„მე მეკუთვნის ბოლო სიტყვა - ეს არის ფოტოგრაფის ქმნილება“
ჯერი შაჩბერგი, ამერიკელი კინორეჟისორი და ფოტოგრაფი, 1973 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებული, ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს. ჯერი შაჩბერგს ხშირად ალ პაჩინოს აღმოჩენას უკავშირებენ, რადგან მისი ფილმი "The Panic in Needle Park", ალ პაჩინოსთვის რიგით მესამე, კანის კინოფესტივალზე იყო ნომინირებული 1971 წელს. შაჩბერგმა კარიერა ფოტოგრაფობით დაიწყო. "დავდიოდი ქუჩებში და ვიღებდი ყველაფერს, რაც მომწონდა, ვაკეთებდი ჩანაწერებს, რადგან კადრებით ფილმის სიუჟეტს წარმოვიდგენდი", - იხსენებს რეჟისორი. ჯერი შაჩბერგის ცნობილ ფოტოებს შორისაა ბობ დილანის, ჯიმი ჰენდრიქსის, "ბითლზის", არეთა ფრანკლინის და სხვათა ცნობილი პორტრეტები. 1956 წელს პარკ-ავენიუზე ჯერის ლეგენდარულ ფოტოსტუდიას იმ დროის ცნობილი ადამიანები სტუმრობდნენ. ასე იწყებდა შაჩბერგი კარიერას, რისი მეშვეობითაც ისტორიას მრავალი საინტერესო ადამიანი შემოუნახა. მის ცნობილ ფილმებს შორის არის Puzzle of a Downfall Child (1970) მთავარ როლში ფეი დანაუეი, ალ პაჩინო და "ოქროს პალმის" რტოს გამარჯვებული ფილმი შცარეცროწ (1973), მთავარ როლში ალ პაჩინო და ჯინ ჰეკმენი. როდესაც ფოტოგრაფიასთან დაკავშირებულ კითხვას უსვამ, ჯერი პასუხობს: "იმდენად ლამაზად მინდა გადმოვცე, რამდენადაც მე შემიძლია, მაგრამ იმდენად რეალისტური უნდა იყოს, რომ შევძლო მისი გადმოცემა. მე დანახულში გულწრფელობას ვეძებ". დღეს ჯერი შაჩბერგი 95 წლისაა. როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფიაში და როგორია ფოტო, რომელიც კარიერის დასაწყისში გადაიღო, ამ კითხვებს ექსკლუზიურად "კვირის პალიტრისთვის" ჯერი შაჩბერგი პასუხობს:
- საოჯახო ბიზნესში ვიყავი ჩართული და მძულდა, რაღაც სხვას ვეძებდი. ზუსტად მაშინ ვნახე ჟურნალ "ნიუ-იორკ თაიმსში" განცხადება, ფოტოგრაფის ასისტენტს ეძებდნენ. მაშინ არ ვიცოდი, ეს რა იყო, ამიტომაც დავრეკე და გულწრფელად ვუთხარი, რომ გამოცდილება მე არ მქონდა. მაშინ ბევრი იცინა იმ კაცმა, თუმცა საუბრის ბოლოს მითხრა, მოდი, გავისაუბროთ, იქნებ შევძლო შენი დახმარებაო. პირველ გადაღებაზე რომ გამიშვა, ადგილი არ იყო საჩემო, არ მომეწონა სიტუაცია - ოფისები იყო. შემდეგი იყო ვაკანსია ფოტოგრაფთან, რომელიც ასისტენტს ეძებდა. გასაუბრებამ კარგად ჩაიარა - ოფისი არაჩვეულებრივი, საოცრად დახვეწილი გარემო, ძალიან მომეწონა, რაც ვნახე და რისი გაკეთებაც მომიწევდა. შევთანხმდით, რომ მათთან დავიწყებდი მუშაობას, მაგრამ ხელფასზე რომ მიდგა ჯერი, აღმოჩნდა, რომ კვირაში მხოლოდ 25 დოლარის გადახდა შეეძლოთ, მე კი ცოლ-შვილი მყავდა სარჩენი. თუმცა მათთან ნასწავლი ჩემს გონებაში ჩაიბეჭდა.
- პირველი სამსახური რომელი იყო?
