"მე ომში სიყვარული ვიპოვე" - კვირის პალიტრა

"მე ომში სიყვარული ვიპოვე"

საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე ქართულ ლეგიონში კიევის დამცველთა რიგებში დგას და სამოქალაქო პირებს თავდაცვისა და პარტიზანული ბრძოლებისთვის წვრთნის. კახა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილეა, პირველი გვარდიელი, პოლკოვნიკი. უნივერსიტეტი ლვოვში დაამთავრა, სტუდენტობის საუკეთესო წლები იქ გაატარა. მაშინ დააფუძნა კარატეს პირველი სექცია, უკრაინაში კარატეს ერთ-ერთი დამფუძნებელია, იყო ლვოვის ტრადიციული კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტიც, საქართველოში კი - წლების განმავლობაში კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი. როგორც ამბობს, "ქართულმა ოცნებამ" იძულებული გახადა ქვეყნიდან წასულიყო. ამ ომმა რადიკალურად შეცვალა კახას პირადი ცხოვრებაც და საყვარელი ადამიანი იპოვა - რამდენიმე დღის წინ წინ მარინა კარიმოვაზე იქორწინა.

- კახა, გილოცავთ დაქორწინებას, ბედნიერებას გისურვებთ, გვიამბეთ თქვენი სიყვარულის ამბავი.

- ცოლის მოყვანას არ ვაპირებდი, ეს საკითხი ჩემთვის დახურული იყო, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. ახლა მადლობელი ვარ თეა წულუკიანის, კარატეს ფედერაცია რომ არ გამხდარიყო მათი ინტერესის სფერო და არ დაეწყოთ ჩემი დევნა, მე აქ არ აღმოვჩნდებოდი. ნიუ-იორკში წასასვლელი ბილეთიც აღებული მქონდა, როცა უკრაინაში ომი დაიწყო და კიევში ჩამოვედი. აქ სამოქალაქო პირთა გადამზადება ჩამაბარეს. ურთულესი დღეები გამოვიარეთ. თებერვლიდან აპრილამდე კიევის დაცვაში ვიყავი. ომის დაწყებიდან დღემდე 20 000-ზე მეტი კაცი გადავამზადეთ. უფრო მეტად ქალები მოდიოდნენ, რადგან მამაკაცები წინა ხაზზე იბრძვიან. ძნელია გადმოსცე ის განწყობა, რაც უკრაინაში ტრიალებდა, ერთი წუთითაც არავის მოსვლია აზრად დანებება. მთელი ერი შეიკრა.

ჩვენ გვაქვს რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც ფსიქოლოგები ეხმარებიან მათ, ვისაც სჭირდება. ბევრი დაჭრილი ჩამოდის, იომეს და მათი ფსიქიკა შეცვლილია. ჩვენ მათ ვეხმარებით, ვთავაზობთ სპეციალურ სუნთქვით ვარჯიშებს, ფსიქოლოგის დახმარებას, ეფექტური გამოდგა იოგა, რეაბილიტაციაში ეხმარება. ცენტრში ერთმა გოგომ, იოგას ინსტრუქტორმა მიიქცია ჩემი ყურადღება. მითხრა, მზად ვარ დაგეხმაროთ, როგორც იოგას სპეციალისტიო. ასე აღმოჩნდა ჩემი მომავალი მეუღლე მარინა ჩემ გვერდით. მეც შემიცვალა ომმა ცხოვრებაზე შეხედულება, ადრე თუ სხვა რეჟიმით ვცხოვრობდი, ახლა სხვაგვარად დავფიქრდი ცხოვრებაზე, დღეს ხარ და შეიძლება ხვალ არ იყო, სხვანაირად აღიქვამ ყველაფერს. მივხვდი, ყველაზე საშიში მარტოობაა, ბედნიერებისთვის მეორე ნახევარი გჭირდება. ჩვენ ბევრი რამ აღმოგვაჩნდა საერთო - მეც ვეგეტარიანელი ვარ, არ ვსვამ, არ ვწევი, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. ჩემი მეუღლეც ასეა. იოგა მეც მიყვარს, დიდი ხანია ვვარჯიშობ იოგას, თან ორივე საერთო საქმეს ვაკეთებთ, ვეხმარებით უკრაინას გამარჯვებაში. მარინა დედისერთაა, მისი მშობლები კიევიდან რამდენიმე კილომეტრზე, აგარაკზე ცხოვრობენ. მაშინ მტერი ახლოს იყო, ყოველღამ დაბომბვები იყო, ახლა ისეთი საშიში აღარ არის, რადგან საჰაერო თავდაცვა უკრაინაში უკვე ძალიან მაღალ დონეზეა. მაშინაც კიევის თავდაცვაში ვიყავი და მარინა ჩემთან იყო. მშვიდობიან დროს ადვილად შეუძლია ადამიანს ნიღაბი მოირგოს, მაგრამ ომის დროს ამას ვერ გააკეთებ, ხარ ის, რაც ხარ. მარინა მშობლებთან არ წავიდა, არც ქვეყნიდან. არადა, უკრაინელებს კარგი შეთავაზებები აქვთ ევროპიდან, კანადიდან, ამერიკიდან, აძლევენ ფულს, ვიზას. უკრაინელ ქალებს კანადა ყველანაირ პირობას სთავაზობს, თვითმფრინავის ბილეთსაც უღებენ, ბინას, 3000 დოლარს აძლევენ და 3-წლიან სამუშაო ვიზას და ასევე სამსახურს. ეს იმხელა ცდუნებაა. პირველი თვეები იყო რთული კიევში - გაითიშა შუქი, არ იყო ტრანსპორტი, წარამარა იბომბებოდა ქალაქი და ამ დროს რჩები შენს ქალაქში - ეს ძალიან დასაფასებელია. ასე იქცევა ბევრი უკრაინელი ქალი და შენც არა გაქვს სისუსტის უფლება.

