"არ გამოვრიცხავ ხაბეიშვილის გვარამიათი ჩანაცვლებას" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ ხაბეიშვილის გვარამიათი ჩანაცვლებას"

ციხიდან გამოსულმა პირველი განცხადება, რაც გააკეთა, ის იყო, რომ ჟურნალისტიკაში აღარ იაქტიურებს, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. თუმცა ამაზე კონკრეტულად ჯერ არაფერი უთქვამს. თუკი ნიკა გვარამია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რა გავლენა ექნება უშუალოდ "ნაცმოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე, საზოგადოდ, ოპოზიციაზე და როგორ შეცვლის ქართულ პოლიტიკურ რეალობას, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

- ვფიქრობ, ახლა უფრო "ნაცმოძრაობისა" და იმ პარტიების პრობლემა დგას და არა მთლიანად ოპოზიციის, ვინც "ნაცმოძრაობასთან" კოალიციის შექმნის მომხრე იყო. თაკო ჩარკვიანსა და გიორგი­ ვაშაძეს ვგულისხმობ. აი, ამ ნაწილზე შესაძლოა ამ ფაქტმა იქონიოს გავლენა. ნიკა გვარამიამ თქვა, ჟურნალისტობას თავს ვანებებო, პრეზიდენტსაც ბოდიში მოუხადა და უთხრა, შეცდომა გამოასწორე და სააკაშვილი გაათავისუფლეო. სწორედ ეს მიუთითებს, რომ პოლიტიკაში მიდის, თან სააკაშვილთან ერთად.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხაბეიშვილის გალიდერებამ "ნაცმოძრაობაში" დისონანსი გამოიწვია, პარტია ძველმა კადრებმა დატოვეს, და ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ხაბეიშვილმა დანაპირები ვერ შეასრულა, არ გამოვრიცხავ, ხაბეიშვილის გვარამიათი ჩანაცვლებას. მით უმეტეს, რომ გვარამია გამოცდილი და სანდო კაცია. მას ენდობიან სააკაშვილიც და მერაბიშვილ-ადეიშვილ-კეზერაშვილიც - ანუ, გვარამიას გათავისუფლებით შეიძლება პრობლემა შეექმნეთ ხაბეიშვილსა და მის პატარა გუნდს. რომ გითხრათ, პოლიტიკურ პროცესებზე გვარამია სხვა დიდ გავლენას მოახდენს-მეთქი, ძალიან მეეჭვება. ძალიან დიდი წარმატება იქნება მისთვის, თუ დავუშვათ, დეკანოიძე, გოცირიძე და სხვები დაბრუნდებიან "ნაცმოძრაობაში". ამაზე მეტი პერსპექტივა გვარამიას გალიდერებას "ნაცმოძრაობაში" არა აქვს.

ოპოზიციას რაც შეეხება, მასში ბევრი რამ არ შეიცვლება, რადგან ოპოზიციური­ ელექტორატი აქტიურად არის ჩამოყალიბებული - სამად არის გაყოფილი და დიდი გადაჯგუფებები, ვფიქრობ, ამ ვითარებაში გამორიცხულია. თუმცა არ ვიცით, "ქართული ოცნება" რას გააკეთებს, როგორ მოიქცევა. ამ მოცემულობის რადიკალურად შეცვლა მხოლოდ მას შეუძლია. სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ძვრების გამოწვევას შეძლებს, არ არსებობს.

- გვარამიას ურთიერთობა კეზერაშვილ-მერაბიშვილთან რამდენად არის შესაძლებელი­ იმ თამაშის წესებით, რაც დღეს გვაქვს ხაბეი­შვილის შემთხვევაში? თუ ამის შეცვლას მოინდომებს, მათი ურთიერთობა შესაძლებელი იქნება?

- გვარამია მშვენივრად თანამშრომლობდა მათთან და მათთვისაც მისაღებია გვარამია. გვარამია ერთ-ერთი შემოქმედია იმ რეპრესიული სისტემისა, რომელიც სააკაშვილმა ჩამოაყალიბა. გამოცდილი კადრია და ამიტომ ენდობიან სააკაშვილიც და ის ტრიოც.

- წარსული გასაგებია, მაგრამ მას შემდეგ რაღაცები შეიცვალა და გვარამიას, წესით, ახლა სხვა ამბიციები უნდა ჰქონდეს. მისთვის მისაღები იქნება კეზერაშვილ-მერაბიშვილის ჭკუაზე სიარული?

- გვარამია "ნაცმოძრაობის" პირველი პირი იქნება და თუ რამე წარმატება ექნებათ, ის შესაბამის თანამდებობებსაც მიიღებს. ეს ცოტაა?

