"მჯერა ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ეკა მშობლიურ ბეჩოში ისევ ბევრჯერ გვიმასპინძლებს"
ოჯახში, სანათესავოში, სამეგობროში დაწყებული ბრძოლა პოეტ ეკა კვიციანის გადასარჩენად დიდ მასშტაბს იძენს. "მოვუწოდებთ საზოგადოებას გამოიჩინოს თანაგრძნობა, თანადგომა, გულისხმიერება და გვერდში დაგვიდგნენ. ყველამ ერთად გადავარჩინოთ ეკატერინე კვიციანი", - ამბობს ნანა სხულუხია.
ნანა სხულუხია, ნათესავი:
- 10 თვეა ვიბრძვით... თავიდან თვალზე ოდნავ ფერის შეცვლა ეკამ ბუნებრივ მოვლენად ჩათვალა, მალე კი ექიმთან მხედველობის გაუარესების გამო მივიდა. ბროლის შემღვრევა ჰქონდა დაწყებული, ლიბრი რომ გადაგეკრას თვალზე, ასეთი შეგრძნება ახლავს ამ პროცესს. სწორედ ამის გამო მიაკითხა ექიმს და აღმოაჩნდა ყველაზე რთულად მიმდინარე ინფექციური დაავადება უვეიტი. ეს ინფექცია თვალის შიგთავსს, რქოვანას, ფერად გარსს ჭამს...
ამის შემდეგ ერთმა ცნობილმა სპეციალისტმა გვითხრა, რომ აუცილებელი იყო ონკოლოგთან კონსულტაცია და მხოლოდ ინფექციურ პრობლემასთან არ გვქონდა საქმე. ონკოლოგთან ვიზიტის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეკას თვალში ავთვისებიანი სიმსივნე, მელანომა ჰქონია, უმძიმესი და აგრესიული სიმსივნე, რომელიც სწრაფი მიმდინარეობით ხასიათდება.
ბუნებრივია, ამ მძიმე პრობლემასთან ბრძოლაში ოჯახი ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ეკა არ იყო მზად, რომ ამ რთულ სიტუაციაში ვინმესთვის დახმარება ეთხოვა. ამიტომ თავიდან სამეგობრომ სოციალური ქსელის საშუალებით შევუგროვეთ მკურნალობისთვის საჭირო თანხა. მადლობელი ვართ ყველასი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში. ამის შემდეგ შევუდექით ბრძოლას ამ საშინელი ავადმყოფობის დასაძლევად. თურქეთში დაინიშნა სხივური თერაპია, პარალელურად უვეიტის მკურნალობაც, რომლის გამოც ეკას თვალში 100%-ით დაკარგული ჰქონდა მხედველობა. საუბარი იყო თვალის ამოღებაზე... ყველა ვიბრძოდით უკეთესი გამოსავლისთვის. ერთმა თურქმა სპეციალისტმა მოგვცა გარანტია, რომ მელანომას ისე ამოიღებს, თვალი არ დაიკარგება. ამისთვის კიდევ ერთხელ მოხდა თანხების მობილიზება და ხელახალი კვლევები, რის შემდეგაც ჩატარდა ინფექციური დაავადების თვენახევრიანი კურსი. ეკას იმუნიტეტი ისე ჰქონდა დაქვეითებული, რამდენჯერმე ძლივს გამოვგლიჯეთ სიკვდილს. ამიტომ ჩაუტარდა იმუნოთერაპიის კურსები, რათა მოძლიერებულიყო და ჩვენთან ერთად გაეგრძელებინა ბრძოლა სიცოცხლისთვის. ამ პროცესების შემდგომ კვლავ ჩაუტარდა კვლევები და აღმოჩნდა, რომ მელანომა დაპატარავებულა, რის შემდეგაც მოყინეს. 2 კვირაა, რაც ეკამ ოპერაცია გაიკეთა - თურქმა ექიმმა ამოაცალა მელანომა. ბომბი მოვიშორეთ!
- ამჟამად როგორი მდგომარეობა აქვს ეკას?
- მეორე თვალში აღმოაჩნდა სიმსივნური კერები, რაც საჭიროებს, მინიმუმ, ოთხ-ოთხ რადიომაგნიტურ დასხივებას და ქიმიის კურსს, რათა შეჩერდეს პროცესი.
- ამისთვის რა თანხაა საჭირო?
- დაახლოებით 4 ათასი დოლარი ან მეტი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კურსი დასჭირდება. ერთადერთი კარგი ამბავი, რაც ამ ბრძოლის შედეგად გვაქვს, ის არის, რომ ნაოპერაციებ თვალში ეკას 50%-ით დაუბრუნდა მხედველობა, უკვე ფერებსა და ფიგურებს ბუნდოვნად არჩევს. იმედია, 3-4-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდება.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ვიყიდოთ პრეპარატი "ავასტინი", ონკოლოგიაში ფართოდ გამოყენებული მედიკამენტი, რომელიც სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს გარკვეული პერიოდით. ეს კი გვიხანგრძლივებს დროს თანხების მობილიზებისთვის, რათა შემდეგ თანამიმდევრულად, გეგმის თანახმად გავაგრძელოთ ბრძოლა.
ეკა სვანეთში გამორჩეული ოჯახიდანაა. მისი მამა, ნოდარ კვიციანი, პოეტი გახლდათ. ეკაც მის კვალზე წავიდა, გამოსცა წიგნი, აქვეყნებდა პუბლიკაციებს, მართავდა საღამოებს ლიტერატურულ კაფეებში, მწერალთა სახლში, 6 წლის წინ კი ტურისტულ საქმიანობაში ჩაერთო. ყველაფერი თვითონ იტვირთა, სვანეთში საკუთარი სახლი სასტუმროდ აქცია, ბაღიც გააშენა. ულამაზესი წალკოტი აქვს სვანეთში, ბეჩოში. თავიდან კარგად მიდიოდა საქმე, სანამ ჯერ პანდემია და შემდეგ ავადმყოფობა შეუშლიდა ხელს.
ეკა ჯანმრთელობის პრობლემას დიდხანს უმალავდა ახლობლებს. მე მოგვიანებით გავიგე მისი დიაგნოზი და არც მიკითხავს მისთვის, ისე ჩავები ამ საშინელ სენთან ბრძოლაში ეკას გადასარჩენად ახლობლებსა და კეთილი ადამიანებთან ერთად. მჯერა ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში და ეკა მშობლიურ ბეჩოში კიდევ ბევრჯერ გვიმასპინძლებს.
ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი:
GE25BG0000000814550100
მიმღები ეკატერინე კვიციანი
თიბისი ბანკი:
GE98TB7044845063600061
მიმღები ნანა სხულუხია