"ძმისავ" - გურამ დოჩანაშვილი - XXI საუკუნის ქართული მოთხრობა (ტომი 3) - კვირის პალიტრა

"ძმისავ" - გურამ დოჩანაშვილი - XXI საუკუნის ქართული მოთხრობა (ტომი 3)

I

ახალგაზრდა მღვდელს, მამა ილიას, სახე და გამომეტყველება ჰქონდა არაჩვეულებრივად კარგი.

ხოლო მისი მრევლის ახალი წევრი, ლარისა ცერცვაძე თავის გარდაცვლილ ძმაზე მთელი ხუთი წლით იყო უფროსი, მერე როგორც ყველაზე კარგი და გასაფრთხილებელი სათამაშო და სამზრუნველო და მერე როგორც გვარის გამგრძელებელი, თუმცა „ცერცვაძე“ საქართველოში ჩვენში ხშირი გვარია და ლარისა მაინც ძლიერ განიცდიდა ძმის დაუოჯახებას, რადგან მოზრდილი ძმა თავის არასრულწლოვან შვილებშიც არ ერჩეოდა და მისით ერთგვარ ბებიაობასაც სულსწრაფად ელოდა. მაგრამ ჯერ მამა რომ დაიტირეს და მერე დედა, ოცდათოთხმეტი წლის ძმა ძალიან მოულოდნელად გარდაეცვალა ლარისას. ეს მეტად მოულოდნელი თავზარდამცემობა იყო, არავის უნახავს მისი ვანიკო ანუ ძმაჩინა, როგორც ძმას მოფერებით ასეც ეძახდა, ზედმეტად ნასვამი, და არც ნიკოტინმატარებლებს ეძალებოდა, უყვარდა ზომიერ მთაში სიარული, სულაც არ სჩვეოდა ზედმეტი დარდი, პირიქით, ღიმილიანი სასიამოვნო ახალგაზრდა კაცი იყო, უბოროტო, და უცებ – გული.

ლარისა ცერცვაძეს დედ-მამა როგორ არ უყვარდა, ძალიან უყვარდა, ძალიან დაენანა, თან როგორღაც ცოტათი დამნაშავედაც კი გრძნობდა თავს იმათ წინაშე – შეძლებისდაგვარად კიდეც უფრო უკეთ ვერ გავუფრთხილდიო და სინდისი ქენჯნიდა როგორც იტყვიან, ასეთი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც იმათი ხელით დარგულხეებიანი საკუთარი ეზო-კარი საბოლოოდ გაყიდა და ქმრის საკუთარსავე ბევრად უკეთეს ძალიან მაღალღობიან ეზოკარში მთლად საბოლოოდ გადავიდა ორიოდ გამორჩეულ ავეჯსა და ფოტოსურათებთან ერთად, მაგრამ მშობლების გარდაცვალება რაცგინდად მწარედ განეცადა, ეს მაინც ახსნაშეფერებული რამ – რომ მშობლები მიდიან და შვილები რჩებიან, ბუნების წესიასავით იყო, მაგრამ ხუთი წლით უმცროსი ძმის დაკარგვა?

დიდ მწუხარებასთან ერთად ლარისა რაღაც უხერხულადაც კი გრძნობდა თავს, რომ თითონ იგი ცოცხალია, ხოლო რამდენად უმცროსი ძმა მიწაში უწევს და ისიც ეუხერხულებოდა, რომ მას, გვარისვერგამგრძელებელს ისერა ქმრის გარდა ჰყავს უსაყვარლესი შვილები, თან ვაჟიცა და გოგოც, ორივსახეობა, და თანაც მთელ ქვეყანაზე ყველაზე მეტად უკეთესები, ხოლო ვანიკო ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ გვარის და საერთოდაც ნამდვილი გამგრძელებელი ვერ დატოვა და ლარისა დროდადრო ეკლესიას ხანდახანურად მიეკედლა ნუგეშისათვის, რომელი ეკლესიის არსებობა ადრე მხოლოდ შენობითღა იცოდა. გულმოდგინედ და უფროკი მეტად ჩამობინდული სიამაყით ესწრებოდა შაბათის წირვებს, დაისწავლა რამდენიმე ლოცვა და სანთლის სწორად დანთებაც ისწავლა მას შემდეგ, როდესაც მიანიშნეს და შეუცდომლად იცოდა, რომ თეთრცხენიანი მხედარი ეს დიდი წმინდა გიორგი იყო, რომელიღაც კარგი ქმედებებით გამორჩეული, ხოლო კაცი მღვდელმთავრის სამოსელში – წმინდა ნიკოლოზი, და ეს რამდენიმე ყველაფერი, რაღა თქმა უნდა კარგი იყო, ოღონდ ეკლესიიდან გამოსულ ლარისა ცერცვაძეს როგორღაც თავი მოჰქონდა ამით, რადგან თავს ჩვეულებრივ გამვლელ-გამომვლელებზე მაღლა გრძნობდა და თვლიდა და ერთგვარად ამაყად ეჭირა გინდაც დახრილი სახე და თანაც იმით, რომ საკუთრივ თავისით გადაწყვეტილი მკაცრი ურღვევპირობისდამიხედვით ლარისას, ადრე შესაშურებლად მრავალფეროვანად კარგჩამცმელს მთელ ერთ წელიწადს მკაცრი შავები უნდა სცმოდა, ხოლო როდესაც სხვები ზიზილა-პიპილაოიანებში დაიარებოდნენ და ამიტომაც თავს სხვებზე მაღლა გრძნობდა, როგორც უსამართლოდ დაჩაგრული და როგორც ამაღლებულად გარიყული და გინდაც ასე ყოფილიყო ეს, მაინც არ იყო ეს ალბათ კარგი, რადგანაც თუ ეს ასეთი უპირატესობის ასამაღლებლად ხაზგასმა სახეზე ეწერა და ლარისა ცერცვაძეს რომ ეგონა რომ ნამდვილი მორწმუნე იყო, ალბათ არ იყო მთლად ასე.

ისე კი, ხასიათით მონათესავე ნაცნობების თვალში მეტად სასახელოდ გადაიხადა. სუფრამოყრილი პანაშვიდი ძმაჩინას დაბადების დღეს, ახლა კი მისი ძმის, ვანიკოს, სახელის დღე ეყო, წმინდა იოვანე ნათლისმცემლის, იოვანეს, თავისკვეთის, 11 სექტემბერი, და 1998 წლის 11 სექტემბერსაც, მძიმე მარხვის დღეს შედარებით შესაფერისი, ოღონდ ზედმეტად კარგი სანოვაგით მივიდა იმ ახლადაშენებულ, შიგნით კი ჯერაც მოუმთავრებელ ალაგფრესკიან ეკლესიაში, რომელსაც თავისად თვლიდა, რადგანაც ვანიკო იქ ახლო თანამშრომლობდა გეოგრაფიის კათედრაზე და სწორედ იქ, ახლო ეკლესიაში უხდიდა ძმას პანაშვიდს ლარისა, უფრო სწორად კი, მამა ილია, ახალგაზრდა მღვდელი.

ლარისას სადღაც კი უნდოდა, რომ პანაშვიდი ადრე მომთავრებულიყო, რადგან სუფრისათვის ზოგიერთი რამ ჯერაც სუმთლად ბოლომდე მოუგვარებელი ჰქონდა, მაგრამ მამა ილია ჯერ ვიღაც სხვა ქალს ელაპარაკებოდა, რომელმაც მერე თავი დაუქნია მღვდელს და მაშინვე გამოიხედა და ძალიანაც გაუღიმა ლარისა ცერცვაძეს, რომელი ლარისაც, მიუხედავად იმისა, რომ ბევრგვარი გემრიელი სამარხვო საჭმლის ამოლაგებით იყო დატვირთული, მაინც შეიგრძნო უცნობი ქალის მზერა და თუმც ერთ-ერთი ჩანთისკენ დახრილი იყო, მაინც ამაყად შეაგება თვალი იმის ღიმილს შავებშიმყოფის სიმკაცრით, თან, სამარხვო დღის თუმცა ერთგვარად შესაფერისი, მაგრამ ზედმეტად მრავალფეროვანი და ზეთიანიც პურ-მარილი გაემზადებინა ძირითადად საკუთარი მოყვარული ხელით და ნაწილი ამისა შავი ჩანთებიდან ამოჰქონდა, ხოლო იმ ქალს კი მხოლოდ პური და ისიც ქარხნის და რაღაცა იეფი ღვინო ეჭირა ოდნავად ახრილ ცალ-ცალ ხელებში.

მამა ილია ლარისას მიუახლოვდა და უთხრა:

– ამ ქალბატონსაც ძმა ჰყავს გარდაცვლილი და სწორედ ივანე ერქვა. ჰქვია... ათზე დიდი წირვა გვეწყება, მამა მიქაელი და მე ერთად გადავუხდით პანაშვიდს, ორივეს. კარგი?

– კარგით, – თქვა ლარისამ, ოღონდ თავისი წიაღის დარღვევა არ ესიამოვნა.

– ახლავე მოვალ.

მამა ილია საკურთხეველში შევიდა, ხოლო ის ქალი ლარისასთან რატომღაც გახარებული მივიდა და ჯერ უთხრა:

– გამარჯობათ.

მერე კი ჰკითხა:

– და თქვენ რა გვარის ბრძანდებით?

რაამისისაქმე იყო, და ლარისა ცერცვაძე თუმცკი გაღიზიანდა, მაგრამ სწორა მიუგო:

– ცერცვაძე.

– მართლა? – გაეხარდა ქალს, – იზო ცერცვაძესი რამე ხომ არ ბრძანდებით?

– არა.

– და ნოდარისი?

– არა.

– არა? თუმცა სწორია, ისინი ხომ ბიძაშვილებია... და, ეე... სად ცხოვრობთ?

– საბურთალოზე.

ეს ქალიღა აკლდა, ყბედი.

– რომელ ქუჩაზე?

„ვაჰ!“

და ლარისა ცერცვაძე ჩანთიდან გაიმართა. ბასრად გაუყარა თვალი, და გამომწვევადაც დააყოლა:

– მიცკევიჩის ასოცდაშვიდი, სადარბაზო I, სართული II.

ეკლესიისშინა პირობაზე, ძალიან გამწვავებულად შესცქეროდა, მაგრამ ქალმა კიდევ დააყოლა და უთხრა:

– კარგი რიცხვებია.

... „ვაჰ, სულელია თუ რა?~ – გაიფიქრა ლარისა ცერცვაძემ. მამა ილია გამოსვლას აყოვნებდა, და იმ ქალმა კიდევ ახალი ჰკითხა:

– თქვენ გურული ცერცვაძე ბრძანდებით თუ იმერელი?

– თბილისელი ვარ. – ამაყად და ზემოდან უთხრა ლარისამ, თუმცაღა ისევ ჩანთისაკენ იყო.

– მართლა? – თავიდან გაეხარდა ქალს, – და მაშინ გიზო ცერცვაძესი?

– არაფერი.

და გაიფიქრა, – „თარსავს, ეგებ იმათაც ჰყავთ ძმა.~

– და ეე... დათიკო ცერცვაძესი?

– არაფერი, არა!

არადა, ერთი დათიკო რაღაც ბიძაშვილივით იყო, და სუფრაზედაც იქნებოდა.

– და, ტასიკო ადეიშვილ-ცერცვაძისა?

აქ ლარისამ სამარხვო მაიონეზით დალბობილი ვინეგრეტიც ამოიღო ჩანთიდან, იმითი ხელში გაიმართა და ნიშნისმოგებით უთხრა:

– არცერთ ცერცვაძეს არ ვიცნობ ცხოვრებაში.

ის ქალი ცოტათი გაკვირვებით შეაცქერდა და მერე უთხრა:

– ეს ცუდია.

„ვაჰ, გიჟია ოხერი? რას გადამეკიდა“ ... – გაიფიქრა ვითომც ყოვლად უცერცვაძეებო ლარისამ, – და, უცებ, – „გაგიხმა თავი, ეკლესიაში ტყუილი მათქმევინა! შხამი და თავსლაფი შენს ენას!“

– თქვენი ძმა ალბათ გურმანი იყო და ამიტომაც უხდით ალბათ ასე პანაშვიდს, – წამოიწყო იმ ქალმა.

– რაო? – შეიმართა ლარისა, რადგან გურმანი სალანძღავი სიტყვა ეგონა.

– თქვენი ძმა ალბათ დახვეწილი გემოვნებისა და ნუგბარებიანი იყო ალბათ, და ალბათ ღმერთს უყვარდა, რომ თქვენისთანა მოყვარული დაიკო შეახვედრა შესაფერისად.

„ეგრე, რა“-სავით დაახლოებით როგორღაც გაიფიქრა კი არა, იგრძნო ლარისამ, შერბილდა.

– ხოლო მე მხოლოდ ახლა ვუკვირდები და ვატყობ ამას, ხოლო მაშინ და ადრე ვერ ვატყობდი, რომ ღმერთს უბრალო სინამდვილეშიც ყვარებია ვანო, რადგან გაჭირვებაში ჰყავდა მუდამ, რადგან ვანოს ვერ შეძლებოდა რაიმე ცუდი ჩაედინა და ახლაც მე თუმცა შემეძლო სხვა უკეთესი სურსათ-სანოვაგე მომეტანა მის სახელზე და მისთვის, რადგან სწორედ გუშინწინ მომცეს სამი თვის ხელფასი ერთად, თუმცა რვათვიდან.

„რას ბოდიალობს~.

– მაგრამ მე ახლა სწორედ ვანოსთვის მხოლოდ პურსა და ღვინოს დავჯერდი, რადგანაც ვანოს ასე უფრო შეეფერებოდა.

„ძუნწი~, – გაიფიქრა ლარისა ცერცვაძემ.

– მოდის...

მამა ილია და მამა მიქაელი პანაშვიდს ერთად რომ იხდიდნენ, ლარისას კი სიამოვნებდა მათი სიტყვების ბოლომდე თუმც აშკარად მიუწვდენელი, მაგრამ მანუგეშებლად მაღალი შინაარსი, ვთქვათ – „წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე-ღმერთო საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონასა ღვთისა იოვანეს და მონასა ღვთისა იოვანეს“, „ჯერ ალბათ ჩემი თქვა, ძმაჩინაზე“, – გაიფიქრა ლარისამ, და თუმც ამგვარ ეჭვიანობასა და მესაკუთრეობაში კიდევ რამდენჯერმე იყო, გულზე მაინც კარგად ეფინებოდა მამა ილიას საოცრად რბილი და კარგი და უშუალო და ამამაღლებელი კარგსიტყვებიანი ხმა, და სანთლის წვის ცქერაც და საკმევლის ფრთხილად შესუნთქვა როგორღაც უცხოდ განატრუნებდა, მაგრამ თვალის კუთხით მაინც ატყობდა, რომ ვიღაცის გარდაცვალებით რომელიღაცა უცხოსთან დაწყვილებული თავისი ღვიძლი ძმის პანაშვიდის თანდამსწრე ქალი ანთებულ სანთლებს კი არ შესცქეროდა, არამედ უნივერსიტეტის ბოლომდე მოუხატველს ეკლესიაში თავდახრილობის ნაცვლად საკმაოდ ხანდახან მისი კედლების ზედაპირულ წიაღს ძლიერ თავგადაწეულიც კი ათვალიერებდა.

„იპოვა, რაღა, მუზეუმი~. – გაიფიქრა ლარისამ.

ხოლო ლარისას ქმარი გიორგი და მისი ახალთახალი მოადგილე მათ უკან იდგნენ და სანთლები სწორად ეკავათ.

პანაშვიდი რომ დამთავრდა, ვალმოხდილებით კმაყოფილმა ლარისამ მამა ილიას მართლა გულით მიმართა:

– უღრმესი მადლობა, მამაო ილია.

– გმადლობთ, – თქვა ქალმაც.

ხოლო ლარისამ აგრეთვე მართლა გულით სთხოვა:

– და ძალიან გთხოვთ, მამაო, ჩვენთან სუფრაზე წამობრძანდეთ. მანამდე ეზოში მოვისვენებთ.

– რომ არ მცალია? – გაუღიმა მამა ილიამ.

– ძალიან გადაუდებელია? – იკითხა გულდაწყვეტილმა ლარისამ.

– კი.

– და მოგვიანებით რომ მობრძანდეთ? სულ სამარხო საჭმელებია.

– ვერა. დღეს დიდი დღეა, ეკლესიაში უნდა ვიყო.

– და... ეგებ სუფრა მაინც გვიკურთხოთ, მამაო ილია, მანქანით ვართ და ახლავე ამოგიყვანთ.

– ვერა. ათ წუთში წირვა იწყება. აგერ, ნაკურთხი მარილი წაიღეთ... გაგაცილებთ. ახლავე მოვალ...

...

– და, ამბერკი ცერცვაძე?

აქ ლარისა ცერცვაძემ ბუნდოვნად მაინც იგრძნო და ისედაც იცოდა, რომ ეკლესიაში არ შეიძლებოდა ვინც გინდა ყოფილიყო ნებისმიერი ვისიმეს არც დატუქსვა არამცთუ გაწყრომა და მითუმეტეს შეყვირება და წინა გამომწვევითობაც რომ გაებათილებინა, თუმცა იმ თანამოგვარე ამბერკის სულაც არ იცნობდა, გამოსყიდვასავით და მაინც მცირე ნიშნისმოგებით უთხრა:

– ბიძაშვილია, გარე.

იმ ქალს კი ძალიან გაეხარდა:

– აი, ხომ ვიცოდი რომ კიდევ გამოგვიჩნდებოდა ვინმე საერთოც, რა კარგი კაცია, კარგი მეცნიერი, და როდესაც ბატონი ამბერკი ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდა, ერთხელ გა...

– აქ არ შეიძლება უცხო თემებზე ლაპარაკი როგორც ასეთი.

– რა დაშავდება, – ჩურჩულით თქვა ქალმა, – ჩვენ ხომ ახლობლობას დავეძებთ.

– არ შეიძლება-მეთქი. – მტკიცედ გაუმეორა ლარისამ და მკაცრად შეხედა, თან გაიფიქრა: „მკაცრი ვარ, მაგრამ სამართლიანი“.

– რატომ, რა არის ამაში ცუდი?

აქ ლარისამ კი გამწარებით შეხედა ყოვლად ურჩს მაგრამ, მაინც ლამაზი ყოფილა – ოხერი, კი იყო ყოვლად გაუგონარი მაგრამ, არადა ლამაზი თვალები და ცხვირი ჰქონდა და საერთოდ სახით ლამაზი იყო, ოხერი, რატომ ოხერი.

„მაინც რომ კი მაქვს ესთეტურული გრძნობა?.. და განცდა?“ – გაიფიქრა ერთგვარად კმაყოფილმა ლარისამ და მოკლე სიჩუმეც ესიამოვნა, მაგრამ...

– რა კარგი ეკლესიაა, პატარა, კოხტა, და მყუდრო, მშვენიერი, უფლის სახლია, გწმენდს.

– საქართველოში ქრისტიანობა მთელი რამდენიმე საუკუნით ადრე შემოვიდა რამდენიმე მთელ რიგ ზოგ განვითარებულ ქვეყანისაზედაც რამდენადმე უმფრო ადრე. – აღნიშნა ამაზე ლარისა ცერცვაძის მმაჩისმიერმაც მეუღლე-მამაკაცმა გოგიმ, რომელიც ძირითადად აგურის ერთ-ერთ ქარხანას მესვეურობდა.

– შენ დასჩუმდები თუ არა ბოლოს და ბოლოს? – ძალაუფლებიანად უთხრა ეკლესიაში, აქ, უფრო ძმიანმა, ცოლმა, ლარისამ, თუმც სულ სხვაზე იყო გაბრაზებული და თანაც ქმარზე გაბრაზება საერთო წესში ალბათ არ ითვლება.

– ბატონო? – მიუბრუნდა ლარისას მეუღლე გოგი, და: – კი ბატონო, – მორჩილად დააყოლა მერეკიდე ლარისას გოგიმ; აქ ის ქარხანა კი არ იყო, რომელსაც იგი მეურვეობდა, თუმცა საერთოდ არ იყო იმისი ბიჭი ცოლისთვის ამდაგვარები მოეთმინა, მაგრამ ლარისა აკი მგლოვიარე და შავებში იყო, ხოლო გოგის კი მხოლოდ ლურჯები და თეთრი ეცვა და მითუმეტეს კარგებსაც კი ვერ შეუგინებდა მწარის სიტყვებით მეუღლეს თავისი ცოლის ძმის ხათრით და ამიტომაც უყვავებდა მსგავს შემთხვევებში და ამით იოლას გადიოდა ცხოვრების მოცემულ ამ მოშავო ფონს; თან, იძახდნენ რომ გულის სხვა სწორიც ჰყავდა თურმე, ოღონდაც ჩუმათე და ის დაგულვებული გარესაუღლო თურმე დიდი იმდენი არაფერი, მაგრამ ცოტათიც არა-უშავრ-რა იყო, მითუმეტეს კი ვერჩავლებული აკრძალულობით სხარტბიჭობაში, ხოლო გონებითურა ოფლმღვრულად კარგაგარემონტებული ოჯახის დაშლა-დანგრევა არ აწყობდა, რადგან სურო არაფერი, ლარისა ბავშვებიანა იქ იყო ჩაწერილი შავით თეთრზე (ფერებში აქაც დამთხვევა იყო ასეთი, თანაც გიორგი ძირითადად მხიარული იყო და იგივ გოგია ხშირადაც მასხრობდა, ოღონდ სერიოზულ პირებთან) და ეს გარემოებაო, როგორც იტყვიან, არამცთუ აწონასწორებდა (აგრეთვე იტყვიან), არამედ დამყვავებლურადაცკი (რას აღარ იტყვიან, მოვრჩეთ ამაზე) ალაპარაკებდა, ხოლო ალღოიანმა ახლო და ზურგსმოადგილემ კი იაზრა და მხოლოდ გოგისღა წასჩურჩულა:

– ნამდვილად, ბატონო გიორგი, დავითისა და ნანას დროს შემოვიდა ხომ, თამარის დროსაც, ქრისტიანობა, ნამდვილად.

