ალექსანდრე - მწერების მწყემსი - კვირის პალიტრა

ალექსანდრე - მწერების მწყემსი

როგორც ცნობილ ქართულ ზღაპარშია, ჭიამაიებისა და ციცინათელების მსგავსად, ჩოქელებს, ჩხირულებს, ჭიანჭველებს, მუხლუხებსა და პეპლებსაც შეიძლება ჰყავდეთ მწყემსები. ამიტომაც „ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამსო,“ მხოლოდ ხატოვანი გამოთქმა როდია. სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მწერებს თავს ევლებიან, ხელს უწყობენ მათ გამრავლებას და ხასიათის თავისებურებების შესწავლას, უსაფრთხო სასიცოცხლო გარემოს უქმნიან და ზოგიერთ სახეობას, პერიოდულად ბუნებაში უშვებენ. მწერების მცველთა უმრავლესობას ასეთი გატაცება ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უჩნდება. ტექნიკური ცივილიზაციის ეპოქაში, როდესაც მოზარდები ძირითადად გაჯეტებზე მიჯაჭვული არიან, ბუნებით მათი დაინტერესება მნიშვნელოვანია. კარგია, თუ შვილების გატაცებას მშობლებიც ხელს უწყობენ. ვინ იცის, ასეთი, ერთი შეხედვით უცნაური ჰობის მქონე ბავშვებიდან ზოგიერთი ცნობილი მეცნიერიც კი გამოვიდეს და სამყაროში ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალოს. მწერების ერთ-ერთი მწყემსი, 9 წლის ალექსანდრე უნდა გაგაცნოთ, რომელიც გარდა იმისა, რომ ჭკვიანი და ნიჭიერი ბიჭია, უზომოდ შეყვარებულია მწერებზე და სახლში პატარა ფერმაც კი მოაწყო, რომელსაც ზამთარ-ზაფხულ თავს დასტრიალებს. ამასთან, ძალიან ამაყობს პირადი კოლექციის იშვიათი ბინადარით, რომელზეც თვითონვე გვეტყვის. საკუთარ თავზე ძუნწად ლაპარაკობს, მაგრამ როგორც კი მწერებზე ჰკითხავთ, სახე უნათდება და პირადი ფერმის ბინადრების შესახებ ოჯახის წევრებივით გიამბობთ. ამიტომაც, მხოლოდ მშობლებისგან შეიტყობთ, რომ ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში, იუთუბიზე ვიდეოების მოსმენით თავისით ისწავლა ინგლისური ენა. გგონიათ მულტფილმებს უყურებდა? არა, დაუჯერებელია, მაგრამ ცნობილ მეცნიერებს და მკვლევრებს უსმენდა, რომელიც ექსპედიციებში დადიოდნენ და მაყურებელს მწერების სამყაროს შესახებ უამბობდნენ. უყვარს კითხვა და კვლევა და განსაკუთრებული მწერების გარდა ეძებს მისნაირ ადამიანებს, რომლებსაც პირადი კოლექციები თუ არ ჰყავთ, მწერების შესახებ ბევრი რამ იციან და ლაპარაკი არ ეზარებათ. მშობლები ამბობენ, რომ ალექსანდრესთვის ძალიან მცირე ასაკიდან კალია და ხვლიკი უფრო მნიშვნელოვანი საჩუქარი იყო, ვიდრე მანქანა. კალია რაც უფრო დიდი იყო, ალექსანდრეს მეტ აღფრთოვანებას იწვევდა. ხვლიკები ერთხანს სახლში მასთან ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ საოცრად მოძრავი არსებებისთვის სჯობდა, ისინი ბუნებაში დაებრუნებინა.

ალექსანდრე ასლანიშვილი

- რა გითხრათ ჩემ შესახებ? მწერებს ვიჭერ და ვპატრონობ. მეტი რა ვთქვა? ვიღაცას ცხოველები უყვარს, ვიღაცას ქვეწარმავლები, მე მწერები მომწონს.

წლების წინ, ერთმა ნაცნობმა, რომელიც მწერების კოლექციას აგროვებდა, მკვდარი ნემსიყლაპია მომცა. მაშინ მივხვდი, რომ მწერები ძალიან მიყვარდა და მერჩივნა ცოცხლები შემეგროვებინა, ვიდრე მკვდრები. ცოცხალი საინტერესოა. აკვირდები, სწავლობ როგორია, რა მოსწონს, რა აღიზიანებს, როგორი მახსოვრობა აქვს, აღიქვამს თუ არა პატრონობას, ზრუნვას. მოკლედ, ასე დავიწყე ცოცხალი კოლექციის შეგროვება.

