"იღბლის ჯარისკაცები" - როგორ იყენებენ კერძო სამხედრო კომპანიებს ხელისუფალნი და ოლიგარქები, რამდენად რეალურია მათი მუშაობა საქართველოში - კვირის პალიტრა

"იღბლის ჯარისკაცები" - როგორ იყენებენ კერძო სამხედრო კომპანიებს ხელისუფალნი და ოლიგარქები, რამდენად რეალურია მათი მუშაობა საქართველოში

2023 წლის 24 ივნისის მოვლენები, როდესაც რუსეთის ერთი ქალაქის ცენტრი დაიპყრეს, ხოლო დედაქალაქისკენ - მოსკოვისკენ ათასზე მეტი მანქანისგან (მათ შორის ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორებისა და საზენიტო-სარაკეტო თვითმავალი დანადგარების ჩათვლით) შემდგარი კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" შენაერთი დაიძრა, დიდად ყურადსაღებია არა მარტო რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისთვის...

ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფალი, როდესაც იარაღს და მითუმეტეს საბრძოლო ტექნიკას უკანონებს კერძო სამხედრო კომპანიას (ისე, ინფორმაციისთვის - რუსეთის ფედერაციაში "ვაგნერიც" და სხვა რუსული კერძო სამხედრო კომპანიებიც არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებად უნდა მიიჩნეოდნენ და სისხლის სამართლის კანონით იდევნებოდნენ, რადგან რუსეთის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს კერძო სამხედო კომპანიების შექმნასა და ფუნქციონირებას), ამისთვის რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა ამოძრავებოდეს...

ვინ და რისთვის ქმნის კერძო სამხედრო კომპანიებს?

საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, საქვეყნოდ ცნობილი ფრანგული "უცხოური ლეგიონი" არ განეკუთვნება კერძო სამხედრო კომპანიას (მიუხედავად იმისა, რომ ის, ძირითადად, სწორედ უცხოელი "იღბლის ჯარისკაცებით" კომპლექტდება), რადგან "უცხოური ლეგიონი" საფრანგეთის სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში შედის.

კერძო სამხედრო კომპანია კომერციული ორგანიზაციაა, რომელიც სპეციალიზებულ შეკვეთებს ასრულებს, მაგალითად, იცავს ობიექტებსა და ამა თუ იმ პირს შეიარაღებული კონფლიქტების ზონებში, მოიპოვებს სადაზვერვო ინფორმაციას და აანალიზებს მას, ასევე კონსულტაციას უწევს მსურველებს სამხედრო საკითხებში და ა.შ. კერძო სამხედრო კომპანიების მომსახურებით სარგებლობენ როგორც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფალნი, ისე მსხვილი კონცერნები ან ოლიგარქები.

28062023-0931-1687930420.38_REC.png

კერძო სამხედრო კომპანიების „იღბლის ჯარისკაცების“ ერთი შეხედვით მოთვინიერებულ, მაგრამ უსაბელოდ ქალაქის ქუჩაში გასეირნებულ ვეფხვს წააგავენ, რომლისგან ყველაფერია მოსალოდნელი...

რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებამ შეიძლება იმიტომ დაიქირაოს "იღბლის ჯარისკაცები", რომ არ გამოჩნდნენ მისი რეგულარული არმიის დანაყოფები შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში, რასაც უარყოფითი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვებოდა. ამასთან, თუკი დაქირავებული მებრძოლები დაიღუპებიან, ამას ქვეყნის საზოგადოება ბევრად გულგრილად მიიღებს, ვიდრე ეროვნული არმიის დანაკარგს.

საერთაშორისო დონის კონცერნებს კერძო სამხედრო კომპანიების დახმარება, ძირითადად, შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში საკუთრების (ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები, ფაბრიკები, ელექტროსადგურები და სხვ.) გაძარცვისა და განადგურებისგან დასაცავად სჭირდებათ.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ზემოხსენებულ ორივე ამოცანას ასრულებდა - უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში, კრემლის დავალებით მოქმედებდა, ხოლო სირიაში, რუსეთის ხელისუფლების გარდა, უმსხვილესი კონცერნის, "გაზპრომის" ინტერესებისთვისაც იბრძოდა.

სიმართლე ითქვას, რუსული "ვაგნერი" კერძო სამხედრო კომპანია არც არის, რადგან მისი მებრძოლები სპეციალურ მომზადებას გადიან (შეიძლება ითქვას, გადიოდნენ) კრასნოდარის მხარეში, მოლკინოს სამხედრო ბაზაში, სადაც რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს - ГРУ-ს მე-10 სპეციალური დანიშნულების ბრიგადაა დისლოცირებული (ამ ბრიგადის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები აგვისტოს ომის დროს მოქმედებდნენ ქართულ მიწაზე), ამასთან, დაფინანსებას რუსეთის ბიუჯეტიდან იღებდა.