და ალალ გოგიას ესიამოვნა ბატონობით კვერის დაკვრა.

(თუმც ეს კვერის დაკვრა კი არა, არამედ უფროკი იყო კვერითი მიძღვნი.)

თანაც, იმ აგურის ქარხანას, რომელსაც გიორგი მეთაურობდა და საერთოდაც ზოგად აგურების დაუწვავ ქარხნებსაც 90-იანი წლების არამდგრად საქართველოში მუშტარი თუმც ძლიერ შეთხელებული ჰყავდა, მაგრამ მოცემულ თავკაცს მაინც შეეძლო კაცურკაცობა თუნდაც მოცემულ დღეს კარგად გაშლილი სუფრით, რადგან შეთხელებული აგურების (?) გარდაც რაღაცა გარკვეულად მისკენმოძრავ წილშიც იყო ტკბილმყარდათხევად (?!) სითხეთი ორგან.

– რა კარგი ხატია წმინდა ნინოსი, არა? – კვლავ დაეკითხა დამოუკიდებელ ლარისას ქალი და მიუთითა, – დააკვირდით, რაა? გთხოვთ, როგორ ძალიან კარგი წმინდა ნინოა, არა? ხომ?

– ხომ, – აქ კი ძალაუნებურად დაეთანხმა ლარისა, ცერცვაძე, გარდა იმ თავშეკავებისაც ხომ აკი კარგად იცოდა ცოტაოდენი ის, რომ ეკლესიაში განსაკუთრებით მწვავე სიტყვა-პასუხით მდგომარეობა არ უნდა გაემწვავებინა და ამიტომ თავშეკავებულად და ჭკუისსასწავლებლადაც, თქვა: – წმინდანი ყველა კარგია.

– ნამდვილად. – თქვა გოგიმ. ის ხომ მეუღლე იყო მისი.

– ნამდვილად, ბატონო გოგი, – თქვა მოადგილემაც, ის აკი მოადგილე იყო მისი, – კარგები რომ არ იყვნენ, ვინ დააწინაურებდა.

მაგრამ ყველაფერსა აქვს მოთმინების ზღვარი და ხოლო თავისუფალმა ლარისამ დაამატა:

– მამა ილიამ თუ მიკითხოს მე, უთხარით, რომ მე გარეთ ვუცდი.

ეგონა, რომ თუ გასცილდებოდა, მაგრამ:

– მეც გარეთ მოვუცდი, უჩემოდაც გვიპოვნის, ხომ ძალიან კარგი მღვდელია? როგორი ამაღლებული. ამამაღლებელი... გარეთ კი უფრო თავისუფლად ვილაპარაკებთ, არაფერს არ დავარღვევთ და იმიტომ.

„ვაი“...

ხოლო როგორც კი გამოვიდნენ, ქალმა იდაყვთან მიუტანა ხელი, ოღონდ არშეუვლია, უთხრა:

– სულ დამავიწყდა თავაზიანობა, სახელიც კი არ მიკითხავს თქვენი.

მაგრამ უდუმდნენ.

– ჩვენ ხომ ჩვენი ძმებით და მათი წყალობით დავახლოვდით და თანაც თვით ეკლესიაში.

„კი, კი, იმიტომაც არ ითვალიერებოდი განზე~.

– და როგორ შეიძლება სახელიც კი არ ვიცოდე თქვენი... რა გქვიათ?

მაინც ეკლესიასთან ახლოს იყვნენ და რაიმელამარაანთამარას ნაცვლად, ლარისამ სწორი თქვა:

– ლარისა, – თქვა ლარისამ.

– კარგი სახელია... ეგეც.

„კარგი კი არა“... – შეიჭმუხნა ლარისა. რადგან, როდესაც ლარისა ფულიანგიორგის გაჰყვა, ხალხში რომელიმესი ავი ენა ხანდახან რაღას აღარ იტყვის და მოცემული სახელის წყალობით ლარისას დოლარისა შეარქვეს ზურგსუკან, ხოლო როდესაც დოლარი კი დარჩა, ოღონდ კუპონიცა და თვით მანეთიც გადავარდა და ფულის ახალი სახეობა – ლარი შემოვიდა, ახლა უკვე ზურგსუკანითა დოლარისა-ს ნაცვლად პირშიაც თავისუფლად უწოდებდნენ ლარისას მხოლოდ ლარი-სას, ხოლო სხვადასხვაგვარ და ბევრქართველნაცნობ-ზოგითენამიტანილმა ლარისამ იცოდა მათი მზაკვრული ღიმილის წყარო. მაგრამაც – სდუმდა. და მეტიც – უღიმილებოდა კიდეც, მათ.

ეს-ძმამდე.

ეს ქალი კიდე – კარგი სახელიაო, სულელი... აბა რომელი კარგი სახელი ლარი-სა იყო, ეჰ, არამედ გადატანითი.

მაგრამ ხომ ვერ გადაიკეთებდა. ვიღაც ტუტუცე-ბის-და გამო?!

ისე კი, ყოფილიყო რა, გოგია უფრო შეხედული; არა, მთლად მახინჯიც არა, მაგრამ მაინც ვერრადედამგშობაო, იყო, და განსაკუთრებით ამიტომაც დაიტვირთა სახელი ლარისა თავიდან მეწინავე მუსიკის გარდაც დოთი, ბრიყვები! – ეგებ გოგიას გინდაც ადამიანობის გამო აიღო და გაჰყვა?

ასე იყო თუ ისე, ლარისა ჯეროვნად იტანდა სუყველაფერში ქმარს და ყველაფერიმისას, ხოლო ხანდახან, აქეთაც მატერიალურ-კარგსაჩუქრისას, „გოგა“-საც უწოდებდა.

მამა ილია გამოვიდა და ლარისამ ნაუცბათევზე კიდევ ერთხელ გაიფიქრა მისი გულით მიწვევა, მაგრამ გადაიფიქრა.

ხომ ეთქვა, არ მცალიაო.

ნელა მიდიოდნენ უნივერსიტეტის ბაღში, ახალგაზრდა მღვდელს, მამა ილიას სათნო სახეზე ფოთლების ჩრდილი გადასდიოდა, ალბათ იმათაც, იყო მცირედი სიოც, და კიდევ რაღაც ჰაერში ის, რომ შემოდგომოვდებოდა, ჯგუფად მიდიოდნენ.

– მამაო ილია, როგორი მადლობელი ვარ თქვენი, – უთხრა ქალმა და –

„ახლა იმას შეუჩნდება, ოხერი~.

– თქვენი ის სიტყვები, თავიდანვე რომ მითხარით, ძალიან ჩამრჩა გულში, პირდაპირ ჩამებეჭდა.

– რომელი სიტყვები, ნეტა ასე იყოს, არ გაწვიმდებოდეს, ეზოში დავჯდებით, ეზოში ჯობიან პურმარილი, სად იყო გუშინ ვალიკო...

– შენთვის იფიქრე ჩუმად, გიორგი, – მიუგო ლარისამ, ცერცვაძის ქალმა.

– მართლაც როგორი სწორია, მამაო, რომ თუკი იმქვეყნისა გვწამს, და ამიტომ მართლა ვიცით, რომ ჩვენი ძალიან ახლობელი ძალიან ზედმეტად ცოდვილი არ იყო და ამიტომ ახლა უკეთეს ქვეყანაშია, თქვენ როგორც მითხარით, ისინი მართლა იდარდებენ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უკეთესად არიან ჩვენზე მართლა და ჩვენ კი იმათ გამო უბედურები და ძალიან დამწუხრებულები ვართ და თქვენი არ იყოს ალბათ სინამდვილეშიც მართლა როგორ განიცდიან ამას, რადგან თავიანთი გარდაცვალებით თუმც უნებურ და მაგრამ მაინც დამნაშავეებად თვლიან თავს ჩვენდამი და ალბათ როგორ წუხან, მე კი სწორედ ვანოსთვის ვცდილობ, რაც შეიძლება მხნედ ვიყო და ურთიერთობანი ანდა თუნდაც გამოვიყურებოდე ასე, რადგან ჩემს გამო იქ არ შეწუხდეს, და მგონი ვაღწევ ხანდახან ამას.

მღვდელი შეჩერდა, შედგნენ სხვებიც, მამა ილია როგორი კარგი ღიმილით შესცქეროდა გახარებულ ქალს, სათნოდ უღვიოდა სახე, თავზე დაადო კეთილი ხელი გახარებულს, შვებით გაიტრუნა, ის, ისევ დაიძრნენ.

„რაზე შევჩერდი? – გაიფიქრა ლარისა ცერცვაძემ, – ჰო, ვალიკო უნდა თორმეტზე მოვიდეს“ , – რომელი საათია ახლა, გიორგი? სწორედ?

– კი, არც ისე სჭექს, როგორც ჰქუხს, – მიუგო გიორგიმ, ეგება ისიც სხვასა ჰფიქრობდა?

– რა შუაშია... სად შეფრინდი და შეჯექი ეს?

რაღა თქმა უნდა ხმადაბლითურად დიალოგობდნენ.

– არსადაც, არა შეჯდა ჩიტი ხესაო, კი... – გამოასწორა გოგიემ, ვითომ, მაგრამ რაზედაც, წაჩურჩულვითი „შტერი“ – კიდევაც დაიმსახურა, და კვლავ სა-`ბის“-ო.

– რომელი საათია-მეთქი?

– აა... ათია ლამის, თორმეტი დაიწყო.

„რა!?“ – მაგრამ,

– ნამდვილათ.

ლარისა მამა ილიას თავაზიანი სიტყვიერებით გამოემშვიდობა, ქალმა კი რაღაც უცნაურ სავარჯიშოსავით შეასრულა – მარჯვენა პეშვი დაიდო მარცხენაზე, მოიხარა, მამა ილიამ კი ჯვარი რომ გარდასახა კეფაზე, ქალმა ახლა ოდნავ დაშორიშორებული პეშვებით მღვდლის ხელის მტევანი ფრთხილად აიღო, მადლობით ემთხვია, შუბლიც დაადო წამით და რომ გაიმართა, ახალგაზრდა მამა ილიამ ძლიერ კეთილად გაუღიმა, მხარზე აკოცა, ეკლესიისაკენ გაბრუნდა.

ხოლო გოგიას თავაზიანი „ნეტა უანგაროდ?“ დამქაში თავისი სიჩქარეებიანი მანქანის მოსაყვანად გაეშურა – „ახლავე მოვიყვანსტაიანკიდან“-ო-აბა სახლიდან ეკლესიამდე და პირიქით აბა ჭირისუფლებს ამათი მანქანით ხომ არ წამოაყვანინებდა, თანაც ახალთახალ თავს და თანაც ცალკედ იმიტომ გაეშურა, რომ ზრდილობისათვის ჭირისუფლები მარტოდ დასტოვა, თან სხვაც და გარეშე არაჭირის „სუფრის“ არაუფლებიანთან, მაგრამ ლარისასთვის ეს – დიდი შეღავათი?!

ხოლო სუფრასთან მხოლოდ ახლობლები, და დასაახლოებლები იქნებოდნენ.

იდგნენ.

– დღეს კარგი კონცერტია, დასწრება ყველასათვის კარგი იქნება.

„ამ ქალს სულ კარგი როგორ უნდა ეკეროს პირზე“, – გაიფიქრა ლარისა ცერცვაძემ, თან მოუყრუა.

– ქალბატონო ლარისა, დღეს ძალიან კარგი კონცერტია.

– და მერე მე რა?

– წამობრძანდით თქვენც და, კარგი იქნება.

– რა მეკონცერტება! – მერამდენედ გადადო ესდა აქკი კიუკ-ვე გაააბრაზდაა, ლარისა, – იმდენი სტუმარი მეყოლება და ზოგიც კიდე უკვეც მიცდის და მელოდება!

– მართლა ძალიან სამწუხაროა... და, როცა წავლენ, ეგებ მაშინ მაინც შეძლოთ წამოსვლა, თუნდაც მეორე განყოფილებაზე, დამოუკიდებელი ნაწარმოებები სრულდება, არ ინანებთ, სიმფონიურია.

– რაო? რა! რა მესიმფონია! ეე, ურება, და ეს რომ სულ არაფერი, ეს მაინც როგორ!! ეს ჩემი ძმის აღსანიშნავ ჩემით სუფრაზე საკუთარ საკუთარ „ორჯერ, კი“ სახლში ავდგე და წამოვიდე!!?

– არა, მოგვიანებით, ეგებ მოახერხოთ.... მე მხოლოდ შემოგთავაზეთ. უკვე საღამოთი რას შეამჩნევენ, მანამდეც ალბათ, უკეთ რას ეძახიან, ჰო, ნასვამი იქნება უკვე ყველა...

– და!. და დაუმშვიდობებლად წავლენ, არა!? სიტყვის უთქმელად?

– აბა რა ვიცი... თამადაზეა.

– როგორ...

– და ღვინოზე... – და კვლავადაც გამხნევდა, – გინდ მოგვიანებით და მაინც წამობრძანდით, რაა.

ლარისამ აქ კარგადაკრულ ღვინოსავით რამე მჭახეს თქმა დააპირა, მაგრამ როგორღაც წრფელად მავედრებელი თვალები, თანაც ლამაზი, დიდად უჩნდა იმ, ქალს, თან კარგდაცოტაც მიმზიდველად მეტყველი, თანაც კარგფრები, თვალები, ჰქონდა, შესარბილებლად, სხვის.

– და სუფრის ალაგება? მერედა, გინდაც სუყველა ადრე წავიდეს, მერედა სუფრის ალაგებაში შენ მომეხმარები?

– რატომაც არა! – გაუხარდა ქალს, – აბა ისე ხომ არ დაგტოვებთ? და სტუმრებს ხომ არ აალაგებინებთ რაცგინდა ახლობლები იყვნენ, ეგ რაღა გამოვა. კონცერტის შემდეგ, წამოგყვებით, მანამდეკი იქ შევხვდეთ, შვიდ საათზე.

„აჰ, ნამდვილად გიჟია თუ რა, სულელი“ ... – გაიფიქრა ლარისამ და „საცა არა სჯობს გაცლა სჯობს“-ო გაიფიქრა, ოღონდ იმ ქალისთვის და არა თავისთვის, რადგან მეუღლიანა მანქანას უცდიდა:

– აღარ შეგაყოვნებთ, რახან მხიარულ კონცერტზე ხართ წასასვლელი, – ნიშნისმოგებით, იმარჯვებდა, – და ამიტომაც არ გეპატიჟებით, თორემ აუცილებლად დაგპატიჟებდით როგორც იმდენად ახლობელს, რომ სუფრის ალაგებაშიც თვლით რომ საჭირო ხართ, და სუფრას არც აგალაგებინებდით, ისე დაგვიმშვენებდით გვერდს.

– არა, მე წვეულებებში არ დავდივარ...

„ვაჰ!~

– და, მაშინ, მაინც ხომ გჭირდებათ საკონცერტოდ მომზადება, ხომ უნდა გამოეწყოთ.

– არა. რა გამოწყობა მე მინდა, ესაა და ეს, – თქვა ქალმა, წყნარად დაიხედა.

– მაშინ... დიდად დაქალურ ბოდიშს კი გიხდით მიტოვებისათვის, მაგრამ ოციოდ წუთში და მერეც, მთელი დღე სუფრაზე უნდა ვიყოთ.

– თუ სუფრასთან? – ღიმილით იკითხა ქალმა.

ლარისა ცერცვაძემ ჯერ ვერაფერი კი ვერ გაიგო, მაგრამ, „და ქართულებსაც რომ იცავს ვითომ, ოხერი“, – გაიფიქრა ლარისამ და ნიშნისმოგებით ერთხანს თითქოს შერბილებულმა, ახლა ამ ქალის ჭკუის ძლიერ მკაცრადსწავლება გადასწყვიტა, ჯერკი, ახმოვანებამდე, თავიდან მხოლოდ უთქმელად ალაგებდა შთამბეჭდავ სიტყვებს, ხოლო თავიდან ასეც გაიფიქრა, და თავს პირობას ასე აძლევდა: „მე ლარისა არ ვიყო“...

მაგრამ იმის გულში იჯდა იყო თუ რა, თუმც აბა მეუღლე ხომ ხანდახან აბა რიღასი მეუღლეა, არ დაასწრო და არ გააწყვეტინა მთელი გეგმები, მაინცდამაინც მეტად თავისამ:

– მე გიორგი არ ვიყო თუ, სადაა ამდენხანს...

მაგრამ იმასაც გააწყვეტინეს, რადგან ძლიერად შემოისმა:

– ვააჰ, ჟორჟიკაა! რავა ხარ ჟორა, ბიზე შე ძველო, ჟორჟიიკ!!!

იმ ფართო ქუჩის მეორე მხრიდან უყვიროდა, სულ სხვა უკეთეს მანქანაში უკვე ცალფეხშედგმული მოზრდილი კაცი.

აქ, ორში ერთი: ან ალბათ ბავშვობის ამხანაგი თუ იქნებოდა, შეთამამებაგამოყოლილი, ანაც – თანამდებობით უფროსი და დასამოკიდებელი, და ალბათ თურმე ეს მეორე და უკანასკნელი, რადგანაც ჯერ აღშფოთებულმა გოგიამ ჯერრო მთლადაც მრისხანე თვალებით მოძებნა თუ არა მართლაც მისაკენ გამომყვირალი, მაშინვე სახე გაებადრა, თავი ცქვიტური ხალისიანობით დაუკრა, აუწიაცკი ორთავე ხელი, ხოლო მერე ალბათ „რავახარჟორჟიკა“-ზე საპატიო პასუხისათვის ჯერ მორიდებულ ზრდილობითა ნაზად მიათითა და მერე ამოტრიალებული პეშვი საცერივით იქნია, რაც ალბათ ნიშნავდა: „და თქვენ, თქვენ?“

ის მანქანაში უპასუხოდ, თუმც სიცილიანად ჩაჯდა-წავიდა, ხოლო უფროსისგან თუმც გაღმასალმობით მაინც ნირწამხდარი გოგიე კი ადგილზე დარჩა და თანაც ალესილ ცოლთან, და:

– ყველამ შენ უნდა გამასხარაოს? – იკითხა სწორედ იმან. არ დააყოვნა.

– ყველამ არაა...

– გინდაც... და მაინც უნდა გამასხარაოს?

– რა გამასხარავება? აბა მე ცხვირას ვეძახი.

– ეს სხვებთან არა?.. ყველანი მაგრები ხართ, ზურგსუკან, – გახსენებოდა. „დოლარისა“ აღერღილიყო, – ჟორჟიკაო, ჰმ... და უარესიც, მაინც ვინაა?

– გაერთიანებების გენერალურია, ჩვენი... – უაღმაფრენოდ თქვა მჟღერი სიტყვები გიორგიმ, გოგიამ, გოგიმ.

– და ამიტომაც ასე უნდა დაგიძახოს? და თანაც ცოლთან?

აქ კი გიორგას სისულელე მოუვიდა:

– რა იცის იმან ცოლი ხარ თუ რა...

მაგრამ კიდევ კარგი ლარისა წამოყრანტალებულს ვერ მიხვდა, არამედ ისევ ვითომც მხოლოდ ქმრის გამო ეწვოდა გული:

– რაც შენზე მეტი კაცია ცხოვრებაში, ყველამ რო ეგრე დაგიძახოს, სად წავა საქმე...

– რა ჩემი ბრალია... იძახოს-რა... სამაგიეროდ კრებებზე მაფასეფს. თქვენობით მელაპარაკება. კი. გაეხარდა კაცს, დიდი ამბავი, რა მოხდა...

ლარისამ თავისი მზერა გადმოუტვირთა კი, მაგრამ მაინც ჩაილაპარაკა:

– ამდენს არ უნდა აბედვინებდე, ვინც გინდა იყოს.

გოგია პატარა ხანს ჩუმად იყო, მერეკიღა, თქვა:

– აბა მე რა ვუყო, ფიგურაა.