- ბიძაჩემი იმხანად ბავშვის საფენების ცენტრში მუშაობდა. ვკითხე, იქნებ ჩემთვისაც იყოს რამე ვაკანსია-მეთქი. ან საფენების გამყიდველად უნდა იმუშაო, ან მათი ფოტოგადაღებით დაკავდე, ამ ორის გარდა სხვა ვარიანტი არ არის, ბევრი ფული ამ საქმეში არ იშოვებაო, გამაფრთხილა. მე ფოტოგრაფობა მინდოდა, ამიტომ გასაუბრება გავიარე. ამიხსნეს, რა უნდოდათ ჩემგან, პირველ რიგში კამერა უნდა მქონოდა. მახსოვს, დედას ვესესხე ფული, რომ კამერა მეყიდა. ვიყიდე და ასე დაიწყო ჩემი ფოტოგრაფობა. მაშინ ლონგ-აილენდზე ვცხოვრობდი და სამსახურმა ჩემს ლოკაციას მოურგო გადაღებების რეჟიმი, იქვე ლონგ-აილენდზე მქონდა ხოლმე გადაღებები. პირველად რომ მივედი გადასაღებად, სახლში არ შემიშვეს, ბავშვს სძინავსო, ამიტომ სხვა ოჯახში წავედი, არც მათ შემიშვეს, ბავშვი ავად გაგვიხდაო. მაშინ მივხვდი, რა იგულისხმა ბიძაჩემმა, როცა მითხრა, არ არის ეს მარტივი საქმეო. დღეში 10-15 გადაღება მქონდა ხოლმე დაგეგმილი, მაგრამ არასდროს ამდენი არ გამოდიოდა, რადგან ბავშვებს ან ეძინათ, ან ავად იყვნენ. მაშინ გადავწყვიტე ნაცნობების ბავშვების გადაღება, მათ იმდენად შემიწყვეს ხელი, რომ საარსებო ფული გამოვიმუშავე.
- რა იყო საფენების რეკლამის შემდეგ?
- ისევ იმ ბიჭს მივუბრუნდი, რომელმაც დამცინა ტელეფონში, და ვკითხე, როგორ შეიძლებოდა ამ სფეროში დამემკვიდრებინა თავი, რეკლამებით თუ მოდის ფოტოგრაფობით? მეორე დღეს, როდესაც ფოტოგრაფების შესარჩევ კასტინგზე მივედი, სამი კაცი იყო ჩემ წინ და სტილისტმა, რომელიც არჩევდა ფოტოგრაფებს, პირველ სამ ფოტოგრაფს უთხრა, შესვენებაზე გადით და შემდეგ მობრუნდითო. მან მომდევნო სამიდან დაიწყო შერჩევა - ასე აღმოვჩნდი რიგში პირველი. როდესაც მკითხეს, კვირაში რამდენის გამომუშავება გსურსო, 45 დოლარი-მეთქი. შევთანხმდით, რომ მეორე დღეს დავიწყებდი მუშაობას. თითქმის სამი კვირა ვიმუშავე და უფროსს ნერვები ისე დავაწყვიტე, ექსპონომეტრი კედელს შეანარცხა. დამწყები ვიყავი და ვერ ვერკვეოდი ბევრ რამეში, სამაგიეროდ, მეორე ასისტენტი ერკვეოდა, მან იცოდა ყველაფერი და მეხმარებოდა. ასე ვიმუშავე მასთან ორწელიწად-ნახევარი. იმ პერიოდში იმდენი რამ ვისწავლე, რომ შემდეგ საკუთარი სტუდია გავხსენი.
- ასე დაიწყო, მაგრამ როგორ გაგრძელდა, რომელი კადრი გახსენდებათ, როდესაც ცხოვრების შემდეგ ეტაპს იხსენებთ?
- როცა ქუჩის ფოტოგრაფობა დავიწყე, ზუსტად იმხანად მოვხვდი ალექს ბროდოვიჩთან ფოტოგრაფიის შესასწავლად (ამერიკაში მცხოვრები რუსი ფოტოგრაფი, დიზაინერი). მახსოვს, პირველი გადაღება თაიმზ-სკვერთან იყო. ჩემი Pფოტოები ბროდოვიჩს მოეწონა და ყოველკვირა სხვადასხვა დავალებას მაძლევდა. 20-40 კაცი ვიყავით მასთან მიმაგრებული, ყველას მიგვქონდა ჩვენი გადაღებული, ვდებდით მაგიდაზე ამობრუნებულად, ბროდოვიჩი აიღებდა და იწყებდა ფოტოს განხილვას. მისმა მოსწავლემ გამაფრთხილა, პირველი დავალება ბრუკლინის ხიდზე იქნებაო, ამიტომ სულ ველოდი, რომ იქ გამიშვებდა გადასაღებად, თუმცა შევცდი, არასდროს გავუშვივარ ბრუკლინის ხიდზე.
