"უკრაინელები აღმოსავლეთში, თითოეულ მიმართულებაზე 1-2 კილომეტრით დაწინაურდნენ, სამხრეთში - გათავისუფლებულია 130 კვ.კმ. ტერიტორია"
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. კერძოდ, სამხრეთში, შეტევის დაწყებიდან, გათავისუფლებულია 130 კვ.კმ. ტერიტორია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, აღმოსავლეთში უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, აწარმოეს როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი ოპერაციები და ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს.
მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა, აღმოსავლეთში, გასული კვირის ბოლოს წამოიწყეს კონტრშეტევითი ოპერაციები ორეხოვო-ვასილევკას, ბახმუტის, ბოგდანოვკას, იაგოდნოიეს, კლეშჩიევკასა და კურდიუმოვკას რაიონებში და თითოეული მიმართულებით 1- 2 კმ-ით დაწინაურდნენ.
ამავდროულად, მისი თქმით, რუსულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით.
"გასული კვირის განმავლობაში ამ მიმართულებით 250-მდე შეტაკება მოხდა. მტერი ცდილობდა ჩვენი ჯარების დაკავებული პოზიციებიდან გაძევებას, მაგრამ არ გამოუვიდა", - განაცხადა ანა მალიარმა.
რაც შეეხება ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „შეტევის დაწყებიდან, სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 130 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს“.
IPN