...

– სადაა ამდენ ხანს... – მოუთმენელია, ქალიც.

– მართლა ხო იცი... სადაა ამდენხან, შეჩემალალა...

– რაო? რააო!? ვის უბედავ შენ, და თან ამ დღეს!

სხვადასხვაგვარად მიჩერებოდნენ ერთმანეთს, ხოლო გიორგა – გაკვირვებული. მერე კი:

– აა, სად დაიკარგა იჩემანალა, ის-ჩემანალა, მეთქი, – გამოსწორებით აუხსნა, მერე.

აგრე არ სჯობდა?

მაგრამ ადგილზე, იდგნენ

და დუმდნენ.

– ის ქალი რაღა იქნა? ვაჰ... – შენიშნა მერე გოგიმ.

...

– ჩემი მანქანით უნდა წამოვსულიყავით. სულ სხვა საქმეა, თითონ რომ ზიხარ რულზე.

– რულზე კი არა, რულთან. – თქვა ლარისა ცერცვაძემ; რაღაც ჩარჩენოდა.

II

სუფრამ და ნამზადისმაც საერთო ჯამში კარგად ჩაიარა, მაგრამ ლარისას მაინც გულს რაღაც აკლდა.

და ასევე მერეც, რამოდენიმე დღის შემდგომ.

III

სანამ მთვარეზე ადამიანი ფეხს დაადგამდა, მანამდე არაიგივე მთვარე, ადამიანებისაგან განსაკუთრებით უნუგეშოდ შეყვარებულებისა და სევდიანად ეულადმყოფთათვის მთვარე უნებური ნებსით ღამედაძილ გატეხილებისათვის რამდენამდე მეტი რამ იყო, ვიდრე ახლა და ვიდრე თვით ასტრონომებისთვისაც კი, ალბათ.

რაღაცა თითქოს გაუბრალოვდა, ადამიანით, მიუწვდომელი; მასმერე.

ხოლო ადამიანებითვეიგივ, ადრე უფრო და მეტად მნიშვნელოვანი, იყო.

მერედა ახლა კი ასტრონომებს უფრო შემორჩათ ამ ბევრად დროშემოკლებულ რადგან განვითარებულ და დატვირთულ საუკუნეში-ჩვენს, ამ; ქალაქებში ხომ თითქმის მთლად მიიკარგა ვიცით როგორსაც შენობებში ჩვენს, მაგრამ ხომ არსებობენ გამონაკლისები და ლარისა ცერცვაძე საგანგებოდ მთვარის შუქში იჯდა ახლა და, ერთადერთი ძმის მოკლე სახელოებიან მაისურს, ძველი მთვარეთი მოყვითალოდ აბზინებულ ლურჯს, ხუთი წლით უფროსი და, დასტიროდა.

ხოლო გოგია უკვე ლოგინში შეწოლილიყო და გაზეთებს გოგივით ათვალიერებდა, ხოლო ალაგ გიორგასავით – ჰკითხულობდა.

... ლარისა არ იყო ბუნებით თავიდან ცუდი ქალი, მაგრამ ჯერ კიდევ სტალინ-კაგანოვიჩ-ბერია-ჟდანოვის სუსხდროს დაიბადა, ხრუშჩოვის წინდაუკანა თანც განდაგანა ჯაგჯაგობრივი კუნტრუშისას შედგა საშუალო სკოლაში ფეხი, რომელი სკოლაც სუსლოვ-ბრეჟნევის კიდევაც რომ უფროდაც ყველაზე ალბათ მეტად ვაიდეპოქაში დაამთავრა და უმაღლესშიც, მარქსისზმებიან ქიმიურზე აშკარად და კალენდარითაც მათ დროს შევიდა, და მათივდროს დაამთავრა ის – რა, ის რა? – მოძველებული ლაბორატორიები მონდომებულებსაც კი არყოფნიდათ განსამტკიცებელი თეორიული ცოდნისათვის და არაფერი სათვალსაჩინქიმიო არამედ დიამატივით (საგანი იყო) რაღაცეები აწვათ ზედმეტი, და თუმც გამოცდების შემდეგ თავისტვინიდან ძირითადობით ეგრევე სწრაფად კი ორთქლდებოდა ეს ნაყარ-ნუყარი, მაგრამ რაღაცა მაინც რჩებოდა ტვინის ნედლ ფსკერზე, თხლედ, თუმც, თხლე-ეძახე და, დასტივტივებდათც; რაღა თქმა უნდა მარტო ლარისა ცერცვაძეს კიარა, სხვებსაც, თითქმის ყველას, უმრავლესობად ბევრს, აკი უკვალოდ არაფერი ჩაივლისაო, უთქვამთ, ახლაცკი, თან თვით მოყვარულა-ათეისტურად დაკვირვებულებსაც, კი, და ხოლო აგრეთვე გაუფრთხილებლობით, მაგრამ ამ გამონაკლისშემთხვევაში ეგებ არცთუ მთლად უსამართლოდ, რა იცოდნენ თუ, რასა და ვისას იმეორებდნენ ათეისტურებ თავებზეხელაღებულები; თან, თხელტივტივა ის, სიგელ-დროშათი და გუჯარ-მენდლებითაც გაჯერებული, ჩამომძიმებულიყო, ხოლო ნაკლულტირაჟა ზეორდენებით? – ეს მუნ, – მიწყვისსა დასაქცევარულ მაღლებულობაში ვითომ და, ამაღლებულობასავით, რასმეს, ში, ხოლო ოქროპლატინაცშენარევიანი სიმძიმეები რაცმეტი იყო და მეტიმძიმე უმფრო არჯობდა? – გამონაკლისებს, წყალობად ეს, ხოლო სუ-მეტას, თუნდგინცხანდისხანსხაპასხუპით ერთ ენასაცკივერ ატრატრიალებდა და გინდ მხოლოდ-პირში, – აურაცხელი, ეკიდაცა და ლეოსკიდობანშიცქონდა და ვითომც მხოლოდ ზარდახშისათვის კიდომეტად პლატინეულებს ჟესტით ითხოვდა, ხოლო ლარი-სასი ცხოვრებისა თუმც უფერული, მაგრამ ერთგვარი მაინც მოღვაწეობა ხომ მაინც ეთქმოდა იმის ყოფას, და ჟამს, და თუმც უძრაობა შეარქვეს მერე იმა-ეპოქას ლექსიკადწყვილმაც, არამედ გაშეშობანა კიარადა, არამედ უფრო უფსკრულისაკენ ჩაზვავება და შიდჩაჩეხვა უფრო იყო, მაგრამ ლარისა გვარად ცერცვაძე – კარგ დროს კი გიხსნით რომ ერთგვარიც არის – მთლად შიგ და კაკალ უფსკრულში არა მაგრამ, ხევხუვებისა ფსკერზე კიიყო და საკმაოდ ვერ ამოდიოდა, თან.

მერე იყო და, მოუკვდა ძმა და, ლარისას, მოყვარულს, გასაგებია რომ ძმა კი არ მოკვდა, არამედ ძალიან მოუნდა რომ უფრო მხოლოდ გარდაცვლილიყო, „გარდაცვალება“ რამდენად უკეთესია სიტყვაც „მოკვდა“-ზე, ლარისა ბევრსაც ფიქრობდა ამას, მაგრამ ისე-უბრალოდ და ასესწრაფად კი არ მოდიოდა გამოსავალი, ეს ცოტაშვება, ხოლო ამ ფიქრსკი იმით ჩაეჭიდა, რომ სხვა თუ არაფერი, ჯერ ერთი მიხვდა, რომ სულ რომ არაფერი იმიტომ არ უნდა ებრძოლოთ ენაკბილებით რელიგიას, რადგან გაცილებით სჯობდა რომ, ადამიანის გარდაცვალების შემდეგაც კი კიყოფილიყო იქითცხოვრება, ვიდრე სულ აღარ ყოფილიყო, მითუმეტეს, რომ მისი ვანიკო კარგი ძმაჩინა აშკარადაც იყო და ძლიერუბრალო არითმეტიკა იყო, ეს.

იყო თუ არა იქით ცხოვრება ეს დანამდვილებით ჯერ ვერ იცოდა, მაგრამ მცოდნესავით მერამდენედ უმეორებდა თავს, რო განა რამდენად არა სჯობდა ეს მხოლოდ იმას, რომ როცა მოკვდები სინამდვილეში ნიღბებიანი მარქსებსდამიხედვით, თურმე კი არა, არამედ მართლა რაღაც ჭიები დაგჭამენ? მხოლოდ და საბოლოოდ, დასწორედ ამით მორჩაგათავდი, და ამიტომაც გამოდიოდა ისე რომ, აქავმიწაზე უნდა მოგესწრო ყველაფერი, რაც პირისა და პირისღრუსათვის და ტყავისათვის ეშხიანურად სასიამოვნოდ მოსასწრებია და მაგრამ ბოლოს ადამიანი, რომელსაც სულდგმულთა მწვერვალს უწოდებდნენ ყოველთვისაც და ახლაც კი, ჩვენშიდადღეს, და ნუთუ ასეთიც არსებარამ – მხოლოდღა ჭიაღუებისთვის ცოცხლობდა და მოღვაწეობდა ავად თუ კარგად როგორც ასეთი და რაღაც ვერ გამოიყურებოდა მიმზიდველად ეს ასე. ა?

ლარისა ფიქრობდა.

მაგრამ ეგებკი იმიტომაც ათეისტობდნენ და თანაც ძლიერ, რომ არ უნდოდათ კირომ გამომჟღავნებულიყო სულ სხვაგან და არააქაც-საც და თვით ენითაც ავტოდ (თვითონ, თავისით) ავტონაქნარით, და რაში არგოდათ რომ „რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს“, რადგან თავიანთჭკუით კარგ ცხოვრებისათვის? – ერთპიროვნულად და თანაავტორულადაც ჩუმჩუმელურად იპარავდნენ ან თვალშიმთქმელურადაცმძარცველობდნენ აგრეთვე პირდაპირ და არ იყო აუცილებელი რომ მარტო ხელით ეს, ენადაგონი რა, ტყვილა აქვს, ადამიანს ჩვენ? ამას კი – იმასთან, იმა წყეულთან ერთად, შენიღბულად თუ შეუნიღბავად სჩადიოდნენ ირგვლივ, ბევრები, როგორც წესი და, ლარისა ცერცვაძე თავისი ძმისსულის ეგება მართლა იქ კარგაყოფნას ეჭიდებოდა – რადგან ვანიკო არაფერცუდით განსაკუთრებით არ გამოირჩეოდა და საერთოდაც ისეთი ნეტა რა უნდა ჩაედინა გეოგრაფკაცს, ერთი ის იყო ლარისას ქმარი ანუ ძმაჩინას სიძე გიორგა ცოტათიცმტკიცე აგურებით ანაშენი მხრით მხარშივე ედგა შეძლებითსაწყალ ჩვენურ მეცნიერს ვიტამინებით იქნებოდა ეს თუ სხვარამითაც, თუმცა ვანიკო არასოდეს არაფერს ითხოვდა და ერთი ის იყო ზრდილობიანად „გმადლობთ“-ობდა, და რადგან ლარისას ძმაჩინა ვანიკო, ვანო, ივანემისი ცუდი არ იყო – იქითცხოვრებას, ჩაებღაუჭა დაი-იმისი და, ისიც თუმც ხსნად, და მაინც ჯერ მაინც გაჭირვებისა გამო ეს მაგრამაც მტკიცედ და ღონივრად და თან ძნელადც, რადგან იჭვებით, თან;

და გინდაც შეფერხებულიყო იმაში და დროებით ჩავარდნა ჰქონოდა, მაინც ძალათი და გულდასმით შეუდგებოდა და წარმოიდგენდა მაინც ძალისძალ გულზემოშვებად მოფონებას, და შვებას, ამას, რომ დავუშვათ და კიარადა ნამდვილად არის ეს, ის, და თუმცა რადგან თავიდან ეს მისი რწმენა კი არა, საშველი იყო, თუმც, იგივეებიცაა რწმენა და საშველი და, ამიტომ უფრო „სასაშველო“, აჰ – იგივეა, ესეც, მოკლედ, შესამსუბუქებლად დარდისა, იყო, და ზოგიერთულა რამსაც, შვეულად ყურმოკრულსაც გულმოდგინედ იმეორებდა, რომ ადამიანი რადგან ბუნების გვირგვინია და სწორედაც რომ სულით, და განსხვავებით კოლექტიურად მოსულიერო ცხოველებისგან, მერედა რითი ეს თუარ თვით სულით, რადგან ზოგიერთს კი იმათთაგანს განსაკუთრებით შეუძლია მღერა ან ხატვა, ცეკვა, თამაში, მეტყველება, ძერწვა, წერა და რაოდენირამ, საანგარიშგასაწევო, რადგანაც კარგად გვაფორიაქებს, და მხოლოდ გონების წყალობა მთლადნამდვილადაც არ უნდა იყოს, ეს, რადგანაც ზოგ უცნობილეს ფილოსოფოსს განვრცილი გონით რაგინდაც ბევრი მოეწადინა, სულ ვერ მღეროდა, შოპენჰაუერი, ვთქვათ, ხოლო რომელიმე თოხიანი მეხუზლა კი, – მშვენივრად მღეროდა, კი, ბავშვებს, ეძინათ, მშვიდად, ხოლო როდესაც ბავშვებს ეძინათ. ლარისამ უფრო იცოდა და უკეთ შეეძლო, ვანიკოზე ფიქრი; ხოლო მთვარის შუქითაც ხელშეწყობილი ფიქრი და გინდაც რთული, შედარებით ადვილდებოდა, რადგან – სასიამოვნებოდაც, სირთულეების მიუხედავად, იმედმომცემი რამე იყო, ერთი გაზეთების შრიალიღა ისმოდა და ისიც ხანდახან მხოლოდ, ეს არაფერი, და ლარისა ცერცვაძე სარგებლობდა და ინმტკიცებდა აზრს, რომ, როგორც ცოტათი გვიან დარწმუნდა, რომ, გინდაც – უძნელდებოდა ამის დაშვება, – რომ, გინდაც, – პატიებოდა, დე, – რომ, გინდაც სულაც არ ყოფილიყო ქვეყნად – თუმც ქვეყნად კი არა, ქვეყნამდეც, ამოიკითხა, შეძენილ წიგნში, ეს – ღმერთი ადამიანებს ჭკუვა თუ ჰქონდათ, მობღაუჭებოდნენ უნდა მისარსებობას, მაინც, რადგან, – ჭიაღუების ამარადღა ყოფნას, ნუთუ ბევრადაც არ სჯობდა ეს და თანაც?.. აბა ის იყო განა აქყოფნის საქმე, რომ პატიოსნებაზე თავს რომ სდებდნენ და მოჩვენებით ზედაპირულა კარგადყოფნისათი, ფეხშეუწყობელთათვისაც კი აუფასურებდნენ ჩვენში და ამჩვენდროში დაჭმუჭვნილ სიტყვას – „პატიოსნება“, და ეგებ: ახლანდებურად, პატიო – შიდაეზო (ესპ.), სნება – სნეულება (ქართ.), და მეტად აუფასურებდნენ ზოგ პირითნათქვამს, თუნდ ასეთებსაც კი, რაღას არ იტყვის ადამიანის ენა, – „რა პატიოსანი ადამიანია, გინდაც გაჭედილ ტროლეიბუსში გინდაც რომ მოკლა სხვის ჯიბეში არ ჩაძვრება“, ან – „ ვინმეს რომ დაუნახოს ფული ამოუვარდა და გინდაც საკმაოდ ბევრი და ტკიცინა, მაინც ერთი-ორჯერ მიუთითებს“, „კაციც არ მოუკლავს, არამცთუ ქათამი არასოდეს“, მაგრამ წინამძღვრული ფუჭი მართლებებით იმდენად საჩინო იყო სიყალბე მათი, არა, ლარისა? – სიყალბემათი განუყრელი, თან შესაშურად ბარაქალური ლუსტრა ყივანახველაზეც მეტადაც იყო, გადამდები, და არც ის იყო შესაბამი, რომ ღმერთი თუ რაღაც მონამდვილო პატიოსნება და უფროც მთავარი – შორს აქაურობას და ყოვლად არასასურველი ოქმის შედგენებიც ხომ არსებობდა და სუმთავარი კი ისღა გახდა რომ გამომძიებელს ან პროკურორს თუ მკაცრრევიზორს, თუმცა ყველანი ღიმილიანიაც მკაცრები იყვნენ, ან მილიცანერს ანდაც ჩამორჩენილ რეგვენმოწმესაც – შემთხვევით ვისმეს ფულ-არმნდომელსაც ყველა სულელმა და შტერმა და უგემოვნებომ როდი იცოდაოჯახურად ლუსტრისებურთა ოჯახის ყადრი და მაკლერულიც, ფასი, გამომძიებლები კი დიაღაც რომ გემოვნებიანები იყვნენ ამაში, ანუ ფასიანურებ გამოძიება-დადგენებში და ძაან უნდა მორიდებოდი და ამიტომაც მთავარი ისგახდა რომ სწორედაც ამათ – გამომძიებელს, პროკურორსა თუ გაპოლიციელებულს თუ შენისვე პარტკომს და ასე შემდეგ სწორადაც იმათ, მთავარი იყო სუარ გაეგოთ არაფერიც-რა და, სხვადასხვა რამე, ხოლო ღმერთს, დავუშვათა და, ყოფილიყოც, და გაეგო თუნდაც ვინმე მეტიჩარასაგანშენიღბული ამბავი, დიდი ამბავი – ესენი თავისთვის და ისკიდე თავისთვის და უფრო მეტიც – ეკლესიები და მთლად საერთოდ გაეუქმებინათ, რადგან გადაეკეთებინათ საწყობებად თუ კრივთადარბაზად, თეატრადაც გინდ, ხოლო ნაკლისურ შემთხვევაში, ღია, მაინც ენერგო-თვითათეისტებით – დარაჯით იყო კარღიაცმაინცჩაკეტილივით ეს ადრეული ლარისასთანებისათვის, მოკლედ, ცხოვრებისეული რეჟიმის წესით ისაღმერთი – ვითომ თავისთვის და ესენი კიდე – თავის, თვის, თავისთვის იყვნენ ქმედებებში, არიანც, კიდევ, კვლავ, მაგრამ, იქნებოდნენ და, იქნებიან, კი? – ლეგიონები, და განსჯისაც რომ, უნარი, ჰქონდათ? ოღონდ ასეთი: ღმერთი რომ გინაც ყოფილიყო, ასეთი კარგად, – აცხოვრებდათ? იჰ... და არც მერეცხოვრება აწყობდათ რასაკვირველია, ჩემო ბატონო რადგან, დამაჯერებლად სუადვილი ახსნა-განმარტება შეეფერებოდ-შეუფართდებოდა ამას – განა ჯოჯოხეთს, ჯოჯოხეთს გინდაც და მასში ალბათ გუზგუზა ცეცხლს როგორ დამტანჯველს ალბათ გინაც ეს ნედლი ჭიაღუები არ ჯობდა?.. არა? – გრილნი, თან ვერც ვერაფერს გაიგებდი, მკვდარს აბა რაღა გეტკინებოდა, მთლადარაფერი, დაგეღრღნებოდა რაიმე თუ რა? – სუარაფერი, საბედნიეროდ სულაც მთლად კვდარი იქნებოდი, ბედად – უგრძნობი, და თუმც ლარისას ესეც არ აწყობდა და რაღაც ნუგეშს მაინც უფრო საჭიროებდა და ერთხელაც ერთსაც მშვენიერ დღეს ნუგეშისკენა მიხმობაც რამ, ლმობიერებით დაჟინებული, იგრძნო, და იმდენად ჩაუნავლებლად, რომ ეკლესიაშიც კი შევიდა, მეორევე დღეს, ამ საქმეში გამოუცდელი; და თუნდაც მთლადად ახლადაგებულში, რადგან სმენოდა რომ ძველ ეკლესიებში საკმაოდ არცთუ ძალიან უიშვიათესად ცუდი ან უარყოფითი მღვდლებიც კიწირავდნენ და ქადაგებდნენ ენით ქრისტესას, მაგრამ სინამდვილესა და იმისცხადში ფინთები იყვნენ, რომელი არცთუ მთლად გამოგონილი ეს მოვლენა, თანაც ზედმეტად და მნიშვნელოვანწილად აიტაცა ხელოვნების საშუალებებიდან ჯერ განსაკუთრებით ლიტერატურამ და არამცთუ მხოლოდ ზოგად-საგანმანათლებლომ, არამედ იმ კერძოსაქმემაც იმკუთხის ლიტერატურის მხატვრულსაც კირომ ხან უწოდებენ და ხანაც-ტყვილა რო ეძახიან, ხოლო შედარებითად ახლა-ხანურა-ჩვენში მხოლოდ ილიას და აკაკის თუღა ჰყავთ მონაძიები და ასახულები კარგი მღვდლები, მაგრამ ეს თითქოს მხოლოდღა ორნი, სხვების-ბევრნისას ბილწ ნაალაფევს რამდენად მძლავრად, თანაც სიწმიდით გადასწონიდნენ, ნატიფიცსივრცით, თუმცა მღვდლების მგმობელებს დიდადაც მზარდი კინო, ის ხელოვნებისა ყმაწვილი პირმშო ამოუდგათ მხართ, ხოლო ეს ფერად სხვადასხვადლენტებიანიც, ჟანრი, მოგეხსენებათ რომ მასობრივი აგიტაციის საუკეთესო საშუალებაა, ჯერკიდე როდის ისქესა ეს ჩვენმა იმანომ, მოკლედ ლარისა ძველ ეკლესიებს განსაკუთრებით არ სწყალობდა და ახალშიც მთლად გამომცდელურად შეაბიჯა. თან ეს ახალი ეკლესია პატარა, თავმდაბლად კოხტა იყო გარედან და თან მთავარი ის რომ, თვით ძმაჩინასი, სამსახურის ეზოში, იყო და თუმცა ძველი ეკლესიების უცოდველობაც ვერ ესმოდა ლარისას, რადგან, რა იცოდა თუ, ყოვლადბოროტი, და იმის გესლითძალთამიერიც უკეთურება გინდაც თვით მღვდლების დახელთებას განსაკუთრებით თუ როგორ ცდილობს, რათა იმათ მრევლსაც თავისი წყალი ანუ მოძრავი შმორი უფრო ადვილად შეუყენოს და ზოგიც მღვდელი ჯერ ეს ერთი რა, ადამიანი,ც არ არის განა და შემობურვილი გარეთხლეობით არასოციალისტურობისასაც ვითომ ჩვენებურში და, ეცემიან, კი, ახლაც, ხოლო თვით თავად ეკლესია კი იესუსი და ქრისტესია სუყველასათვის გადასარჩენთა, და ძლიერ ძნელად გადასარჩენებისათვისაც კია, მაინც, საერთოდაც და ამრეზილებისთვისაც ხოლო ჭეშმარიტი ნუგეშის ბუნდოვნადაც კი მნდომელი ხომ განსაკუთრებით იზიდავს, მაინც, ნეტაროგორ და, მფარ-ველწმიდათი, და ძალიანაც ორჭოფულამ ბევრადაც უფრო მაშინ, ლარისამ, ცერცვაძემ, რომ გაბედა და შეაბიჯა, იქ ხატების ნაცვლად დაჟინებით და გამოსაცდელად პირველს იქაურ მღვდელს გადაუწყვიტა და დაუწყო თვალებითძებნა და ისიც, რა ძებნა იმას უნდოდა და, – იდგა იქვე, მოუმთავრებელ და პატარა ეკლესიაში, და შიგნით მაინც როგორღაც უფრო მეტი და ვრცელი იყო ღვთის სახლი, მისიც, და ძებნვა-ლარისამ რომ დაინახა თუ არა მამა ილია, ლამის ახალგაზრდა, მღვდლის პირობაზე, მღვდელი, მისი სახე და თვალებიმისი რომ დაინახა და შეაცქერდა, მაგრამ მხოლოდ მარტო სახეში ვერა და ამიტომაც გადაიტანა მზერა ოღონდაც მის ჯვარზე, შეწყნარდა თითქოს მაგრამ გაუგონა ხმაც, სათნო ისე რომ, – მხოლოდ იმისი და ლარისასათვის თავისთვის, მისი, ლარისა მიხვდა რომ არამც და არამც ვერ შეიძლებოდა ეს ადამიანი ყოფილიყო კუთვნილი საქმით არასწორი, ხოლო გარეთა სხვები კი – არაა აუცილებელი მათი ჩამოთვლა – ვითომდაც მზრუნველები და მოამაგეებად ერთიმეორით განკუთვნილები და ხოლო სინამდვილეში ახლოდაც. შორნი, სწორედ ამასთან ვინ იყვნენ, თუნდ მღვდლის თვალებთან, მხოლოდ, და გინდაც ხმასთან მარტო, ეკლესიაში მართლა მალამოდ წყნარად რომ ჟღერდა, და, თანაც, ეკლესიაში სანთლები ენთო, ალაწვდილები, და ამმყუდროებაშიაქ იწვოდნენ სათნოდ ამომჟღავნებულ ყოფილ ბინდში ოღონდ თვით თავად ეკლესიისა, გამოჩენილად და თანაც ყუჩად ციაგებდნენ, კი, და ეკლესია მათითაც ჟღერდა, კი, ზეთითლამპარიც, ციატებდა, რო, წყნარი, ხოლო საკმევლის სუნიც, შესასუნთქი, და, უჩუმარი თან სურნელებად თქმასავით იყო, დაყუჩდებოდი, შენც, ოღონდ კანკელში სულ მთავარ დედამეტყველი ღვთისმშობელი მაცოცხლებელით დატვირთულიყო რაჯილდოდტვირთით და მისიც, შვილი, ძე-იესო ქრისტე, წყნარა კი იყვნენ და, მაგრამ, ლარისამ თუმცა წინდაწინ ხშირად ვერ იცოდა თუ როგორ მოიქცეოდა ან დააპირებდა თუ მოიმოქმედებდა რას, მაგრამ აქაურობის ხშირი სტუმარი, თუმცა სტუმარი კი არა – მეაქაურე, აქაურობის თან მორჩილი და თანაც რიდით ჩანერგვითურა დასამკვიდრებლად აქაურობის ერთი-ერთიმაინც რომ გახდებოდა შეძლებისდაგვარად, სწორად იგრძნო უკვე თუმცაღა ნამდვილ მემრევლედ ჯერაც ბევრიღა, აკლდა, აქ კი, მთვარიანობასა და შინ, დამწყებ ლარისას აბა რა ექნა და ჩვენწარსულით მატერიალისტურიც ისევ იყო და გლოვის მიზეზის, ერთადერთი ძმის, ვანიკოს, ძმაჩინას მაისურს წყვილი ცრემლებით დასტიროდა და ძმა გინდაც და ბევრად უკეთეს უკეთესობაში ყოფილიყო, მაინც იმისი არყოფნა და მისით შევსილი გინდ მხოლოდ მაისური უფრო მეტადაც სასურველად უნდოდა და მერე მაგრამ რომ მაინც შეეჭვდა ცრემლების დენის სისწორეში და იმედები მოიძია გოგიამც მაგრამ დააცემინა, თანაც ორჯერ და უნებურად აგურითქმარზე, ლარისამ, გადაიტანა ფიქრი.

