გაცოცხლებული ისტორია: კათალიკოსი კირიონი. "ფრთები რომ მქონდეს, სამშობლოში ჩასვლას ჩაგისწრებო..." - კვირის პალიტრა

გაცოცხლებული ისტორია: კათალიკოსი კირიონი. "ფრთები რომ მქონდეს, სამშობლოში ჩასვლას ჩაგისწრებო..."

"კვირის პალიტრის" ახალი რუბრიკით "გაცოცხლებული ისტორია" ლეგენდარული ქართველების შესახებ გიამბობთ. შესაძლოა მათი სახელები ხშირად გსმენიათ, თუმცა, ბევრი არაფერი იცით მათი ბიოგრაფიის შესახებ. ნაცნობი და უცნობი ბიოგრაფიული შტრიხებით საქართველოს ძველსა და ახალ ისტორიას შეგახსენებთ. დროდადრო უძველეს და უნიკალურ ფოტომასალასაც დავიხმართ, რომელიც ზოგჯერ მატიანეზე მეტს ამბობს.

რუბრიკას დავიწყებთ საქართველოს ერთ-ერთი დიდი პატრიარქის, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველი კათალიკოსის კირიონის (საძაგლიშვილი) ბიოგრაფიითა და ფოტოებით.

1998 წელს თბილისელ ფოტოგრაფს ალექსანდრე როინაშვილს ჯერ კიდევ ახალგაზრდა კირიონისთვის გადაუღია ფოტო.

ეს ის დროა, როდესაც მომავალი კათალიკოსი ალავერდის ეპისკოპოსად აკურთხეს. მოგვიანებით, 1917 წელს, ბორის კოზაკს აღუბეჭდავს კადრი, სადაც კირიონი უკვე კათალიკოსია. საქართველოს სულიერი მწყემსი ფოტოზე შემოსილია უძველესი კუკულბარტყულით. ეს არის სასულიერო უმაღლესი იერარქის თავსარქმელი, რომელსაც ჯერ კიდევ ანტონ II კათალიკოსი ატარებდა. როგორც ცნობილია, რუსეთის იმპერია საქართველოში შემოსვლის დღიდან ცდილობდა დაენგრია ქართული ეკლესია და განეძარცვა სულიერი თუ მატერიალური სიმდიდრისგან, ამიტომაც უამრავი უძველესი ნივთი, მათ შორის პატრიარქების სამოსი და სხვა რელიგიური საგანძური ქვეყნიდან გაზიდეს. ანტონ კათალიკოსის ნაქონი კუკულბარტყული სასწაულებრივად შემორჩენია სიონის საკათედრო ტაძრის განძსაცავს. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს პირველი სულიერი მწყემსი სწორედ გადარჩენილი კუკულბარტყულით, ანტონისეული ჯვრითა და პანაღეით წარმდგარა ერის წინაშე.

ერისკაცობაში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი 1854 წლის 10 ნოემბერს დაბადებულა, დუშეთის მაზრაში, სოფელ მლეთაში, მღვდლის ოჯახში. გამორჩეული სასულიერო პირების შთამომავალს მემკვიდრეობით გადაეცა მისია, ეღვაწა ქრისტესთვის და საქართველოსთვის.

კირიონის ცხოვრება ერისკაცობაში ტრაგიკულად წარიმართა, მას დაუნდობელმა სენმა ერთბაშად გამოაცალა ხელიდან ცოლ-შვილი. ამის შემდეგ ის მხოლოდ ქრისტესა და საქართველოსთვის ცხოვრობდა. ერისკაცობაშიც და შემდგომაც კირიონი ეწეოდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მუშაობას.

1896 წლის 2 ნოემბერს საქართველოს მომავალი სულიერი მწყემსი ეგზარქოსების კარის ეკლესიაში, ექვსფსალმუნების წაკითხვის შემდეგ ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) ბერად აღკვეცა და სახელად კირიონი უწოდა. ბერი მალევე აამაღლეს სასულიერო იერარქიაში. მას აჯილდოებდნენ და აწინაურებდნენ გამორჩეული ქრისტიანული ღვაწლის გამო, მაგრამ რუსეთის იმპერიამ და რუსულმა ეკლესიამ სახიფათოდ მიიჩნიეს კირიონის საქართველოში მოღვაწეობა არა მარტო ქრისტიანული, არამედ მამულიშვილური ღვაწლის გამო. ალავერდის შემდეგ კირიონი გორის მაზრაში, შემდეგ კი სოხუმში მსახურებდა ეკლესიას და დაუცხრომლად იღვწოდა.  ეს ამბავი აავებდა რუს მოხელეებს. ამიტომაც კირიონი საქართველოს მოაცილეს და კოვნოს ეპარქიაში გადაიყვანეს აფხაზების გაქართველების მცდელობის ბრალდებით. იმის უფლებაც კი არ მისცეს, რომ 1907 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძის დაკრძალვას დასწრებოდა.

იმის გამო, რომ მოითხოვდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, 1908 წელს რუსეთის მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დააპატიმრეს.