- ფოტო, რომელიც მასთან მუშაობის დროს ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ...
- ეს ფოტო, რომელსაც ხედავთ, დადგმულია, - ორ დამწყებ მოდელს გადავუღე. აი, მას შემდეგ დავიწყე დამწყებ მოდელებთან მუშაობა. ფოტოსთვის ორ მოდელთან ერთად ჩემი მაზლიც მოვიწვიე, უკან ბიჭს რომ ხედავთ, ის არის. უამრავი კადრი გადავიღეთ და როდესაც შედეგს დავხედე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი.
- როცა "ვოგში" დაიწყეთ მუშაობა, 1950-იანი წლები იქნებოდა, ახლა 2023-ია. რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში?
- დღეს ვუცქერ იმ ფოტოებს, რომელთაც წლების წინ ვიღებდი და ვგრძნობ, რომ მათ შევცვლიდი. ფილმებზეც იმავეს ვიტყოდი. მაგალითად, როდესაც ფილმზე The Panic in Needle Park მუშაობა დავასრულე, ერთი კვირა იყო გასული, ლეონარდ კოენზე ფილმი ვნახე და მისი სიმღერა "Hallelujah" შემიყვარდა. ფილმისთვის მუსიკა არ მქონდა შერჩეული, ბოლოს ავარჩიე, თუმცა ვთვლი, რომ მაინც არ ესადაგებოდა ჩემს ფილმს, კოენის მუსიკა კი ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა. ფილმი ქუჩაზე, ნარკოტიკზეა, თითქოს ამ ფილმს თავისი ჟღერადობა აქვს, ქუჩის ხმის, მაგრამ, როდესაც კოენს ვუსმენ, როდესაც ფილმის გმირი გამოდის ციხიდან, ხვდება მეორეს და თავით ანიშნებს, გამომყევიო, თითქოს აქ იწყება ახალი ცხოვრება. აი, ზუსტად ამ მომენტში მესმის კოენის მუსიკა. მინდოდა შემეცვალა და აქ ჩამესვა, მაგრამ ეს ძალიან დიდ ფულთან იყო დაკავშირებული, ფილმის მთელ ბიუჯეტს აღემატებოდა. მე ისევ მინდა და ვფიქრობ, რომ ეს მომენტი ფილმად გადავაკეთო.
- თქვენს ფოტოშემოქმედებაზე რას იტყვით?
- სულ მქონდა ფიქრად, რომ ჩემი ფოტოებისგან ფილმი გამოვიდოდა. როგორც გითხარით, ხშირად ვაკეთებდი ჩანაწერებს, როგორ გადავიღებდი ფილმს ფოტოებზე დაყრდნობით, მაგრამ როდესაც სტუდია გავხსენი, საქმემ ჩამითრია და ამაზე ფიქრის დრო აღარ მქონდა. სტუდიის გახსნიდან ერთ წელიწადში ზარი გაისმა, ჟურნალ "ვოგიდან" მირეკავდნენ. მოკლედ, კარიერის დასაწყისში ორ არაჩვეულებრივ ადამიანთან მომიხდა მუშაობა, რომლებმაც ბევრი რამ მასწავლეს - ალექს ბროდოვიჩთან და ალექსანდრ ლიბერმანთან.
- ფოტოგრაფიაზე საუბარი მინდა დავასრულოთ ამ კითხვით და შემდეგ კინოთი გავაგრძელოთ - ვის ეკუთვნის ფოტო - ავტორს, გმირს თუ მაყურებელს?
- როდესაც მომწონს ჩემი გადაღებული ფოტო, იდეა, რა თქმა უნდა, ჩემია. თუ სხვა მთხოვს, რომ ასე გადავიღო, მაშინ ეს ჩემი არ არის. საბოლოოდ კი მაინც ავტორს ეკუთვნის. მე მეკუთვნის ბოლო სიტყვა - ეს არის ფოტოგრაფის ქმნილება.
(გაგრძელება იქნება)