რა ექნა აბა, ადრე ვისაც ლარისა მოსწონდა ცერცვაძე, სწორედ ისინი ლარისას არ მოსწონდა და ხოლო ლარისას ვინც მოეწონებოდა, იმათ ლარისა არ მოსწონდათ, ცერცვაძე, და სანამ უნდა გაგრძელებულიყო შეუსაბამობა ეს და ლარისა ჯიუტ და მაშინ შედარებით ახალგაზრდა გოგიკას „ასეც ეძახდნენ“ ბუნებისა და ასაკის წესით გაჰყვა და ლარისას რომ გათხოვება და აი-იმისიც თავიდანშემაკრთობელი ატრიბუტები, მაგრამ მერე თურმე იგივე ატრიბუტები კარგიც კი ხდებოდა ეგონა ასე, მაგრამ არა ჰყოფილა მთლადაცაგრე, ეს უფრო ალბათ ეკრანიური არტისტების და ლიტ-გმირებისაცრომანული გადაჭარბება, და უთუოდმითი და ჰიპერბოლა აღმოჩნდა ესა. სხვისა რა იცოდა და დანამდვილებით კი – მისთვის, თუმცა გიორგა რაღაც ვითომხერხებს დაჟინებით კი ჰფლობდა, მაგრამ კინოებისაგან განსხვავებით უაღმაფრენოდ განაბულიყო ლარისა მაინც და უარესების მოლოდინში და ეს თუ სახლში, შინ, მაგრამ გარეთ იგივ ლარისა თუ ხალხში სიტყვა-პასუხითაც ზედაპირულა ქმარზე მთლად მბრძანებლობდაო. არა, მაგრამ გარკვეულწილად მორჩილ ხათრიანობას მაინცდა მუდამ თვალსაჩინოდ იღებდა, მაგრამ სამაგიეროდ რაღაცა მისთვის თუმცრეგვნული და მაინც მოვალეობითი მაგრამ თუმც უსულგულოდ მაგრამ იმაში ქმრისასურვილის მაინც მორჩილი და უსიტყვოდ ყოვლად იყო, გენები იყო ეს თუ რა იყო ეს ვერ იცოდა ეს ვერც დაადგენდა, დედა-ბებიებს ხოვერ ჰკითხავდა იმამბებისას, უკვე სერიოზულები იყვნენ, და ქმრისას ყოველთვის უსიტყვოდ დაჰყვებოდა, კი გოგია კიდე– ზედმეტად ჯანმრთელი იყო, კაის ჭამდა და კაის სვამდა და პაპიროზს იგი არ წევდა და არც სიგარეტს და არაფერი, მაგრამ რაღადროს ამაზე ფიქრი, იყო, მაინც რაღაში გაახსენდა, ვითომ ისედაც არ კმაროდა? თუმცაჰო, აკი დააცემინა ცხვირი, იმან ორჯერაც, ვინ თქვა რომ ორი ცხვირი კაიაო, და ლარისა ისევ ცხვირით დროებით განგდებულ, მაგრამ მისაბრუნებელ მთვარეში და იმის შუქში აღმოჩნდა კვლავაც, კი და თუ სწორედაც იგუებდი, შენ, მთვარის ნაკადი ცივი და გრილი და უსიცოცხლო კი არა, არამედ რაღაცა სითბოს მომცემიც იყო, ოღონდაც უნდა დაგეშვა და თან მინდობოდი და უკეთესი კი იყო ლარისას ალაგ მაინც წაკითხული რომ ჰქონოდა გინდაც „სალამბო~ ანდაც მთვარის სონატა ან მთვარის სერენადა ცალყურით მაინც მოსმენვოდა, კი აჯობებდა ნამდვილად, აგრე, მაგრამ ლარისა რაღაც უცხო და წრფელი გუმანითაც ისევაც გრძნობდა თუნდაც უხილავ იმედსა და ძალას, რომელი ამოუცნობი ძალის წყალობითაც თურმე მთვარით დამოკიდებულია თვით ოკეანეების წყალთა მიქცევა და მოქცევა როგორ ძალუმად მიმოქცევლური და არც ეს იცოდა სალამბოსი არ იყოს ლარისამაც, ერთს იმას გრძნობდა, რომ სანუგეშოს რამს, გინაცდა მთელ-სანახევროდ მატერიალისტურს, რადგან ხილულსაც, შუქს, იჟღინთავდა და, იქით კიდე ეჟღინთებოდაც, და ეს თუნდ რატომ უნდა ყოფილიყო სანტიმენტალობას რომ ეძახიან, ის არამედ მართლა იყო და არა იზმ-ი და ამასთანავე თითქოს როგორღაც პოეტურადაც ერითმებოდა კიდეც ამყოფას: დარდისა ლარისა, მთვარი-სა, არისა, ლარისა-მთვარისა, და აქ-ის ლარისა, მთვარით მოსილი, როგორღაც რითმის პოეტურობით, ფეხმორთხმით იჯდა და შეეშვირა მთვარისათვის ტანი, და სახე, და ფეხი, ამყუდროებას, იდუმალურს და, მხოლოდ შენთვის, აბა რა სჯობდა, კარგი კიიყო, დიახ, მაგრამ:

– ლა,-რი,-საა, მოოდი ჩემთან, – ორაზროვნად და მეუღლესათვის მაინც ნაღდად-ერთგვარად და ამიტომ ცუდად და უადგილოდ გამოსძახა გიორგამ, ხანთაძემ.

– დილითაც არ იყო? – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლამის განსხვავებულმა, ლარისამ.

– რა? – მიუგო გოგიამ.

– არა, არაფერი, – ეგრევე მიუგო ლარისა-დოლარისამაც. ჩაფლავდა მთვარე.

IV

„ვინ უნდა იყოს ამ დღისით მზისით?~ – გაიფიქრა ლარისამ კიდევ რამოდენიმე დღის შემდეგ როდესაც ზარი, ოღონდ თანამედროვედ ელექტროსი და მოკლე, გაისმა, ხოლო თანამეცხედრემ გახარებული დარწმუნებით გამოსძახა:

– მე გიორგი კი არა ჟორჟიკიც არ ვიყო, თუ ეს შალიკო არ იყოს. გაუღე რა! – გამოსძახა, შერბილებულ-გამოთქმა „პერანგისამხანაგი“-სდა და მიხედვით გოგიამ აბაზანის ამხანაგიდან, ხოლო ლარისამ გამოაღო კარგი ოთახების ჯერ ერთი, მერე მეორე კარი, მერე სხვებიც თანამიმდევრობით და ორჯერმოსახვევ კიბეზე ნელა დაეშვა, ორჯერვე ჩვეული წარმატებით მიუხვია და მერე პირდაპირ-კი წავიდა, მაგრამ უდროოდ ჩამოვარდნილ უდღეურ მომცრო კარალიოკს ცუდად დაადგა ფეხი და კინაღამ იღრძო, მაგრამ ბედად გადურჩა მარცხს, ჭიშკრის საჭვრეტში კი დაკვირვებით გაიხედა და უცნობი ადამიანი რომ დაინახა, ჯერ თუმცა შეკრთა: „ხანდახან ქალებს არეკინებენ უფრო რომ ენდო და მერე კი ძალიან საშიშები და ყაჩაღები შემოგიცვივდებიან თურმე!~, მაგრამ დარეკვის ჩამდენი შებრუნდა, და სწორედ საეჭვოები ხომ არამედ ჯიქურები არიან ფეხმოუცვლელად და იმან კი, დამრეკმა სახლიდან სხვაგანკენ რომ გადადგა ორიოდ ნაბიჯი და თანაც ამასთანავე გიორგი ტყუილა ხომ არ იყო შინ, თუმც დიდი შეუპოვრობით და არდახევებით გოგია თუმც ვერ გამოირჩეოდა, მაგრამ შავგვრემან მამაკაცად იგულებოდა მაინც და თან შუადღისას სავარაუდოდ აკი ნაკლებ გაიბედვინებოდა ცუდად შემოჭრები და ეგებ სულაც სანდოშალიკოთი იყო გამოგზავნილი მოდამრეკე ეს და მოკლედ იმდენი რა დიდიამბავი შუაგულ დღისით კარის გაღებაა და ლარისამ მყარი ჭიშკარი სამივეგან გამოარაზავა და გაბედულად რომ მიაძახა: გნებავდათ რამე?

ქალი სწრაფად შემობრუნდა და გახარებულმა უთხრა:

– გამარჯობათ, მეგონა შინ არ იყავით, გაგიკვირდათ არა? მაგრამ თქვენ ისე მკაფიოდ მითხარით მისამართი, დამამახსოვრდა.

ის ქალი იყო ისევ, კი, ეკლესიინდელი, მაგრამ აქ ისევ კი არა, არამედ აქ პირველად და ესე იგი ანუ შემოჭრა იყო ესეც, აბა რა იყო ეს ესე იგი და ანუ, – ანუ დაიბნა ლარისა და დაბნეულად მიტომაც ფიქრობდა ასე, და მაინც რამ მოიყვანა ქალი, ჰო, მისამართმა მარტო, და ამის შემდეგ მოდი და ენდე და თქვი ადამიანმა ყოველთვის სიმართლე.

– და დღეს მაინც რაა, დღესაც ხომ არ გაქვთ ისევ...

– რა...

– წვეუ... ეე, აქ პურმა... არა, ეე, სუფრა, არა არამედ... – ისიც კი, მოურიდებელი, თითქოს ღელავდა, – და აქ..

– სად აქ..

– ან კიდევ სადმე... – სულაც დაიბნა, ქალიც მაგრამ იაზრა. – აა, თქვენ ვერ გამიგეთ,

„ასეთებმა შემოჩვევებიც ძალიან იციან, – გაიფიქრა ლარისამ, – ერთი თუ ამოგიჩემეს და ჩაგაჯინდნენ ერთი, წასულია მერე მთლად საქმე და აქედანვე უნდა აღკვეთო, მაგრამ ძალიან მკაცრად არა, რამდენად სტუმარი ღვთისააო იტყვიან ბრძენები, ბერძნები, თანაც მოლაპარაკეა და ხალხში თავს მოგვჭრის გაგვაგდოო და ავტორიტეტები შეგვირცხვება გიორგის და მე და თანაც ვის გამო, თუმც ვინა და რომელი ერთი დაუგდებს ამისთანებს ყურს~.

მაგრამ ქალი ლამაზიც იყო, ოღონდაც როგორღაც თავისებურად, და დამხმარე საშუალებებიც სახეზე არსად აჩნდა,

„მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა აღვკვეთო.. და იქმნას აგრე~, – მოზომიერად-ამაღლებულადაც გადაწყვიტა გადამჭრელ ზომებიან ფიქრში ლარისამ, მაგრამ უნებურად მაინც თქვა ასე:

– მობრძანდით.

ცერცვაძეებიც, ქართველია,

– გმადლობთ. კეთილი იყოს ჩემი ფეხი, აქ გვირჩევნია, რა კარგი ბაღია, მშვენივრადაა გაშენებული.

„ჰო, დიახ-დიახ, სულ შენისთანებისთვის გავაშენებინე, კი შემოსაჭრელად“, – გაიფიქრა ლარისამ, თუმცა ბაღი მისგან განაშენებული კი არ იყო, არამედ მხოლოდ თავისიც იყო, ოღონდ გათხოვებით. – დაბრძანდით,

– გმადლობთ, რა კარგი ბაღია, შუაგულ ქალაქში.

„ბაღიც როგორ ამოიჩემა~.

და საერთოდაც, შემოჭრა იყო ესეც, რა იყო აბა, და „რაღა ამ კრესლოში გამოიჭიმა სხვებიც ასეთი არაა?“, თუმც ქალი ბამბუკის სავარძლის კიდეზე მხოლოდ ოდნავ და გვერდულად ჩამომჯდარიყო, მაგრამ ლამაზის კვალობაზე რატომღაც გაუბედავად იჯდა, ეს რაღაც მოძრაობებით იყო როგორღაც გაუბედავი, თორემ ლაპარაკით ძალიან ბევრსაც ლაპარაკობდა:

– რა ოქროსფერი შემოდგომაა, მე მიყვარს ბუნება.

„რაღა მიჭირს~. – გადატანითი მნიშვნელობით გაიფიქრა ლარისამ, მაგრამ მომკაცრო თავაზიანობით თან ვითომ დაეთანხმაც და თან შეენიშვნაც:

– ბუნება ყველას უყვარს თუკი კარგია.

– მე მგონი ბუნება ყოველი კარგია.

– ვითომ?! – გაიკვირვა ლარისამ,

ისხდნენ.

მაგრამაც, სხდომა, თუნდ მხოლოდ ორული, ბევრდაგვარია,

– ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია, ხოლო მუსიკა ბუნებისაგან განსხვავებით ზოგი ძალიან-ძალიან კარგია და ხოლო ზოგი მჩხავანა და ყოვლად უშინაარსო და ტვინის წამღები, რადგან უნებურადმსმენი ყურების გავლით თავების მტერი არის ძირითადად და თუმც ეგრეთწოდებული საშემსრულებლო ტექნიკა მეტად კარგი, ეე, არა, მეტად გამომუშავებული აქვთ იმ, ეე, ჰო ცუდად თავისებურებებს და ძირითადად ამით აჯადოებენ აღსაგზნებელ გამოუცდელებს, მაგრამ საწყისი ცუდრამიდან აქვთ და კიდევ კარგი ჩვენხელებს რომ ვერ ერევიან ხოლო დღეს ძალიან კარგი კონცერტია და თანაც ოპერაში. მე ძალიან მიყვარს ეს შენობა და არც იმდენი ცუდი არაფერი გაჭაჭანებულა იქ, ოღონდ ეს მხოლოდ მუსიკის მხრივ, და ძალიან გთხოვთ, წამოხვიდეთ, წამობრძანდით რა, ექვს საათზეა, წამოდით იქ რაა..

„არა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიცილო“ –

ქალს სადად ეცვა, –

„და მივუჩინო უნდა მისი ადგილი~,

– და არ წააგებთ.

„რააო!?“, და:

– რომელ წაგება და მოგებაზეა ლაპარაკი აქ! თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძმა მომიკვდა, არა, არამედ გარდამეცვალა და ამის შემდეგ კიდევ რომელ წაგებაზე მელაპარაკებით თქვენ!

