პრიგოჟინის "ვაგნერის" ერთდღიანმა სამხედრო ამბოხმა რუსეთი სამოქალაქო ომის პირას დააყენა..
მოხდა ის, საითაც ყველაფერი მიდიოდა - კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პრიგოჟინი სახალხოდ უშვერად თათხავდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუსა თუ გენშტაბის უფროს გერასიმოვს და ბრალად სდებდა უკრაინის ფრონტზე რუსი მებრძოლების საზარბაზნე ხორცად გამოყენებას და ერთ დღესაც ინტერნეტმუქარა შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა - პრიგოჟინის "ვაგნერმა" როსტოვისკენ გაილაშქრა, რადგან მას "ვაგნერის" ზურგის ბაზა დაუბომბეს.
... დაუბომბეს არა უკრაინელებმა, არამედ რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს ბრძანებით თავად რუსეთის არმიის დანაყოფებმა - ყოველ შემთხვევაში, ასეთი სენსაციური განცხადება გააკეთა თავად პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს და შოიგუს "მოსაძებნად" თავისი მებრძოლები როსტოვისკენ დაძრა.
ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან აღმოსავლეთით, როსტოვისკენ 60 კმ-იან მარშ-გადასროლისას "ვაგნერის" ჯავშანკოლონა რუსეთის ავიაციამ დაბომბა, პრიგოჟინმა კი თავი ექვსი რუსული შვეულმფრენისა და ერთი ოთხძრავიანი თვითმფრინავის ჩამოგდებით ისახელა...
24 ივნისის დილას პრიგოჟინის "ვაგნერი" დონის როსტოვში უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტზე - რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის განსაკუთრებულად დაცულ შტაბში ბრძოლის გარეშე შეიჭრა, დაბანაკდა და შოიგუ-გერასიმოვის "მიგვრა" ბრძანა... Aაქ შეგვიძლია ისტორიული რაკურსი გავავლოთ:…1917 წლის თებერვალში პეტროგრადში (დღევანდელ სანქტ-პეტერბურგში, ადრე ლენინგრადში) პირველი მსოფლიო ომის ფრონტიდან გამოქცეულმა ჯარისკაცებმა შეიარაღებული ამბოხი მოაწყვეს რუსეთის დედაქალაქში და მეფე ნიკოლაი II ტახტიდან ჩამოაგდეს, რასაც იმავე წლის ოქტომბერში ბოლშევიკების სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა...

რამდენად შეიქმნა მსგავსი სიტუაცია დღეს, 2023 წელს პუტინის რუსეთში?
როგორც 106 წლის წინ, დღესაც რუსეთი ფართომასშტაბიან ომშია ჩართული და წელიწადნახევრიანი საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, ვერ მიაღწია სასურველ შედეგს - დაეპყრო მთელი უკრაინა. პირიქით, ახლა უკრაინელების კონტრიერიშების მოგერიება უწევს და საბრძოლო მოქმედებები, ისევე როგორც საჰაერო დარტყმები, დიდი ხანია თავად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა გადასული.
რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი, როგორც პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, მხარს უჭერდა ომის დაწყების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რადგან იოლი გამარჯვებისა და ახალი დაპყრობილი ტერიტორიების შემოერთების სიხარულის მოლოდინში იყვნენ... მაგრამ მწარე რეალობამ, როგორც იმ შორეულ 1917 წელს, ისევე, როგორც დღევანდელ 2023 წელს, რუსეთის მოსახლეობას და თავად სახელისუფლებო წრეებს ნათლად დაანახა, რომ გაჭიანურებულმა ომმა არათუ გამარჯვება, არამედ რუსეთის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს, დაშლის საფრთხე გააჩინა, განსაკუთრებით იმ ძალზე დიდი საბრძოლო დანაკარგის გამო, რის დამალვასაც კრემლში დიდი მონდომებით ცდილობენ. ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა და აი, გამოჩნდა კიდეც რეალური ძალა პრიგოჟინის "ვაგნერის" სახით, რომელმაც, სავარაუდოდ, 1917 წლის გამეორება სცადა, ამჯერად კრემლის "ტახტიდან" პუტინის რეჟიმის ჩამოსაგდებად. არადა, პრიგოჟინი თავისი "ვაგნერით" სწორედ პუტინის რეჟიმმა შექმნა, როდესაც კრიმინალური წარსულის დამწყებ ბიზნესმენს სახელმწიფო კორუფციით დიდი ფულის შოვნის საშუალება მისცა და შემდგომ უკანონო კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერიც" ჩამოაყალიბებინა კრემლის საიდუმლო და საჩოთირო სპეცდავალებების შესასრულებლად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, იქნებოდა ადგილობრივი მთავრობების სამხედრო ამბოხებით ჩამოგდება თუ ალმასის საბადოებისა და ნავთობის ჭაბურღილების გაკონტროლება აფრიკის ქვეყნებსა და სირიაში...
მაგრამ, როდესაც XXI საუკუნის ჰიტლერმა, პუტინმა მეზობელი უკრაინის დაპყრობა განიზრახა, უკრაინაში შეჭრილ რუსეთის რეგულარულ არმიას პრიგოჟინის "ვაგნერიც" დაახმარა, განსაკუთრებით ბახმუტის დაპყრობის მრავალთვიან სისხლიან ეპოპეაში, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერა "ვაგნერის" საბრძოლო შესაძლებლობები შეიარაღებითა და საბრძოლო ტექნიკით. მაგრამ "ვაგნერის" ბრძოლისუნარიანობის გაზრდასთან ერთად უსწრაფესად გაიზარდა პრიგოჟინის ამბიციებიც, რომელმაც მთავარ შინაურ მტრად შოიგუ-გერასიმოვის წყვილი გამოარჩია. პრიგოჟინი თვეების განმავლობაში სახალხოდ სდებდა ბრალს რუსეთის თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს, რომ თითქოს ისინი საგანგებოდ ბლოკავდნენ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალის მიწოდებას "ვაგნერის" დანაყოფებისთვის, რის გამოც ბახმუტის ქუჩის ბრძოლებში საარტილერიო მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი "ვაგნერელების" დიდი ნაწილი დაიღუპა.
მართლაც, ბახმუტის აღება პრიგოჟინის "ვაგნერს" 40 ათასამდე დაღუპულ და დაჭრილ მებრძოლად დაუჯდა, მაგრამ აქედან დიდი ნაწილი ციხეებიდან გამოყვანილი პატიმრები გახლდნენ, რომელთა ბედი რუსეთის ხელისუფლებას არასოდეს აღელვებდა და არც ახლა აღელვებს.
სამაგიეროდ, პრიგოჟინმა სწორედ ეს მომენტი გამოიყენა "ვაგნერისა" და პირადად თავისი ავტორიტეტის უფრო გასამყარებლად რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილში და რაც მთავარია, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების საშუალო და ქვედა დონის ოფიცრებში, ასევე კონტრაქტით მოსამსახურეებში. სწორედ ამის შედეგია, რომ პრიგოჟინი "ვაგნერის" ტანკებთან ერთად უპრობლემოდ შევიდა და დაიკავა როსტოვში რუსეთის არმიის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი და იქ საკუთარი "სარდლობა" შექმნა. თუმცა მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრის კაბინეტის კარებზე "დაკაკუნება" პრიგოჟინს ასე ადვილად აღარ გამოუვიდა.
ჯერ კიდევ სტალინის პერიოდიდან მოსკოვის გარშემო დისლოცირებული არიან ელიტური კანტემიროვისა და ძერჟინსკის მოტომსროლელი დივიზიები, რომლებსაც სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის, სამხედრო ამბოხებულებისგან მოსკოვის ცენტრის დაცვის ამოცანა აქვთ დასახული, რაც 30 წლის წინ, 1993 წლის შემოდგომაზე კიდევაც გამოიყენა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ელცინმა, როდესაც რუსეთის დუმისთვის ტანკებიდან ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა.
