საფრთხე - რატომ სუქდებიან ბავშვები - კვირის პალიტრა

საფრთხე - რატომ სუქდებიან ბავშვები

სიმსუქნე და მათ შორის ბავშვთა სიმსუქნე კაცობრიობის უდიდესი პრობლემა გახდა, თუმცა საქართველოში არასოდეს ყოფილა ისეთი შემაშფოთებელი მონაცემები, როგორიც დღეს არის. ამ დღეებში გამოქვეყნდა ჯანმოს მონაცემები, რომლის თანახმად, საქართველოს ბავშვთა 28%-ს­ ჭარბი წონა აქვს. პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს სიმსუქნისათვის შექმნილი პირობები: უმოძრაობა, არ არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ბავშვთა უმეტესობისათვის მიუწვდომელია საცურაო აუზების თუ სპორტულ მოედნებზე ვარჯიშის საფასური, რასაც ასევე ემატება ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტების დეფიციტი. სიმსუქნის, როგორც ერთ-ერთი მძიმე პათოლოგიის გავრცელება არაერთ ბავშვეს ემუქრება ისეთი დაავადებების შესაძლო განვითარებით, როგორიცაა, მაგალითად, დიაბეტი, რის შესახებ საუბარი იაშვილის ბავშვთა კლინიკის ენდოკრინოლოგ ქალბატონ ნინო ხელაძეს ვთხოვეთ:

- ქალბატონო ნინო, თითქოს წარმოუდგენელია, რომ საქართველოში, სადაც ბავშვს სოფლად და ქალაქშიც ეზოში ჩასვლა და თამაში შეუძლია, ამდენად მოიმატა სიმსუქნის სტატისტიკამ?

- სამწუხაროდ, ასეა. სიმსუქნის გამო როგორც უმცროსი ასაკის ბავშვების, ასევე მოზარდების მიმართვიანობა გაორმაგდა. გახშირდა სიმსუქნესთან დაკავშირებული ჩივილებიც: სუნთქვის დარღვევა, კიდურების ტკივილი, დაღლა, ციკლის დარღვევა და ასე შემდეგ.

სიმსუქნის გამო ბავშვებში ისეთმა დაავადებებმა იმატა, რომლებიც წინა წლებში იშვიათი იყო. მაგალითად, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი ან ციკლის დარღვევები...

დასანანია, რომ მშობლები ვერ გვიჭერენ მხარს და ამიტომაც ექიმების ძალისხმევა ნაყოფს ვერ მოიტანს. ამას დავუმატოთ ისიც, რომ არა გვაქვს ეროვნული პოლიტიკა ამ პათოლოგიის აღსაკვეთად, რამაც ჩვენი დრამატული მონაცემები შესაძლოა უფრო გააუარესოს.

ამ დღეებში სწორედ სიმსუქნის პათოლოგიით მყავდა 10 წლის პაციენტი რეგიონიდან და როდესაც ბავშვს ვკითხე, დღეს რა ჭამე-მეთქი. მიპასუხა, ღორის ქონში შემწვარი 8 კვერცხიო. ეს მენიუ, რა თქმა უნდა, ბიძგია კიდევ მეტი დაავადებისკენ. შვილის ადრეულ ასაკში მშობლებს იმის იმედიც აქვთ, რომ ბავშვი "გაიზრდება და გახდება", მაგრამ არ არის ასე. მომავალში პლანშეტები, ტელეფონები… და მათზე ბავშვის მიჯაჭვულობა სიმსუქნეს არათუ აჩერებს, არამედ ზრდის.

- ჯამებით რომ შვილებს დასდევენ, გინდა თუ არა ბოლომდე დაცალეო, ეს სხვა უკიდურესობაა. მშობელი ვერც აცნობიერებს, ბავშვს რამხელა ზიანს აყენებს.

- ამ დროს მშობელი გიპასუხებთ, რა ვქნა, ბავშვი უჭმელიაო. სინამდვილეში ბავშვი უჭმელი კი არ არის, ის ჭამს იმდენს, რამდენიც დაანაყრებს, მშობელი კი იძულებითი კვებით მხოლოდ აზიანებს შვილის ჯანმრთელობას.

- ქალბატონო ნინო, სიმსუქნის ერთ-ერთი მიზეზი ბავშვის მიერ ეკრანთან ჭამაა. თუ გქონიათ შემთხვევა, რომ ბავშვს დაუჯერებია თქვენთვის და გადასჩვევია ამ მავნე ჩვევას?

- ნაკლებად, თუმცა ბავშვები უკვე ნელ-ნელა თავად აპროტესტებენ სიმსუქნეს და არაერთი თავისი სურვილით მოდის კონსულტაციისთვის. ასეთი ბავშვების მონდომება, რა თქმა უნდა, უმეტესად შედეგიანია.

- სპორტული აქტივობაც ძალიან უწყობს ხელს სიმსუქნესთან ბრძოლას. თქვენი პაციენტები სპორტზე დადიან თუ მატერიალური სიდუხჭირე უშლით ხელს?

- საქართველოში სიმსუქნის კვლევის ოფიციალურ სტატისტიკას გეტყვით: ჯანმომ ჩაატარა კვლევა საქართველოში და გაირკვა, რომ 6-9 წლის ბავშვების 43% კვირაში 0 საათს ატარებს სპორტულ დარბაზებში. სავარაუდოდ, დიდი ნაწილი არც სათამაშოდ გადის გარეთ და პლანშეტებსა და კომპიუტერებს უზის.

- შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მშობლებს ეკისრებათ?

- რასაკვირველია. ცოტა მეგულება ისეთი მშობელი, რომელიც შვილს გამუდმებით აკვირდება, ამჩნევს მასში ცვლილებებს და იბრძვის, რომ ნეგატიური ცვლილებები აღკვეთოს. მარტივ მაგალითს მოვიყვან - ცნობილია, რომ გამაგრილებელი სასმელებიც უწყობს ხელს სიმსუქნის გავრცელებას. ირკვევა, რომ ჩვენი ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა კვირაში სამჯერ მაინც სვამს გამაგრილებელ სასმელს და მგონი, მეტჯერადაც

- გამოსავალი რა არის?

- უფრო მეტად ეროვნული პოლიტიკა, რომელმაც ხალხი უნდა დარაზმოს სიმსუქნის, როგორც ეპიდემიის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ჯანმომ მოუწოდა ევროპას, სასწრაფო და ქმედითი ღონისძიებები შეიმუშაოს. ბავშვები კი რაც შეიძლება ხშირად უნდა გავიყვანოთ სუფთა ჰაერზე, ვასეირნოთ, რაც აუცილებლად შეუწყობს ხელს სიმსუქნის პრევენციას. ჰაერზე სეირნობა მაინც ხომ უფასოა?!