– არა, მაგაში ნამდვილად სწორი ხართ კი, არა, – აირია აქ ქალი, დაიმორცხვა კიდეც, შილიფად ეცვა, ბაღში გრილოდა, ალანძულიყო, – არა, აქ ნამდვილად ვერ შევარჩიე სწორული სიტყვა, მართლაც სად მუსიკა და სად წაგება და ბანქო და აზარტული თამაშები, მართალი ბრძანდებით. – მაგრამ გახარებულიც აღმოჩნდა, – და ისედაც, წაგებულადაც წამობრძანდებით არა? წამოხვალთ აბა? რა კარგად გადასწყვიტეთ, როგორ სწორად ეს, და რომ იცოდეთ როგორ გამახარეთ, ბარაქალა.

...

ეზოს კუთხეში კაკლის საბერტყი ჭოკიც იყო აყუდებული, და კაუჭა ჯოხიც, ძირითადად თუმც ბროწეულისათვის, მაგრამ ჰუმანურმა ლარისამ რაღა თქმა უნდა მხოლოდ გაიფიქრა ეს, რა და, – ის, რომ... ხოლო საშუალებად, მაგრამ ისევ მოქნილ სიტყვათთქმას მიმართა, მაგრამ ჯერ ეს მხოლოდ შესავალით:

– კარგად დამიგდეთ ყური.

სიტყვები – ძნელიცაა, სიტყვებს, ჯერ სწონიდა,

...

– და, ყოველი ადამიანი, ჩემო კარგო, თავისებურად განიცდის მწუხარებას,

– დიახ,

– ნუ მეკამათებით და ხელს ნუკი მიშლით თუ შეიძლებოდეს. განა მე ხელს გიშლით როდესაც თქვენ... – „ყბედობთ“? – ერთი კი დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა კვლავაც ჰუმან-ლარისამ, – როდესაც ეს თქვენ ლაპარაკობთ არც თუ ცოტას, მე განა როდი გაწყვეტინებთ მიუხედავად ყველაფრისა, ხოლო მე ჩემი გამოკვეთილი გზა მაქვს, და თქვენ კიდე თქვენი, ოღონდ რბილად რომ ვთქვათ, ინდივიდუალურად, და ამიტომ ხელი კი არ უნდა შევუშალოთ ობიექტობაში ერთიმეორემ ერთმანეთს და არა ვიღაცა მესამეს, „მე მგონი კარგად და გასაგებად გამომივიდა“, – და ამიტომაც, ნახვამდის. –

მოუჭრა; არა, განუხვნა გზები. ოღონდ ჯერ მხოლოდ აქედან. კი.

მაგრამ –

– და მე რომ თქვენთვის მაინც უკეთესი და კარგი მინდა?

– რომელი კარგი... ეს მაინც რომელი მე ჩემი კარგი!, ა! რომ ოპერებში ვიარო, არა?

– დიახ.

– კარგად იყავით. მშვიდობით!.. და, მუსკომედიებშიც, არა?

– თუნდაც.

ლარისამ თავზე დაიდო ხელი, შეაცქერდა, თქვა:

– გამარჯობათ.

– გაგიმარჯოთ? – ინადით ნათქვამს გაუგო ვერკი და კიდაუბრუნა სალამი მაინც, ქალმა.

– ოო, გამარჯობათ, გამარჯობათ, გაუ, – ისე უშუალოდ ჩაერთო მუსიკაც შემავლურ ანუ არისტოკრატიულ საუბარში გოგია, გინდაც იქიდან გამოსულიყო და გინდაც შედარებით შემსუბუქებული; ადამიანიც, რაა?, და დღეს რომელი ოპერაა მუზკომედიაში, ქეთუ თუ კოტე? თუ, ეე... ჯამბაზები ჰო, სიამოვნებით.

– რომელი საათია!

ქალი ლამაზი იყო, ხოლო ქმრადგოგია კი – ასე თუ მაინც მეუღლე იყო მისი და ამიტომაც აი ასე ხმამაღლად გადაიტანა ასევითარი ეგებ სახიფათოც, მდგომარეობა, ლარისამ.

– ჰა...

– ჰა და... რა და, რომელი საათია!

– როდის...

– როდის და გუშინ! რომელი საათი არის მეთქი, აი სწორედაც აი ახლა!

– აა... დამაცალე... – თქვა გოგილომ და მაგიდა-ზე ჩამოჯდა.

არა, აშკარად იპრანჭებოდა, ჟორჟ, ეს ქვაზე დახატული, რადგან სათვალეს არ იკეთებდა, არა, თუმც გულის გარეთა ჯიბიდან ამოუჩანდა, თუმცა ქალს გამომწვევი სილამაზე კი არ ჰქონდა, გეყურა მხოლოდ უნდა....

– ზუსტად თხუთმეტი აკლია. იცით ქალბატონო მე ბალეტი კი მომწ...

– რას!

– რა რას...

– რას აკლია თხუთმეტი! და არა თუთხმეტი!

ეზოსი მინდვრის ცალი გიგილო ისევ ძალიანი დააცქერდა საათს, რათა დარწმუნებით ეთქვა:

– პირველს, რას...

– ჰოდა, პირველზე იქ უნდა იყო.

– სად? – იკითხა გოგიამ.

– მე რა ვიცი სად. ადი მოემზადე. ადე. ნახვამდის.

– ნახვამდის. – უთხრა ქალსაც ლარისამ, თან ჭარბღიმილულ ქმარსზეც ფიქრობდა: „გამომივიდა, რაღა, არშიყი... ეს ქვაზე ჩაქუჩით... არა, კომბალით დახატული ეგა“... ნახვამდის.

– ნახვამდის, ექვსამდე... – თუმც ცოტაღათი იჯდა, და მაინც სახელურებს დაეყრდნო ქალი; გახარებითი მხნეობისაგან, ალბათ, მაგრამ:

– რომელ ექვსამდე...

– ექვსზე იწყება.

– აჰ!.. მშვიდობით. თუმც დაბრძანდით, ოღონდ მაგრამ მხოლოდ ერთის წუთით კი?

– კი.

ისხდნენ.

– მე ესე იგი, კონცერტზე წამოვიდე და თანაც ოპერაში?

– დიახ.

– აჰა... გამარჯობათ, – ისევ მიესალმა ლარისა.

– გამარჯობათ? – ისევ მაშინდელივით დაიბნა ქალი, ეტყობა ინადით თქმულის ნაირხერხთაგან ეს სახეობა სულ ვერ იცოდა.

ისხდნენ; ოღონდ სხვადასხვაგვრულად, ხოლო ლარისა – თავისაში და თავისაზე.

– მე ისე ვატყობ, – სწორად კი წამოიწყო თუმცაღა ლარისამ და მაგრამ უნებურად კვლავაც შეათვალიერა. ქალი ლამაზი თუმცა კი იყო, მაგრამ, მხნეობისაცდა მიუხედავად, როგორღაც მაინც აჩნდა ვნებურ თვალებში როდაუნაყრებელიც იყო, თუმცა აქამდე ღიმილითა და თუმც კარგმხნედ ლაპარაკობდა „ხომ არ ვაჭამო რამე?“ – გაუელვა ალაგკეთილ ლარისას, მაგრამ, – „მაგრამ ასეთებმა საჭმელებისთვისაც იციან ეგებ შემოჩვევა და ისე კი ვითომ მხოლოდ ლაპარაკისათვის მოდიან ვითომ“ – და კვლავ განაგრძო, თუნდაც მსხმოიარე ბაღში ყოვლად უვიტამინებო დარიგება, ოღონდაც თანაც ახლა უკეთე სიტყვებს აღარ დაეძებდა, უბრალოდ ეცვა და მშიერიც კი ჩანდა როგორღაც რადგან აი ის ქალი...

– იმას ვამბობდი, რომ თქვენ მე სულ ვერ მიმიხვდით, რადგან თქვენ... – „თქვენ“-ობითაც კი ელაპარაკებოდა, დიახ, და სხვა თუ არაფერი, რაღა უნდოდა მეტი? ვიტამინებსა და კალორიულობაზე ხომ არაა მარტო საქმე ცხოვრებაში, ან, – რადგანაც თქვენ სულაც ვერ გესმით განუზომელი მწუხარების ფასი და განა მწუხარება გართობებით ხელწამოსაკრავია როგორც ასეთი იმიტომ, რადგან ოპერეტებშიაც კი მეპატიჟებით თავდავიწყებით და რაღაც ჯამბაზებზე, თუმცა თავიდანვე უნდა შეგეტყოთ ჩემი ამომწურავი მწუხარება და ამიტომაც გართობებისადმი და მათი ყოველი სახეობებისადმი ჩემი არა კეთილ განწყობა და უარყოფითი ურთიერთობა და მიდრეკილება ზოგის არ იყოს ჩემს შემთხვევაში, – შეარცხვენდა, ვერ? აიც – : და თქვენ თუ ათასგვარ გართობებს და სიამოვნებას და ხრიკების მსგავს მაქინაციებს ღვიძლ ძმას ანაცვალებთ, – ლარისა აკიც მკაცრიც იყო და ოღონდ აკიც სამართლიანიც, – და ეგებ მე გაცილებით უფრო მიმძიმს და მიტომაც სუძალიანაც უნუგეშოდ განვიცდი სუყოველივე ამას და არ მაქვს არავითარი გართობის, მთლად არავითარი მსუბუქი ყოფაქცევის სურვილი ჩემს ღვიძლ ძმაჩინა და თანაც უმცროს ძმაზე დარდვის, ეე, კი, სწორედაც რომ დარდების გარდა და შორს რომ არ წავიდეთ, განა ჩვეულებრივიც კი, მოყვარული ბუნება ადამიანებისა უფრო ამას არ მოითხოვს განა მუდმივად და გამუდმებით და, გასაგებია? ჰა?.. არაა გასაგები?

– კი. – თქვა იმ ქალმა. – რატომაც არა, გასაგებია. კი. მაგრამ არა ხართ სწორი.

– არაო? ეს რატომ!? – მკაცრად იკითხა ლარისამ და ცალადდოინჯიც შემოიყარა, მიუხედავად იმისა, რომ იჯდა, – ეს მაინც ვითომ რატომ?

– გეტყვით.

ქალი პასუხს კი აგვიანებდა, მაგრამ ძალიან ვერ გაუბრაზდებოდა, რადგან ლარისასთვისაც კი, ყოფილ ჭკუამხიარულებასთან ერთად რაღაცაც კარგი ჰქონდა თვალებში და წარმოიდგინეთ სევდიანიც კი, და საერთოდაც, ახლანდელივით, ულაპარაკოდ, – უფრო, და როგორღაც მაინც ვერ ჩანდა ისევ და ახლა ლარისასთვისაც კი, უგრძნობი, და თვით ლარისაც ხომ სულაც არ იყო მთლად უგრძნობი გინდ უმთვარეოდაც და ასე შემდეგ ვარსკვლავები, და:

– ეს მე თავიდან სულ არ მინდოდა მეთქვა ეს თქვენთვის ეს ჩემი თავაზიანობის გამო და ასე შემდეგ, ეე, თავაზიანობისათვის კი არა, ეე, არამედ თავაზიანობით, ეე, რას ვამბობდი, ჰო, და არა მკვახედ, მაგრამ ჩემი ბრალიც არაა, მიუხედავად თქვენი ეე, გარკვეულწილად სილამაზისა, ვეეე, და ოღონდ ნუკი გათამამდებით, რადგან ეს თვითონ თქვენ ძალათი მათქმევინეთ მაგ თქვენი კონცერტებიული მუსიკით შეუპოვრობისათვის, ით, ი, იი...

– ეგ არაფერი, – უთხრა ქალმა, – ოღონდ ერთსაც გეტყვით. – ეგებ ისიც კი, საერთოდ ყოვლად უმისამართო და ჭარბლაპარაკიანი, მაგრამ ახლა კი გზიან სიტყვებს ეგებ, ისიც კი დაეძებდა, აქამომდისინ ყბედი, – რა არის იცით? ჩვენ რომ ხანდახან გვგონია რომ ერთადერთსწორად ვიქცევით, რადგან ბუნებრივები ვართ ვითომ, შესაძლოა ეს არც იყოს სწორი, რადგან თვით ბუნებრიობასა და გაჭირვებაზე, თუნდაც ისეთ განუზომლად დიდზე, როგორიც ეს უახლოესის დროებით დაკარგვა მაინც, როგორმე უფრო მაღლა, და მეტიც უფრო სწორადაც უნდა დავდგეთ, როგორმე.

– ბოლო სიტყვები ვერ გავიგე, – შეჭმუხვნილიყო ლარისა ისევ ცერცვაძის ქალი. – რა სისწორეზეა ლაპარაკი, ეგეც რა, რომელი აღებ-მიცემობაა?

– არა, და თქვენი არ იყოს, არც წაგებ-მოგებაა როგორც ასეთი, უბრალოდ, ზოგი რამ ძნელად არის გინდ მარტოკადაც სწორი.

„აურია, მთლად, მთლად აურია“...

– მაგრამ არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ჩემით მივხვდი ამას და თავის გამოჩენა მალაპარაკებდეს, რადგანაც ადრე სხვადასხვა ეკლესიებში დავდიოდი ჩემი ძმისთვის და მთლად თქვენსავით არა, მაგრამ არანაკლებ ვგლოვობდი ვანოს.

„ვანოო, – აღენიშნა ლარისას, – ესე იგი, ძმა უფროსი იყო და შენზე უფროსის გლოვა ხომ რამდენად უმფრო ადვილია~.

– და თავს კი ერთხელ უცებ გაკვირვებულმა შევატყვე, რომ ეკლესიაში მაინც არ ვტიროდი, მიუხედავად იმისა, რომ იქ მეტადაც კი ვფიქრობდი ივანეზე და თან ძალიან, რადგან საგანგებოდ ვიყავი სწორედ იმისათვის იქ მისული და ეს ჩემთვის ძალიან გაუგებარივით რამე იყო და თურმე თუმც უნებურად და მაგრამ მაინც სწორად ვიქცეოდი თურმე, არტირილით ამ...

„მართლა ხო იცი, – გაიფიქრა ლარისამ, – ეკლესიაში მეც რატომღაც არ მეტირება... უცნაურია... მაგრამ კარგად კი მიჭირამს თავი~.

– და ერთხანს ეს უცნაურად დასადგენი იყო ჩემთვის, არატირება, ეს, და თუ ეს ნეტავი რატომ?

ისე-რა ცხოვრებაში იმ ხელობის და მიმართულების ადამიანი ისევე როგორც ყოველი პროფესიისა შესაძლოა იყოს უკონსტიტუციოდაც მაღალი, დაბალი, საშუალო, მსუქანი, გამხდარი და ამ განზომილებითაც აგრეთვე საშუალო და ან ქალი, ან მამაკაცი ნამდვილები თუ გინდაც ცოტაყალბი და სხვადასხვა ასაკისაც და ხასიათის შებერებული მგელი თუ დამწყები სკვინჩა, ქერა, მოწაბლისფერო თუ აშკარად წითური თუ ნაკლებად თუ ხელიდანწასული შავტუხა გინდ მიმზიდველიც და გინდ არალამაზი, ლამაზიც, ყოვლად ულამაზო, დახვეწილი, მოუხეშაოდ გაუთლელი ან ამეებში ისე, რა კაი მელოტი თუ ჯიქურ-ბურძგლა თუ საწყლადმეჩხერი, ნაკითხი, უკითხი ან ამასშიც კი ორივე ერთად და თუნდაც ვაშადმფლანგველი, ანდაც ძუნწიცკი, ბეცუნა რწყილის გამტყავებელი ხვითობოთედ უყაირათო რომელი ესა უკანასკნელიც თავისზე წინა უკანასკნელს მერწყილეს ანუ, გულით მაინც სჯობს თუ სხვა არაფერი, გლანდებიანი, უბრმანაწლაო თუმც დიდყურება და ხოლო აგრეთვე ყურებიან-ეს სმენიანობით ვიოლინოთა და ფლეიტების მადლთდამჭერობით წყალობათაღირსი ანდაც პირიქით – უდიპლიპიტოც, კი, ენაჭარტალა თუ კრიჭაშეკრულად უხიაკი თუ ღიმილისას ტუჩებლოყურად თვალისმისწრება, უსირცხვილო თუ წითლებადი, გინდ მომხიბლაურ დოყლაპიობით მნე ოღონდ ღია საწყობისა და საიდუმლოთა კენტად მჩხიბავი ანაც ძმაკაციან ტლუ და ეული და ეგებც დიდად პატივმოყვარე თუ გაქცეულად ალალმართალი ოღონდ ეს ბრიყვულ შტერებთათვის და ზოგიც ტაშფინალიან არშიყი თუ ქალთუნახავი აი ასე რომ რა დედამაგშობაო რომელიმეპეტრენკოზეც და ბევრი მტყუანი ზოგიც ცოტა მართალი აქაიქაურად როგორც წესია, და პრეფერანსის დიდოსტატი თუ ფურთის არმცოდნეც და ზოგი ჭკვიანი და ზოგიც უფრო ანაცდანაკლებ ანუ მთლადპირიქით და აქ ალბათ შორს კი წაველით ანუ გავრეკეთ მაგრამ ზღვაში წვეთია ადამიანთა ყოვლისგვარი ხასიათებთუგარეგნობიდან ეს ჩამოთვლები თან გაფხეკილი თუ ჯიბეზედ კარქაქიშმიშიანი ერთხელაც კი არ გვიხსენებია და აქვს ამასაც მნიშვნელობა და მაგრამ ისაა უცნაური, რომ თითქოს ყველანი, თავთავიანთთვის ყველაზე მეტად სანუკვარ ადგილას, ანუ ველზე ერთნი, არიან, ერთნაირიან, უცნაურია,

– და ხოლო ეს ალბათ ცოტათიც იმიტომ, რომ ახლობელისადმი უმთავრეს ვალს რომ და როცა ვიხდით, სწორედ ამითი თითქოს ყველანი შედარებით მშვიდები ვხდებით, რადგან დარწმუნებულებივით ვართ და ალბათ ამიტომ არ ვტირით, მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამ ყოფილა და მაგრამ ამაზე მეტად უცრემლობაც რომ დათუ იყო, რა ვიცოდი ჯერ და თანაც მაშინ ხომ, ადრე, მთლად...

„აიშვა ისევ“...

– მაშინ, ჩვენ, ბევრნი, სიავისაც კი თუმც უნებურად, ჩვენი სისუსტით და საკუთარი ტყავისადამოყვარულობით ახლობლები, თანაც კი ვითომ უფროსები და სინამდვილეში უმცროსები, რადგან ისეთი ახლობლები გვყავს გარდაცვლილი, რომ მტრისას კი არა, რაღა თქმა უნდა, სულ არავისას...

„უყურე ამას, გარდაცვლილიო, გარდაცვლილი, ცოდნია სიტყვა~.

– და კვირაში ერთხელ სიონში ვიკრიბებოდით, შაბათობით, დილით, ზოგი უმცროსებისთვის და ზოგიც კიდე უფროსებისათვის და...

– და თქვენში რამდენი იყო განსხვავება?

– რამდენი რით...

– ასაკით რით...

– თერთმეტი წელი.

– აა, – თქვა ლარისამ და გაიფიქრა, – „აა, ესე იგი, როგორც ამდენად უმცროსს ალბათ ძალიან გათამამებდა და განებივრებდა და ამიტომაც მოგაკლდა გულს ხომ? ` – თქმით კი მიუგო:

– კი, ნაბოლარებს როგორც წესი ათამამებენ,

მაგრამ ქალმა თქვა:

– არა, მაინცდამაინც რატომ ნაბოლარა, ნაკლულივით სიტყვა ეგ, უბრალოდ ოჯახის უმცროსი შვილი იყო.

– ეს ვინ...

– ვინ, ვანო... – გაიღიმა ქალმა თავისთვის, შეხედა, მერე, – ჩვენებს ხომ ერთი სახელი ჰქვიათ, ხომ გახსოვთ... ეკლესიიდან, იქ...

გაკვირდა, ლარისა.

– აბა, ვანო და ივანეო? უმცროსებს ასე არ ეძახიან...

და რად ეძახიან მაინც ნეტავი თავიანთ მთავარ ადგილს „ველი“ -ს, ცოტათი ესაა გაუგებარი, ეს დილაუთენიის მოსულსწრაფი გასვლა იმათი როცა გასვლისას ჩაიშესმულზე თუკი აქვთ ქურა ასე იტყვიან, გინდ მთლად უზმოზე, მხნედ მაინც როგორ: „აბა წავედით ველზე~, და რატომაა ნეტა ყოველთვის მაინცდამაინც სახელად „ველი“ ყორღანი გინდა თუ დაბლობი, მაღლობი, ბორცვი, კარგამთა თუ ზღვისპირი თუ მინდორი ანაც ქვიშრობი ან მართლაც ველი, ამასთანავე ჭალა თუ ხრიოკი თუ ჭანჭრობი და ხშირიტყეც კი და გამოქვაბულებიც კი, ზოგი საღად ნათელი და ზოგიც შეკრთომისმგვრელიც, კი, ხოლო თვით „ველ“-თან უკვე მუშები შეკრებილან, იქაურობის ისე მკვიდრნი, რომ მათი გადაადგილებისაც კი როგორ გვიკვირს ეს გადაჭარბებით რაღა თქმა უნდა ნათქვამი მოკლედ იქაურობის მყარადმკვიდრად მცოდნე გლეხები – ოღონდ მანამედ რა იცოდნენ თუ რაზე როგორ არხეინად დააბიჯებდნენ და რაღა თქმა უნდა ისინიც ამათსავით სხვადასხვანაირები, არიან, კი, კი, ოღონდ ნაკლებ, და იარაღებიც განსხვავებულები – წერაქვი, ნიჩაბი, ბარი, ოთხსახელურა საზიდრებიც და აგრეთვე შექართულებულ-მჟღერიც მწვანე ხელისტაჭკა და, მისალმებაა? – თითქოს რიგითი, – მაგრამ დღე, თვით დღე, სამართალმუშაო, იწყება ეს, – გამარჯობათ, ო, და, – ოთარს სიცოცხლე, ოთარს გაუმარჯოს, დილა მშვიდობისა ბატონო ოთარ, ოთარ-ბატონს სალამი, და მაგრამ მაინცდამაინც მარტო ოთარი კი არა, არქეოლოგებსაც კარგა სხვადასხვად სახელები ჰქვიათ.