ელცინივით არც პუტინმა დაიხია უკან - 24 ივნისის შუადღისას მან პრიგოჟინი და მისი "ვაგნერელები" რუსეთის მოღალატეებად გამოაცხადა და მათი ნეიტრალიზაციის ბრძანება მისცა არმიასა და სპეცსამსახურებს.
მოსკოვის მისადგომებთან, ცენტრალურ გზებზე, პუტინის რეჟიმის ერთგულმა "სასახლის ჯარების" დანაყოფებმა თავდაცვითი პოზიციების მოწყობა დაიწყეს და ხიდები დანაღმეს. დონის როსტოვის მიმართულებით დაძრა პუტინის "ერთგული ჯარისკაცის", კადიროვის "ახმატის" მობილური ჯგუფები, სავარაუდოდ, როსტოვის ცენტრში "ვაგნერელებთან" შესაბრძოლებლად და პრიგოჟინის რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის შენობიდან გასაძევებლად. ერთ დროს ხელიხელგადახვეულ პრიგოჟინსა და კადიროვს შორის ცოტა ხნის წინ შავმა კატამ გაირბინა და ისინი ერთმანეთს "საქმის გარჩევით" სახალხოდ დაემუქრნენ კიდეც. მაგრამ რამდენად შეძლებდა "ტიკ-ტოკების" ვიდეორგოლებით ნაქები კადიროვის "ახმატი" ბახმუტის "ხორცსაკეპ მანქანას" გამოვლილი პრიგოჟინის "ვაგნერელებისთვის" თანასწორი ბრძოლის გამართვას როსტოვის ქუჩებში, ძნელი სათქმელია. შეტაკება მართლაც რომ მომხდარიყო და ამას "ახმატის" წევრების მასობრივად დაღუპვაც მოჰყოლოდა, ეს ჩეჩნეთში მათი მრავალრიცხოვანი ახლობლების რადიკალურ საპასუხო მოქმედებებს გამოიწვევდა რუსების მიმართ, რაც, თავის მხრივ, ჩეჩნეთის მესამე ომში გადაზრდის პერსპექტივას გააძლიერებდა, რადგან რუსეთის რეგულარული არმიის ოფიცრებს მოთმინების ფიალა დიდი ხანია აუვსო კადიროველების უკონტროლო მოქმედებამ როგორც ჩეჩნეთში, ისე ოკუპირებულ დონბასსა და მოსკოვის ქუჩებშიც კი. რუსი ოფიცრებისა და კონტრაქტით მოსამსახურეების უდიდესი ნაწილი სწორედ პრიგოჟინის "ვაგნერელების" გვერდით დადგებოდა პუტინის "ერთგული ჯარისკაცისთვის", კადიროვისა და მისი ხელქვეითებისთვის პასუხის მოსათხოვად იმ "საჭირბოროტო კითხვებზე", რაც რუს სამხედროებს წლებია დაუგროვდათ პუტინის კალთას შეფარებულ "ჩეჩნეთის პატარა მეფესთან".
ერთი შეხედვით ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ 24 ივნისის გამთენიისას დაწყებული სამხედრო ამბოხით, როსტოვში სამხედრო შტაბის აღებით და მოსკოვისკენ "ვაგნერის" ჯავშანჯგუფების მსვლელობით რუსეთში 30-წლიანი "შესვენების" შემდეგ ახალი სამოქალაქო ომი დაიწყებოდა... ...და იმავე 24 ივნისის საღამოს ბევრი გაღიმებული დარჩა - პრიგოჟინმა "ვაგნერი" მოსკოვიდან სამასიოდე კმ-ში შეაჩერა, უკან მიაბრუნა და როსტოვის სამხედრო შტაბიც ნებით დატოვა.…
რა მოხდა? კრემლის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ შუამავლის როლი შეასრულა და პრიგოჟინი ბელარუსში მიჰყავს, რუსეთში შეწყდება სამხედრო ამბოხის მოწყობის ბრალდებით მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ხოლო "ვაგნერის" მებრძოლებს ოკუპირებულ ლუგანსკში თავიანთ ბაზებში დააბრუნებენ... თავად პრიგოჟინი აცხადებს, რომ მოერიდა დიდ სისხლის ღვრას რუსეთში და ამიტომაც მიაბრუნა უკან მოსკოვს მიახლოებული "ვაგნერელები".
