"პრიგოჟინი მიხვდა, რომ ავანტიურა ჩაუვარდა და ამიტომ დაიხია უკან" - კვირის პალიტრა

"პრიგოჟინი მიხვდა, რომ ავანტიურა ჩაუვარდა და ამიტომ დაიხია უკან"

"ატამანს ნუ აუჯანყდები, ევგენი", - ალბათ ასეთი იყო ლუკაშენკოს არგუმენტები პრიგოჟინთან საუბრისას­ მას შემდეგ,­ რაც პუტინმა თავის განცხადებაში­ მხარი აშკარად შოიგუს დაუჭირა და პრიგოჟინმაც­ უკან დაიხია. არადა, მოსკოვამდე 200 კილომეტრამდეღა ჰქონდა დარჩენილი - როსტოვიდან მოსკოვამდე მარშირებაზე სწრაფი ტემპით ჩავიდა. როგორც ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს, "ვაგნერის" სწრაფმა წინსვლამ მოსკოვისკენ გამოავლინა რუსეთის უშიშროების ძალების სისუსტე და აჩვენა პუტინის უუნარობა, დროულად მოეგერიებინა შიდა საფრთხეები. ეს ყველაფერი კი შეფასდა, როგორც "დარტყმა რუსულ პრესტიჟზე". პრესტიჟი კი, როგორც აღიარებულია, რუსებისთვის მთავარია. როგორ განვითარდება მოვლენები პუტინის პრესტიჟისთვის ამ დარტყმის მიყენების შემდეგ როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ:

- რა თქმა უნდა, კონკურენცია იყო "ვაგნერსა" და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, ანუ პრიგოჟინსა და შოიგუს შორის. პრიგოჟინი ცდილობდა პუტინის ყურადღების მიპყრობას, რომ შოიგუ უსაქმური და კორუმპირებულია, თვითონ კი ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა. არ არის გამორიცხული, მართლა იყო მცდელობა, "ვაგნერი" შეიარაღებული ძალებისთვის მიეერთებინათ, რაც მას არ მოსწონდა.­ გარდა ამისა, მართლა დაიღალნენ იმ კორუფციით, რაც რუსეთში და განსაკუთრებით ამ ომის დროს სამხედრო წრეებში პირდაპირ ყვავის და პრიგოჟინიც წავიდა ამ ავანტიურაზე. როგორც ჩანს, იმედი­ ჰქონდა, რომ მის მხარეს გადავიდოდა­ ჯარი. დიდი ალბათობით, ჯარი მის მხარეზე არ გადავიდოდა და ასეც მოხდა. და მეორე - როცა პუტინმა შოიგუს დაუჭირა მხარი, პრიგოჟინი­ უთუოდ მიხვდა, რომ ეს მისი წაგებითა და გასრესით დამთავრდებოდა. "ვაგნერელები", ალბათ, ინდივიდუალურად შევლენ შეიარაღებულ ძალებში და მათ ამის უფლება მისცეს კიდეც, პრიგოჟინი კი, ალბათ, ბელარუსში იცხოვრებს, იქ ეცდება რაღაცის გაკეთებას ან გაიპარება სადმე. ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ ამით რუსეთის პრესტიჟი სერიოზულად შეილახა.

- პრიგოჟინი რაღაც ძალიან სწრაფად გაანეიტრალეს, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის, როგორც ბრძანეთ, რუსეთისა და თავად პუტინის პრესტიჟი ძალიან შეილახა...

- დიახ, დაქირავებულები მოსკოვისკენ დაიძრნენ და როგორც არ უნდა დასრულებულიყო, იმ ქვეყნისთვის, რომელსაც­ მსოფლიოს მეორე სამხედრო ძალაზე აქვს პრეტენზია, ეს დიდი დარტყმაა. ის, რომ პუტინმა მოახერხა ქვეყანაში ქაოსის თავიდან აცილება, რაღაც ბერკეტებს აძლევს, მაგრამ პრიგოჟინმა ძალზე სახიფათო პრეცედენტი შექმნა და ეს უკვალოდ არ ჩაივლის. ახლა როგორმე უნდა მიჩქმალონ პრესტიჟზე დარტყმა, მაგრამ ამისთვის რას გააკეთებენ, ძნელად სათქმელია, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც უკრაინაც მაგრად შეუტევს,­ რადგან მას ასეთი შანსი არ მისცემია... თუ უკრაინელებმა გაარღვიეს ფრონტის ხაზი, ესეც უდიდესი დარტყმა იქნება რუსეთისთვის... ჯარის დემორალიზაცია იოლად არ გაქრება, "ვაგნერიც" ჯერჯერობით გასულია უკრაინის ფრონტიდან, რაც, ცხადია, მნიშვნელოვნად ამცირებს ფრონტზე რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს. ამიტომაც ახლა უკრაინას ყველაზე კარგი შანსი აქვს.

