ეროვნული ერთობა პირდაპირ კავშირშია გაქრება თუ არა ქართული მრავალხმიანობა...
ამასწინათ, ერთ-ერთ მონასტერში ვიყავი და სასულიერო პირმა საოცარი მასალები გაგვანდო, ზოგი პეტრიწის დროინდელი, ზოგიც გვიანდელი წმინდა მამების და მათ შორის მკვლევრების, რომელიც ქართულ მრავალხმიანობას, მის მრავლისმომცველობას ეხება და რომლითაც დღეს სამწუხაროდ ნაკლებად ინტერესდებიან.
მე, მონათხრობმა იმდენად დამაინტერესა, რამდენადაც ჩვენი სულიერი ერთობა თუ ეროვნული მიზნები პირდაპირ კავშირშია გაქრება თუ არა ქართული მრავალხმიანობა!
უპირველესად შეგახსენებთ, რომ მრავალხმიანობა საქართველოში ქრისტიანობამდე აღმოცენდა, ამისთვის აქ სათანადო ნიადაგი და პირობები არსებობდა. ქართულ მრავალხმიანობას წმინდა მამები განიხილავენ, როგორც ერის სულიერ სათნოებათა განხორციელებას მუსიკაში. ქრისტეს ნათლის, წმინდა სამების მადლის მობრძანების შემდგომ კი ის გაცილებით მაღალ ხარისხში ავიდა.
მკვლევართა აზრით, მრავალხმიანობის იდეის დაბადება ადამიანთა სულიერმა ერთობამ და სიყვარულმა შვა და განახორციელა;
ქართულ მუსიკაში მრავალხმიანობის იდეის თავდაპირველობაზე უბრალო, შვიდ საფეხურიან კილოებზე აგებული ნიმუშების გარდა, უმარტივესი ტეტრაქორდული მაგალითებიც მეტყველებს. ქართულ მრავალხმიანობაში ქრისტიანული მოძღვრების მრავალი საიდუმლოს გასაღები ძევს. არცერთ ქრისტიან ერს არ გაუმჟღავნებია მუსიკაში ყოვლადწმინდა სამების იდეა მსგავსი სახით.
ყოვლადწმინდა სამების სიმბოლოს ქართულ მრავალხმიანობასთან მიმართების განმარტება ეკუთვნის დიდ ქართველ ღვთისმეტყველსა და ფილოსოფოსს იოანე პეტრიწს. ქართულ სამხმიანობაში არ არსებობს მთავარი და დამხმარე ხმები. სამივე თანასწორუფლებიანია, სამივე დამოუკიდებელი და, ამავე დროს ერთმანეთზე დამოკიდებული; მთქმელისაგან გამოდის ორი სრულიად სხვადასხვა, მთქმელის სწორი, მთქმელივით შემოქმედი ხმა. ამ სამ ხმას მთლიანად ერთი ნება ამოძრავებს, „ვითარცა მამა შობს ძეს და მამისაგან გამოვალს სულიწმინდა“ (გარდა უშობლობა მამისა, შობილობა ძისა და გამოსვლა სულისა), ასევეა მრავალხმიანობა იმ ფორმაში, რომელშიც მთქმელი შობს მოძახილს და მთქმელისგან გამოდის ბანი.
საგალობლებისა და მსგავსი ხასიათის სიმღერების შესწავლაც მხოლოდ ასე ხდებოდა: ჯერ ასწავლიდნენ მთქმელის ხმას, რომელიც საგალობელში ყოველთვის ზედა ხმაა, შემდეგ მოძახილს და ბანს ცალ-ცალკე, მთქმელთან დამოკიდებულებაში და საბოლოოდ ისე წვრთნიდნენ მოწაფეს, რომ მთქმელის ხმის გაგონებისთანავე შეეძლო მისთვის ნებისმიერი ხმის შეწყობა. მეტიც, გალობისა და სიმღერის ოსტატებს ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე შეეძლოთ სამ ხმაში ერთდროულად შეექმნათ დასრულებული სახის მუსიკალური ნიმუშები.
სწორედ გალობაში დამკვიდრდა სამ ხმაში ერთდროული აზროვნება - ეს კიდევ ერთი დიდი ამოუცნობი საიდუმლოება, როგორც წმინდა მამები ამბობენ.
დღეს ხშირად გაიგონებთ -რატომ არ იქმნება ისეთი მაღალმხატვრული ნიმუშები სასულიერო და საერო მუსიკაში, როგორებიცაა: „შენ ხარ ვენახი“, ჩაკრულო,“ მრავალჟამიერ“ და სხვა. პასუხი აქ ერთია, როგორც წმინდა მამები ამბობენ, რაც მათ ქმნიდა, ის „სპობილა და წარწყმედილა,“ რადგან სიყვარულმა და ერთობამ შვა იდეა მრავალხმიანობისა და ჩამოაყალიბა მრავალხმიანობის ფორმები.