– აჰ, – გაახსენდა ისევ ლარისას. – მაგდენი წლით? არც გამიგია.

– კი. მაგდენით, ხოლო ასე ორთვეში ერთხელ სხვადასხვა ეკლესიაში ვიკრიბებოდით და ერთხელაც, მეტეხის ეკლესიაში რომ შევიკრიბეთ, სადაც მაშინ მამა პავლე წინამძღვრობდა, ახლა მეუფე ნიკოლოზია ის.

– ეს როგორ?.. – გაიკვირვა ლარისამ, და მაინც ცერცვაძის ქალმა, რასაკვირველია,

– ბერად შედგომისას სახელები ეცვლებათ და მამა პავლე მეუფე ნიკოლოზია ახლა, ეპისკოპოსი, და თქვენზედაც კი ახალგაზრდაა ბევრად, თუმც სასულიერო პირებისათვის არ არსებობს რაღა თქმა უნდა ასაკი, რადგან ღვთითაა ყველა, და არა გოდრაჟდენიით, – გაიღიმა ქალმა.

„აქამდე სწორად ჩემთვისაც კი ლაპარაკობდა~, – აღენიშნა ლარისას ცოტათიც ფილოლოგიურ გულში.

– ღვთითაა ყველა, მღვდელი.

„კი, კი, კიე, კი“... – გაიფიქრა ინადით მოჭრის ოსტატმა ლარისამ, რადგან მაინცდამაინც ცუდმა მღვდლებსა გაახსენდა ვერფილოლოგიურად: „დევიჯერე, კი, კი, – გამარჯობათ!“ – მაგრამ ქალმა, როგორ დამთხვევად: – ასე განსაჯეთ, თვით იშვიათად ცუდებიც კი, და სწორედ მამა პავლესაგან გავიგე პირველად რომ, თუმც დალაგებულად გეტყვით...

„მოახერხებ, კი“.

– და ჯერ ის გვითხრა პანაშვიდიანი წირვის შემდეგ, ქადაგებაში, და სწორედ მისგან გავიგე პირველად რომ, და მაპატიეთ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ უნივერსიტეტის ბაღში უნდა მეთქვა თან და მომიტევეთ, რომ ვითომც მხოლოდ მამა ილიასათვის ეს მაგრამ უფრო იმიტომ რომ თქვენ გაგეგონათ რადგანაც იმან იცოდა ისეც, უჩემოდ, ეს.

„თვალთმაქცი... ყურთმაქცი! – გაიფიქრა ერთგვარად სინონიმებიანმა ლარისამ, მაგრამ რაღა თქმა უნდა ისევ მტკიცურცერცვაძის ქალმა, – და შენ კიდე ლამაზი ეძახე, შენ!“ – რატომღაც წყნარად გაიფიქრა საკუთარ თავთანაც კი მეორე პირით პირშიმთქმელმა ლარისამ, ხოლო დასძინა მაგრამაჩქარებით: და, საიდან იცოდა მამა ილიამ? – მაგრამ აქ შეცბა, – თუმც... და რატომ შეჩერდით? ილაპარაკეთ, განაგრძეთ მიდი, და რას მომჩერებიხარ მაინცდამაინც მე თქვენ, აკი ხომ მიყვარს ბუნებებიო და ბუნების მეტი ყველგან რაა, და შეგიძლიან ამ ჩემს ხეებს უყურო და ის არსჯობიან? – „ეს მართლაც კარგად მოვუჭერი, გამომივიდა~.

– რა და გვითხრა რომ, – დაფიქრებულიყო, ქალი, – რომ ჩვენ ისე ძალიან ვყვარებივართ ჩვენს ახლობლებს, გინდ უნებურად რომ, რომ აბა ერთი გადავხედოთ ერთიმეორეს და რომელი ერთი ვიქნებოდით უიმათოდ ახლა აქ, ასე უფრო ახლოს თვით ღმერთთან, და რომ სწორედ იმათით, გარდაცვლილებით, ღმერთს ახლა როგორ და უფრო მივუახლოვდით, და გვითხრა ისიც, გადაგვეხედა ყველას ერთმანეთისათვის თუ ადრე რომლები მოვიდოდით ღვთის სწორედ იმ სახლში, რომელიც ჩვენს ძველ უბანში, ძალიან ძველში, მეტეხში დგას.

და ამ გამარჯობობანების შემდეგ იწყება საქმე, მაგრამ საქმესაც გააჩნია. არის ხოლმე რომ, დასაწყისში, მიწის სუზედა ფენას თუ იღებენ და არქეოლოგმა უკვე თუ იცის გვერდითა ნამოსახლარებისა თუ სამარხების მიხედვით, თუ სად და როდის დაიწყება კულტურული (ასე ეძახიან) ანუ აღმოსაჩენმასალიანი ფენა, შედარებით ვითომ მშვიდადაა და წინა დღით ნაზარმაცევი თუ ჩამოწოლილი ბინდით შეწყვეტილ საველე (ისევ სა-„ველ“-ე) დღიურის განგრძობას შეუდგება, ჩამომჯდარა ხისა ძირას, სკამზე და ჩრდილში, გადუკვანტილებია ფეხი, ვითომ გულარხეინადაა, მაგრამ ახლომავალით იგივე გული ისე უფრთხილებს რომ? – „ნეტა რა, რა, რა, გამოჩნდება?“ – ძალიან ღელავს, ოღონდ ფარულად, და გინდაც ასეფარულში, ისე მშვენივრად შესაძლოა, რომ შარიც კი მოსდოს ვინმეს – „მაგ წერაქვს მანდ რა უნდა“ , ან „რა არის კაცო ამდენს რომ აბოლებ“ , ანაც კი, სულაც: „დღეს რა რიცხვია... არა, თერთმეტი... არა, თორმეტი... გუშინ არ იყო კაცო ათი?“ – მოკლედ ღელვაშია-რაღა, ოღონდაც ვითომ სულაც არ იმჩნევს, და ღობე-ყორეს კი ედება, მაგრამ იმას მასმეტი არაფერი ეწადილება, ოღონდ წინდაწინ იცოდეს თუ მიწაში რაია, რაა...

– ხოლო სახელწოდება მეტეხი მე არ ვიცოდი რას ნიშნავდა და მერე თუმც ამოვიკითხე სიტყვა მეტეხი თუ რას ნიშნავს, მაგრამ მე არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე და ამიტომაც არ ვეკითხები სასულიერო პირებს, რომ მეტეხის ეკლესიას რად ეძახიან ნეტავი ასე? იმასაც ნეტა შეეფარდება ჩვენი ძველუბნის სახელწოდება, თუ მხოლოდ უბნით ეძახიან ამ სახელს, მეტეხს, და სიტყვა მეტეხი ხომ ვითომ რაღაც მკაცრად და მყარად ჟღერს, მაგრამ თურმე სინამდვილეში მეტეხი თურმე ადვილად მსხვრევადს, მყიფე რამეს ნიშნავს, ამოვიკითხე.

„აღარ გაჩერდე“, – გაიფიქრა დროის მომჭირნემ, ლარისამ, ანუ უფრო სწორად – „გაიფიქრა დროისმომჭირნე ლარისამ გონსწრაფმა“, ხოლო მდებარეობით კი – იჯდა.

– რადგან ძალიანაც მინდა, რომ ღვთისმშობლის ეს ეკლესია, დაკავშირებული იყოს გინდაც მსხვრევასთან, იყოს მყიფე.

– რა!.. რაო? ძალიან გინდა რო დაინგრეს!?

– არა, პირიქით, რომ გავუფრთხილდეთ ზედმეტადაც კი, უფრო უფროდაც, და საერთოდ კი, იმას რა დაანგრევს, გინდაც დაენგრიათ, და იმას ვამბობდი, რომ გვითხრა ასე მამა პავლემ, რომ აბა რომელი ერთი ჩვენთაგანი ვიქნებოდით იქ უჩვენახლობლოდ, იმათ გარეშე, იქ, და თუნდაც მხოლოდ იმ ერთ დღეს ან თუნდაც წუთას ისე ახლოს და შესაყუჟად თავსა და თავსა ისევ, მშველელთან, რომაა ღმერთი, და იესო და თანაც ქრისტე და თვით სულიწმიდათი ხომ, შეფარებულები, როგორ, „უყურე შენ, ჰყოფს“, – გაიფიქრა ლარი-სამ, რომელმაც თითქმის იცოდა რომ ღმერთი და საერთოდ წმინდა სამება განუ-ყოფელია, მაგრამ არ იცოდა, რომ ასე ლოცულობენ:

„სასოება ჩემდა მამა, შესაყვარებლად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმინდა“,

– და აბა რომელნი ვიქნებოდით ასე უზომოდ, ჭეშმარიტად ბედნიერები რადგან რა მადლი გხდათ, ო, ეს...

ხოლო „ხდა – დახურვის მოხსნა, ხდა – სნებათ მორჩენა, ხდა – ავიდა, ხდა – წილით რგება, ხდილნი – მოწოდებულნი“ – საბა.

– რა მადლი გერგოთო, და მერე ვისით ბედნიერება, გარდაცვლილებითო, ეს...

– ვანიკოც კი არ მოკვდა, არამედ გარდაიცვალა, – დათანხმდა ლარისა, მაგრამ მაშინვე: – როგორ თუ ბედნიერება!?

მაგრამ ამჯერად ქალს ყური თუმცა აღარ უთხოვებია, და მაგრამ უნებურად მაინც ლარისას პასუხობდა, კი.

– დანამდვილებით, კი, ასეაო კი...

ხოლო როდესაც თავს ამოიჩენს სულ პირველივე თიხის ნატეხი ან ნაგებობის მყარდამჯდარი ქვა, თვით გამოცდილი, მრავლისნანახი არქეოლოგი მოფერებით ეს – სიგიჟესაა, ლამის, იმას თავისი ქალაქები თუ კულტურები ველზე კი არა, სასთუმალშიც კი ელანდება, მაგრამ თავს ისე იკატუნებს რომ, და, სხვათაშორის, გარეგნულად მშვიდადაცაა, და სხვათაშორის, ცოტათი მართლაც, – „პირველად ხომ არა~, იმშვიდებსაც, თავს, მაგრამ, არქეოლოგისათვის ბოლობოლო ხომ მართლადაც ძალიან ახალია ნებისმიერი ცრეცილი ჭურჭლის ძველი ნატეხი და, დრო რაც გინდა სწრაფად გადიოდეს, უსასრულობასთან შედარებით ხომ მაინც ხომ მათემატიკურად თუ გინდ ისეა რომ ყოველგვარი დრო დროის მიხედვით არაფერია რადგან უსასრულობასთან შედარებით არაფერიაო მუნ და არეოპაგიკაო ტფური, თუმც რეებს ვბოდავთ, გადამდებია, და თავად დროზეც ასე ახსნა – რომე ნულია, სუმთლად ბაჯაღლო სისულელეა, ეს, რადგან მას შემდეგ თვითონ ჩვენამდე მაინც როგორ არ არის ეს კარგაძველი არამცთუ რაღაც ხუთიოდ საუკუნე და იმისისი და არამედ ხშირად მთელი ორმოცი, ორმოცდაათჯერ ასწლოვანება და არქეოლოგამდე სრულიად ყუჩ გამოქვაბულებში ხომ მთელი ათობით ათასი წელი, ტვრენს, თუმც იქ ვითომდაც შეუხედავი კაჟია, ძვალი, ობსიდიანი, ქვა და იმისი გრძელი ხანა, პალეოლითად და ნეოლითად წოდებული, რა ძნელი იყო ალბათ, თავეთი, დასაწყისი რამ, მაგრამ, ყველაზე მეტად, უფრო, ამ გულუბრყვილო იარაღებით, ნაჯახები, ხელნაჯახები, ისრისპირები და ასე შემდეგ – ის მერე რა, რომ კვლევისთვის უნდოდათ? – არა, ეს უფრო უნებურად ცოდვილი ტვინის სუმთლად პირველი ნაოჭებისგან ნაბიჯებია გინდაც ხელით, აქ, და თავიანთხანა, თავიანთსაქმე, არმცთუ სხვებზე არანაკლებ, ეგებ უფროდაც, ქვისამხანელებს, უყვართ.

– და ისიც გვითხრა, რომ, რომ ასე კარგად, და უფრო ბევრად მეტი – რომ სწორადა ვართ, იქ, მტირალები ვერ, ეკლესიიდან გამოსულებს კი, გვავიწყდება ეს და, ისევ იმათზე, ჩვენ ჩვენებზე მერამდენედ თავიდან ვწუხვართ ხოლო ისინი, ძალიან ჩვენები, განიცდიან რომ...

– რას განიცდიან, რომ გვიყვარან? დას, ძმა.

– არა, ჩვენს წუხვას... ხოლო გლოვაზე ადვილი რაა?

– გლოვაა ადვილი?

– კი, ხოლო კიდევ სხვა ეკლესიაში, წმინდასამების, მამა როსტომმა ისიც მითხრა, რომ თურმე ზოგიერთი ჩვენისთანა და მაგრამ ვითომ მეტად ჭირისუფალი ტანსაცმელსაც კი დავტირით, მათსას.

– რაჰ!.. და ეს, ცუდია?

– და ხოლო ჩვენ კი, იმის ნაცვლად, რომ როგორ ძალიან მადლობლები უნდა ვიყოთ, კი, ძალიანაც, უზომოდ დიდად, უზომოდაც კი სწორედ იმათით, მაგრამ ზოგიერთების სუსტი ჭკუით ვითომდაც მარად და დაკარგულად წასულების, მაინც როგორ მადლს გვფენენ, და სამაგიეროს კი იმით ვუხდით, რომ სახემტირლობით და ცრემლოობით და ამოოხვრებით და დაღრეჯილობით და ასე შემდეგ.

„როგორ თუ დაღრეჯილობით და ასე შემდეგ.. როგორ, განა ეს ხელწამოსაკრავია!? გლოვა?~

– და იმის ნაცვლად რომ მართლა გვიყვარდნენ, თურმე დიდ დარცხვენილობაშიც კი ვაგდებთ იმათ, რადგან ბევრად უფრო უკეთეს ქვეყანაში, იმქვეყნად არიან.

„რას ამოიჩემა.. თუმცა ნეტავი მართლა ასე იყოს~.

– აი ისინი, ვინც რომ აქ შედარებით პატიოსნები იყვნენ... – და გამოერკვა, – თქვენი ვანიკოც ხომ პატიოსანი იყო, ლარი-სა?

– კი, როგორ არა!

– და ამიტომაც ისევ ჩვენით თუ დაიტანჯებიან, რადგანაც იმათ გამო ვიტანჯებით ჩვენ და ნურც ნურაფერს დავუმატებთ, განსაწმედელში... ნუ გეწყინებათ, მაგრამ, მაინც, ხომ ასეა, კი? მთლად უცოდველი, არავინ ვართ, ხომ?

– მეტნაკლებობით. – თქვა ლარისამ, – მე არასოდეს შემიწუხებია სხვები, ჩემი დარიგებებით ესე იგი, ხოლო მე ჩემი ძმაჩინა ისე მიყვარდა, არაუიარა, არამედ ისე მიყვარს მეთქი, რომ იმის მაიკას ზედაც დავსტირი, სულ.

ხოლო თუ ოქრო კაშკაშა ბზინვით თან დაგუდულად გაიკლაკნება და როგორც წესი ოხრულად რაღაც, არ შეიძლება რომ ახლა მუშად გლეხს რა იმ შეძახილი არ აღმოხდეს, ეგებ სწორია, რომ ამბობენ, რომ იმისაა, ოქრო, ბრინჯაოზე კი, აღტაცებისაგან, მხოლოდ „რა დევინახე ოთარია, დედაა, დედა, მოდიკაცოაქ!~ შეშინებულა, აღმოჩენილი ბრინჯაოთი მთლად, და სიტყვებს იძახის? – გადასარევებს, თან აქ ჩვენს კუთხესაც გააჩნია ენითაც ცოტა ოკრობოკრო საქართველოსი – `დიტუუ, დიტუ~-ც ხშირად გასმულა, იმ ოთარებისაკენ, ხანდახან შეცდომით „გეოლოგისტი“-ს რომ ეძახიან, იმათ, ხოლო ოთარის გულში რაც ხდება? რომელი დიტუუ, და ვინ იცის აბა კიდევ სხვამ, რადგან თვითონაც კი არ იცის თუკი სადმდე რაც რომ რამ ხდება, გულში, და ხოლო სხვებისათვის არქეოლოგები რომ ოქროულს რომ დაეძებენ ეს – კაიბატონო, გასაგებია, მაგრამ ვიღა არიან აი ისინი, კაჟებს და ძვლებს რომ ბოჭავენ ბოშო, რაღანაშია, საქმე? – რბილად კი არა, მთლად ჰაერშუა, უკვირთ, „ამათ ტკიცინა თუმნიანი რო დაუდო, კაჟს უმფრო ხელათ აიღებენ ჩემო ბატონო გვერდით, – „გადასარევი“, ხოლო ოთარი, თუმც ბოდიშიკი მოგვითხოვია და რა გავახშირეთ ამ „ოთარი~-თი საქმე გინდ ღამბაშიძეც იყოს, რადგან არქეოლოგებს, დარჩეს ჩვენში და ისევე როგორც გეოლოგებს და გინდაც აგრონომებს, ბევრიც სხვადასხვა სახელი ჰქვიათ – გიორგი, ანდრია, სანდრო, ნინო, გერმანე, რუსიკო, როსტომი, დომენტი, ნანა, ევტოხი, ზებედე, გურამი, ალიოშა, დათუნა, თამაზი, ჯურხა, ნადია, ნუციკო, ტარიკა, შიო, ლამარა, და ასე შემდეგ და მალხაზ-კიაზოც „დაისი“-ვით და აბა ჩვენც რა გვეოპერება, ხოლო როდესაც ბლომ-რამეებით ჩატვირთული და ამოტვირთული რა დროის შემდეგ სამაროვანი-რამ ამოიჩენს, თავს, აბა არქეოლოგი და იმისი ბიჭობა, ანდაც ქალობა იქ უნდა ნახოთ, მზეო და ხვატით ზურგზე სიცხით კვამლის ადენა იმისთვის სულაც აღარ არსებობს, თუმცა არა, როგორ არ არსებობს, მაგრამ თავისსაქმესი გადამკიდე, -სთვის, არაფრად ჩანდა.

– და ეს... ცუდია?

– კი. მაგრამ ამ ჩვენს ისედაც მწუხარე და გაჭირვებულ დროში, იმის ნაცვლად რომ ჩვენების გინდაც მხოლოდ ტანსაცმლით რაღაცა სითბო მივანიჭოთ ვინ იცის რამდენ გაჭირვებულს და გინდაც იმათგან მხოლოდაც ერთს, მაგრამ წინდაგვიდვია ჩვენების პალტო იქნება ეს თუ სხვა რამე და, ვაფრქვევთ ცრემლს ზედ, მაგრამ არაფერია, არაფერი ეს, ჩვენებისადმი უდიერობის გარდა, და იმისაც რომ, ჩვენების ნაქონს, ვაუმაქნისებთ, სხვებს კიდე, სცივათ.

– როგორ, ვანიკოს, ტანსაცმელი და განსაკუთრებით თვით მაისური, ტანითის ყველაზე მეტად ახლო, ეე, ახლო, ე, ჰო მატერია უნდა ჩაიცვას ვიღაცა... – „ოხერმა“ კინაღამ წამოსცდა ლარისას, – ვიღაცამ უნდა ჩაიცვას? და ისიც ჩემით?

– ვიღაცა კი არა, თქვენი გახდება, თქვენიანი, თქვენი სითბოთი, და სითბო კიდე იმ სითბოთი რომ, ძმით...

– მეტი რომ არ ვთქვათ, უცნაურია.

– არა, – თქვა ქალმა, – რატომაა მთლად უცნაური, რაა ამაში ცუდი, რომ, მიცვალებულით მაინც სიკეთე, სხვას...