1987 წელს, როცა ლვოვში ვსწავლობდი, უკრაინელი შეყვარებული მყავდა, მაგრამ გოგოს ოჯახმა უარი თქვა ქართველ სიძეზე. ერთმანეთს დავშორდით და მეც ჩავიქნიე ხელი ამ საკითხზე. საოცარი დამთხვევაა, ზუსტად 1987 წელს დაიბადა მარინა კიევში და ჩვენ ახლა ერთმანეთს დავუკავშირეთ ცხოვრება. ერთი წელია კიევში ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ ხელს ვერ ვაწერდით, რადგან უცხოელი ვარ. მარინამ შემთხვევით ლვოვში აღმოაჩინა საადვოკატო კომპანია, რომელიც დაგვპირდა დახმარებას. ძალიან გაგვიხარდა და წავედით. წარმოიდგინეთ, საქორწინო რიტუალი ჩატარდა იმ ქუჩაზე, სადაც 1987 წელს მე უნდა მომეწერა ხელი, ამდენი წლის შემდეგ იმავე გადაწყვეტილებით იმ ქუჩაზე აღმოვჩნდი.

355822732-565266039152491-2171888248571557866-n-1687771094.jpg

ლვოვში დიდხანს ვცხოვრობდი, კარატეს ვასწავლიდი, იქ ბევრი ჩემი მეგობარი და მოწაფეები ცხოვრობენ. შემთხვევით სოციალური ქსელით ვიპოვე ჩემი მოწაფე კარატეში, თბილისელი ბიჭი, რომელიც 1987 წელს ჩემი მეჯვარე უნდა ყოფილიყო. ტიგრანი თბილისელი სომეხია, ის იყო ახლა ჩვენი მეჯვარე. მოვაწერეთ ხელი, ტიგრანმა მომიწყო ყველაფერი, ვიდეო, ფოტოგადაღება, ფოტოსესიები, პატარა სუფრაც გაიშალა ქართულ რესტორანში და აღვნიშნეთ ეს ლამაზი დღე. 7 წელი ვცხოვრობდი ლვოვში, ასპირანტურაც იქ დავამთავრე და უნივერსიტეტში რომ არ მივსულიყავი, გულმა არ მომითმინა. მაშინდელი ჩემი ლექტორი ვნახე, 84 წლის არის უკვე. მიცნო და რომ გაიგო ჩემი სიყვარულის ამბავი, რომ უკრაინელებთან ერთად ვიბრძვი, ატირდა, შემახვედრა სხვა ლექტორებსაც და უამბო ჩემზე. ვუთხარი, მე ვიცავ არა მარტო თქვენს ქვეყანას, არამედ საქართველოსაც, რადგან საერთო მტერი გვყავს-მეთქი.

- ქორწინების დღეს სამხედრო ფორმა რომ გეცვათ, ესეც სიმბოლურია, არა?

