"სამი  ტრაგედია":  მერაბ კოსტავას და ზურაბ ჭავჭავაძის  გარდაცვალება - კვირის პალიტრა

"სამი  ტრაგედია":  მერაბ კოსტავას და ზურაბ ჭავჭავაძის  გარდაცვალება

1989 წლის 13 ოქტომბერს ეროვნულ მოძრაობას გამოაკლდა მთავარი ბურჯი - მერაბ კოსტავა. მას არ დასცალდა ბოლომდე დახარჯულიყო საკუთარი ქვეყნისთვის, ბევრი მოასწრო, თუმცა უფრო ბევრი გასაკეთებელი დარჩა. უმრავლესობა სწორედ მერაბ კოსტავაში ხედავდა საქართველოს ეროვნული მოძრაობის ყველაზე პატრიოტ, გონიერ და წინდახედულ ლიდერს. მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ნიშა აღუვსებელი დარჩა და იმძლავრა ფანატიზმმა, რადიკალიზმმა და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებამ. გარეშე ძალების ჩარევის შედეგად საქართველოს ეროვნული მოძრაობა კიდევ უფრო გაიხლიჩა, რასაც სამოქალაქო ომი, სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაკარგვა (იმედია, დროებითი) მოჰყვა.

1989 წლის 6 ოქტომბერს, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, მერაბ კოსტავა “ლიტერატურულ გაზეთში” წერდა: “ეროვნული მოძრაობის აქილევსის ქუსლად უნდა ჩაითვალოს ვიწრო პარტიული და ორგანიზაციული პატრიოტიზმის გამოვლინებანი, წარსულში არსებული ვიწრო-კუთხური პარტიკულარიზმის ტოლფასი”, შემდეგ კი ასკვნიდა: ”. . . ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში იმდენად დაიკავებს მართებულ პოზიციას, რამდენადაც ერთიანობის იდეას ყველა სხვა იდეაზე მაღლა დააყენებს, როცა ყველა ჩვენთაგანს თავად ეს მოძრაობა ეყვარება და არა საკუთარი თავი ამ მოძრაობაში”. სამწუხაროდ მისი გარდაცვალების შემდეგ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს არ გახსენებიათ მ. კოსტავას ეს მოწოდებები, პრიქით, თითქოს სპეციალურად ყველაფერი საწინააღმდეგოდ გააკეთეს და სამოქალაქო ომი გააჩაღეს. მერაბ კოსტავას პიროვნული თვისებების შესახებ ბევრი დაწერილა და მეც მსურს ერთი პატარა ეპიზოდი გავიხსენო.

1989 წლის 21 ივნისს ფილარმონიის დიდ დარბაზში საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი ყრილობა გაიხსნა. სხდომები 25 ივნისამდე მიმდინარეობდა და როგორც ყრილობის დელეგატი, მეც ვესწრებოდი. კარგად მახსოვს მაშინ არსებული ე. წ. "ეკონომიკისა და მართვის ინსტიტუტში“ (ინსტიტუტის დასახელება შევამოკლე, სხვა შემთხვევაში ბლოგის ნახევარს დაიკავებდა) შექმნილი სახალხო ფრონტის ორგანიზაციის კრებაზე ფარული კენჭისყრის შემდეგ 3 თუ 4 დელეგატი აგვირჩიეს. ყრილობის არც ერთი სხდომა არ გამიცდენია და გულმოდგინედ ვუსმენდი გამომსვლელებს. ახლაც მახსოვს ის დიდი პოლიტიკური აღტკინება, რაც მაშინ ფილარმონიის დარბაზში სუფევდა: ეს იყო პირველი ოფიციალური ანტიკომუნისტური შეკრება, სადაც საქართველოს მომავალზე მსჯელობამ ქუჩის მიტინგებიდან პირველად გადაინაცვლა ცივილურ და შესაფერის გარემოში, სადაც ქართულ ინტელიგენციასაც შეეძლო საკუთარი აზრის გამოხატვა. თავს არ შეგაწყენთ ყრილობაზე არსებული დაპირისპირებებისა და ემოციური (ხშირად ზღვარგადასული) გამოსვლების გახსენებით.

ყრილობის ბოლო დღეს რამდენიმე გამომსვლელმა სასოწრკვეთილი ტონით გაავრცელა შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ ივნისის ბოლო დღეებში ქვემო ქართლში მოსალოდნელი იყო სიტუაციის გამწვავება ქართველ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის. ბუნებრივია ამ ინფორმაციამ განსაკუთრებულად იმოქმედა ისედაც ეგზალტირებულ ყრილობის დელეგატებზე. გაისმა ძალზე ემოციური და რადიკალური მოწოდებები, თუმცა მერაბ კოსტავამ, თავისი ბუბუნა ხმით, ხალხს დამშვიდებისაკენ მოუწოდა: "ჯერ კარგად გავარკვიოთ რა ხდება და მერე ვიმოქმედოთო“. ამის შემდეგ სიტუაცია მნიშვნელოვნად განიმუხტა.

