„პრიგოჟინმა შუბლზე დაისვა სამიზნე“ - კვირის პალიტრა

„პრიგოჟინმა შუბლზე დაისვა სამიზნე“

რამდენიმე თვის წინ სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარი აფეთქება, რასაც ცნობილი ძ-ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი შეეწირა, ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა (Iშჭ) პრიგოჟინს დაუკავშირა იმის გამო, რომ ეს კაფე სწორედ "ვაგნერის" ხელმძღვანელს ეკუთვნოდა - ჩათვალეს, რომ ამით პრიგოჟინის დაშინება სცადეს, რომ გაზრდილი პოლიტიკური ამბიციები დაეოკებინა. პრიგოჟინის ბიოგრაფიული დეტალებით მედია სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაინტერესდა. "ნოვაია გაზეტა ევროპამ" დეტალურად შეისწავლა "ვაგნერის" ხელმძღვანელის ბიოგრაფია, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ მას კრიმინალური წარსული აქვს (1981 წელს მაშინდელი ლენინგრადის სასამართლომ მას 13 წელი მიუსაჯა ბინების გაქურდვისა და ყაჩაღობისთვის), რაც სახელმწიფო სტრუქტურებში ფეხის მოკიდებაში უშლიდა ხელს. 1990-იანი წლებიდან ის ძალიან ცდილობდა რუსეთის მაღალი თანამდებობის პირთა წრეში შეღწევას და მოახერხა კიდეც. ომმა ყველაფერი შეცვალა - პრიგოჟინი ჩრდილიდან გამოიყვანა, კრიმინალური წარსული უკვე მის უპირატესობად იქცა, რადგან ციხეებში კრიმინალებს მათივე ენაზე დაელაპარაკა და უკრაინის ომში მონაწილეობაზე დაითანხმა. საინტერესოა, რომ ის პუტინის გარემოცვასა და პოლიტიკურ ელიტაში სარესტორნო ბიზნესის მეშვეობით გამოჩნდა - 2000-იანი წლების დამდეგს პუტინი მის რესტორანში­ მასპინძლობდა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, საფრანგეთისა და იაპონიის პირველ პირებს. ის საკვები პროდუქტებით ამარაგებდა რუსეთის განათლებისა და სამხედრო სისტემებს, რაშიც, როგორც წერენ, დიდი ფული იშოვა. 2010 წლიდან ის სათავეში უდგება "ტროლების ქარხანას", რომლის მეშვეობითაც აშკარად ერევა სხვა ქვეყნების არჩევნებშიც კი. 2018 წელს პროკურორმა რობერტ მიულერმა ბრალი წაუყენა ევგენი პრიგოჟინს და რუსეთის 12 სხვა მოქალაქეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო. ამის პარალელურად ქმნის მედიასაშუალებებს, რომელთა მეშვეობით ვრცელდება დეზინფორმაცია, ეს კი ნიშნავს, რომ ის პუტინის პოლიტიკის პროპაგანდისტი და შემსრულებელია. თავიდან პრიგოჟინი ამ საკითხებთან კავშირს უარყოფდა, მაგრამ 2023 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ ეს მისი იდეა იყო. ასევე უარყოფდა "ვაგნერთან" კავშირსაც, რომლის იდეა იმ პერიოდიდან მუშავდებოდა, რაც მან "ტროლების ქარხანა" შექმნა, და 2013 წელს ჯერ აფრიკაში­ გამოჩნდა, სადაც ასევე დიდი ფული იშოვა,­ შემდეგ კი, 2014 წელს, უკრაინაში. პრიგოჟინმა "ვაგნერთან" კავშ­ირი ოფიციალურად უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში დაადასტურა და "ვაგნერიც" ჩაიყვანა საბრძოლველად... შარშან "ვაგნერს" ომში გარდამტეხის შემტანად მიიჩნევდნენ, თავად პრიგოჟინს კი - თითქმის რუსეთის მეორე პირად. თუმცა უკრაინაში გაჭიანურებული ომის შედეგად ცხადი შეიქნა "ვაგნერის" პრობლემებიც და კონფლიქტი თავდაცვის სამინისტროსთან, რამაც აშკარა გახადა, რომ პრიგოჟინს, "დიდი დამსახურების" მიუხედავად, დღესაც არა აქვს ადგილი პუტინის ელიტაში. ომმა პრიგოჟინი შესამჩნევ პოლიტიკურ მოთამაშედ აქცია და მიუხედავად იმისა, არ აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებს, ითვლებოდა, რომ მას გარკვეული ამბიციები ჰქონდა... "ნოვაია გაზეტა" წერდა, რომ ომის პერიოდში ის თითქმის მთელ პოლიტიკურ ელიტას წაეჩხუბა. რა იყო პრიგოჟინის რამდენიმესაათიანი ამბოხის მიზანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გიორგი­ კობერიძეს ვესაუბრეთ.