უკვე დიდი ხანია სიყვარული და ერთობა აღარ გვაქვს, ამის სურვილიც დავკარგეთ. თუ გადარჩენას ვფიქრობთ, დაკარგული უნდა დავიბრუნოთ, რადგანაც სხვა გზა არ არსებობს!
როგორც სპეციალისტები ამბობენ, უნდა აღდგეს ქართული მრავალხმიანობა და ქართული კანონიკური გალობა, გაძლიერდეს სიმღერის სკოლა ქართული ცნობიერებითა და აზროვნებით. გალობა მარტო ღვთისმსახურების შემადგენელი ნაწილი არაა - მისი აღდგენა და სრულყოფა მართლმადიდებლობის განმტკიცება და მისი ქადაგებაა. ამის გაუთვალისწინებლობამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს, რადგან მუსიკა დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის გრძნობებსა და განცდებზე.
საკითხავია, დღეისათვის რა შეგვრჩა ხელთ იმ უდიდესი ეროვნული საუნჯიდან, რასაც ქართული გალობა-სიმღერა ჰქვია? დიდი მგალობლები თითქმის ნახევარი საუკუნეა ამქვეყნად აღარ არიან, დაირღვა დროთა კავშირი, შეწყდა შესანიშნავი ტრადიციები, ქართულ გალობას აღარ შემორჩნენ მემკვიდრენი, რომელთაგან უშუალოდ შეიძლებოდა გალობა-სიმღერის შესწავლა. თავის დროზე ჩვენმა წინაპრებმა დროულად იგრძნეს საშიშროება, რომელშიც მათი შთამომავლები აღმოჩნდებოდნენ - მათ უამრავი სანოტო ჩანაწერი დაგვიტოვეს და ამით გადაარჩინეს ქართული გალობა აშკარა დაღუპვას. სანოტო ხელნაწერები ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში...
საუკუნეების განმავლობაში ქართული გალობა თაობიდან თაობას ძირითადად ზეპირი ტრადიციით გადაეცემოდა. გალობა მონასტრებიდან ეფინებოდა მთელ საქართველოს. თავდაპირველად ეს დაწყებულა ტაო-კლარჯეთში. შემდგომ სამგალობლო ცენტრმა გადაინაცვლა გელათში, მარტვილში, შემოქმედში, ალავერდში, იყალთოსა და ანჩისხატში.
ანჩისხატის ზარის უკანასკნელად დარეკვიდან დიდმა დრომ განვლო. მრავალწლიანმა ურწმუნოებამ დაღი დაასვა ერის ფსიქიკას, სულიერებასა და ზნეობას. წარსულისა და წინაპართა გამოცდილების უარყოფით, საუკეთესო ტრადიციებზე უარის თქმით, ჩვენ საფრთხე შევუქმენით საკუთარ მომავალს!
ჭეშმარიტი იდეა, როგორც სარწმუნოებრივი, ისე ეროვნული თვალსაზრისით ღმერთივით ერთია მუდამ. ჟამთა დინებაში მან შეიძლება გარეგნული ფორმა შეიცვალოს, მაგრამ თავისი არსით იგი უცვლელია - გზა ჭეშმარიტებისა, რომელსაც მარადიული ცხოვრებისკენ მივყავართ.
მრავალხმიანობა პირველ რიგში ეკლესიისა და ღვთისმსახურებისათვის იქმნებოდა, თავიდანვე ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გამოვლინების ერთ-ერთი საშუალება იყო.
დღეს, როდესაც საქართველოში ფაქტობრივად მოშლილია ქართული ყოფა თავის ბუნებრივ პირობებში, ალბათ, ეკლესიამ უნდა იტვირთოს ეროვნული ცნობიერება - აზროვნების შენარჩუნებისა და დამკვიდრების ურთულესი მისია.
როგორც წმინდა მამები ამბობენ: ქართულ მრავალხმიანობაში, ისევე როგორც ქართულ ენაში დამარხულ საიდუმლოთაგან, თვით ქართული მრავალხმიანობაცაა და ქართველი კაცისთვის ის ღვთისგან ბოძებული უდიდესი მადლია. ამ მადლის კვალდაკვალ კიდევ ბევრი საინტერესოა მისაკვლევი და თანამედროვეობაში დასაბრუნებელი.