დაუმორჩილებელი გურულები
ქართველთა თავგანწირული ბრძოლა რომ არა, იქნებ ქართველი სიტყვადაც არ დარჩენილიყო. თავგანწირულთა შორის კი, ალბათ, გურულები გამოირჩეოდნენ: თურქეთის "ყურისძირის" მეზობლობა მათ ენით აღუწერელ ჯოჯოხეთად დაუჯდათ: მუდამ გადაწვა და აოხრება, რწმენის ძალით შეცვლა, შვილების მონებად გაყიდვა, სამშობლოს სამუდამოდ დაკარგვა - ყოველივე ეს წარმოუდგენელია აიტანო და ისევ საკუთარ თავად დარჩე, გურულები კი დარჩნენ თავიანთი იდენტობით! ამასობაში მტერმა გურიაში თითქმის აღარაფერი დატოვა დაუნგრეველი. ალბათ, ამიტომ არის გურიის ისტორიაში თეთრი ლაქები, თითქოს გაქრნენ და აღარ იყვნენ. არადა, იყვნენ, თან გასაკვირი ექსტრიმით, ექსკლუზივებით, რაც ევროპულ ელექტრობიბლიოთეკებში აღმოაჩინა რიგითმა გურულმა, ადვოკატმა კახა ჩავლეიშვილმა.
- ბატონო კახა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ევროპულ ბიბლიოთეკებში ამდენი მასალა თუ იქნებოდა გურიის შესახებ. სხვა თქვენს ადგილას გურიის ექსკლუზიური ისტორიების მოძიების გამო ხმაურს ატეხდა.
- ევროპელებმა ბიბლიოთეკები ელექტრონულადაც გაავრცელეს და იქ, საბედნიეროდ, გურიის შესახებაც ვნახე ინფორმაცია. მერე კი ჩავუღრმავდი და... ერთ ისტორიულ ამბავს რომ აღმოაჩენ, შესაძლოა მეორე, მესამე და მეოთხე თავისთავად მოჰყვეს და გაგაოცოს. რაც არ ვიცოდით, გურიის ისტორიაში ის ადგილები ივსება. განა მარტო თურქებთან ბრძოლაში დაიწვა გურიის ბრძოლების ისტორია, რუსებმაც არ დააყოვნეს ხელის მიშველება. გურულებმა რუსებს 6 სისხლიანი აჯანყება მოუწყვეს, ამიტომაც რუსებმაც საგულდაგულოდ დასაჯეს გურულები. ზაქარია ჭიჭინაძე წერდა, რუსებმა გურიელების სასახლიდან 160 ფუთი დოკუმენტი გამოიტანეს და ვაჭრებს უბრალო ქაღალდად მიჰყიდეს, მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტის ყიდვა მოვასწარიო. არ დაგავიწყდეთ, რომ ერთი ფუთი 16 კილოგრამია. ასე ანადგურებდნენ თურქებიც ყველაფერს. ძალიან ცოტა ისტორია დაგვრჩა. მათ შორის ერთი ძალიან საამაყოც: კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ისე შეუტიეს გურულებმა სულთანს, რომ ზავი დაადებინეს. სულთანმა გურულების დასამორჩილებლად შავი ზღვის პორტები ჩაკეტა, რის შემდეგაც გურულები იძულებული გახდნენ დამორჩილებოდნენ. ზოგიერთი გურული თურქებს რუსებთან ბრძოლაშიც იყენებდა. მაგალითად, გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია გურიელის მეუღლემ სოფიომ 1928 წელს რუსებს დიდი აჯანყება მოუწყო, რას ჰქვია, ხელშეკრულების პირობებს არ ასრულებთო, ლიხაურის ციხეში გამაგრდა და იქიდან უტევდა რუსის არმიას, დამარცხებულმა კი რუსებთან შერიგება არ მოინდომა და თურქეთს შეაფარა თავი, სადაც გარდაიცვალა კიდეც. დედასავით საშინლად სძულდა რუსები სოფიოს ქალიშვილს, სარას. როდესაც რუსეთის დედოფალმა ფრეილინის შიფრი, ანუ ოქროში ჩასმული ბრილიანტის ბროში გამოუგზავნა, რათა სარა იმპერატორის კარს დაახლოებოდა, სარამ მიღებაზე მტკიცე უარი განაცხადა! გოგონა 16 წლის ასაკში ჭლექით გარდაიცვალა, მისი ამბავი კი დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ დარჩა.
- არადა, ვინ იცის, როგორ ნატრობდნენ ამ ბროშს სხვა ქალები იმპერატორის ოჯახთან დასაახლოებლად.
- ალბათ, ამაყმა სარამ კი იმპერატორის ოჯახს ხელი ჰკრა, არც თქვენ მინდიხართ და არც თქვენი ბროშიო.