- ბოლო პერიოდში სააკაშვილის გააქტიურებამ გააჩინა ეჭვი, რომ მას არ მოეწონა პარტიაში კეზერაშვილ-მერაბიშვილის გაძლიერება და სწორედ ამისკენ იყო მიმართული მისი განცხადებაც. თუკი ჩავთვლით, რომ ასეა და გვარამია, როგორც თქვენც თქვით, სააკაშვილთან ერთად მოდის, შეძლებს­ კეზარაშვილი-მერაბიშვილის გავლენის შესუსტებას მაინც?

- ხომ გითხარით, გვარამია ძველი, გამოცდილი კადრია. მას ენდობიან. დღეს თუ არსებობს ეჭვი, რომ მათ შორის რაღაც უთანხმოებაა, გვარამიაზე უკეთეს ფიგურას ვერც ერთი მოძებნის და ვერც მეორე. თავად გვარამია რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ეცდება ბალანსი შეინარჩუნოს. "ნაცმოძრაობაში" გვარამიას გალიდერება სააკაშვილს ციხიდან ვერ დაიხსნის, ვერც ვერავინ დაიხსნის, "ქართულ ოცნებას" თუ არ მოუნდება. ამ შემთხვევაში კი სააკაშვილს რა შეუძლია, რა მექანიზმები­ აქვს? არაფერი. არ ვიცი, ვისთან აქვს სააკაშვილს დაპირისპირება, ვისზე ეჭვიანობს და ა.შ., მაგრამ გვარამიაზე კომპრომისული ფიგურა "ნაცმოძრაობას" არა ჰყავს.ამასთან, თუ ეს დაპირისპირებაა, გვარამიას რატომ არ უნდა აწყობდეს, რომ რეგულატორი იყოს? სააკაშვილი ვერ მიიღებს მონაწილეობას პარტიაში პროცესების მართვაში ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, უპირველესად კი იმის გამო, რომ ციხეშია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, ვინ შეადგენს საპარლამენტო არჩევნებისთვის სიას. სააკაშვილმა რაც არ უნდა იაქტიუროს და აქვეყნოს "ფეისბუკზე" განცხადებები, ამ ფარგლებს ვერ გასცდება. თუ არ დასჭირდება­ "ქართულ ოცნებას"­ და არჩევნების წინაპერიოდშიც სააკაშვილი ციხეში იქნება, მაშინ ის სიის შედგენაში ძალიან უმნიშვნელო მონაწილეობას მიიღებს. ამ შემთხვევაში მაინც ეს ტრიო და პლუს გვარამია იქნებიან განმსაზღვრელი იმისა, თუ სიაში ვინ იქნება. სანამ გვარამია გათავისუფლდებოდა, მელიას შანსი ჰქონდა ამ შემოდგომაზე ჩატარებულიყო პარტიაში არჩევნები და ისევ დაებრუნებინა ლიდერის პოზიცია, მაგრამ ახალი რეალობიდან გამომდინარე მისი კონკურენტი გვარამია იქნება და არა ხაბეიშვილი.

- გვარამიას აქვს იმის შანსი, რომ სააკაშვილი ჩააჩოჩოს პარტიაში?

- ვინც შეადგენს სიას, პარტიის რეალური მმართველიც ის იქნება. თუ გვარამია შეადგენს, ის ჩაწერს იმ ხალხს, ვინც მას დაუჭერს მხარს, და არა სააკაშვილს. ამით დამთავრდება სააკაშვილი.მეეჭვება, "ნაცმოძრაობამ" ისე გაიმარჯვოს, რომ უმრავლესობით მოვიდეს, მაგრამ ფრაქცია ნამდვილად ეყოლება და თუ კოალიციური მთავრობის შექმნაზე მიდგება საქმე, ჩათვალეთ, რომ სააკაშვილი კოალიციური მთავრობის პრემიერი ვერ იქნება. თუ დავუშვებთ იმას, რომ "ნაცმოძრაობა" უმრავლესობით მოვიდა, მაშინ პრემიერი გახდება ის, ვინც დააკომპლექტებს სიას. ძალიან მარტივი რაღაცებია და ამ შემთხვევაში გადატრიალებისა და კულუარული თამაშების ადგილი არ რჩება. სიას რომ ვნახავთ, ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი.

- თუ გვარამია გახდა "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, თქვით, რომ ოპოზიციისთვის არაფერს შეცვლის, მაგრამ "ქართული ოცნე­ბისთვის" იცვლება რამე, ურთულებს რამენაირად მდგომარეობას?

- არანაირად. "ნაცმოძრაობას" ელექტორალური ზრდის რესურსი არა აქვს. "ქართულმა ოცნებამ" სასწაული უნდა მოახდინოს, რომ ის შუა ფრთა, რომელსაც არც ერთი არ მოსწონს, სწორედ "ნაცმოძრაობისკენ" გადაიხაროს - ანუ, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში მოყვანა დღეს მხოლოდ "ქართულ ოცნებას" შეუძლია.

რუსა მაჩაიძე