ვერ გეტყვით, რომ ბევრი მყავს, მაგრამ რაც მყავს, საინტერესოა და განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ჩხირულათი, რომელიც მართლა ერთი ციდა იყო, როდესაც მაჩუქეს. ახლა კი ჩემი ხელისგული აღარ ყოფნის. ჩხირულა როგორ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში იცი? ზოოპარკში ვიყავით, იმ განყოფილებაში, სადაც მწერები ჰყავთ, ერთგან აკვარიუმი მაღალზე იყო და ვერაფერს ვხედავდი. მამამ ამიყვანა და უცებ ვიყვირე, ღმერთო, ჩხირულა. ეს მწერი ინიღბება, კამუფლაჟს იცვლის, მაგრამ თუ ჩხირულას თვისებები იცი, შეუიარაღებელი თვალითაც შენიშნავ. მაშინ, ზოოპარკში დაინტერესდნენ, რომ მე, ასე პატარამ ბევრი რამ ვიცოდი მწერებზე და მით უფრო ჩხირულაზე და ორი მწერი მაჩუქეს. სამწუხაროდ, ერთი დაიღუპა. დამრჩა გოგო ჩხირულა, რომელსაც გამრავლებისთვის მამრი არც კი სჭირდება. უცნაური თვისება აქვს. მას შეუძლია უამრავი კვერცხი დადოს და ყველა კვერცხიდან ზუსტად მისნაირი გოგო ჩხირულები გამოიჩეკონ. მხოლოდ გოგო ჩხირულები. თუმცა, თუ ეს მწერი ბიჭ ჩხირულას შეხვდება და დაქორწინდებიან, დედა ჩხირულას კვერცხებიდან გამოიჩეკებიან გოგონები, ყველა დედის მსგავსი და ბიჭები, ყველა მამის მსგავსი. ჩემი ჩხირულა უკვე 6 თვის არის.

mwerebi3-1687721365.jpg

- ჩხირულა რატომ ჰქვია?

- აი, დააკვირდი, ჩხირებისგან აწყობილს ჰგავს. ხშირად ტოტებზე ისე გაწვება, ვერც შეამჩნევ. რტოს ემსგავსება. სხვადასხვა სახეობა არსებობს. მე მყავს ვიეტნამური ჩხირულა. ზოგადად ეს მწერი გიგანტური შეიძლება გაიზარდოს. ერთ-ერთი სახეობა 64 სმ-საც კი აღწევს. ჩინეთში აღმოაჩინეს. წარმოიდგინე, ტყეში ხარ, ათვალიერებ ხეებს და ლამაზ ტოტს შენიშნავ, სინამდვილეში ჩხირულაა. მე მისი ფორმების, ზომების და სხვა თავისებურებების გამო მომწონს, თორემ ბუნებაში მავნებელია. ვიცი, რომ საქართველოში არ არსებობს. მითხრეს, კახეთშიაო, არადა, ტროპიკული გარემო სჭირდება და ჩვენთან უბრალოდ ვერ გადარჩება.

- როგორ უვლი?

- აკვარიუმში მყავს, სადაც წყალი და საჭმელი აქვს. ამასთან რახან ტროპიკების ბინადარია, ყოველდღე ვნამავ. ჭამენ მაყვლის და თუთის ფოთლებს. საბედნიეროდ, ჩვენთან, ფანასკერტელის ქუჩასთან ახლოს, უზარმაზარი მაყვლის ბუჩქია, რომელსაც ზამთარ-ზაფხულ ფოთლები აქვს და ჩვენი ჩხირულას საკვებზე შორს წასვლა არ გვიწევს. მოუთმენლად ველოდები როდის შეიცვლის კანს ხუთჯერ. ამ დროს უკვე სრულწლოვანი ხდება და კვერცხებს დადებს. რას ვუზამ იმ კვერცხებს და პატარა ჩხირულებს? ეგ ჯერ არ ვიცი.

mwerebi2-1687721365.jpg

- შენი ფავორიტი უფრო ჩოქელაა, რატომ?

- საინტერესო აღნაგობა აქვთ. მათი 2000-ზე მეტი სახეობა არსებობს. საქართველოში 20-მდე სახეობაა. ზოგიერთი მავნებელია. სასარგებლო მწერებით იკვებება. ასეთი თვისებები ვერ მხიბლავს, მაგრამ როგორც უფროსები და წიგნები ამბობენ, სამყარო ასეა მოწყობილი, ერთი რომ გადარჩეს, მეორეს ჭამს. ჯერ ვერ მივხვდი რატომ არ შეიძლება სხვანაირად იყოს?! კარგია, რომ ჩოქელა მავნებელ მწერებს მუსრს ავლებს.

ფაროსანა რომ შემოგვეჩვია, მაშინ მეცნიერებისგან მოვისმინე, რომ ჩოქელა მათ სათანადოდ უსწორდებოდა. ამიტომაც მგონია, რომ სადაც ბევრი ფაროსანაა, იქ უფრო მეტი ჩოქელა უნდა გავუშვათ.