ყოველივე ეს ძალზე არადამაჯერებელი ჩანს - გაშმაგებულ პრიგოჟინს ჯერ კიდევ დილით და შუადღისას ძალზე კატეგორიული მოთხოვნები ჰქონდა, რამდენიმე საათში კი მოულოდნელად უკან დაიხია ისე, რომ შოიგუ-გერასიმოვის გადაყენებაზე კრემლს კრინტი არ დაუძრავს? პრიგოჟინსა და კრემლს შორის უთუოდ საიდუმლო გარიგება დაიდო, რამაც დაძაბულობა განმუხტა (თუმცა დიდი ეჭვია, დროებით), მაგრამ არის კი ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო იმ დონის და იმის გარანტი, რომ პრიგოჟინსა და იმ "ვაგნერელებს", რომლებმაც მას დაუჯერეს და ვა-ბანკზე წავიდნენ, პუტინის რეჟიმი ცოცხალს დატოვებს? დიდად საეჭვოა...
რაღა დასამალია და, იმ ქვეყნების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში კრემლის აგრესიისგან იტანჯებიან, ელოდა, რომ რუსეთის ქალაქები და მათი მოქალაქეები გამოცდიდნენ იმას, რაც საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობამ გადაიტანა და გადააქვს რუსული ბომბებისა და რაკეტების "სტუმრობისას". ამჯერად ეს არ გამოვიდა, სამაგიეროდ ძალზე მნიშვნელოვანი გარემოება გამოვლინდა - პუტინის რეჟიმი თურმე არცთუ ისე "უკვდავი" ყოფილა და ფრონტის ხაზიდან მოხსნილი მებრძოლების ერთდღიანმა სამხედრო ამბოხმაც კი ის უდიდესი განსაცდელის წინაშე დააყენა.
პრიგოჟინის "ვაგნერის" მსვლელობამ მოსკოვისკენ კიევში ამ მომენტით სასწრაფოდ სარგებლობის დიდი იმედი გააჩინა - ბახმუტის გათავისუფლების დაწყება უდიდეს დარტყმად იქცეოდა პუტინის რეჟიმისთვის, რაც თავად პრიგოჟინსაც აძლევდა ხელს - ჩემმა "ვაგნერმა" მძიმე ბრძოლებითა და დიდი დანაკლისით აიღო ბახმუტი, ჩვენი იქიდან გამოსვლის შემდეგ კი შოიგუს არმიამ მაშინვე დათმოო, ნიშნის მოგებით იტყოდა პრიგოჟინი.
სამხედრო ამბოხის ნაწილობრივ წარმატების შემთხვევაშიც, თუკი პრიგოჟინი როსტოვში რუსეთის "მეორე დედაქალაქს" გამოაცხადებდა, ამ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობის ნიშნები გამოჩნდებოდა და შეიძლება უკრაინის მხარეს მოლაპარაკებაც კი დაეწყო პრიგოჟინის "დროებით მთავრობასთან" ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, მით უმეტეს, რომ პრიგოჟინსა და უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის ერთგვარი "სიმპათიების" თაობაზე ისედაც ჭორაობენ...