სახალხო ფრონტის ყრილობის შემდეგ ქვემო ქართლის სოფლების მაცხოვრებლებმა "ინსტიტუტში“ მოგვაკითხეს და თავისი გასაჭირი გაგვიზიარეს: "ქართულ სოფლებში დიდი პანიკაა დღე-დღეზე თავს უნდა დაგვესხნენო“.გავარკვიეთ, რომ აზერბაიჯანულ სოფლებშიც იგივე დეზინფორმაციას ავრცელებდნენ: "ქართველები თავს უნდა დაგვესხანო“. "ინსტიტუტის“ თანამშრომლებმა ( გვარებს არ ვასახელებ მათთან შეთანხმების გარეშე) გადავწყვიტეთ დმანისის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მაშავერაში, ჩავსულიყავით, ხალხიც დაგვეწყნარებინა და ადგილზე რეალური მდგომარეობა გვენახა. თან მათი თხოვნაც – "სრულ სიბნელეშია სოფელი და იქნებ გარე განათების ლამპიონები და ნათურები ჩამოგვიტანოთო“ – შევასრულეთ. მათთვის აუცილებელი სხვა "სამეურნეო ინვეტარიც“ ჩავტვირთეთ ავტომობილებში, თუმცა მაშავერაში წასასვლელად გამზადებულებს სერიოზული პრობლემა გადაგვეღობა: ქვემო ქართლის საავტომობილო ტრასაზე "სახელმწიფო ავტოინსპექციას“ გაძლიერებულ პიკეტებით გზები ჰქონდა გადაკეტილი და თბილისიდან არავის ატარებდნენ. შსს ადმინისტრაციული მილიციის სამმართველოში (რომელიც მაშინ "ლენინის მოედანზე“ მდებარეობდა) მისულებს სასტიკი უარი გვითხრეს სპეციალური საშვების მოცემაზე. ერთადერთი გამოსავალი მერაბ კოსტავასთან წასვლაღა იყო, რომელიც "ეკონომიკის ინსტიტუტთან“ ახლოს ცხოვრობდა მაშინდელი ჯავახიშვილის (დღევანდელი ზანდუკელის) ქუჩაზე. ეზოში შესვლა ვერც მოვასწარით, რომ თავად მერაბს შევეჩეხეთ: გაღეღილი პერანგით მოაბოტებდა, ცალ ხელში თონის პურის მოზრდილი ნაჭერი ეკავა და მადიანად ილუკმებოდა. არწივისებრ გადმოგვხედა ზემოდან ( ზუსტად ისე, როგორც ფოტოზეა), ჩანდა მიიჩქაროდა. ჩვენ ძლივს მივყვებოდით და თან სიტუაციას ვუხსნიდით. ქვაფენილს ჩამოვცდით და მერაბი გაჩერდა: რამე ფურცელი თუ გაქვთო გვკითხა, ჩვენში "მთავარი“ ვინც იყო სულ პაპკა–ფურცელ–კალმით შეიარაღებული დადიოდა. ჩამოვწერეთ გვარები ვინც მაშავერაში მივდიოდით, მერაბმა ზემოდან რაღაც მიაწერა და ბოლოში ხელიც მოაწერა: მერაბ კოსტავა. "წაუღეთ ეს და თუ საშვებს არ გააკეთებენ . . .“ – თან მამა–პაპურად შეიკურთხა. გართულების გარეშე მოგვცეს საშვები (დღესაც ვინახავ ამ ისტორიულ პატარა ქაღალდის ფურცელ – "საშვს“) და იმავე საღამოს უკვე მაშავერაში ვიყავით. გული და ძალა მიეცათ სოფლელებს. სამი დღე და ღამე ვმორიგეობდით. მიუხედვად ბევრი მიპატიჟებისა წვეთ ალკოჰოლს არ გავკარებივართ. საბედნიეროდ მოსკოვის პროვოკაციაზე არც აზერბაიჯანელები და არც ქართველები წამოვეგეთ. მშვიდობა იდგა ქვემო ქართლში. თუმცა მტერმა მეორე "ნაღმი“ აამოქმედა.

1989 წლის 15–16 ივლისს აფხაზმა სეპარატისტებმა დაარბიეს ქართული სკოლები და მხეცურად გაუსწორდნენ ქართველებს. მთელი საქართველო ფეხზე დადგა. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა მერაბ კოსტავას სიბრძნე, ის მეორე დღესვე სოხუმში ჩავიდა და ქართველები დააოკა: “ძმებო, ეს ყველაფერი პროვოკაციაა ჩვენსა და აფხაზებს შორის ომის დასაწყებად არის გათვლილი. არ გაბრიყვდეთო“. მაშინ გადარჩა საქართველო ძმათა მკვლელ ომს. "ბოროტების იმპერიის“ მესვეურნი, მოსკოვშიც და თბილისშიც, მიხვდნენ, რომ მერაბ კოსტავა იყო ეროვნული მოძრაობის დუღაბი და მთავარი შემაკავშირებელი რგოლი. თავისი უბრალოებით, ადამიანურობითა და პატიოსნებით მას უკვე უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა საქართველოში. იმ ავბედით დღესაც მერაბ კოსტავა ქუთაისში ეროვნული მოძრაობის სხვადასხვა ჯგუფების შესარიგებლად იმყოფებოდა.

