"პითონები" ქართული არმიისთვის - რას გვაძლევენ გერმანელების დაკვეთით ამერიკელები? - ექსკლუზივი - კვირის პალიტრა

"პითონები" ქართული არმიისთვის - რას გვაძლევენ გერმანელების დაკვეთით ამერიკელები? - ექსკლუზივი

"პითონის" სახელწოდებით საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში დიდი ხანია, არსებობს ისრაელის წარმოების მართვადი საზენიტო რაკეტები, რომელთა საბრძოლო გამოყენება "სპაიდერის" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომში მოვასწარით და - არცთუ უშედეგოდ...

მაგრამ ის "პითონები", რაც მომდევნო ორ წელში უნდა შემოემატოს ქართული არმიის არსენალს, არც ისვრის, არ ფეთქდება და არც არავის ემუქრება განადგურებით, პირიქით, მათი გამოყენება არა მარტო სამხედრო, არამედ - სამოქალაქო მიზნებითაც შეიძლება და უფორ მეტიც - ისინი შეიძლება შეუცვლელნი გახდნენ ბუნერივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს, მოსახლეობის გადარჩენის თვალსაზრისით...

ლაპარაკია Python-ის ტიპის თვითმავალი გასაშლელი ხიდის სისტემაზე, რომელთა გადმოცემის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გერმანიის მთავრობამ მიიღო "Enable and Enhance Initiative”-ის ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სამოქალაქო და სამხედრო სექტორების უსაფრთხოების გაზრდაში დახმარებას ითვალისწინებს.

2-pit-1687768880.png
„პითონი“ მოქმედებაში - ორიოდე წუთში ხიდი გადებულია...

ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ცნობილი ამერიკული საიარაღო კონცერნი - General Dynamics-ი ავრცელებს, რომლის ევროპულმა დანაყოფმა General Dynamics European Land Systems-Bridge Systems-მა მიიღო კონტრაქტი გერმანიის მთავრობიდან საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ორი წლის განმავლობაში ოთხი ერთეული Python-ის ტიპის თვითმავალი გასაშლელი ხიდის სისტემის დამზადებასა და გადმოცემაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ კონტრაქტში გასაშლელი ხიდის მობილურ ბაზად მითითებულია 8X8 სახის საავტომობილო შასი, დიდი ალბათობით, ეს გასაშლელი ხიდები დამონტაჟდება ასევე კარგად ცნობილი გერმანული კონცერნის - Rheinmetall MAN Military Vehicles (RMMV) HX 8x8 -ს ბაზაზე.

"მანის" ტიპის ეს ძლიერი, მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილები ისედაც გამოიყენება ქართული არმიის მიერ და მათი ექსპლუატაცია არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება თავად გასაშლელ ხიდს, ის ალუმინის მსუბუქი შენადნობისგანაა დამზადებული და მექანიზირებული წესით სულ რაღაც ორიოდე წუთში 13 მეტრზე შეიძლება მისი გადადება.

გასაშლელი ხიდი MLC 50 კლასისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ტვირთამწეობა განსაზღვრულია, მაქსიმუმ, 45,4 ტონა მასის მუხლუხებიანი და 52,6 ტონა ბორბლებიანი ტექნიკის გადასასვლელად ანუ საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ყველა სახის მძიმე საბრძოლო, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნიკის გადატარება 13 მ სიგანის თხრილისა თუ მდინარის თავზე შეუძლია.

"პითონის" გასაშლელი ხიდის მატარებელი "მანის" რვაბორბლიანი მანქანა არ არის შეჯავშნული, შესაბამისად, მის ორკაციან ეკიპაჟს ხიდის მექანიკურად გაშლა მხოლოდ საბრძოლო მოქმედების ზონის ზურგში თუ შეეძლება, რადგან მოიერიშე ჯგუფებისთვის ასეთი ხიდების გადებისთვის მობილური ბაზა, როგორც წესი, ტანკის ბაზაზე კეთდება.

საქართველოს რთული მთაგორიანი რელიეფიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არ აკლდება სტიქიური უბედურების რიცხვი და უცბად მოვარდნილი მდინარის დინების მიერ წაღებული კაპიტალური ხიდის სანაცვლოდ ხშირად საჭირო ხდება დროებითი ხიდის სასწრაფოდ გადება მოსახლეობის ოპერატიულად ევაკუაციისთვის.

ასეთ შემთხვევაში "პითონების" მობილური გასაშლელი ხიდები პირდაპირ მისწრება გახდება, რადგან მათ არ სჭირდებათ ადიდებული მდინარის (რომელსაც მოგლეგილი ხეებიც მოაქვს) კალაპოტში ბურჯების ჩადება...

P.S. ტანკის ბაზაზე გასაშლელი რამდენიმე ხიდი ქართულ არმიას საბჭოთა პერიოდიდან შემორჩა, თუმცა მათი გამართულობა დღეს ცოტა საეჭვოა.

3-pit-1687768908.png
გენერალ ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი ორიგინალური კონსტრუქციის ასაწყობი ხიდი, რომელიც ზედ ტანკის გადასვლას უპრობლემოდ უძლებდა...

გარდა ამისა, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის (გასაშლელი დიდგაბარიატიანი ანტენა) და სამხედრო-საინჟინრო ტექნიკის ცნობილმა ქართველმა კონსტრუქტორმა, აკადემიკოსმა, გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა თავის დროზე ქართულ არმიას დაუმზადა და გადასცა ძალზე ორიგინალური კონსტრუქციის ასაწყობი ხიდი, რომლის გამოყენება სამოქალაქო და სამხედრო მიზნებითაც შეიძლებოდა, ოღონდ - არა ბრძოლის წინა ხაზზე, რადგან ხიდის ელემენტების ასაწყობად ამწე იყო საჭირო.