1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობა კირიონს დააბრალეს. ამ ცილისწამებამ როგორც ქართველი, ისე რუსი საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი აღაშფოთა. ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც კი შექმნეს, რომელმაც დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კირიონის გათავისუფლების მოთხოვნით. ადამიანის უფლებების დაცვის თავმჯდომარე ჟორჟ ლორანმა ბრიუსელიდან 1909 წლის 20 მარტს ყოფილ სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ხომიაკოვს სთხოვა, დაეცვა ეპისკოპოსი კირიონი დევნა-შევიწროებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება, მომავლის რწმენა არ დაუკარგავს. ი. ჩიჯავაძეს სწერდა: "ჩემი აქ ყოფნა ხომ მეტად მძიმეა, მაგრამ მით უფრო დამიმძიმდება, როდესაც გულსაკლავი და არასანუგეშო ამბები მომივა სამშობლოდან... მომავალი ჩვენს ხელშია, კეთილსინდისიერი შრომაა მისი დამაგვირგვინებელი... წინ ფიანდაზის მაგივრად, მართალია, ეკლიანი გზა გვიდევს, მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია".

უამისოდ ხომ კირიონს ცხოვრება არ შეეძლო, აკი ამბობდა, მამულიშვილისთვის ყველაფერი მოსაბეზრებელია მამულიშვილობის გარდაო.

1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტ.) მცხეთის ათორმეტთა მოციქულთა საპატრიარქო ტაძარში შედგა საქართველოს საეკლესიო ცხოვრების უდიდესი აქტი, - ქართულმა ეკლესიამ აღიდგინა ასი წლის განმავლობაში წართმეული ავტოკეფალია.

სამღვდელოების ერთმა ნაწილმა რუსეთში იძულებით გადასახლებულ ეპისკოპოს კირიონს დესპანი აახლეს, სთხოვდნენ სამშობლოში დაბრუნებას. ჩიტო კაპანაძე გაზეთ "საქართველოს" ფურცლებზე: "ქ. ვიტებსკში. 25 მარტს საღამოს 5 საათზე ეპისკოპოსს ბინაზე ვესტუმრეთ. კირიონი იწვა, როდესაც ოთახში მიგვიწვია.

"ექიმს ველიო", წარმოსთქვა პატივცემულმა კირიონმა. მიუხედავად იმისა, რომ ეპისკოპოსი ჯანმრთელადაა, მაინც უკანასკნელ ათი წლის ტანჯვა-წამებას და ნოტიო ადგილებში ცხოვრებას მასზე გავლენა მოუხდენია და რევმატიზმით ავადმყოფობს...

- როგორც კი მოვაწყობ ჩემი ეპარქიის საქმეებს, სამშობლოსაკენ გამოვეშურები, ფრთები რომ მქონდეს, სამშობლოში ჩასვლას ჩაგისწრებო - წარმოსთქვა კირიონმა და კვლავ ოცნებას მისცა თავი..."

1917 წლის 11-17 სექტემბერს გამართულ პირველ საეკლესიო კრებაზე იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. ამავე წლის 1-ელ ოქტომბერს, მცხეთის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა მისი ინტრონიზაცია და ეწოდა სახელად კირიონ II.

კირიონ II-მ წერილები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებლურ ეკლესიათა მეთაურებს, რომელშიც აღწერდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას და მოითხოვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობას. ძნელი იყო გაძარცულ-გაპარტახებული საეკლესიო ქონების კვლავ შეგროვება. ქართული სასულიერო ლიტერატურის გამოცემის აუცილებლობა, ეპარქიების აღდგენა-მოწესრიგება, სასულიერო პირთათვის ელემენტარული საარსებო პირობების შექმნა და უამრავი სხვა პრობლემა ჰქონდა გადასაწყვეტი კირიონ II-ს. იგი ჩვეული თავდავიწყებით შეუდგა საქმეს, რომელიც სამწუხაროდ დიდხანს არ დასცალდა.

1918 წლის 27 ივნისს კირიონ II თავის ოთახში ტყვიით განგმირული ნახეს.  კათოლიკოს-პატრიარქის ცხედარი 7 ივლისს სიონის საკათედრო ტაძარში დიდი პატივით დაკრძალეს.

დეკანოზი ნ. თალაკვაძე იგონებს: "ხმა დაუყარეს, რომ თავი მოიკლაო!" 68 წლის მოხუცმა, რომელსაც დამბლის გამო პირზე ჭიქა ვერ მიჰქონდა დასალევად, ასეთი ხელით მწოლიარემ რევოლვერი დაირტყა და თავი მოიკლაო! რევოლვერი იქვე ეგდო ცხედართან: რევოლვერი დაკეტილი იყო. როგორ, თავი მოიკლა და რევოლვერი დაკეტა? გვერდზე დაიგდო?! ასეთი დასკვნა გამოუტანა "გამოძიებამ", - იტყობინებოდა 1918 წლის 28 ივნისს გაზეთი "საქართველო". პატრიარქი მოკლეს.

(სპეციალურად საიტისთვის)