"დარტყმა პუტინის იმიჯს... კრემლში ხელისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება" - კვირის პალიტრა

"დარტყმა პუტინის იმიჯს... კრემლში ხელისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება"

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ "დოიჩე ველემ" (Deutsche Welle) სათაურით - "დარტყმა პუტინის იმიჯს: გერმანული მასმედია ევგენი პრიგოჟინის ამბოხების ირგვლივ", გამოაქვეყნა გერმანული პრესის მიმოხილვა, რომელშიც განხილულია რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ 24 ივნისს მომხდარი ანტისამთავრობო შეიარაღებული ამბოხების მცდელობის პერიპეტიები.

"ამბოხებამ აჩვენა, რომ რუსეთში კრემლის ხელისუფლება სუსტია. მომხდარი ფაქტი პირადად ვლადიმერ პუტინის დამცირებას წარმოადგენს" - ასეთია გერმანული მასმედიის მიმომხილველების და პოლიტიკური ანალიტიკოსების საერთო დასკვნა, რომლებიც რუსეთის მოვლენებს კომენტარს უკეთებენ.

პუტინის მართვის სისტემის ნაკლი

"კლანური ბრძოლა ყოველთვის იყო ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილი სისტემის განუყოფელი ნაწილი", - ხაზს უსვამს გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის" (Frankfurter Allgemeine Zeitung) მიმომხილველი რაინჰარდ ფეზერი სტატიაში - "პუტინის სასიკვდილო საფრთხე", - "მაგრამ სწორედ ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ გააშიშვლა და გამოავლინა პუტინის მართვის სისტემის სისუსტეები - სისტემისა, რომელშიც სახელმწიფო ინსტიტუტების როლი დათრგუნულია და არაფორმალური სტრუქტურებით და ურთიერთობებითაა ჩანაცვლებული", - აღნიშნავს ავტორი და განაგრძობს, - "24 ივნისს ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ ყოველი შიდაარეულობა რუსული სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართულიო, მაგრამ სინამდვილეში პრეზიდენტი საკუთარ ხელისუფლებას გულისხმობდა. სანამ არეულობა და პროტესტები მოსახლეობის მონაწილეობით იმართებოდა, პრეზიდენტი ადვილად უსწორდებოდა მათ, რეჟიმს ჰქონდა და აქვს მათ წინააღმდეგ ძალა და რესურსები... მაგრამ როცა საქმე ევგენი პრიგოჟინის მსგავს ამბოხს ეხება, ეს კრემლისთვის უფრო საშიშია - იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ეჭვქეშ დგება პუტინის მიერ ჩამოყალიბებული მართვის სისტემის კონსტრუქციის მდგრადობა, რომელსაც სახელმწიფო ეყრდნობა".

გარიგება ევგენი პრიგოჟინთან - "მარცხი პუტინისათვის"

მსგავსი თვალსაზრისი აქვს მიუნჰენის სამხედრო უნივერსიტეტის პროფესორს - კარლო მასალას, რომელიც რადიო "ნორდდოიჩე რუნდფუნკის" (Norddeutscher Rundfunk) ეთერში (კომენტარი ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სათაურით "კრემლში ხელისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება") გამოსვლისას აღნიშნავს: "მთელი ეს ისტორია გვაჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების სისტემაში ბზარებია გაჩენილი. ამბოხების ასეთი, თითქოსდა, "მშვიდობიანი" დასასრული პრეზიდენტისთვის სინამდვილეში დამამცირებელია: საბოლოო ჯამში, მან აღიარა თავისი სისუსტე და შუამავლობისათვის თავის მოკავშირეს, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართა, რომელსაც "ზემოდან" ქედმაღლურად უყურებს".

ევგენი პრიგოჟინმა კი პირიქით, მოახერხა და ბევრ მომენტში რუსეთის ხელისუფლებას დაასწრო, რითაც რუსული მმართველობის ვერტიკალის უნიათობა გამოავლინა. "დილით ვლადიმერ პუტინი იმუქრებოდა, საღამოს კი იგი იძულებული გახდა, პოზიცია შეერბილებინა. ეს ვლადიმერ პუტინისათვის დამცირება და სირცხვილია. ეს არის რუსეთის პრეზიდენტის მარცხი. არ ვიცი, როგორ მოახერხებს იგი სიტუაციიდან გამოსვლას, რეპუტაციის დაზარალების გარეშე", - ამბობს კარლო მასალა.

"ვაგნერის" ამბოხება: ვლადიმერ პუტინი მზად არ იყო

"პუტინი იძულებული გახდა, უკან დაეხია, რაც "პრეზიდენტის ავტორიტეტისათვის სერიოზულ ზიანს წარმოადგენს. მას ადრე ყოველთვის გამოსდიოდა ელიტის სხვადასხვა დაპირისპირებული წევრის ერთმანეთთან შერიგება", - აღნიშნავს კელნის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი თომას ეგერი, ადგილობრივი გერმანული ტელეარხის - "ნ-ტევეს" (N-TV) ეთერში გამოსვლისას (კომენტარი გამოქვეყნებულია სათაურით - "პუტინის ავტორიტეტი სერიოზულად დაიჩრდილა"). უკვე ცნობილია, რომ რუსული სპეცსამსახურები ელოდნენ ევგენი პრიგოჟინის მხრიდან გარკვეულ საპროტესტო ნაბიჯს, რადგან პირველი ივლისისათვის "ვაგნერ-ჯგუფის" ყველა წევრს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა. ალბათ, პრეზიდენტი წინასწარ გაფრთხილებული იქნებოდა მოსალოდნელი ამბოხის შესახებ, მაგრამ იგი არ მომზადებულა ამგვარი კრიზისული სიტუაციისათვის", - აღნიშნავს თომას ეგერი.

"სიტუაცია პუტინის კონტროლიდან გამოვიდა. ხმებიც კი გავრცელდა, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოსკოვი დატოვაო. საბოლოო ჯამში, ეს ისეთი რეპუტაციული ზიანია, რომლის აღდგენას, ჩემი აზრით, პრეზიდენტი უკვე ვეღარ მოახერხებს", - დარწმუნებულია კელნის უნივერსიტეტის პროფესორი.

"თვით იმ ფაქტს, რომ ევგენი პრიგოჟინმა მოსკოვისაკენ "ლაშქრობის" დროს ("მარში სამართლიანობის სახელით") დიდი მანძილის გავლა თითქმის ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოახერხა, ვლადიმერ პუტინისათვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს", - წერს გაზეთ "ბილდში" (Bild) გამოქვეყნებულ სტატიაში მიმომხილველი პაულ რონცჰაიმერი (სათაურით "მსოფლიო რუსეთის ამბებს სუნთქვაშეკრული უყურებდა"). "ოდესღაც საბჭოთა კავშირი ავღანეთში დამარცხების შემდეგ დაიშალა. რუსეთის არმიას უკრაინასთან ომი ჯერ არ წაუგია, მაგრამ შეიარაღებული ძალების მდგომარეობა ცუდია. თავის დროზე პუტინს ერთგული ძალა სჭირდებოდა, სწორედ ამიტომ მიიღო პრივილეგიები ევგენი პრიგოჟინმა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პუტინს "ვაგნერისათვის" გაკეთებული "სიკეთე" საწინააღმდეგოდ შეუბრუნდა", - წერს ავტორი და ხაზს უსვამს, რომ იგი (პუტინი) სინამდვილეში არ აღმოჩნდა ისეთი გენიალური სტრატეგი, როგორადაც ყოველთვის აჩვენებდნენ. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