რუსეთ-უკრაინის ომი გასაგებია, მაგრამ რისთვის უნდა იყოს მზად საქართველო, თუკი მისი ორი რეგიონის ოკუპანტ სახელმწიფოში, ადრე თუ გვიან, სისხლის ღვრა დაიწყება, თანაც სამოქალაქო ომის ნიშნებით? ორჯერ საქართველომ ეს უკვე გამოიარა: პირველად 1918 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომის თურქეთის ფრონტზე რევოლუციებმომხდარ რუსეთს ფრონტის ხაზი ჩამოეშალა და იქიდან გამოქცეული ჩამოძენძილი რუსი ჯარისკაცები ტიფლისის ქუჩებში შაშხანებს პურის ყუებზე ცვლიდნენ. მეორედ დაახლოებით ასეთივე სურათის მოწმენი გავხდით 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე, როცა მაშინდელი ЗакВО-ს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის დემორალიზებულმა ოფიცრებმა იარაღის მალულად გაყიდვაც კი დაიწყეს საქართველოში დისლოცირებული სამხედრო ნაწილებიდან. მესამე ეპიზოდი მაშინ დადგება, თუკი სამოქალაქო ომის ქარცეცხლში აღმოჩენილ რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში თავისი საოკუპაციო სამხედრო ბაზებისთვის ნაკლებად ეცლება (საიდანაც ისედაც ბევრი შეიარაღებაა გატანილი და განადგურებული უკრაინის ფრონტზე), ისევე როგორც ადგილობრივი სეპარატისტული წარმონაქმნების არათუ სამხედრო ძალით, არამედ ფინანსურად მხარდასაჭერად. მაგრამ საქართველოს დიდი პრობლემები შეიძლება თანამედროვე "ლეკიანობამ" შეუქმნას - მოსკოვის მრავალმილიარდიანი დახმარებების გარეშე დარჩენილი ჩეჩნების დიდი ნაწილი, რომელსაც ბოლო წლებია "კალაშნიკოვის" გარდა ხელში არაფერი სჭერია, თავად წავა "საშოვარზე" სამეზობლოში - იქნება ეს ადამიანების გატაცება თუ ბანდიტური თავდასხმები ბანკებსა და სუპერმარკეტებზე. პირველ რიგში რუსეთის ფედერაციასთან სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ ოსეთის, ინგუშეთის, ჩეჩნეთისა და დაღესტნის მონაკვეთების სასწრაფოდ გაძლიერება გვჭირდება ყველა საცალფეხო ბილიკის კონტროლზე ასაყვანად, აუცილებელ შემთხვევაში მათი საინჟინრო სახით საიმედოდ ჩაკეტვის (მცოდნე მიხვდება, რაზეა ლაპარაკი) ჩათვლით, ხოლო ოფიციალურ სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტებზე ლარსში, ასევე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში თუნდაც დროებითი, მაგრამ მკაცრი კონტროლით რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის აღდგენის შესაძლო პერსპექტივით.
ზუსტად 31 წლის წინ სამხედრო ამბოხს ვერც თბილისი გადაურჩა...

1992 წლის 24 ივნისს თბილისის ქუჩებში დილაუთენია ტანკმა ჩაიხრიგინა და ტელევიზიის შენობას მიადგა ორასამდე შეიარაღებულ პირთან ერთად - ასე დაიწყო სამხედრო ამბოხი მაშინდელი შინაგანი ჯარების სამხედრო ტექნიკისა და ოფიცერ-ჯარისკაცების მონაწილეობით, რომელიც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა მოაწყვეს საქართველოს სახელმწიფო საბჭოსა და მისი მეთაურის ედუარდ შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ.ეს ამბოხიც ერთდღიანი გამოდგა და მარცხით დამთავრდა, მაგრამ ტელევიზიის შენობასთან ორმხრივ სროლას ხუთი კაცი შეეწირა, 33 კი დაიჭრა.
