ნაკლებად ცნობილი ფაქტები ლიპარიტ ბაღვაშის ცხოვრებიდან და ორთაბრძოლა განთქმულ მებრძოლთან - კვირის პალიტრა

ნაკლებად ცნობილი ფაქტები ლიპარიტ ბაღვაშის ცხოვრებიდან და ორთაბრძოლა განთქმულ მებრძოლთან

სომეხი ისტორიკოსი ვარდანი აღწერს ლიპარიტ ბაღვაშის საბრძოლო თავგადასავლებს, მათ შორის - ორთაბრძოლას ერთ განთქმულ შავკანიან მებრძოლთან.

"თავისი მამაცი დისწულის, ახალგაზრდა ჩორდვანელის ბრძოლაში დაღუპვის შემდეგ ლიპარიტი, როგორც მძვინვარე მხეცი, ჩაება ომში [სელჩუკების წინააღმდეგ] და დაფანტა ურწმუნოები, მოირწყა მათი სისხლით. ლიპარიტის ღირსების მოწმე ბერძენმა ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, მსხვერპლად შეეწირათ იგი და დატოვეს მარტო მტრის შუაგულში. როცა ურწმუნოებმა ეს დაინახეს, გარს შემოერტყნენ მარტო დარჩენილ ქართველებს. ლიპარიტი ბრდღვინავდა ურწმუნოთა შუაგულში, როცა უკნიდან ერთი ქართველი მიეპარა და მის ცხენს წვივებზე დაჰკრა, ცხენიდან გადმოვარდნამდე ლიპარიტმა მოასწრო და სასიკვდილოდ ჩაარტყა ამ ქართველს. ჩამოქვეითებულმა ლიპარიტმა შეჰყვირა: მე ლიპარიტი ვარ !

ბევრი ქართველი მოკლეს, ზოგი გაიქცა, ლიპარიტი დაატყვევეს და ხორასანში წაიყვანეს, სულთან თოღრულთან, რომელსაც სმენოდა მისი იშვიათი ღირსებების შესახებ. ის ორი წელი დარჩა აქ და ბევრ ადგილას განითქვა სახელი თავის ბრწყინვალე უნარებით. ერთ დღესაც, ასპარეზობაზე, რომელსაც სულთანი ესწრებოდა, მან სძლია და მოკლა ერთი მამაცი ზანგი და ერთი ურწმუნო, რასთან დაკავშირებითაც სულთანმა მას თავისუფლება უბოძა და ბევრი საჩუქრებით გაგზავნა საბერძნეთში (ბიზანტიაში)". ვარდანის ეს ფრაგმენტი ვთარგმნე ბროსეს ფრანგული ვერსიიდან.

353675287-964036311588571-7698184461932767355-n-1687780565.jpg
ფერადკანიანი ადამიანი ლაბსყალდის სახარების მინიატურაზე, მე-12 საუკუნე.

აქვე შევეხები კიდევ ერთ, ნაკლებად ცნობილ ფაქტს მისი ბიოგრაფიიდან. როგორც ცნობილია, ლიპარიტ ბაღვაში დღეს მხოლოდ მოღალატედ ახსოვთ. მასსა და ბაგრატ მეოთხეს შორის სასტიკი დაპირისპირება არსებობდა.

ბაგრატმა ლიპარიტის დატყვევება შეძლო და იგი ბიზანტიაში გადაასახლა, სადაც იწყება მისი ახალი, მწიგნობრული ასპარეზობა, იგი ანტონის სახელით ბერად აღიკვეცა და დიდი წვლილი შეიტანა ქართული მწერლობის გამდიდრებაში - თავისი მონასტრის, ბარლაამწმინდის ბიბლიოთეკაში ამზადებინებდა საუკეთესო ხელნაწერებს, იყო გიორგი მთაწმინდელის დიდი მეცენატიც, რისთვისაც გიორგი მას უდიდეს პატივს სცემდა. საგულისხმოა, რომ ლიპარიტი ქმნიდა ორიგინალურ ნაწარმოებებსაც, საბედნიეროდ, მათ ჩვენამდე მოაღწიეს, ერთ-ერთი მათგანის სახელია "მართლმადიდებლობისათვის და მწვალებლობისათვის".