- სამხედრო ფორმას დიდი დატვირთვა ჰქონდა. ომის შემდეგ გაათმაგდა ხელის მოწერები უკრაინაში, რიგებია. ჩვენ წინ ერთმა წყვილმა იქორწინა, გამნაღმველები არიან. რუსები ყველგან ტოვებენ ნაღმებს, მინდვრებშიც ვეღარ გადის ხალხი ხორბლის დასათესად. ის წყვილი ეძებდა ნაღმებს. ერთხელ ქმარმა შეცდომა დაუშვა, არასწორად შეამოწმა, ცოლმა გაიარა იმ ადგილას და აფეთქდა, ხელ-ფეხი დაკარგა. როგორც კი გოგო გამოჯანმრთელდა, მაშინვე დაქორწინდნენ.

ჩვენს ლეგიონში ჩემმა მეგობარმა უკრაინელმა ბიჭმა ორივე ფეხი დაკარგა, შეყვარებული ჰყავდა და გოგოს მისწერა, უნდა დავშორდეთო. სამი თვე ეძება იმ გოგომ ბიჭის ადგილსამყოფელი და ბოლოს ჩვენთან ჩამოაკითხა. სასწაული იყო მათი შეხვედრა, მეორე დღეს მოაწერეს ხელი, ჩვენ ვიყავით მეჯვარეები. ომი სხვანაირად განახებს ცხოვრებას, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, ხვალ რომ მოვკვდე, არის ადამიანი, ვისაც ვუყვარვარ.

- დედა როგორ შეხვდა ომში წასული შვილის ქორწინებას?

- ხელი ჰქონდა ჩაქნეული, რადგან ნათქვამი მქონდა, არ მოვიყვან ცოლს-მეთქი. მარინა თბილისში ჩამოვიდა და გაიცნო ჩემი ოჯახი, დედა, ჩემი და, დისშვილები.

352256015-571929191778819-8124734290544610529-n-1687771254.jpg

- თქვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, გოგოს ოჯახი როგორ შეხვდა ამ ნაბიჯს?

- 23 წელია სხვაობა და ეს ძალიან მაღელვებდა. შაბათ-კვირას მის მშობლებთან ჩავდივართ, მათ აგარაკზე მეურნეობა აქვთ.

ჩვენი დღის განრიგი ასეთია: დილით 6-ის ნახევარზე ვდგებით და 9 საათამდე ვვარჯიშობთ იოგაში, თან მარინას ქართულს ვასწავლი. მერე ბაზაში 3 საათამდე ვრჩებით. დიდი პროექტები დავიწყეთ და მარინა ამაშიც მეხმარება. ახლახან ვიტალი კლიჩკოს შევხვდი და 22 ივლისს გავმართავთ ქალაქის ცენტრში მასშტაბურ ღონისძიებას "ისწავლე თავდაცვა". საღამოს კი ისევ ვარჯიშები.

ძალიან მინდა ჯვარი საქართველოში დავიწერო. ბევრმა მომილოცა დაქორწინება, მათაც კი, ვინც მტერი იყო. მადლობელი ვარ, ისინი რომ არა, აქ არ აღმოვჩნდებოდი, ყველა ცუდს მოსდევს კარგი - მე ომში სიყვარული ვიპოვე.

- თქვენს წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული, შეწყდა ეს საქმე?

- ხელოვნურად აღძრეს საქმე, მითხრეს, გადადექი კარატეს ფედერაციის პრეზიდენტობის პოსტიდანო, მაგრამ რომ არ გადავდექი, დაშინება დამიწყეს, ქვეყნიდან წადიო. ამის მერე აღმოვჩნდი უკრაინაში. სამხედრო გამოცდილება მაქვს, 10 წლის განმავლობაში თავდაცვის მინისტრ თევზაძის მრჩეველი ვიყავი, გია ბარამიძის დროსაც ვიმუშავე...

სიხარულს აქ ბევრი ტკივილიც ახლავს. ახლახან დაიღუპა ჩემი ძმაკაცი, ზვიად გიგანი, უცებ გულის შეტევით გარდაიცვალა. კიევში ეკლესიაა, სადაც გარდაცვლილ ქართველებს ვემშვიდობებით, იმ ადგილას რომ გავივლი, ცუდად ვხვდები, რადგან 45 ქართველი გავასვენეთ იმ ეკლესიიდან.