– აჰ, სხვაა არა? ხომ მაინც წამოგცდათ რომ, სხვაა?

– ეს მანამდეა სხვა, და ცოტათიც კი ძმისაც იქნება, მერე...

ხან ორსავ მუხლზე ჩაჩოქილა, ხანაც კი – ცალზე, ხან მიუწვებაც დოქს, სატევარსა თუ ჩონჩხს, ანდაც იმის ჯამს, და სამი თითით, მთავარი თითებით ფუნჯი უკავია, ან ორი თითით – თბილი ლანცეტი. ისე ძალიან ცხელა, და ცხელაა, ოფლი ჩამოსდის, თვალში ჯიუტად ეწურება, თავს გაიქნევს და, სცვივა წვეთები, თვითონ ხომ მალიმალ კარგა იწვიმება და, ხოლო წვიმა არ უყვარს, წვიმაში შრომა არქეოლოგისათვის არ შეიძლება, იმიტომ კი არა, რომ არ გაცივდეს, არა – არამედ ტალახზედზელილ სამარხს რამე არ დაუშავდეს. უნდა იჩქაროს, სანამ ხვატია, და თუ ჭურჭელია, ფუნჯით ფერებას გადაყოლილა, თუ ჩონჩხია და ვიღაცა სხვისი და მაინც მისია, გასაწმენდელად, და თუ ზამთარში მოუწევს ველი, მთლად დაშაშრული მტევან-თითებით იფერებინება და გულში ფორტე აქვს, თითებში კი – პიანისსიმო, და ისე ფრთხილად, თიხის ჯამს თუ დოქს რაიმე სულაც არ ატკინოს და ხოლო როცა ზეზე დადგომას მოისურვილებს, მთელი დღის კუნტი, ეღიმება მთლად და თანაც კი სუსტად, როგორღაც თითქმის უილაჯოდ რადგანაც ისე დაბუჟებია, ფეხი, სულ წივილით უჩქეფს.

– ხოლო გლოვაზე ადვილი არაფერიც არ არის.

– რატომ...

– ადვილია და, იმიტომ... თავშეკავება თქვი შენ.

„ვინაა მაინც ამ ოხერის შენ?“ – აღენიშნა ლარისას, თუმც ქალი თითქოს საკუთარ თავს ეუბნებოდა, და...

– ხოლო თუ გონით მწუხარება ცუდი ყოფილა ამას მე ვერ დავიჯერებ, – აღინიშნა აქ ლარისას მხრიდან, – ეს როგორ, ისე გამოდის რომ გონიერ ტვინით დამწუხრება განა ოდითგან ხელწამოსაკრავია, როგორც მავანმა და მავანმა ასეთი?

ქალი უმზერდა.

– რა იყო, – შეკრთა ლარისა ოღონდ დროებით, რახანაც თავის ტერიტორიაზედ, იყო, – და მომჩერებიხართ, რას, და განა რამე არ მისვია? სახეზე? მური ან რამე?

აჰ, ინადითთქმა... თანდაყოლილად სპეციალისტის, თან, არადა, მზერდნენ.

არა, ვერ იყო. რა ვერ იყო და, დალაგებული, სილამაზეშიმარტო – რა ყრია...

– და ხოლო რადგან იქა ალბათ ნამდვილად ძალიან კარგია. – კიდევ კარგი რომ, ხმა ამოიღო ისევ იმ ქალმა, მაგრამ.

„ისემც გაგისკდა მიწა~. – გაიფიქრა ლარისამ, რადგანაც გაბრაზებული იყო, რადგან სხვა დროს ასე არ გაიფიქრებდა.

– და რადგან ალბათ ძალიან ძნელიცაა. და ამიტომაც, ჩვენით ნურაფერს დავუმატებთ, რადგან ისედაც ვინ იცის როგორ ვენატრებით, აქეთ.

– ჰა!?

– კი. და რა დამემართა სირცხვილისაგან, იცით? არა?.. – და გამხნევდა ცოტათიც ლარისა. – ძალიან შემრცხვა, სირცხვილისაგან.

– სირცხვილისაგან?

– კი.

„ეს რა, სიტყვების თამაშია? – გაიფიქრა ინადთამცოდნე ლარისამ, – აეს... სირცხვილისაგან შემრცხვა?~

– მერე გავიხედ-გამოვიხედე და, თურმე ყველასაც, კი. როგორა ვთქვა... გვრცხვოდა... მთელ ჭირისუფლებს... დარცხვენილები ვიყავით, ძალიან გლოვით.

და თუმც ცოტათი, თუმცაოდნავ, მაინც თავჩაქინდრულივით იყო ნიკაპწამართული მაინც ლარისა, ხოლო ეს მაინც ცოტა ხნით მაინც, რადგან იკითხა შედარებით იმმხრივაცთავაწეულმა ასე:

– და რისი, გლოვისა შეგრცხვათ? მერამდენედ ვთქვა რომ, ვერ დავიჯერებ.

– კი.

– უცნაურია, – თქვა შეუპოვარმა ლარისამ, – ძაან-ძალიან ახლობელზე გლოვა ხომ მაინც ბუნებრივი რომაა? არაა ბუნებრივი? ქალო...

ქალი კი უღიმოდა: უყურებდა კი.

– ბუნებრივია? ხომ?

– კი, – თქვა მერე ქალმა, – რაღა თქმა უნდა, ჩვენი გლოვა ბუნებრივია, კიც, და თანაც ხომც, და მაგრამ მაინც, ამასთანავე, გლოვაზე ადვილი ჩვენს ადგილას ხომ არაფერიც არ არის, რადგანაც გლოვა, უბრალოდ რომ ვთქვათ, და ასეცაა, თქვენი არ იყოს ძალიან ბუნებრივია, რომ ცოტათი ადვილიც რამაა...

ჰა!..-ო, – ლარისამ.

– რადგანაც გლოვა ჩვენივე გულის მოოხებაა და არა სხვისი, ხოლო ნამდვილ გულს რა მოაოხებს.

– რა და, სიმართლე! ესე იგი ბუნებრიობა... – „ვაი!?“

და აქ ქალმა თქვა:

– მიმოიხედეთ, რა ხდება ირგვლივ, ამ გზააბნეულ ახალგაზრდობას ჩვენიყაიდის დემოკრატიით სულაც რომ თავი გავანებოთ, არადა ჩვენი მომავალი როგორი თავის გასანებებელია? დაკვირვებიხართ, რა ხდება ირგვლივ? ჰუმანიტარი მეცნიერებიც კი, ერთმანეთს ისე ლანძღავენ, და მოსათაფლად სულის ინჟინრებად წოდებული კალმიანები? თუმც არა, ვითომც განვითარებულად საბეჭდმანქანიანები ხომ მთლად დაერივნენ ერთმანეთს და მაპატიეთ და, სუყოველისფერს აგინებენ. ბევრი გაზეთი ხელშიაც კი არ აიღება, არამცთუ წაკითხვა, თან როგორ გამუდმებით ჩაგვესმის ღვარჭნილი მუსიკა. მუსიკა ის არ იყოს, არამედ ტვინის ამამღვრეველი, მაპატიეთ და თხლე, თუმცა ნაბეჭდი სიტყვაა, კი და ეს ჰოროსკოპებიო, რა უბედურებაა მაინც, და რაღაც კიდევ უფრო გამძაფრებული კრივები და კარატეები და რაღაც ბრძოლები მართლაც წესებს გარეშე ნამდვილად დროით გაპირუტყვებულების და ხოლო იმათ ჩვენი ასეთადწოდებული სპონსორები განსავითარებლად დარბაზებს უხერხებენ ან სულაც უხსნიან, და სააბაზანოები და რამე, ხოლო მე უბრალო კრივიც ვერ გამიგია რადგანაც ხალხის გასართობად ორმა გინდა სრულიად უცნობმა ტრუსებისამარამ სულაც ერთადერთ ცხვირპირში უნდა დასცხოს, ხოლო ალექსანდრე რეხვიაშვილისთანა რეჟისორი მთლად უქმადაა, ხოლო ვახტანგ რურუასთანას საღებავები უჭირს – („რათ უნდა მიჭირდეს საღებავი“, ლარი-სამ) – ხოლო თქვენი ძმა თავისთან, უკეთეს ქვეყანაში წაიყვანა ღმერთმა, და თქვენ კი მოგეცათ ბედნიერი საშუალება, რომ თქვენს ნაცნობებს, გინდაც შემთხვევითებს მაინც აჩვენოთ თუ რაა ამ ჩვენსაქ დროში გაჭირვებაზე მაღლა დადგომა... წავიდეთ კონცერტზე, ძალიან გთხოვთ, რაა...

„გიჟი ხომ არაა, ოხერი?“ – გაიფიქრა შეუპოვარმა ლარისამ ასე, მაგრამ გადაწყვეტილად „გიჟია ოხერის“-ს ნაცვლად.

ხოლო მთელი დღით ნამუშევარსა და გადაღლილზე და მოშიებულზე აი ისე რომ, ეე, რომ მეტი ძნელად შეიძლება დილაადრიან წაუხემსებლად გამოსულმა არქეოლოგმა ერთი რამ საზრდო, თან ორი თავისაგან შემდგარი, იცის, სჩვევია, და ვერც მიხვდებით, რაგინდაც ბევრი ჩამოთვალოთ, აბარომელი საკვებია ეს – და გინდ სანატრელად ეს არც დოშია, არც ხიზილალა, არც მეგრული გოჭი თუ ბაჟიანიც ელარჯი, არც იმერული ვარიკა ხაჭაპურიანა თუ კახური დედალი თავიანთური ნივრიწყლიანა და არც თვით კუპატიც კი ჩხოროწყული და არც სოკო და ზეთისხილი, ვისაც ესენი გამორჩევით და მეტად უყვარს, იმისათვისაც კი, და არც რაჭული ლორი და სვანური კუბდარი და არც ცივი და არც ხინკალი ხევსურული და გუდისყველი და არა, ვერა, ვერ გამოიცნობთ... პური და ხახვი არის ესენი და ხოლო პირველი თავი რამ, ანუ პური, რაც უფრო ხმელი მით უკეთესი – ჩასაკბეჩუფრო, ხოლო ხახვივით მისატანი? არ დაიჯერე-როთ, არ არსებობს, და არქეოლოგი, მზეაყოლილი, მზით მღვივი მთელ გრძელ ცხელ დღეს და ახლა კი, – აბა მტერი იქნა მთელ ოცდაოთხ საათს სულ დაყურსული და მუხლებზემდგარი თუ ჩაკუნცხული თუ ჩაკუნტული სულე და – და ახლა კი, როგორ ისევ მზის მაღალ წყალობად, რაჩრდილში მჯდარი, პურით და ხახვით იჟღინთება და, ისევ გლეხებად ქცეულ მუშებს თუ მჟავეცკი მოაქვთ, და ზედაც კიდე ქოთნით ლობიო ქინძოხრახუშით და კიდევ ზედაც მარილად ყველი კაკალის ფოთლებში გამოხვეული და სუზედაც კიდე ხელადით ღვინო? – აჰ, ნამეტანი არ მოგვივიდეს, სუფრის გაწყობამ გინაცფიქრში საღერღელის აშლები იცის, ვიკმაროთ ესეც, ეს რა – ცოტაა? და მაინც კიდევ, შენაყრებულზე აკლია რაღაც, – აბა? თუ გამოიცნობთ; ვერ, აბა, ეს რა და, ოთხ-ხუთ ჭიქაზე, სოფლის განაპირას, გამოქვაბულში, სადაც რომ არასოდეს წვიმს და მაგრამ ამიტომ ყოველდღეც შრომა, – გინდაც ასეთი ბედნიერი და, მძიმე, – თავიქუდშია, განაღდებული, და სულ რაღაც გოჯითშემთვრალზე, – შემაღლებულში, სამი ვინმე გლეხი წამოდგება და, გამოქვაბულის გლუვ კედელთან, თან ოღროჩოღროსთან რიდით მიდიან, მიდგებიან, ნეტა რა ხდება ისეთი, რომ თვალს არიდებენ კი მაგრამ. თავებს ადებენ ერთმანეთს, და ჯერ საიდუმლოურ, ჩქამ-ჩქამურად რაღაც ღიღინით შეითქმებიან, მერე კი, გაიმართებიან, შემართულან და: – მი-მი-ნო მყვაან-და, მიიყვა-რდაა, – ეს მწყები შალვა-შალიკოა, და: – სოფლის მთავარი ხმა, მაგრამ მეორეს ამბობს, დედაბოძივით, შვანას, – მიი, მიი, ნო, – როგორ პირველზე შეცოცებულა მთლად ახალგაზრდა გლე-ხი, უშანგი, ბიჭობად ისიც ეყოფა, რომ ახალგაზრდაა და სოფლიდან კი არ გაქცეულა, ხოლო პაკილო ბანს ეუბნებათ, ნიკაპი მკერდზე დაუბჯენია: – ოოო, ეე, ეეე, უაა... სხვები მიწაზე სხედან, ზედ ხერხემალთან წელშიფუნჯიან „გეოლოგისტი~ ანა, ვერ დადებს გვერდზე ახლა მაინც ფუნჯს? გამოქვაბულში სხვაა მღერა, და მომღერლების უზომოდ მადლიერები, მაინც თვალს არიდებენ, – ეხამუშებათ ატანილთათვის პირში ცქერა და სავსე ჯამში ჩაიცქირებიან, უკრთით სახე იქ, სამი გლეხი კი ახლა მთელი ხმით ამღერდება და გამოქვაბულის კედლებში ისე ღონივრად დატრიალდება მღერამათი? – მოწონებული, რადგან იმ სამ გლეხს თვალები უკვე დაუხუჭავთ, მერე ორს თითქოს გადაუვლით თუ ეგუებიან ოღონდაც მღერას, მთლადჩვენსას, ქართულს, რცხვენიანთ რისა, თვალებს ახელენ და მღერიან ასე, თავმომწონენიც, თუმცაღა თვალებმოჭუტულნი და, გლეხურასწორა და ოღონდ ისევ? გამოქვაბულში, ხოლო ერთიც ხმა? – შალვა-შალიკო არიესა და სიმღერის მეტი რა უქნია და ჩაუდენია, და მაგრამ მაინც; თვალდახუჭულად ფაქიზოურ-გამწარებული, თვალებმოხუჭული დგასა ისევ და თან სუფრიდან, ანუ გაშლილი ძველი პრესიდან მღელვარებისაგან მთლად შემთხვევით გამოყოლილი ცოტათი ქინძ-პრასაყოლილიც პურისა ყუა ჩაუბღუჯავს და იმას იმა სუფრისა სხვა რამ რაიმე ინფორმაციების აუ იშტა არ ჰქონდეს? – არა, თითები უკანკალებს, – მღერს, და ერთხელაც უფრო შეისუნთქავს და,: – მაამ!.. მა-ამიკლე-ეს ჩეე-მი მი-მინოო...

გიქეიფიათ, მაგრადაღლილზე, გამოქვაბულში?.. სადაც რომ ხმები, განსაკუთრებით არიკარგება...

– და ხომ არ გგონიათ, რომ მხოლოდ ჩემით მივხვდი ამას? – თქვა უცებ ქალმა, ასე ჯიუტი და, რაღაცას კიდევ სხვისით მიხვდა, – თქვენ ჩემი ალბათ ცოტა კი გიკვირთ, მაგრამ ისაა რომ, იგია, რომ, ეჰ, მე იმასთან რა ვარ, არაფერი.

ვინ მფრინველია მაინც ასეთი.... – აბა რომელი გაკვირვება შეაფერხებს ინადთხვაშიადს, კი,

და ჩვენ თუ მხოლოდ ძმები გარდაგვეცვალა... სული მოითქვა, ქალმა.

როგორ თუ მხოლოდ ძმები,

შვილი გარდაეცვალა, იმას.

ხოლო ახლა, არქეოლოგებს ფული არ აქვთ იმისათვის რომ – არასწორივით გამოთქმაა მაგრამ მერე რა – რომ გათხრები აწარმოონ და, კარგა ძნელად წარმოსადგენია უსაქმურივით არქეოლოგი, თუმც მიდის სამსახურში, ოთხკედელშუაა, შენო-ბაში და არა ველზე. ბრუნდება მერე სამსახურიდან ვითომც სრულიად დაუღლელი, მაგრამ იმის გულში რომ ბრაზია? – ეეჰ უველოსას, ეჰჰ, უველოსი.

როგორღაც ახირებადგავიკითხე, რადგან შვილი შვილია და, ოცდაექვსი წლით თურმე უმცროსი, ბევრად მეტია თერთმეტისაზე, ეს, და რაც გინდა შვილივით გიყვარდეს უმცროსი ძმა, თერთმეტი წლისას შვილი ხომ ვერ შეგეძინება და რაც არ უნდა გიყვარდეს ძმა, შვილი შვილია მაინც, და მეტი. და, რა ქნას იმ ჩაჟამებულ კედლებშუა ოთხკედელშუურმა არქეოლოგმა? წრიალებს, წამოდგომისას კი უთენიისას იღვიძებს მაინც, და ველზე გასვლის ნაცვლად, ქუჩაში გასვლისაც არა აქვს თავი, თანაც ქუჩებში ჩვენში რაცაა, რაც ყრია, ვიცით, და უჰაერობით, უბუნებოდ, უაღმოჩენოდ, იხრჩვება ამაებს მაინც რარიგ და როგორ შეჩვეული, თანაც შრომისაც, კაცი, არადა, ჩვენი გოგიაც ადრე იღვიძებს, აქვს იმასაცხო ერთი, როგორც იტყვიან, პლუსი, რადგან გიგიას ძალიან ძლიერ და თანაც ძაან აინტერესებს თავისი დაბადებისა და შესატყვისის ბედის ვარსკვლავის პირობაზედ და მიხედვით, თუ როგორ მოიქცეს.

და მე იმის შვილს თუმც არ ვიცნობდი, აქებენ, ყველანი, და განცდაც სულ რომ დიდი იმდენი ვერაფერიშვილი ყოფილიყო, ვთქვა კიდევ? შვილი შვილია მაინც, აჰ-არა, როგორთუ მაინც, ვთქვი მეც რაღა.

ქალი, როგორღაც, იკარგებოდა თითქოს, და ბრუნდებოდა ისევ.

– და აბა რომელი ზედმეტად ჭარბი ცნობისმოყვარე და უარესიც, ჭორიკანა აბა მე ვარ, მაგრამ იმ ქალზე...

ეს ქალი, ის ქალი ნამეტანი ხომ არაა (ავტ.),

– ...გავიკითხე და იმისი შვილი ადრე გინდ მთლად სრულად ჯანმრთელი ყოფილიყო და ხანდახან კი სვამდა თურმე დღევანდელების პირობაზეც, მაგრამ გინდაც ყოფილიყო მთლად წვეთისაც არდალეული, დაულეველი, და უსურდოოც, თურმე სამი სართულით დაბლა ცხოვრობდა, მშობლებზე, ოც-ოცდაორი წლის.

და არქეოლოგი ადგილს ვეღარ პოულობს, ვერ დგას ვერ ზის და მთლადაც ხომ, ვერწვანა ბნელში, ხოლო რომელიმე ეს გოგია კი, დილაადრიან ჯერ არხეინსაა თუ ჯერ სხვისას, სხვა თვეებისას, ვარსკვლავეთიდან, ზერელედ იგებს, ვთქვათ, თხისარქისას, ან სასწორისას და ანაც თებზი, ხოლო ძალიან ფაციცდება, როცა თავისი ბედის ვარსკვლავზე, ტელევიზორის – რომელ ცისფერზე, ცისფერი რას მიქვია – ფერად ეკრანზე მერწყულებისათვის – გოგია ჰოროსკოპიულად მერწყულია ანუ „წყალთ მზიდავი~, ის მერე რა, რომ აბაზანათამხანაგებში ხშირად იცვლება როგორც წესია, შემვსებადია, და მაინც მუდამდღე გინაც ცარიელა, მაინც მზიდავია ოღონდა, წყალთა... ჰო – თუ მორბენალ-სტრიქონია ეკრანზე და თანაც აი სწორედ იმ დღისთვის ჭკვისდამრიგე და გზადდამყენი და იმისი ჯანი, ასეთი რამეც მორბენლურად და-იწერება: „მერწყული – არ არის საჭირო ვინმეზე დიდი ზეგავლენა მოახდინოთ, თორემ სირთულეებს წააწყდებით, რადგან რაც უფრო მოისვენებთ, უფრო დაისვენებთ“.

– მაინც, თურმე არ გავიდოდა ისე ღამე, ორჯერ მაინც არ ჩამოსულიყო და საღსალამათისთვის არ დაეხედა, როგორ სუნთქავსო.