- დაუმორჩილებელი ქართველი ქალის საბედისწერო ისტორია! თურქებისაგან განსხვავებით, მსგავს ისტორიებს რუსეთში მყოფი ევროპელები წერდნენ და ინახავდნენ. თუ არ ვცდები, ევროპელებმა აღწერეს გურულების ჩაცმულობა და ბრძოლის ისტორია რუსეთ-თურქეთის 1853-54 წლების ომში.
- ამაზე თავად რუსებიც წერდნენ. ყირიმის ომი თურქებმა წამოიწყეს და გურიაშიც შემოიჭრნენ. დიდი ბრძოლა ჩოლოქთანაც ჰქონდათ. სწორედ აქ მოგროვდა ელვისებურად ლამის მთელი გურია, ვისაც ხელში იარაღის აღება შეეძლო. გურიას საშინელი ჯავრი ჰქონდა თურქეთის მიტაცებული მიწების გამო. ამიტომ გადმოსახლდნენ ქობულეთელი და ბათუმელი გურულები ოზურგეთში, რომელიც მაშინ დაუსახლებელი ზონა იყო, თურქებმა კი ოფლჩაღვრილი მიწა-წყალი დაატოვებინეს. ასე რომ, როცა თურქები მწარედ მოაწვებოდნენ, ქობულეთში თუ ბათუმში ხალხი სახლებს ტოვებდა და გურიის სიღრმეში მოდიოდა დასასახლებლად და რწმენის გადასარჩენად. ასე შეიქმნა ოზურგეთი ქობულეთ-ბათუმიდან გამუსლიმანებას გამოქცეული გურულებით.
თურქებმა ქობულეთში ეკლესიები დაკეტეს. ამიტომ გურულმა საეკლესიო საგალობლებმა ხალხში გადმოინაცვლა. გურული სიმღერის დედა კი ქობულეთი იყო. სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდში დამკვიდრდა გურიაში ტერმინი "სიმღერის მოპარვა" - როდესაც ოზურგეთში გადმოსახლებულ გურულებს ქობულეთელი გურულები დაპატიჟებდნენ, ოზურგეთელები ახალ სიმღერას თუ გაიგონებდნენ, მთელი გზა სიმღერ-სიმღერით უკან მოდიოდნენ, რომ მელოდია არ დავიწყებოდათ.
- რას გაუძლეს...
- არა მარტო ომებს, არამედ თავდასხმასა და შვილების ტყვეებად გაყიდვას, მათ მიტაცებას უსინდისო თავადების მიერ. სხვათა შორის, რუსეთმა აკრძალა ტყვეების გაყიდვა, რომელთაც თურქეთში მებრძოლებად ზრდიდნენ. ასე გაყიდა თავადმა მაჭუტაძემ შემდგომში ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი უდიდესი სარდალი, არაბეთის მარშალი ვასიფ მეჰმედ-ფაშა გუჯაბიძე, რომელიც თურქეთში ასევე გაყიდულმა და მერე დაწინაურებულმა ქართველმა გამოზარდა.
- გარეგნობით იყვნენ ძალიან მომხიბლავი და, ალბათ, ესეც უკაფავდა გზას გურულებს ამ საბედისწერო ისტორიებში.
- XIX საუკუნის გაზეთი "თაიმსი" წერს, როგორ ესწრებოდა 1856 წელს რუსეთის იმპერატორის კორონაციას ორი გურული, რომელთაც გაოგნებული უცქეროდა ხალხი: "იმპერატორის კორტეჟში ორი სასწაული გარეგნობის და ჩაცმულობის გურული იყო: ერთი ახალგაზრდა და მეორე ხნიერი: ერთი მათგანი დიდებული თურქული იერის მქონე გახლდათ, ჰქონდა ხშირი და დიდი წვერი, თავზე ეხურა მაღალი ჩალმა, ძვირფასი ნაჭრის ისეთი ძველებური ტანსაცმლით იყო შემოსილი, რომ მისი შეხედვის შემდეგ უნებლიეთ მეხსიერებაში წარმოგიდგებოდათ რემბრანდტის ნახატზე გამოსახული ქურუმის სახე, ან რომელიმე ძველი მოგზაურის წიგნებში არსებული სულთნის გამოსახულება. მეორე გახლდათ ახალგაზრდა დეპუტატი გურიიდან, თავზე დამაგრებული ჰქონდა ალმასებით მორთული თხელი ოქროს ფირფიტა, რომლის ქვემოდანაც ტალღისებურად გადმოშლილი თმა მხრებზე ჰქონდა გადაფენილი. ის იყო საოცრად ლამაზი და ამხედრებული ასევე საოცრად ლამაზ ცხენზე. ეცვა ლურჯი ხავერდის ულამაზესი ტანსაცმელი, რომელზეც ბრწყინავდა ძვირფასი ქვები. რუსეთის ქვეშევრდომობაში მყოფი ამ ხალხის წარმომადგენლებს ყველაზე დიდი ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ უცხოელები. მათ ისე ჩაიარეს ჩვენ წინ როგორც ათას ერთი ღამის ზღაპრის სიზმარმა!"“
- საოცარია, რა კეთილშობილება ჰქონდათ გურულებს ასეთი, რომ ვერაფერი მოერია.