„ვაგნერის“ მიერ ჩამოგდებული პილოტების ოჯახებს პრიგოჟინი კომპენსაციად 50 მილიონს გადაუხდის

პრიგოჟინის „ვაგნერის“ ერთდღიან სამხედრო ამბოხს კიდევ ერთი ძალზე ტრაგიკული შედეგი მოჰყვა რუსეთის არმიისთვის, რადგან მან რამდენიმე საათში ექვსი შვეულმფრენი და ერთი ოთხძრავიანი თვითმფრინავი დაკარგა...
მანამდე რუსული სამხედრო ავიაციის ყველაზე ტრაგიკულ დღედ 2023 წლის 13 მაისი ითვლებოდა, როდესაც ბრიანსკის ოლქის თავზე ერთმანეთის მიყოლებით ორი საბრძოლო თვითმფრინავი და რადიოელექტრონული ბრძოლის ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, სავარაუდოდ, უკრაინის საზღვრისპირა რაიონიდან გაშვებული „პეტრიოტის“ საზენიტო რაკეტებით.
და, აი არ გასულა ორი თვეც და, ეს „რეკორდიც“ გადაიფარა - 24 ივნისს რუსეთის როსტოვის ოლქის თავზე ერთ დღეში 6 შვეულმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს „ვაგნერელების“ მეზენიტეებმა!
პრიგოჟინი იმით იმართლებდა თავს, რომ შოიგუს ბრძანებით ეს ავიაცია "ვაგნერის" კოლონებს ბომბავდა და იძულებული გახდნენ მათთვის საზენიტო რაკეტები ესროლათ.
ვიდეოფირში მართლაც ჩანს რუსული "ალიგატორის" საჰაერო თავდასხმის მომენტი "ვაგნერელებზე", მაგრამ ჩამოგდებული შვეულმფრენების ნაწილი და თვითმფრინავები არ იყვნენ შეიარაღებული და ისინი ვერ დაბომბავდნენ პრიგოჟინის "მინი-არმიას".
მაგრამ, ასეა თუ ისე, "ვაგნერის" მეზენიტეებმა ისეთი პროფესიონალიზმი გამოავლინეს, უკრაინელი კოლეგებიც რომ ინატრებდნენ და თავისივე სახელმწიფოს ხაზინა არანაკლებ 300 მლნ დოლარით დააზარალეს - საერთო ჯამში დაახლოებით ამდენი ღირს ჩამოგდებული საბრძოლო Ка-52 და Ми-35, სატრანსპორტო Ми-8МТ, რადიოელექტრონული ბრძოლის სამი Ми-8МТРП და მართვის საჰაერო პუნქტი Ил-18(22) ВЗПУ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ოთხძრავიანი "ილის" ჩამოგდება, რადგან რუსეთს თითზე ჩამოსათვლელიღა დარჩა ასეთი სპეციალიზებული თვითმფრინავი, რომლებსაც თვალისჩინივით უფრთხილდებიან და უკრაინის წინააღმდეგ ომში საჰაერო რეტლანსლატორად იყენებენ დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ეკიპაჟების სამართავად.
ძნელი სათქმელია, შოიგუს თავდაცვის სამინისტრო აიძულებს თუ არა უკანდახეულ პრიგოჟინს აანაზღაუროს ჩამოგდებული საფრენი აპარატებისა და მათში დაყენებული ძვირად ღირებული სპეციალური რადიოელექტრონული აპარატურის ღირებულება, თუმცა ჩამოგდებულ შვეულმფრენებსა და თვითმფრინავში დაღუპული ეკიპაჟების წევრების, რომელთა რაოდენობა ორ ათეულს უტოლდება, ახლობლებისთვის პრიგოჟინი საკუთარი ინიციატივით აპირებს 50 მლნ რუბლის კომპენსაციის გაცემას თითოეული დაღუპულის სახელზე.სხვათა შორის, პრიგოჟინი არც აქამდე გაურბოდა უკრაინის ფრონტზე დაღუპული „ვაგნერელების“ ოჯახებისთვის 5 მლნ რუსული რუბლის კომპენსაციის გადახდას, თანაც ნაღდი ფულით...