„ძალადობა ბუმერანგივით უკან ბრუნდება“
ბოლო დღეებში რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე და ახალგაზრდების ჯგუფზე თავდასხმა მოხდა. არის თუ არა ეს სახიფათო ტენდენცია, ამ საკითხებზე ექსპერტ ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.
- ქართული რეალობიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არა მარტო ხელს აფარებს, არამედ აქეზებს ძალადობრივ ჯგუფებს. კარგად ჩანდა, რომ ჯერ ზურა გირჩი ჯაფარიძის ცემა და შემდეგ ბორჯომის ინციდენტი, ორგანიზებული იყო, ამიტომაც არავის მოუთხოვია პასუხი მოძალადეებისთვის. მხოლოდ ის თქვეს, ჩვენთვის ძალადობა მიუღებელიაო, მაგრამ ხელისუფლებას აქვს ქმედითი მექანიზმები, რომ მოძალადე მისცეს პასუხისგებაში. თუ ამას არ აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ახალისებს ძალადობას. ხელისუფლებამ რომელიმე მოძალადე რომ დასაჯოს, მეორედ არავის მოუვა თავში ამის გაკეთება. ვისაც იმის მართლა სჯერა, რომ ადამიანები ჯიბეებში კვერცხებჩალაგებული დადიან, იქნებ სადმე ბერძენიშვილს გადავეყაროო, და სჯერა, რომ ასეთი თავდასხმები წინასწარ არ არის დაგეგმილი, ძალიან მეცოდება.
- რაში აწყობს ეს ხელისუფლებას?
- ხელისუფლება იმ შეცდომებს იმეორებს, რასაც უშვებდა თითქმის ყველა წინა ხელისუფლება - ოპონენტებზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა და ეს ყველას ძვირად დაუჯდა. მათ, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, არ გააჩნიათ პოლიტიკური მეხსიერება, არასდროს ყოფილან ოპოზიციაში და აქედან გამომდინარე, არ იციან, ეს პროცესები როგორ ვითარდება. არ აკვირდებოდნენ ამას, რადგან მთელი ცხოვრება კონფორმისტები იყვნენ, ცხოვრებაში არაფერი გაუპროტესტებიათ და ამიტომ ვერ იგებენ, ახალგაზრდები რატომ არიან ასე განწყობილი. მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდებს ვიღაც მართავს, თუ არადა, რატომ უნდა მოუნდეთ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვერ ხვდებიან, ეს ძალიან წამგებიანია თავად ხელისუფლებისთვის. როდესაც ხელისუფლება ძალადობაზე იწყებს ფიქრს და მას ხელს უწყობს, ცოტა ხანში ეს ბუმერანგივით უბრუნდება უკან.
- მოძალადეებს რომ არ სჯიან და საზოგადოდ, პრობლემებია სასამართლო სისტემაში, ეს არ ქმნის საშიშროებას, რომ მოქალაქეებმა სამართლის ძებნა ქუჩაში დაიწყონ?
- ამის საშიშროება არის, უპირველესად, ახალგაზრდობაში, რადგან ხედავენ, რომ სახელმწიფო არ იცავს მათ უფლებებს. აგერ, შუა უნივერსიტეტში სცემენ. სხვათა შორის, პირველი შემთხვევაა, როცა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სამარცხვინოდ გაჩუმდა, როდესაც უნივერსიტეტის შენობაში ახალგაზრდებს გაუსწორდნენ ვიღაცის დაცვის წევრები. ასეთი რამე 80-იან წლებშიც არ მომხდარა. მე მახსოვს, 1988 წლის 18 თებერვალს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტები რომ დაგვარბიეს, რა რეაქცია მოჰყვა ამას - თავად პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ და კომკავშირმაც კი ბოდიში მოიხადა. ძალადობის ორგანიზატორებზე ისეთი დიდი პრესინგი იყო, რომ მათ წლების განმავლობაში აღარ მიეცათ საშუალება ან პოლიტიკაში, ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოფილიყვნენ. თუ ვინმეს ჰგონია, რადგან სახელისუფლებო პარტიაა, ამ სიტუაციაში უფრო დაცული იქნება, ძალიან ცდება, რადგან როდესაც ამგვარი პროცესი იწყება, მერე მტყუან-მართლის გარჩევა და იმის ძიება, პირველმა ვინ დაიწყო და ვინ ვის უპასუხა, მეორეხარისხოვანი ხდება...
ხელისუფლებაში არიან პირები, რომლებიც პირადი ბოღმით მოქმედებენ, ცდილობენ მათთვის არასასურველი პირები დასაჯონ. ჰგონიათ, რომ ამით ვიღაცას შეაშინებენ. ლევან ბერძენიშვილი საბჭოთა რეჟიმს არ შეუშინდა და ახლა ღარიბაშვილის ან კობახიძის შიშით შეიცვლის აზრს?! ინგლისში დედოფალ ვიქტორიას მოღვაწეობა რომელიმე ისტორიკოსმა ან რიგითმა მოქალაქემ კრიტიკულად რომ შეაფასოს და ამის გამო ყველა მოღალატედ გამოაცხადონ, ხომ წარმოუდგენელია? ასეთი რამ დემოკრატიულ საზოგადოებებში არ ხდება. წარმოუდგენელია, დასავლეთში ვინმეს ვინმე პირადად არ მოსწონდეს და ასეთი რამე გაუკეთოს, მაშინვე მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, თუ სისხლისსამართლებრივი არა. ჩვენდა სავალალოდ, საქართველოში ინსტიტუტები არ მუშაობს, პირველი პირების პირადი დამოკიდებულებები წყვეტს, თუ როგორ მოიქცევა სახელმწიფო მანქანა. ჩვენი ძალოვანი სტრუქტურებიც ემორჩილებიან არა კანონს, არამედ პირველი პირების განწყობებს.
რუსა მაჩაიძე