- რუსეთის შიდაკლანურ სისტემაში დიდი ხანია დაპირისპირებაა და კულმინაც­იური მომენტი სწორედ 23-24 ივნისს იყო. წინა თვეებში იყო ერთმანეთზე გადაბრალებები, მუქარები. ეს ხდებოდა ბახმუტში, უგლედარში. პრიგოჟინმა­ შოიგუს წინააღმდეგ კამპანია ბახმუტის აღებამდე დაიწყო და უგლედარის ოპერაციის ჩავარდნაც მას დააბრალა. უგლედარის ოპერაცია იანვარში დაიწყო და ადამიანური თუ საბრძოლო ტექნიკის დაახლოებით ისეთივე დანაკარგი განიცადა რუსეთმა, როგორიც მარიუპოლში და შეიძლება მეტიც. ერთი ვერსიით, მართლაც მზადდებოდა პრიგოჟინის მოკვლის გეგმა და მან დაასწრო. არ არის გამორიცხული, საფრთხე იგრძნო, არც ის არის გამორიცხული, მისი ამბიციების გამო მოხდა. შესაძლოა ამ ორი ფაქტორის კვეთაც იყო.

- ასე სწრაფად რატომ დაიხია­ უკან?

- შეიძლება ელოდა, რომ სამხედრო ძალები მის მხარეს სწრაფად გადავიდოდნენ. ამას ამყარებს ამ ორი დღის განმავლობაში მისი მესიჯები, რომ სამხედროები უერთდებოდნენ. არც ის არის გამორიცხული, თუკი მოსკოვში შევიდოდა, მიხვდა, თავდაცვის ძალებთან დაპირისპირებას ვერ გაუმკლავდებოდა და ამის შეეშინდა. სიმართლე გითხრათ, ამისიც ნაკლებად მჯერა და ახსნაც მაქვს, რატომ - "ვაგნერის" სამხედრო მეთაურს დმიტრი უტკინს სამხედრო გამოცდილება პრაქტიკაში აქვს მიღებული, თეორიული ცოდნა არა აქვს, მინიჭებული აქვს რუსეთის გმირის წოდება­ და იდეოლოგიურად პირწავარდნილი ნაცისტია. რაც მთავარია, მას ჰყავს ფანატიკოსი მომხრეები, რომლებიც სიკვდილზე წასასვლელად მზად არიან. ამიტომ უცნაურად მეჩვენება, რომ უტკინი პრიგოჟინმა იმით შეაჩერა, მხარდაჭერა არა გვაქვსო.

- ამბობენ, პრიგოჟინს პოლიტიკური ამბიციები ჰქონდა და ყველაფერი ხელისუფლებაში მოსვლისთვის დაიწყო. თუ რეალურად ეს შოიგუს წინააღმდეგ იყო მიმართული?

- ეს ორი აზრი ერთმანეთს არ გამორიცხავს. ერთი მხრივ, შეიძლება მართლა შეშინებული იყო და იქით მიაყენა პრევენციული დარტყმა. თუმცა მას რომ ამბიცია ნამდვილად ჰქონდა, იმითაც ჩანს, რომ წლების განმავლობაში არ ჩანდა და საკუთარ თავს არ აპიარებდა. ეს ძალიან საინტერესო ამბავია - დიდხანს ჩრდილში­ იდგა და დაახლოებით სექტემბრიდან დაიწყო აქტიურობა - ციხეებში ატარებდა გასაუბრებებს და ამას აშუქებდა მედია, თავს წარმოაჩენდა მაგარ კაცად... რუსეთში მოსწონთ ე.წ. მუჟიკური კულტურა. შემდეგ დაიწყო ობიექტურობის თამაში და შეფასებების გაკეთება, ამის მერე იყო უკვე ლანძღვა-გინება, მუქარა და ეს ყველაფერი სულ რამდენიმე თვეში გააკეთა კაცმა, რომელიც წლების განმავლობაში კულისებში იყო. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრიგოჟინმა მართლაც სცადა ძალაუფლების­ აღება, მაგრამ რატომ და ვერ შეასხა ხორცი ჩანაფიქრს, ამის ზუსტი პასუხი არა მაქვს. ფაქტია, ამ ყველაფრით უაღრესად დაზარალდა რუსეთის ხელისუფლება. პრიგოჟინმა კი შუბლზე დაისვა სამიზნე და იქნება ასე, სანამ ან ხელისულებაში არ მოვა, ან არ მოკლავენ. არის ვერსიაც, რომ პრიგოჟინი ხელის ბიჭია და რუსეთის ძალოვანი ან ოლიგარქიული კლანიდან ვიღაცის მითითებებს ასრულებდა, რათა საბოლოოდ ის პირი გაექაჩათ.

- ვინ შეიძლება იყოს ეს პირი? - ძნელი სათქმელია, რადგან პუტინის გარემოცვიდან ვისაც ვიცნობთ, არა მგონია, დიდად სასურველ და ალტერნატიულ ფიგურად განიხილებოდეს. ამ ამბოხის შედეგი ერთია - პუტინის, ისევე, როგორც სამხედრო ძალების რეპუტაცია, ძალიან დაკნინდა. ეს იყო პუტინის წინააღმდეგ აჯანყება. ამ ამბოხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორი უმწიფარია რუსეთის არმია, როცა რუსეთისავე ტერიტორიაზე იბრძვის. მთლიანობაში კი ამ ამბავში ჯერ ძალიან ბევრი რამ არ გამოკვეთილა, ყველაფერი წინ გვაქვს.

რუსა მაჩაიძე