გახდი წიგნის გამავრცელებელი
"ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" შექმნიდან 135 წლის შემდეგ, საქართველოში "წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოება" შეიქმნა. მისი მუშაობის წყალობით წლიდან წლამდე, ქვეყნის მასშტაბით, წიგნი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფინანსურადაც უფრო ხელმისაწვდომი გახდა მკითხველისთვის. "წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოება" "პალიტრა L"-მა დააფუძნა 2014 წელს. ამ დროისთვის "საზოგადოებას" საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჰყავს წარმომადგენლები. ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან წიგნის მოყვარულები, რომლებიც სრულად აცნობიერებენ წიგნიერების მნიშვნელობას და ცდილობენ, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ მათთვის სასურველი ლიტერატურა.
ეკატერინე ნამორაძე წიგნის გამავრცელებელია ტყიბულის რაიონში და მისთვის ძალზე საამაყოა ეს მისია.
"საზოგადოების წევრი 2015 წელს გავხდი. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს საქმე, რადგან წლების განმავლობაში უამრავი ახალგაზრდის დაინტერესება შევძელით წიგნით. ვამაყობ, რომ წიგნის გამავრცელებელი მქვია და სწორედ ასე მიცნობენ ჩემს რეგიონში. "პალიტრასთან" ერთად მუდმივად ვცდილობ ახალი გამოცემები, ახალი თარგმანები შევთავაზო აქაურ მკითხველს. ყველა თაობის წარმომადგენლებთან ვთანამშრომლობ. დაინტერესებაც სულ უფრო იზრდება", - აღნიშნავს ეკატერინე ნამორაძე.
ეკატერინეს მსგავსად საკუთარი საქმიანობა განსაკუთრებულ სიხარულს ანიჭებს ფიქრია ცხვარაძეს, რომელიც ხობის რაიონშია წიგნის გამავრცელებელი.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის მონაწილე გავხდი. ეს არის ორმხრივი თანამშრომლობა. ერთი მხრიდან, საქმეში ჩართულია გამომცემლობა, რომელიც ცდილობს წიგნი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს ყველასთვის და მასთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნოა, მეორე მხარე კი გახლავთ ფართო საზოგადოება, რომელიც წიგნის კითხვით არის დაინტერესებული. შედეგად, წიგნი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა ჩვენს რეგიონში. ჩემი აზრით, უდიდესია ამ პროექტის მნიშვნელობა. სამომავლოდაც ყოველთვის მხარს დავუჭერ და მონაწილეობას მივიღებ მსგავს წამოწყებებში", - აცხადებს ფიქრია ცხვარაძე.
"საზოგადოების" საქმიანობის პრინციპი მარტივია და ისეა დაგეგმილი, რომ ახალი წიგნები მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს ხელმისაწვდომი ქვეყნის მასშტაბით. გამომცემლობა სეზონურად, სამ თვეში ერთხელ, გამოსცემს კატალოგს, რომელშიც მკითხველს შეუძლია იპოვოს თავისთვის საინტერესო წიგნები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. აგენტები სწორედ ამ კატალოგით ხელმძღვანელობენ და ეხმარებიან მკითხველებს სასურველი ლიტერატურის შერჩევაში. ფაქტობრივად, "საზოგადოების" წევრები, თავიანთი საქმიანობით, თანამედროვე საქართველოში აგრძელებენ იმ საქმეს, რომელიც მე-19 საუკუნეში წამოიწყეს ქართველმა მამულიშვილებმა.
დღესაც, ისევე როგორც მრავალი წლის წინ, "წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების" მიზანს საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლება, კითხვის სიყვარულის გაღრმავება და ქართველი საზოგადოების წინსვლისა და განვითარებისთვის ხელის შეწყობა წარმოადგენს.
"საზოგადოების" წევრებისთვის "გამომცემლობა "პალიტრა L"-ი წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, პრეზენტაციებს, რომლებზეც ისინი ხვდებიან ქართველ ავტორებს, ხდება ერთგულ მკითხველთა წახალისება, გამორჩეული თანამშრომლების დაჯილდოება და ა.შ..
აღსანიშნავია ისიც, რომ "საზოგადოება", თავისი უშუალო საქმიანობის პარალელურად, წიგნით დაინტერესებულ ადამიანებს ხელს უწყობს საკუთარი ბიზნესის შექმნასა და დამატებითი შემოსავლის მიღებაში.
"წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების" წევრი შეუძლია გახდეს ამ საქმიანობით დაინტერესებული ნებისმიერი პირი, საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან თუ სოფლიდან. ამისთვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ (ტელ. 599 08 62 99) და ჩვენ გაგაცნობთ თანამშრომლობის დეტალურ პირობებს. "საზოგადოების" წევრები კატალოგების მეშვეობით ეხმარებიან მკითხველს მათთვის საინტერესო წიგნის შერჩევაში.
"წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების" წევრი, მკითხველის მიერ შერჩეული წიგნების სიას გვიგზავნის უშუალოდ გამომცემლობაში და შეკვეთიდან რამდენიმე სამუშაო დღეში წიგნებს იღებს ადგილზე. ის სარგებლობს უფასო საკურიერო მომსახურებითა და დამატებითი ბენეფიტებით", - განმარტავს წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების მენეჯერი ნია შარაშენიძე.