ამიტომ ის დიდი საფრთხე იყო კომუნისტური ხელისუფლებისთვის. ესაა რეალობა, რაც "ბორითის ტრაგედიას“ წინ უძღოდა. ისე კი 1989 წელი ძალზე ნავსიანი იყო საქართველოსთვის: 9 აპრილის ტრაგედია, 13 ოქტომბერს – მერაბ კოსტავას, ხოლო 21 დეკემბერს – ზურაბ ჭავჭავაძის გარდაცვალება ის თარიღებია, რომლებმაც ბევრად განსაზღვრა საქართველოს უახლესი ისტორიის მძიმე მომავალი.

kost3-1687847450.jpg

მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე

1989 წლის 15 ოქტომბერს მაშინდელი ოფიციოზის პრესის “ფლაგმანი”, გაზეთი “კომუნისტი” მესამე გვერდზე “პადვალში” (როგორც მეგაზეთეები ეძახიან –ბ.ა.) მოთავსებულ მცირე ინფორმაციაში იტყობინებოდა: "ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა მერაბ კოსტავა. . . ზურაბ ჭავჭავაძემ ავტოკატასტროფის შედეგად მიიღო ქალა-ტვინის დაზიანება. . . მისი მდგომარეობა ძალზე სერიოზულია. იგი უკვე ორჯერ იმყოფებოდა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში. . .”.

უნდა ითქვას, რომ საბჭოთა საპეცსამსახურებს პოლიტიკური მკვლელობების, მათ შორის ავტოკატასტროფების მოწყობის, უდიდესი გამოცდილება ჰქონდათ. ამიტომაც გამოითქვა უამრავი ვერსია და ტყუილ-მართალი ერთმანეთში აირია. გამოძიების ოფიციალური ვერსია თავიდანვე, ძალზე ბუნდოვანი იყო, თითქოს მაშინდელ კომუნისტურ ხელისუფლებას სიმართლის დაფარვა უნდოდა. შემდგომში ეჭვი გააძლიერა იმ ფაქტმაც, რომ ზურაბ ჭავჭავაძე მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ყველას ეგონა, რომ კრიტიკული მდგომარეობა დაძლეული იყო. ძალზე ბევრი კითხვა დღესაც პასუხგაუცემელია.

სამ ათეულზე მეტი წელი გავიდა ბორითთან მომხდარი ტრაგედიიდან, მაგრამ ბევრი პიროვნების ცნობიერებაში იმ დღეების ტკივილი კვლავ წარუშლელია. ჩემს მიზანს არ წარმოადგენს ძველ ან ახალ პოლიტიკურ დისკუსიებში ჩაბმა და მტყუან-მართალის გარკვევა, ამიტომ მხოლოდ “ბორითის ტრაგედიასთან” დაკავშირებული მოვლენების ანალიზს შემოგთავაზებთ.

kost4-1687847450.jpg

ავტოკატასტროფის ადგილი

ბორითთან მომხდარი ტრაგედიის ნამდვილი მიზეზების დადგენისას აჩქარება და ნაადრევი დასკვნების გაკეთება, მით უფრო კონკრეტული პიროვნებების დადანაშაულება, არასწორი იქნებოდა. ამ ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო მძღოლის დაუდევრობისა და გადაღლის გამო მომხდარი უბედური შემთხვევა, ხოლო მეორე ნაწილს სჯეროდა, რომ სუკ-ის “უჩინარი ხელის” მიერ იყო ყველაფერი მოწყობილი. ორივე მხარეს საკმაოდ მყარი არგუმენტები გააჩნდათ. კვლავ დილემა: სუკ-ის მიერ მოწყობილი ავტოკატასტროფა თუ უბედური შემთხვევა? ამდენი შპიონომანიით და “შეთქმულების თეორიით” სულ ხომ არ დაგვებინდა გონება? რა გვაძლევს იმის მტკიცების საფუძველს, რომ ეს იყო სუკ-ის მიერ წინასწარ დაგეგმილი და მოწყობილი ავტოკატასტროფა?

ფაქტია, რომ საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ გასჩენია სურვილი დაესრულებინა მერაბ კოსტავასა და ზურაბ ჭავჭავაძის ტრაგიკული გარდაცვალების საქმის გამოძიება.

წაიკიკთხე ბლოგის პირველი ნაწილი: სამი ტრაგედია, რომელმაც შეცვალა საქართველოს უახლესი ისტორია

(მეორე ნაწილის დასასრული)