- პრიგოჟინის ავანტიურას შეიძლება მართლა მოჰყვეს სახელმწიფო გადატრიალების ახალი ცდები თუნდაც რაღაც პერიოდის შემდეგ და ვინ შეიძლება ახალი "პრიგოჟინი" გახდეს?

- ასე მარტივად ვერავინ გახდება "პრიგოჟინი". მას თავისი შეიარაღებული ფორმირება ჰყავდა, ძალიან დიდი და საშიში, სხვებს კი არა ჰყავთ. გარდა ამისა, რუსეთში ქაოსი არავის აწყობს, და მით უმეტეს, კორუმპირებულ ელიტას, რომელიც კარგად ცხოვრობს. თუ გამოჩნდა ვარიანტი, რომ ქაოსის გარეშე მოიშორებენ­ პუტინს, უარს არ იქნებიან, მაგრამ ამის ნიშნები­ ჯერ არ ჩანს. დარწმუნებული ვარ, რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ძალიან ბევრი იქნება ისეთი, ვინც ფიქრობს­ დასავლეთთან გარიგებას - პუტინს მოვაშორებთ, სანქციები­ მოგვიხსენით და ცხადია, უკრაინიდანაც გავალთო, მაგრამ რამდენად რეალურია პუტინის უმტკივნეულოდ მოშორება, ესაა პრობლემა...

პრიგოჟინმა კი თქვა, დისლოკაციას იმიტომ ვუბრუნდებით, რუსების სისხლი არ დაიღვაროსო, სინამდვილეში ეს იყო თავის გამართლებისთვის რაღაცის მომიზეზება, თორემ რუსების სისხლი დაიღვარა, ამ ამბავს რამდენიმე კაცი შეეწირა. პრიგოჟინი მიხვდა, რომ ავანტიურა ჩაუვარდა და ამიტომ დაიხია უკან და არა იმიტომ, რუსების სისხლი არ დაიღვაროსო. პუტინს ორი ვარიანტი ჰქონდა: ან წასულიყო პრიგოჟინთან კონფრონტაციაზე და, ალბათ, დაამარცხებდა, მაგრამ, რასაკვირველია, კატასტროფის ფასად, ან კომპრომისული ვარიანტი აერჩია.

- პუტინის იმიჯზე ეს ფაქტი გავლენას მოახდენდა?

- რა თქმა უნდა, თანაც ძალიან მძიმეს.­ ამის მერე ბევრს მიეცემა გული. პუტინის მოწინააღმდეგეებს მხოლოდ შიში აჩერებდა. ამის თქმა შეიძლება ნაადრევია, მაგრამ პუტინის მოწინააღმდეგეებში უკვე გაჩნდებოდა შიშის განელების განცდა.

- ის, რომ პუტინმა მხარი დაუჭირა შოიგუს, ნიშნავს თუ არა სამხედროების გაძლიერებას? ის პრეტენზიები, რაც სამხედროებთან არსებობდა, ხომ რეალური იყო და ამას როგორ შეცვლის?

- ვფიქრობ, ჯარში მალე საფუძვლიანი­ წმენდა დაიწყება, რათა მსგავსი არ დაუშვან, ანუ გადატრიალების პრევენციას ეცდებიან.

- შეიძლება შოიგუც შეცვალონ?

- ჯერ არა მგონია, უფრო ქვედა დონეებს გამოხშირავენ. რუსეთი უკრაინასთან ომობს და პლუს ამ ინციდენტის გამო ჯერ შოიგუს მოხსნა არასერიოზული იქნება.

- ამ დღეებში ლუკაშენკოს წონა გაიზარდა და ეს თუ შეცვლის რამეს?

- პუტინი ლუკაშენკოსთან ვალში­ კი არის, მაგრამ ეს ბევრს არაფერს შეცვლის. ლუკაშენკოც იყო პუტინთან ვალში­, მიტინგების დროს სწორედ პუტინმა გადაარჩინა და ახლა სამაგიერო გადაუხადა, ესაა და ეს.

- საერთაშორისო ასპარეზზე პრიგოჟინის ავანტიურამ პუტინის შანსები როგორ შეცვალა, რა მოუტანა დასავლეთს ამ ყველაფერმა?

- პუტინისთვის კარგი არაფერი, რადგან­ რუსეთი უფრო დასუსტდა საერთა­შორისო არენაზე. რაც შეეხება დასავლეთს, მგონი, ჯერ თვითონაც არ იციან, ამან რა ხეირი მოუტანა. ისე მალე განვითარდა მოვლენები, რომ შოკია­ ყველასთვის. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, ის არის, რომ რუსეთის იმიჯი დასუსტდა და ეს შანსია უკრაინისთვის, რომ ფრონტი გაარღვიოს.

რუსა მაჩაიძე