2-vag-1687852178.jpg
პუტინმა ფეხი წაიტეხა თავისავე პირმშოზე - „ვაგნერზე“ და კისერის წატეხვას წკიპზე გადაურჩა, მაგრამ უკრაინის ფრონტიდან მასობრივად მოხსნილი უკმაყოფილო რუსი მებრძოლების შეიარაღებული პროტესტები ეტყობა ჯერ კიდევ წინ არის...

"ვაგნერი" სინამდვილეში კერძო სამხედრო კომპანია კი არა, პუტინის საიდუმლო "მინიარმია" იყო, რომლის გამოყენება კრემლს ნებისმიერი საჩოთირო საქმისთვის შეეძლო - სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად რომელიმე პატარა ქვეყანაში თუ "გაზპრომისთვის" ნავთობსაბადოების მისატაცებლად.

კერძო სამხედრო კომპანიები აშშ-სა თუ ევროპაში მრავლად არიან, მათი "გაფურჩქვნის" ხანა ავღანეთისა და ერაყის ომების პერიოდს დაემთხვა.

იმის მტკიცება, რომ ამერიკული "იღბლის ჯარისკაცების" კომპანიები უფრო "სუფთები" არიან და არაფერს აშავებენ, ტყუილი იქნება, რადგან მათაც დატოვეს ერაყში "შავი" კვალი და ჩაიდინეს არაერთი დანაშაული, მათ შორის ერაყის მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე.

საქართველოშიც არიან კერძო დაცვის სამსახურები, მაგრამ ისინი ძალიან შორს დგანან კერძო სამხედრო კომპანიებისგან, თუნდაც იმიტომ, რომ კანონმდებლობით აკრძალული აქვთ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.

სხვა ქვეყნების ომებში საქართველოს მოქალაქეთა უმნიშვნელო ნაწილი დღესაც იბრძვის, მაგალითად, უკრაინაში კანონიერი ხელისუფლების მხარდასაჭერად და სირიაში საერთაშორისო ტერორისტების რიგებში.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ისინი, როგორც დაქირავებული მებრძოლები, ისჯებიან, მაგრამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ქართველებზე ეს, რა თქმა უნდა, ვერ გავრცელდება.

არის კიდევ ერთი კატეგორია საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებმაც არმიაში, პოლიციასა და სპეცსამსახურებში შეიძინეს პროფესიული ცოდნა, მაგრამ ისინი სხვადასხვა მიზეზის გამო დაითხოვეს ან პენსიაში გავიდნენ. სამწუხაროდ, სამშობლოში მათი გამოცდილება აღარავის სჭირდება და ისინი იძულებული არიან, სხვა ქვეყნების არმიებში დაქირავებული კონსულტანტების სახელით მოიერიშე თვითმფრინავებსა და დამრტყმელ შვეულმფრენებზე იფრინონ, დანაღმონ, საზენიტო დანადგარი აამოქმედონ ან სულაც სნაიპერულ ოპტიკურ სამიზნეში მიზანი ზუსტად ამოიღონ.

კერძო სამხედრო კომპანიებთან თანამშრომლობამ საქართველოს სამხედროებს 10-11 წლის წინ მოუწიათ, როდესაც ამერიკელი და განსაკუთრებით ებრაელი ყოფილი სამხედროები, გენერლებიც კი, ქართული არმიის კონკრეტულ დანაყოფებს მოკლეკურსიანი პროგრამით წვრთნიდნენ. ამ პროგრამებში არაერთი მილიონი დაიხარჯა, მაგრამ რამდენად წაადგა ეს ქართულ არმიას, გაგვიჭირდება შეფასება.

ამჟამად კერძო სამხედრო კომპანიების მომსახურებით მთელ მსოფლიოში სარგებლობენ. უკვე ბევრი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს სწორედ "იღბლის ჯარისკაცებს" გადააწყვეტინოს ის საჩოთირო პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლად საკუთარი არმიის გამოყენება არ სურს, რადგან დიდმა დანაკარგმა შეიძლება ამომრჩეველთა ხმები დააკარგვინოს.

სამხედრო ამბოხის მცდელობა და დედაქალაქზე გალაშქრება - ის, რაც გააკეთა რუსულმა "ვაგნერმა", შეიძლება თუ არა სხვა ქვეყნებშიც განმეორდეს კერძო სამხედრო კომპანიების მხრიდან?

აფრიკის ქვეყნებში ეს ისედაც არცთუ იშვიათად ხდება, ბოლო წლებში იმავე "ვაგნერის" ხელითაც, მაგრამ არის კი ამის შესაძლებლობა დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგალითად იმავე აშშ-ში?

ადრე შეიძლება წარბშეუხრელად გვეთქვა - არა, მაგრამ როდესაც ვიხილეთ აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ობიექტზე, ვაშიგტონის კაპიტოლიუმზე "ტრამპისტების" შეტევა და შიგ შეღწევა 2021 წლის 6 იანვარს, ასე ხელაღებით რამის უარყოფა უკვე შეუძლებელი ხდება დღევანდელ მოულოდნელობით აღსავსე სამყაროში...