- გურულებს უამრავი რამ აქვთ გადმოღებული ევროპისაგან, ბიზანტიელებისაგან, რომაელებისაგან. თავადაც მდიდრები იყვნენ. ხომ ვიცით, რა სიმდიდრე შემოდიოდა რომიდან ან საბერძნეთიდან კოლხეთში. კოლხეთი ამ სიმდიდრეს იღებდა და მოიხმარდა, მათ შორის დღესასწაულების კულტურასაც. მაგალითად, გურული კალანდა ძალიან ჰგავს რომის იმპერიის სატურნის პატივსაცემ დღესასწაულს, რომელიც 25 დეკემბრიდან იწყებოდა. დღესასწაულზე ღორს კლავდნენ, ისევე როგორც ბიზანტიაში წმინდა ბასილის ხსენების დღეს... წმინდა ბასილის ფრესკებზე ახლაც არის გამოსახული საჩუქრად მირთმეული ღორის თავი.
გურულები მხოლოდ ევროპულ სიკეთეებს კი არ ითვისებდნენ, არამედ აზიის ქვეყნებისაც. მშვენიერი ჩანახატებია ევროპულ ბიბლიოთეკებში. ერთმა რუსმა ანთროპოლოგმა მეცნიერმა გურულ და-ძმას, გიორგი და პელაგია ბოლქვაძეებს სთხოვა ექსპერიმენტში მონაწილეობა, ჩაიყვანა თბილისში და შემდგომ გაოცებული წერდა: "მათი ხასიათი ჩანს მათივე თავისუფალ და ამაყ თავდაჭერაში. მიუხედავად იმისა, რომ პირველად მოხვდნენ უცნობ გარემოში, მათ ქცევაში აშკარად იკვეთება საკუთარი თავისადმი პატივისცემა და პიროვნული ღირსება, რაც თავისთავად აჩვენებს ამ ტიპის თვითმყოფადობას, რაც უფრო შთამბეჭდავად თვალნათლივ ჩნდება მათთან ურთიერთობაშიო. არადა, იმ დროს დროს გიორგი 22 წლის იყო, პელაგია 16-ის".
- ესეც ევროპულ ელექტრობიბლიოთეკაში მოიპოვეთ?
- კი, თავისი ილუსტრაციებით. იქვე პრუსიელი მკვლევარი ბარონი აუგუსტ ფონ ჰაქსტაუზენი წერს: გურული გლეხის სახლი იმდენად ჰგავს ვესტფალიურ სახლს, გაოცებული ვარო.E იცით, რატომ? გურიაში ქვის ან ხის ნაგებობის ასაშენებლად ლაზები და ტრაპიზონელი ბერძნები ჩამოჰყავდათ. ტრაპიზონი ძველ გურიისათვის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო. იქიდან შემოდიოდა გურიაში მარილი, რკინა, იარაღი, ტანსაცმელი და ა.შ. იმიტომაც იყვნენ ასეთი მაღალი გემოვნების, იმიტომაც იცვამდნენ ლამაზად, გიჟდებოდნენ ფუფუნებასა და იარაღზე.
ოზურგეთში უცხოეთიდან ჩამოჰქონდათ მასალა და იარაღს თავად ამზადებდნენ. მაგალითად, თურქეთიდან და იტალიიდან შემოჰქონდათ პისტოლეტის ნაწილები და იარაღს თავად აწყობდნენ, ასევადებდნენ. გურიაში ბევრი იარაღის ხელოსანი იყო, ოზურგეთის ცენტრში იარაღის აუქციონიც იმართებოდა. გაზეთ "კავკაზის" ჟურნალისტი ნიკოლოზ დუნკელ-ველინგი 1853-1854 წლებში წერდა, გურულები ყველაფერზე წამსვლელი არიან, ოღონდ ფუფუნების საგნები ჰქონდეთ, ისეთი დახვეწილი გემოვნება აქვთ, დიდად განათლებულ საზოგადოებასაც არ ექნებაო.
- უნდა ვთქვა ყოჩაღ, გურულებო, ყოჩაღ.
- მეც ასევე გიპასუხებთ. იმღერონ, იბრძოლონ, ჩაიცვან, დაიხურონ…და იარსებონ…ჩვენი საქართველოს გულის გასახარად.