ჩოქელა ძალიან უცნაური ტიპია. თავს 360 გრადუსით აბრუნებს. ხომ დაუჯერებელია? ჩემი ჩოქელები კვერცხებს დებენ, შვილებს ჩეკენ და მერე მე ბუნებაში მიმყავს. მყავს პეპლები, მუხლუხები, ხოჭო, რომელიც გორგოლაჭებიანი გეგონება და მყავს დედოფალი ჭიანჭველა, გრძელია და პუტკუნა მუცელი აქვს. ფრთები აღარ აქვს. ცხადია, ქორწინების დროს დაკარგავდა. დიახ, ასე ემართებათ დედოფალ ჭიანჭველებს, როდესაც დაქორწინდებიან, ფრთებს კარგავენ. ახლა ჩემი დედოფალი სიბნელეში მყავს, რომ დამშვიდდეს და კვერცხები დადოს. თიანეთში ვიპოვე, ისეთ გარემოში იყო, რომ გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. ან შიმშილით მოკვდებოდა, ან პარაზიტები შეჭამდნენ. ჭიანჭველების ზოგიერთ კოლონიას რამდენიმე დედოფალი ჰყავს. ზოგჯერ ჭიანჭველების ერთი ნაწილი დედოფალს უმხედრდება და კლავს, ან კოლონიიდან აგდებს. კარგ პირობებში ზოგიერთი დედოფალი 15 წელს ცხოვრობს. რაც უფრო დიდია დედოფალი, მით უფრო დიდხანს ცოცხლობს კოლონიაც. უცნაურია, მაგრამ როდესაც დედოფალი ჭიანჭველა ქორწინდება მეფეზე, ეს ამბავი კარგად არ მთავრდება. მართალია დედოფალი მრავლდება, მაგრამ მეფე შეჯვარების შემდეგ კვდება. ამიტომაც ჭიანჭველებისთვის მთავარია არა მეფე, არამედ დედოფალი, რომელიც მატრიარქი, ანუ ლიდერია.

- მართალია, რომ პეპლები მხოლოდ სამი დღე ცოცხლობენ?

- არა. სრულწლოვანი რომ გახდეს, შეჯვარდეს და კვერცხები დადოს, ორივე სქესის პეპელას სულ ცოტა ხუთი დღე სჭირდება. არის პეპლების სახეობები, რომლებიც ძალიან დიდხანს ცოცხლობენ. ძალიან საინტერესო მწერია. ასევე საინტერესოა მუხლუხები, რომლებიც კანს გველივით იცვლიან. ასევე, მიყვარს გორგოლაჭიანი ხოჭოები, ბევრი ფეხებით. მიწიდან ტოქსინებს ჭამენ. ძალიან სასარგებლოები არიან. მე ვფიქრობ, ადამიანებმა არ იციან მწერების დანიშნულება, თორემ სხვანაირად შეხედავდნენ მათ, სხვანაირად მოექცეოდნენ. ყველა მწერი არ არის უსარგებლო და ჩვენ რომ მავნებელი გვგონია, შეიძლება მათაც ჰქონდეთ სასარგებლო დანიშნულება, რომელსაც ვერ ვხვდებით, ან არ გვინდა დავინახოთ. ადამიანების ერთ ნაწილს ეშინიათ მწერების, მათ დანახვაზე კივიან, იმალებიან. არადა, უფრო რომ დავაკვირდეთ, ალბათ ბევრ საინტერესო ქცევას შევისწავლით.

- ცხოველებიც გიყვარს?

- კი, კატები, მაგრამ ისეთი უჟმური კატა მყავს, რომ სჯობს, მის ნაცვლად ლომს ჩავეხუტო. იკბინება და იკაწრება. ძალიან მომწონს მუსიკა, საკრავი ინსტრუმენტები, ერთი წელია გიტარას ვსწავლობ, მაგრამ ყველაფერს მაინც მირჩევნია, რომ მწერებს დავდევდე.

- გავიგე, რომ მწერებისთვის სასტუმრო გაგიკეთებია.

- ხო, ეს ჩემი გამოგონება არ არის. ბევრი აკეთებს მსოფლიოში. მარტივად გავუკეთეთ, ტოტებით, წვრილი ჩხირებით. მიიზიდავს მწერებს და თავშესაფარი ექნებათ. ასეთი რამის მოწყობა ძალიან კარგია ქალაქებში, სადაც მწერებს შესაძრომი არ აქვთ. ამის გამო კი ძნელად გადაადგილდებიან, რაც თავის მხრივ უამრავ პრობლემას იწვევს. ვიღაც ალბათ იტყვის, რომ მერე რა? ნუ გადაადგილდებიან, რა საჭიროა მწერები? ყველაფერი საჭიროა, რახან არსებობს, უბრალოდ, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით.