გლაზგოში წყალწაღებულ(ნ)ი - "ჰემპდენ პარკზე" დაკარგული იმედი "დინამო არენაზე" დაგვიბრუნეს
იმედი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ფანტასტიკურ ფორმაში (და გარემოში!) მყოფ შოტლანდიელებს შეაჩერებდა, „ჰემპდენ პარკის“ დატბორილმა მინდორმა შეისრუტა. გლაზგოურმა თავსხმამ კიდევ ერთხელ გამოიტანა სააშკარაოზე ის პრობლემები, კარგ ამინდშიც ბევრჯერ რომ გვინახავს, მაგრამ უმეტესწილად, ვერ (თუ - არ?!) ვიმჩნევთ ხოლმე...
სათაურში გამოტანილ სიტყვას მაინცდამაინც პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებთ. ბევრი პრობლემის მიუხედავად, ჩვენი გუნდი სულაც არ მიმაჩნია „წყალწაღებულად“. პირიქით, ბოლო პერიოდში ნაჩვენებმა შედეგებმა და ცალკეულმა მოთამაშეებმა, იმედი, თავდაჯერება და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის პერსპექტივა დაგვიბრუნეს. მარტო ის რად ღირს - წელიწადნახევრის განმავლობაში, სანიოლის გუნდს ოფიციალური მატჩი რომ არ ჰქონდა წაგებული. თუმცა ვიმეორებ: პრობლემა ჯერაც ბევრია და მათზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ.
მანამდე, ის ვთქვათ: რას ველოდით შოტლანდიელებთან მატჩში? კვიპროსთან რთული გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ლარნაკა-გლაზგოს ექვსსაათიანი რეისით დაღლილი, თუმცა იმედიანი ჩავიდა შოტლანდიის „საფეხბურთო დედაქალაქში“. თამაშის წინა დღეს (ეროვნულ გუნდთან ერთად, კვიპროსსა და შოტლანდიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის თანამშრომლობის შედეგად ვესტუმრეთ და ამ შესაძლებლობისთვის კიდევ ერთხელ ვეუბნები მადლობას), ვილი სანიოლმა გვითხრა, რომ კვიპროსთან შეხვედრაში, ნახევარმცველებზე მეტად, შემტევებით დარჩა უკმაყოფილო: დაცვას საჭირო დოზით არ ეხმარებოდნენ, შოტლანდიასთან უფრო დაბალანსებულად და კომპაქტურად უნდა ვითამაშოთო. ფრანგმა მწვრთნელმა ისიც ივარაუდა - ზედიზედ მოპოვებული სამი გამარჯვების შემდეგ, მასპინძლები გარკვეული წნეხის ქვეშ იქნებიან საკუთარი მაყურებლის თვალწინ, ჩვენ კი, შედარებით თავისუფლად ვითამაშებთო.
კვიპროსიდან კარგი ამინდი „წავიღეთ“. გლაზგოში გვითხრეს - რამდენიმე კვირაა, ჩვენს ქალაქში ასეთი დარი არ ყოფილაო. თუმცა რად გინდა - თავსხმა წვიმა მაინცდამაინც მატჩის დაწყებისას წამოვიდა და პრობლემები შეუქმნა მასპინძლებსაც, ვისაც ჩვენზე ხშირად უწევთ ავდარში თამაში.
მატჩის დაწყებისთანავე გახდა აშკარა, რომ „დაჭაობებულ“ მოედანზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო: ბურთი ჩვეულებრივზე ბევრად ნელა მოძრაობდა, სირბილი ფეხბურთელებსაც უჭირდათ და ყოველ ნაბიჯზე ისეთ შხეფებს ყრიდნენ, წყალზე მოთხილამურეებს შეშურდებოდათ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ „წყალბურთი“ მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, გოლი რომ გავუშვით... ნამატჩევს, ვილი სანიოლმაც გვითხრა: მე და სტივ კლარკი (მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი) ერთ აზრზე ვიყავით - თამაში აუცილებლად უნდა შეწყვეტილიყოო. მოგვიანებით ისიც შევიტყვეთ, რომ „ზემოთ“, მატჩის დაწყებიდან ოთხ წუთში მიუღიათ თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება, თუმცა, სანამ მატჩის დელეგატი მოედანზე ჩავიდა და მთავარ არბიტრამდე მიაღწია, მამარდაშვილის კარში გოლი გავიდა...
მე ის მიკვირს - შოტლანდიაში, სადაც თვეში ლამის 25 დღე წვიმაა, ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ და პოპულარულ სტადიონს რატომ აქვს დრენაჟის ისეთი გაუმართავი სისტემა, ერთსაათიან წვიმას რომ ვერ უძლებს?! თუმცა, ამასაც დავანებოთ თავი და დავუშვათ, რომ მოედანი სათამაშოდ გამოუსადეგარია. თუ ამას აღიარებ და მატჩს წყვეტ, „წყალბურთის“ დროს გატანილ გოლს რა ლოგიკით ტოვებ ძალაში?! მოედანი რომ გოლის გატანის შემდეგ დატბორილიყო და მატჩი შემდეგ შეეჩერებინათ, პრეტენზია არავისთან გვექნებოდა. თუმცა, როცა ჩვენს კარში გოლი გავიდა, მოედანზე ლოჰნესის ტბაზე მეტი წყალი იდგა, ასეთ ვითარებაში ანგარიშის ძალაში დატოვება - ნამდვილად უსამართლობაა.
ოღონდ, რაც შემდეგ მოხდა, ამ ყველაფერმა წვიმის წყალზე მეტად იმოქმედა თამაშის დარჩენილ 85 წუთზე. მატჩი შეწყვეტიდან საათნახევრის შემდეგ განახლდა. ამ დროის განმავლობაში, ფეხბურთელებს რამდენჯერმე მოუწიათ მოედანზე გასვლა, მოთელვა და გასახდელში დაბრუნება, რამდენჯერმე გამოიცვალეს ფორმა და საბოლოოდ, ხანგრძლივი ლოდინის, ფსიქოლოგიური წნეხისა და შიმშილის შემდეგ (როგორც გვითხრეს, საქართველოს ნაკრებმა 12:00 საათზე ისადილა და მას შემდეგ, მოთამაშეებს აღარაფერი უჭამიათ მატჩამდე, რომელიც 19:45-ის ნაცვლად, 22:00 საათზე განახლდა), მაინც მოუწიათ მოედანზე დაბრუნება.
ფეხბურთელების ადვოკატად არ გამოვდგები და არც წაგების ვინმესთვის/რამესთვის გადაბრალებას ვცდილობ. მხოლოდ იმას ვწერ, რაც გლაზგოში თვითონ ვნახე და მოვისმინე. მეც მიმაჩნია, რომ მატჩი აღარ უნდა გაგრძელებულიყო (ყოველ შემთხვევაში - იგივე ანგარიშით მაინც). როგორც ჩანს, იმავეს მოლოდინი ჰქონდათ ჩვენს ფეხბურთელებსაც და მოედნის მდგომარეობისა და მთელი მატჩის ტოლფასი პაუზის გამო, მათმა უმეტესობამ დაიჯერა, რომ თამაში გადაიდებოდა, მინდორზე დაბრუნების შემდეგ კი, ხელმეორედ კონცენტრირება გაუჭირდათ.
მეორე საკითხია, რომ პროფესიონალი მოთამაშე ყველანაირ ვითარებაში სათამაშოდ უნდა იყოს მზად. მით უმეტეს, რომ მეტოქეც იგივე პირობებში იყო და ეს მართლაც ასეა - რამდენიც უნდა ვიძახოთ: შოტლანდიელები შინ თამაშობდნენ და წვიმაში თამაშიც ჩვენზე ხშირად უწევთო. კი ბატონო, თამაშის 1:0-დან გაგრძელება დიდი უსამართლობა იყო, მაგრამ რადგან გავაგრძელეთ, უნდა გვეთამაშა კიდეც და ანგარიშის გასათანაბრებლად ყველაფერი გვეღონა.
სამწუხაროდ, მსგავსი ვერაფერი ვნახეთ: სანიოლის გუნდი ყურებჩამოყრილი გამოვიდა მოედანზე და განწყობისა და თამაშის გამოსწორება საფინალო სასტვენამდე ვეღარ მოახერხა... ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ იმ მატჩში წარმატების მიღწევა კარგ ამინდშიც გაგვიჭირდებოდა მარტივი მიზეზის გამო: საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვერ შეძლო შემადგენლობისა და ტაქტიკის „გამოცნობა“. ძალიან კარგია, როცა შეცვლაზე შესული მოთამაშეები თითქმის ყოველთვის ახერხებენ თამაშში გარდატეხის შეტანას. თუმცა, ამავდროულად, ეს ყველაფერი იმასაც ნიშნავს, რომ გუნდის თავკაცმა, სწორად ვერც ამჯერად შეარჩია სასტარტო შემადგენლობა და მოედანზე მათი განლაგება, ვერ მოახერხა მოთამაშეების სათანადოდ მოტივირება.
შოტლანდიის ნაკრების პოტენციალიც ვიცით და ისიც, კლარკის შეგირდების უმეტესობა პრემიერლიგის კლუბების წევრი რომ არის. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ძლიერ მოწინააღმდეგესთან გაქვს საქმე, ორმაგად უნდა მოინდომო, განსაკუთრებული მონახაზითა და მოტივაციით ითამაშო. სამწუხაროდ, „ჰემპდენ პარკზე“ „განსაკუთრებული“ კი არა, ჩვენი გუნდის ვერანაირი ტაქტიკური მონახაზი ვნახეთ. ყოველ შემთხვევაში, ისეთი - წარმატებას რომ მოგვიტანდა. შოტლანდიის მსგავს გუნდებთან გადამწყვეტი შუა ხაზი და სტანდარტულ მდგომარეობებთან გამკლავებაა - საქართველომ ვერცერთში ივარგა! ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი მეტოქეების გასანეიტრალებლად აუცილებელია, საყრდენ ნახევარმცველებს შორის, ერთი მაინც გყავდეს ისეთი, მეტოქის შეტევების ჩაშლა რომ შეუძლია. სამწუხაროდ, სანიოლის ფორმაციის გუნდში ასეთს ვერავის ვხედავთ. და როცა შეტევების წამოწყებაც პრობლემაა, მარცხის წვიმისთვის გადაბრალება თავის გასამართლებლად აღარ გამოდგება.
უკვე მივეჩვიეთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მინიმუმ ორი მეტოქე მეურვეობს ხოლმე. გლაზგოში კი ამის საჭიროება არ ყოფილა მარტივი მიზეზის გამო - ხვიჩამდე ბურთი არ მიდიოდა! განსაკუთრებით - პირველ ნახევარში. მეორე ტაიმში, ვითარება ოდნავ გამოსწორდა და კვარამ რამდენჯერმე შემოგვთავაზა კიდეც საფირმო რეიდი, თუმცა, მთლიანობაში, თავის გამოჩენა ვერც მან მოახერხა, მატჩისთვის დამატებულ წუთებზე კი, კარს თერთმეტმეტრიანი დარტყმაც ააცილა.
„ჰემპდენ პარკზე“ უფრო კომპაქტურები უნდა ვიყოთ, ვიდრე კვიპროსთან მატჩშიო - ვილი სანიოლმა თქვა შოტლანდიასთან მატჩის წინ. რა გამოვიდა ამ საქმიდან, ყველამ ვნახეთ. საქართველო „კომპაქტური“, უმეტესწილად, თავისი საჯარიმოს მისადგომებთან იყო, ვერც წინსვლას ახერხებდა (განსაკუთრებით - პირველ ნახევარში) და ვერც ხვიჩამდე ბურთის მიტანას.
ნაკრების მწვრთნელებს მოთამაშეებთან სამუშაოდ ცოტა დრო აქვთ. თუმცა ვილი სანიოლმა და ფეხბურთელებმა ორი კვირა გაატარეს ერთად, რაც საკმარისი პერიოდია გუნდის შეთამაშებისთვის (მით უმეტეს, რომ ახალი მოთამაშე ბევრი არც ყოფილა) და ტაქტიკური მონახაზების დასამუშავებლად. სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს მხოლოდ ეპიზოდურად ეტყობა ხოლმე, რომ იცის, რას აკეთებს. პოზიციური შეტევების წამოწყება ძალიან გვიჭირს და უმეტესწილად, ქაოსურად, ინდივიდუალური აფეთქებების ხარჯზე ვუტევთ. ამიტომაც არის, აუცილებლად მოსაგებ მატჩებში, „პირველ ნომრად“ თამაშისას, სულ სირთულეებს რომ ვაწყდებით. შოტლანდიასთან კი ვერც სწრაფ კონტრშეტევებში ვივარგეთ და საბოლოოდ, დამსახურებულად წავაგეთ. ჩვენდა სამწუხაროდ, სანიოლს იმასაც ხშირად ვამჩნევთ, რომ ექსპერიმენტებს, მაინცდამაინც, ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებში ცდილობს ხოლმე და ამის გამო, აქამდეც არაერთხელ დავსჯილვართ. გვარების ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ მცველების განლაგება იდეალური არ იყო, ნახევარდაცვა ეფექტიანი ვერც ჩაშლის ნაწილში გამოდგა და ვერც - შეტევაში, ცვლილებები კი გაცილებით ადრე იყო გასაკეთებელი. მით უმეტეს, რომ ახლახან დასრულებული საკლუბო სეზონის შემდეგ, ნაკრების ზოგიერთ ფეხბურთელს ეტყობოდა, რომ უკვე დასვენებაზე ფიქრობ(და)...
საუკეთესო ფორმაში მყოფ ძლიერ ნაკრებთან წაგება ტრაგედია არ არის. გული სხვა რაღაცებზე უფრო გვწყდება და დაწვრილებით, ამაზე, მომდევნო წერილებში ვიტყვი. შოტლანდია-საქართველოს მოკლე რეზიუმე კი ასეთია: „წყალდიდობის“ შემდეგ, მატჩი აღარ უნდა გაგრძელებულიყო. თუ მაინცდამაინც, გოლი უნდა გაეუქმებინათ. საქართველოს ნაკრებს აქვს პოტენციალი, თუმცა, სამუშაო ბევრია - მოთამაშეთა ამპლუის, ტაქტიკისა თუ ფსიქოლოგიური მდგრადობის მხრივ...
ისევ სათაურს მივუბრუნდეთ: საბედნიეროდ, „წყალწაღებულები“ ნამდვილად არ ვართ. გვაქვს იმის პოტენციალი, შოტლანდიურმა ვერც თავსხმამ შეგვაშინოს, ვერც - თავ(და)სხმამ და ვერც - ადგილობრივმა კილტიანმა თუ ფორმიანმა ჯეელებმა. ვილი სანიოლს ძალიან კარგ თაობასთან უწევს მუშაობა, ნაკრებში კარგი ატმოსფეროა და... რაღა დარჩა?! მწვრთნელმა ეფექტიანად უნდა მოახერხოს ხოლმე სწორი შემადგენლობისა და ტაქტიკის შერჩევა. ამისთვის, დრო სექტემბრამდე აქვს: შემოდგომის პირველი თვის დასაწყისში, ესპანეთთან და ნორვეგიასთან (სტუმრად) მძიმე გამოცდები გველის.
...„ძვირფასი მწვანე ადგილი“ გლაზგოსთვის შერქმეული სახელია. მწვანე ნამდვილად არის. ლამაზიც. ოღონდ, „ძვირფასისა“ რა მოგახსენოთ - საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს, ქომაგებსა და იქ მყოფ რამდენიმე ქართველ ჟურნალისტს „ტკბილი მოგონებები“ მხოლოდ ამ ძალიან ლამაზ ქალაქთან (და)გვაკავშირებს, უშუალოდ შოტლანდია-საქართველოს მატჩის ხსენებისას კი, პირველ რიგში, კოკისპირული წვიმისგან დატბორილი „ჰემპდენ პარკის“ მოედანი, თითქმის ორსაათიანი პაუზა და ამ ყველაფრის შემდეგ უშანსოდ წაგებული თამაში გაგვახსენდება...
P.S. შოტლანდიიდან უხასიათოდ დავბრუნდით, მაგრამ სამაგიეროდ, თბილისმა დაგვახვედრა დიდებული ამბავი: 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა „დინამო არენაზე“ 2:0 აჯობა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ პორტუგალიას. შაბათს, სარეკორდოდ გადაჭედილ სტადიონზე (საქართველო-ბელგიას 41 887 მაყურებელი დაესწრო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატების ისტორიაში) ზაურ სვანაძის ბიჭებმა, ბელგიელებთან 0:2 ჩამორჩენა აღმოფხვრეს და ფაქტობრივად, გაინაღდეს პლეი-ოფის საგზური.
რატი შელეგია, გლაზგო-თბილისი
სპეციალურად საიტისთვის