია, ციხეში ერთწლიანი ჯდომის და ფიქრის შემდეგ მიხვდა, რომ ჩვენ "ქოცებთან" შეკრული არა ვართ.

- შეიძლება "ნაცმოძრაობას" გაემიჯნოს?

- არა, ციხიდან გამოვიდა თუ არა, მაშინვე სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა და არც "ნაცმოძრაობა" გაუკრიტიკებია. "ნაცმოძრაობაში" ნამდვილად არსებობს გონიერი ლიდერების დეფიციტი­ და წესით, გვარამიას უნდა ჰქონდეს ამბი­ცია, "ნაცმოძრაობა" უფრო გონივრულად იქცეოდეს საჯარო ურთიერთობების დროს. მე თუ ვხედავ "ნაცმოძრაობაში" ნიკა გვარამიას, ვხედავ მიხეილ სააკაშვილის გვერდით და არა სხვა რომელიმე ფლანგზე.

- თქვენი წარმოდგენით, როგორი იქნება­ 2024 წლის პარლამენტის შემადგენლობა?

- ქართულ პოლიტიკაში დღეს მიმდინარე ამბები მშვიდად არ ჩაივლის. ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ პრეტენზიები ჩემს კოლეგებთან და ეს აისახება 2024 წლის საპარლამენტო შემადგენლობაზეც. ისე აღარაფერი იქნება, როგორც დღეს არის.

- თქვენ ვისთან იქნებოდით ან არავითარ­ შემთხვევაში არ იქნებოდით კოალიციაში?

- ჩვენ კოალიციაში ვიქნებით მათთან, ვისაც ხალხის კეთილდღეობისთვის ბრძოლა სურს. ამას კი "ქოცებთან" ერთად გავაკეთებთ თუ "ნაცებთან", არა აქვს მნიშვნელობა. ძალიან გვინდა ხალხმა მოგვცეს ისეთი ხარისხის ლეგიტიმაცია, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად "ქოცებსაც" და "ნაცებსაც" ჩვენთან დასჭირდეთ კოალიციის შექმნა, მაგრამ ეს ორივე ჯგუფი ყველასთან შეკრავს კოალიციას, ვიდრე ჩვენთან მოვლენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დიდი მხარდაჭერა გვქონდეს.

„მე მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება იქნება კოალიციური“

"ქართული ოცნება" მარცხდება, შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს 2024 წლის არჩევნების შედეგების დასამახინჯებლად. თუმცა მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - ამბობს პარტია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. მისი თქმით, "ლელოს" ამოცანა არ არის 5%-იანი ბარიერის გადალახვა, მათი მიზნები გაცილებით ამბიციურია. პარტია "ლელომ" გასულ კვირას დააანონსა ახალი პლატფორმის შექმნა, რომელიც პროევროპელი პოლიტიკოსებისა და პარტიების კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს და ორპოლუსიან პოლიტიკურ ველს გაარღვევს. რა ხდება ახლა "ლელოში", რა აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს პარტიის ლიდერს და ვისთან წარმოუდგენია ან ვისთან გამორიცხავს კოალიციას, ამას ინტერვიუში შეიტყობთ:

- დარწმუნებული ვარ, 2024 წლის არჩევნების შედეგი იქნება "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლა და ქვეყნის განვითარება. თუმცა ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს დამარცხებულზე შურისძიების ტრადიცია. "ქართული ოცნება" არჩევნებში დამარცხების შემდეგ მშვიდობიანად უნდა გადავიდეს ოპოზიციაში, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი ექნება. მე მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება იქნება კოალიციური, დემოკრატიული, გამჭვირვალე და მშვიდობიანი.

- როგორი შეიძლება იყოს კოალიცია?

- არასწორად მიმაჩნია წინასწარ საუბარი იმის შესახებ, თუ ვისთან ერთად შექმნი ან არ შექმნი კოალიციას. ქართველი ხალხი რა შედეგსაც მოგვცემს, ჩვენც ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. მთავარია, სწრაფად შეიქმნას კოალიციური მთავრობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, პროდასავლურ ძალებთან წარმოგვიდგენია კოალიცია. "ლელოსთვის" მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების გზებსა და ღირებულებებზე იყოს დამთხვევა, დანარჩენზე შეიძლება მოლაპარაკება და შეთანხმება. არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, მანამდე, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

- "ლელო" გამორიცხავდა კოალიციას გახარიას პარტიასთან, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებასთან".

- ჩვენ არჩევნებში სწორედ "ქართული ოცნების" შეცვლა გვინდა.

- გამორიცხავთ, რომ ქართველმა ხალხმა კოალიციურ მთავრობაში "ქართული ოცნების" თანამონაწილეობაც დაუშვას?

- ამიტომ ვამბობ, რომ ნაადრევია ამ საკითხზე საუბარი. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი არჩევნებში და ჩვენც იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.

- როდესაც "ლელომ" ახალი პლატფორმის შექმნა დააანონსა და განაცხადა, რომ პროდასავლურ პარტიებს და ცალკეულ ინდივიდებს ახალ შესაძლებლობას აძლევს, ჩვენ პროცესების საინტერესოდ განვითარების მოლოდინი შეგვექმნა. თქვენ თქვით, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა ბევრ საინტერესო სუბიექტთან და კარი ღია გქონდათ "ქართული ოცნებისა"­ და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებისთვისაც. რა ხდება ახლა?

- მუშაობა გრძელდება. ეს პროცესი ძალიან ფაქიზია, დაჩქარება არ ივარგებს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ პროევროპული ძალებისა და კონკრეტული პოლიტიკოსების კონსოლიდირებას. ნამდვილად შევქმნით მძლავრ პოლიტიკურ ველს, რომელიც წელში გადატეხს პოლარიზებას. ვფიქრობ, წლის ბოლოს გამოკვეთილი გვექნება ის კონფიგურაცია, რომლითაც აქტიურად შევალთ საარჩევნო ფაზაში.

- თქვენი ვერსიით, შეიცვლება თუ არა ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური დღის წესრიგი თუ კულუარებში გავრცელებული მოსაზრება გამართლდება და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა გვარამია გახდება?

- ვინ თქვა, რომ ნიკა გვარამია გახდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე? ვიღაცები ამბობენ, კი, მაგრამ თავად ნიკას არაფერი უთქვამს. მე ისიც არ ვიცი, პოლიტიკაში მიდის თუ არა. იმედია, ნიკა გვარამიას არ გაუჭირდება თავის გეგმებზე საუბარი, თუ ნამდვილად აპირებს პოლიტიკაში წასვლას.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ ჩვენს რეგიონში განვითარებულ ძალიან მნიშვნელოვან პროცესზე. თქვენი აზრით, რა გამოწვევის წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას რუსეთში დაწყებული სამხედრო დაპირისპირება და როგორ უნდა მოქმედებდეს ასეთ დროს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი?- ეს მართლაც ყურადსაღები პროცესია და საქართველოს უდიდესი სიფრთხილისა და გონიერების გამოჩენა მართებს. წესით, ხელისუფლებამ უნდა მოიწვიოს უშიშროების საბჭო, შეზღუდოს ან სრულად ჩაკეტოს საზღვრები, აღადგინოს სავიზო რეჟიმი და მოემზადოს ახალი პროცესებისთვის.

მოამზადა ხათუნა ბახტურიძემ