"მზად ვარ ყველას ველაპარაკო, ვისაც სურს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდეს“
"ძალიან მართობს ის ამბავი, რომ „"ნაციონალები" „ქოცების“ მხარდამჭერებად მიმიჩნევენ, „ქოცები“ კი - "ნაციონალების". არადა, მე ვფიქრობ, რომ "ოცნება" უნდა დამარცხდეს, მაგრამ „"ნაციონალები" ვერ უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში", - ამბობს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილ წელიწად-ნახევარში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთმანეთსაც უნდა დაელაპარაკონ და ხალხსაც. ხალხს უნდა ვუთხრათ, რა მოხდება ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შედეგად განათლებაში, ჯანდაცვაში, სასამართლოში, თავდაცვაში", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
- "ნაციონალები" გვეუბნებიან, რომ "ოცნების"“ დამარცხების გასაღები მათ აქვთ და თუ "შევეტენებით", ჩვენც გვახეირებენ. არადა, რამდენჯერაც შემოიკრიბეს სხვა პარტიები, იმდენჯერ გაღიმებული დატოვეს.
მე არც „"ლელოს"“ ამპარტავნება მომწონს, რომლის ლიდერებიც ამბობენ, რომ პროდასავლური ძალების ერთობის შექმნა სურთ. ეს რას ნიშნავს, მათ გარეშე ვერ შევიკრიბებით? თუ რამე ღუპავს ქართულ პოლიტიკას, პოლიტიკური ლიდერების მომეტებული ეგოიზმი. ჯობს, დაბლა დავეშვათ, დავმშვიდდეთ და ის კი არ ვიძახოთ, ჩემ გარშემო შეიკრიბეთო, არამედ ვთქვათ, რომ სადმე დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, დავიწყოთ ფიქრი, როგორი უნდა იყოს საქართველო "ქართული ოცნების"“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, როგორი უნდა იყოს უშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორ უნდა გატარდეს განათლებისა და თავდაცვის სისტემებში რეფორმები... მე მხოლოდ ამისთვის ვარ მზად!
- ფიქრობთ, რომ ისეთ პატარა პარტიას, როგორიც "მოქალაქეებია", ერთობის ან რაიმე პლატფორმის შექმნის გარეშე არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს?
- ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ხშირადაც ნუ გვაძახებთ, პატარა პარტია ხართო. ხომ იცით, რომ პოლიტიკაში მყარი მოცემულობები არ არსებობს? "მოქალაქეები" დღეს პატარაა, მაგრამ ხვალ შეიძლება დიდი იყოს. არჩევნებამდე ჯერ კიდევ დროა, წელიწადზე მეტი წინ გვაქვს. ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ იმისათვის, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა შევძლოთ.
- რას ფიქრობთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ?
- მიუხედავად იმისა, ნიკა გვარამია ჩვენზე სულ საზიზღრობებს ლაპარაკობდა და თავის ტელევიზიაში გვბლოკავდა, უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ნიკა აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით იჯდა ციხეში. ამ ლოგიკით საქართველოში ყველა მაღალჩინოსანი დასაჭერია.
დიდი საშინელება, სისულელეები ხდება ქვეყანაში. იმის მაგივრად სუს-ი საქმეს აკეთებდეს, ოპოზიციონერ ლიდერებს და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს დასდევს საცემრად და კვერცხების სასროლად.
- რას გულისხმობთ?
- ლევან ბერძენიშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეზე ძალადობას. ვის ატყუებენ, რომ შემთხვევით შეხვდნენ ბერძენიშვილს ან ჯაფარიძეს და თავს დაესხნენ?! ვის ეპარება ეჭვი, რომ ეს სუს-ის ორგანიზებული არ არის?! რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება? იმიტომ, რომ მთავარი საფრთხის სახით ნელ-ნელა კარგავს "ნაციონალურ მოძრაობას" და ახლა ცდილობს პარალელური საფრთხე შექმნას. "ქართული ოცნების" ლიდერები ორი წლის განმავლობაში ბედნიერები იყვნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი კუჭის მოქმედებაზე მეტი ოპოზიციას და ოპოზიციურ მედიას სალაპარაკო არაფერი ჰქონდათ. საბოლოოდ გაიმასხარავა სააკაშვილმა თავი, აღარავის აინტერესებს და ახლა სხვა „საფრთხე“ მოიფიქრეს - თითქოს ევროპელი ლგბტ თემი ქართველი კაცებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. თავმოყვარეობაც არა აქვთ. ასეთ აბსურდულ და სულელურ ნარატივზე როგორ უნდა "იჯდე"? მოკლედ, ვისაც სურს "ქართული ოცნება" და „"ნაციონალური მოძრაობა" წავიდნენ, მზად ვარ ყველას ველაპარაკო.
ხათუნა ბახტურიძე