არქეოლოგიც, ვითომდა დიდი ჯანმრთელია, მაგრამ სუნთქვა ეკვრის რომ, ნეტავი იმას რა უშველის. რა და, ის ველი, მაგრამ სადაა, წუხს. წუხს კი არადა, განსაცდელშია, იხრჩვება, მართლა. არა შურს იმას სულ არავისი სულარაფერი, ხოლო გოგია? – დემოკრატიით ოღონდ ჩვენებურით, აჰ ისეთ სახლშია, ვიჰ ისეთ ოთახში, ვუხ ისეთ ტახტრევანზე მღელვარებისაგან წამომჯდარაც და, მე თქვენ გეტყვი და კითხვა არ იცის: „მერწყული – დიდი ხნის სურვილს იკმაყოფილებთ, დაიცავით ავტორიტეტი და თქვენი აქტიურობა პიკს მიაღწევს, თუკი იქნებით გონიერი~.

„კარგიაჰ!~

– და პირველ ხანებში ისე ყოფილა რომ, თუმცა, არაა საჭირო ამის თქმა, ახლა კი, იცით, როგორ იქცევა?

– როგორ... – განაბულიყო ლარისა, რადგან საკუთარი შვილებით შეშინებულს, თავისი ქალ-ვაჟი ედგა თვალწინ, დათუნი და მაკა.

– ახლა თუ სადმე პანაშვიდია, ის არ გააცდენს, დადის.

– როგორ თუ სადმე...

– უცნობებთანაც, კი.

– უცნობებთანაცო?

– კი, და ამაშია საქმე...

– როგორ თუ საქმე...

ზოგის საქმეც კი იმაშია, მთლად ეხუთება, ეხრჩვება სული, და მით უფრო რომ იმიტომ რომ დაჩვეული-იყო ტყე-ღრეში წანწალს. და მაინცდამაინც სუფთა ჰაერი კი არა, ისე იყო მტვრით და ტალახით შენამური რომ ქ. თბილისში ჩამოსვლისას ტუალეტისაც იქით ამხანაგში, ანუ აბაზანაში პირველ შესვლაზე წყალი ორჯერ იჭედებოდა – არქეოლოგთა ხუმრობაა, ეს, – ხოლო გოგია, ბედმა მისცეს და სულ წყვილ-ორულად ანგურებიან სამსახურამდე წერა-კითხვაში არა მაგრამ, კითხვაში კი იყო: „მერწყული – ფრთხილად იყავით, სამსახურში ცვლილებებია მოსალოდნელი“, – ვაჰ, რამეს ხო არ მიწყობენ, ჰა? აბა რომელი... ვაჰხ, გივიასაც ძაან რომოუ ის კარგების-ი...

– რადგან, თავისი აზრით, ამხნევებს, უცნობებსაც კი, და თუმც რატომ თავისი აზრით, ამხნევებს ბევრს, დაინახავენ და, ვისაც მშობელი გარდაეცვლება, ანდა, ანდაც ჩვენსავით, ძმა, ადამიანი მხნევადია, და მის შემყურეთ, დაუვლით ხოლმე: „აჰ, ამას ხომ მთლადაც შვილი“, და მხნევდებიან, ხოლო შვილებით ახლად დაობლებულებს ხომ, თავზარდაცემულთ, რაღა დროს მოლამაზო სიტყვა და, თავზარდაცემულებს, რაღაც შორეულ ნუგეშად თუ მხნეობად, მაინც, აი ამას სწამსო, და ნეტავი ასე და ამასავით ვიყოთო, თუმც ზნეობად, მაინც, აი ამას სწამსო, და ნეტავი ასე და ამასავით, ვიყოთო, თუმც ეს გაიფიქრა შესაძლოა პირდაპირ კი არა, არამედ შემდგომ, არა, ლარისა? რაღაც ვერ ვლაპარაკობ, დალაგებულად.

– კი. – თქვა ლარისამ. დაფიქრებულიყო.

სამსახურში კი, რა ეყარა, ხელფასი აქვთ რომ, ხუთამდე პური და ამდენივე კგ ხაჭო, და ჩაიც ხომ გინდა, შაქარი, რამე, სინათლის ფული, როგორ გაათბო ცოლი და შვილი, შენიანები, ხოლო ბიზნესმენობა-კარგანაგემი გოგიელა კი: – „მერწყული – იზრუნეთ სხვებზეც, რადგან ოჯახური ჰარმონია კარგად დადებით მხარდაჭერას გაძლევთ“, – „აბა რა, კი“. ბისზე მერწყული კი: „და თუმც პრობლემები გაქვთ, აგრეთვე ეჭვები გაწუხებთ, რადგან ფიქრობთ ამაღლებულზე“, ამაზედ გოგია: „ამაღლებულზეო?.. მესამე სართულიც ხო არ დავიშენო?“

– ერთხელაც დავინახე, გასვენებაში ვიღაც თვალებდაჭყეტილ გოგონას, მაგრამ შავებიანს, თავზე გადაუსვა ხელი, აკოცაც, და დიდი ამბავი, რა მოხდა, რადგან შავების გამო იქაურ ჭირისუფალში შეეშალა, მაგრამ იმან ჯერდაბნეულმა ვერაფერი უთხრა, მერე კი თუმც თბილი გულით ნაკოცნმა, მაგრამ მაინც არ ვიცი რად და თავსიამაყით გაღიზიანებული დაეკითხა, რომ თუ შეიძლებოდეს გამაგებინეთ რომელი ხართ, ვერ გიცანითო, უკარებლობით უთხრა ძალიან ეს, ძლიერ ქედმაღლურად, და მერე ვინ ვის, უზრდელი, ოხერი, ეს კიდე, ჩვენი, ჯერ თითქოს შეცბა, მერე კი მიუგო: არა, არავინ, არავინ ვარო, გესმით ლარისა!

– როგორ არ მესმის, – თქვა ლარისამ, და მაგრამ მაინც გაიფიქრა: „აბა რა სიტყვებია უზრდელი, ოხერი... უზრდელი!“

და ველზე თავისითაც კი წავიდოდა, უმუშებოდაც, მხოლოდ თავისით მოჩიჩქნიდა შედგომილ საქმეს, მაგრამ გზის ფულიც აღარა აქვს, მატარებლადდა კი არა და, ტროლეიბუსში ვეღარ ჯდება, ფინანსისტებო დომკრატისავ, საღოლაფერუმ, თქვენ, ხოლო გოგიას ეწვდებოდა, რომ „იმედგაცრუებამ არ უნდა შეგიპყროთ, რადგან ემოციურად დატვირთული დღეები გაქვთ და სინდისი დაგქენჯნით თუ მოვალეობას თავს აარიდებთ და ამიტომ იყავით მობილიზებული ფორმით!“ – „არა კაცო, რას გავეყრები~.

– არავინ ვარო იმ კუდაბზიკა გოგოსისაზე რომ, ნეტა ვინ ხართო, მაგრამ თვალებში ისე მოსდგომოდა ცრემლი, გული მეტკინა კი არა, მთლად მომეწურა, მაშინ... მე კარგად მახსოვს სადღაც ადრევე გაგონილი, რომ ადამიანის ტვინი ადამიანის გულამდე თურმე მხოლოდ მეათედით აღწევს, თუ მეასედს აწვდის, რაც შეემთხვევა, ხოლო დიდ ნაწილს თავისთვის ინახავს, და კიბატონო, ჰქონდეს, მაგრამ გული კი, გული, ალბათ, ალბათ კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ თავისითაც ბუნებრივად მაინც მომწოდებელია ვერგაგებული რაღაცეებისაც, რადგანაც, ხოლო გული, სცემს და სისხლს გვივლის მთელ ჩვენს სხეულში არა, ლარისა? ვერ ავხსენი, ხომ...

– კი, არა, რატომ...

– და მაგრამ მხოლოდ ასე, მხოლოდ პანაშვიდებსა და გასვენებებზე კი არ დადის, არამედ კინოც გინდა თუ თეატრი გინდა, ოპერა, კონცერტი, კავეენიც კი.

„მერწყული – მხარდაჭერა და ზრუნვა გჭირდებათ, დიდ ყურადღებას და გაგებას საჭიროებთ რათა უკეთესად იგრძნოთ თავი ხოლო მეგობრებთან ისაუბრეთ ხელოვნებაზე!“ – „ლარისა, მე შენი!“.. ხოლო გაგრძელებად აღარ იცოდა აქ რაღა ეთქვა, თუმცა საერთოდ იცოდა, კი, საერთო მარაგში იცოდა, კი, გინებაურნი.

– და სხვებსაც მუდამ ეპატიჟება, ასე ვთქვათ, კულტურულ ღონისძიებებზე, ერთ რეკვაშია, თურმე, დილაადრიან, სულ.

– ეგებ, ძაანაც ელხინ... – წამოიწყო ასე ლარისამ და კიდევ კარგი იქვე მოიკვნიტა ტუჩი.

– და რამდენადაც ვიცი, – დაკარგულიყო, ისევ, – დიდად არ ულხინს, მაგრამ სულ ჟურნალ-გაზეთების გამოწერაშია, ოღონდაც შედარებით არაუკმეხების, ბევრ რამეს იკლებს თურმე, და მაგრამ, სამაგიეროდ დადის კარდაკარ და გაზეთებს და ჟურნალებს ურიგებს ბევრს, შვილიანებსაც, ძმიანებსაც, თუ იცით რატომ?

– არა.

– გამხნევებისათვის... და გული რომ გადააყოლონ. ხოლო ამჩვენს ძნელ დროში...

„ძნელი არა ის“... – გაიფიქრა ლარისამ, რადგანაც ხოლო-გიორგი წილებში იყო.

– ფიქრობენ რადგანაც, ეს-ესა ქალი, თავისისთანა გაჭირვებაში, მაინც კი როგორ, მაგრამ ასეაო და, ჩვენ კიდე აბა რა გვიჭირსო და, ედებათ გულზე.

– რა ედებათ?..

– რა და, მადლი, და უღიმიან, ერთმანეთს.

– და იმას მაშინ რა უჭირს, თუკი ეღიმილება?

– არა, თქვენ რომ გგონიათ, ისე არაა. იმისი ღიმილი სხვაა, მაინც სულ სხვაა.

ხოლო რაცგინდად კუთვნილ საქმეს გადაყოლილი არქეოლოგი იყვე, შვილის დაკარგვა, ველისკარგვაზე, მწარეა უფრო და ვთქვით ჩვენც რაღა...

– იცით, ლარისა, დოკუმენტური ფილმები გაცილებით მოქმედებს ჩემზე, და თურმე ასეცაა – მაინცდამაინც ჩაპლინი და ეიზენშტეინი და ფელინი თუ არაა მოსარევი, რადგან მხატვრული ფილმი, როგორც წესი, ცვდება ხოლმე თურმე, დაბადებისას რაგინდაც მაგრად დაიქუხოს, დოკუმენტური კი, რაც დრო გადის, მეტ ფასს იძენს და ერთხელ კი, ლარისა, ისეთი დოკუმენტური ფილმი ვნახე რომ, რა დამავიწყებს, არასოდეს დამავიწყდება, და დროც, იმისთვის, რაა... პირიქით, მუდამ იქნება, რადგან ყოველთვის საჭიროა, და, მითუმეტეს, ჩვენთვის....

– ვინ ჩვენთვის...

– გაჭირვებაში, ამ...

– რა იყო ასეთი...

– თურმე ტოკიოში თვითმფრინავი დამჯდარიყო უნდა და მაგრამ შასი არ ეშლებოდა, თვითმფრინავში კი დოკუმენტური მასალების შემგროვებელი ოპერატორი... გრძლად ვთქვი, მაგრამაც ვღელავ, თუმცა ღელვისას სიტყვებს ყლაპავენ, და ესე იგი უფრო ვღელავ, რადგანაც არაბუნებრივად ვღელავ და ვლაპარაკობ, მოკლედ ამ განხრის დოკუმენტალისტ-ოპერატორიც მჯდარა და, მოგეხსენებათ, პროფესიონალიზმი...

„კი. გიორგი აკი ბიზნესმენია“.

– და, ამოუღია კამერა და, ეგებ კამერა მაინც გადარჩესო, და გადაუღია, მაგრამ რა გადაუღია... რა, რა და მგზავრების სახეები, მაგრამ სახეები კი არა, მოგეხსენებათ იაპონელები თავშეკავებული ხალხია, მაგრამ თვალწინა სიკვდილი მაინც სხვაა და ზოგს ისტერიკამდეც კი აის მოსვლია, რა წართმეული სახეები ედოთ სუყველას, ერთი დედაღა იჯდა გაქვავებული, წლისაც კი არა ბავშვით ხელებში და გულზე როგორ მიხუტებულს მხოლოდ იმასღა დასცქეროდა უხამხამოდ თუ რას ეძახიან და ჯერ მხოლოდ ერთიწლისიც ვერ, უყვარდა შვილი ისე ძალიან, რომ როგორ აშკარად ეტყობოდა, მხოლოდ მასზე რომ ფიქრობდა მხოლოდ და არა საკუთარ თავზე და ოცდაორისა ხომ, რამდენად მეტად შეგიყვარდება და შეეჩვევი წამობით, წლობით, თუმც შვილის შეჩვევა ბედნიერების დროსაც ალბათ ვერ შეიძლება, მეტი რამაა რადგან, ბედნიერება ვიდრე, რადგან ყოველთვის სულაც ვერ იცი და ხოლო განწირულს რომ დასცქერი, შეჩვეულზემეტს...

„თქვენი სულიერი სიმაღლით ყველას აოცებთ, თუმცა ფიზიკური მომხიბლაობაც დამაკმაყოფილებელი გაქვთ~.

„ისემც!..~ – ხმამაღლად გაიფიქრა გოგიამ, ჰოიივ, გოგიაავ, ესშე უბედურ მარიხ-ვარსკვლავზედ დაბადებულო, შექმნილო შენა, „ისემც!“-ო, ჰხედავთ? ჩუმჩუმელურად აკი ჩვე-ყველამ აკივე ვიცით ჩვენ-ჩვენი ნაკლი, თან ეს გოგია ასე ავტოდპირშიმთქმელობისათვის, ხომ მარტოც იყო, ტახტრევანზე.

– მაგრამ მეტს აღარ გადავუხვევ, და ამ სასოწარკვეთილ, გაუბედურებულ ხალხში, ერთადერთიღა იაპონელი სტიუარდესა მიმოდიოდა მსუბუქად ისე, და რიგრიგობით, თუ ვის როგორ წამოუვლიდა და უჭირდა, სწორედ იმისაკენ, სიძნელისკენ მიიჩქაროდა მანუგეშებლად და ამშვიდებდა, არადა მფრინავი დიდხანს, იქამდე ცდილობდა შასის გაშლას, სანამ საწვავი საბოლოოდ გამოელეოდა. დღისით იყო ეს, და თვითმფრინავის მრგვალი სარკმლიდან გადაუღია დიდი სახანძრო მანქანებიც, მუცელზე დაჯდომით აალებული თვითმფრინავი ხახუნისაგან ეგრევე რომ არ აფეთქებულიყო და დამწვარიყო და ასხურებდნენ ხახუნისაგან და ასხურებდნენ იქაურობას წყალს და თუნდ ამითაც ხვდებოდა, ყველა რომ იღუპებოდნენ და თანაც დაწვით და რომ ბევრადაც მოსალოდნელი იყო ეს, ვიდრე გადარჩენა, და სახეები იდგა ან ხტოდა, აჰ მტრისას, არა, არავისას, აი ისეთი, იქ, ის კი, ერთადერთი, აის მართლაცდა მხნე და უშიშარი სტიუარდესა კი, როგორი ღიმილით, მომღიმარი ლაღად, კეთილად როგორ, დაცქრიალებდა და ამშვიდებდა ყველას, როგორ მაგალითს ურიგებდა სხვებს, თანაც ლამაზი გოგონა იყო, აი ისეთიც – იაპონელი როგორღაც კარგ იტალიელსაც რომ უახლოვდება და თან ცხვირაბზეკილი, როგორღაც ბავშვი, თან ღიმილისას – ლოყებზე ფოსო, როგორ ძალიან საყვარელი რადგანაც – გმირი, და, რაც მთავარი, ღიმილიმისი, ღიმილი რომ ღიმილი ისეთიიი...

– იმას რაღა უჭირდა, თუკი გამძლეობა და ნებისყოფა ქონია ისეთი, და თუკი ეღიმილებოდა, მგრძნობიარეებმა ვიკითხოთ.

– და როგორღაც რომ ბოლოსდაბოლოს...

– მაცალეთ!! მე ვიტყვი! მე ვიცი, როგორც დამთავრდებოდა ეს ამბავი!

– იცი? აბა როგორ...

– სუყველაფერი მშვიდობიანად გადარჩებოდა და კარგად დამთავრდებოდა, როგორც ზღაპრებში.

– არა.

– აბა!?

– და რომ როგორღაც მაინც მშვიდობიანად დამჯდარა და შეჩერებულა თვითმფრინავი, გადაღებული იყო ესეც და კინოოპერატორი ალბათ კართან ახლოს იჯდა, რადგან დიდი ნაწილი ხალხისა როგორ ჩამოდიოდა, ჩანდა: ჩამოდიოდნენ აჩქარებით, გამალებულები, ხოლო ზოგი კი სულაც გადმორბოდა, საშიშ თვითმფრინავს რაც შეიძლება სწრაფად რომ გასცლოდნენ, და მიუხედავად გადატანილი ასე სასტიკი ზეგანგაშისა, თავისი ფეხით ჩამოდიოდა სუყველა, ყველა, გარდა ერთისა. საკაცეთი გადმოიტანეს. აბა თუ იცით ვინ?

– რა ცოდნა უნდა. ალბათ დედა.

– არა, მიუხედავად იმისა, რომ დედას ბევრი ხელი გაუწოდეს, მაგრამ იმან კი არავის დაუთმო ბავშვი. და მანქანაშიც თავისით ჩაჯდა.

– აბა?

– სტიუარდესა.

– რა?

– კი იმას, ღიმილი, დაუჯდა ასე, ჰჰ, ი, კ, ჰ, – ატირდა ქალი, – იმ დროს... ღიმი,ლი...

ქალი ტიროდა, ლაპარაკობდა ძლივს, გაკვირვებული მიჩერებოდა ლარისა, ცერცვაძე.

– ასეთი ა, რის, ლა, რი, ლარისა, უბედურ ჰ, კი, ებისას ღიმი, ლისფასი. და მე რომ, თქვენ, რომ, ალბათ მაგა, რი გგონი, ვართ, არა-ჰ!? სად დამეკარგა, ცხვირსა, ხოცი, არა, სუსტი ვარ, და მაგრამ, მაი... ნც ვიღი, მე, ბი, და ეს როგორიღჰ გამხ, ნევება იყო თქვენი ესჰ, მაგრამ თქვენ რომ გენახათ საკაციდან, ცალხელი რო, გორ, ჩამოკიდნოდა...

– დაწყნარდით, დაწყნარდით! – წამოდგა ლარისა, შეწუხებული ისიც, თავის ეზო-კარში სხვით.

„მერწყული – ხოლო საღამოს დასასრულისათვის კეთილისმყოფლებთან სრული ჰარმონია დაგიმყარდებათ~. – `ვაჰ, მართლა? – გაიფიქრა გოგიამ, – კარგია. მაგრამ ჰარმონია რა არი?“ „და ძლიერ მხარდამჭერებს გაიჩენთ“, – „ისემც... – კვლავ გაიფიქრა ფიქრებიანმა გოგიამ ოღონდაც სუსტად, – რის მხარდაჭერა, გაღლეტაზეა ყველა~.

ხოლო თუ ყოფილ არქეოლოგსაც აღარ ჰყავს შვილი, – აქ... – ბევრად ძნელია, ხოლო ყველაზე ძალიან ძნელი არქეოლოგი შლიმანი იყო, რომელმაც რომ აემ შლიმანმა იპოვა ტროა და თანაც ვისით, ჰომეროსით, ხოლო შლიმანზედაც კი მეტი არქეოლოგები ის ჰომეროსი, რუსთაველი და დანტე და სერვანტესი და შექსპირი და ასე შემდეგ უფრო სწორედ კი და ასე აქეთ, იყვნენ, გვპოულობდნენ და, სიკეთისათვის, გვაკეთებდნენ სხვებს.

– მაპატიეთ და, ქალბატონო ლარისა, მე ახლა წავალ, თორემ ასე რომ შეგაწუხეთ, რაგამო, ვიდა, მაგრამ დაწყნარდით, თქვენც, გადამივლის, სადაა ახლა ჩემიც ვანიკო, და არა ვანო, განგებ ვეძახი აი ასე, რომ, ვანო-მეთქი, მართლა ვანიკოს ვეძახდი ადრე, მაგრამ იქ ალბათ უფრო რთულია და სულაც ეგებ შეიძლება იოვანე და ივანე იყვეს, და ამიტომ კი, აქაც კო-დავაკელი, ახლავე წავალ, მაგრამ ასე ატირებული არ მინდა დაგრჩეთ, თვალსა და გულში, ხომ არ გადავყრი წყალში სუყველაფერს ამ როგორ ძალიან სუსტი ცრემლების ბუნებრიობით, გამო... თან, ხერხებიც მაქვს, გაინტერესებთ? თუნდ ის, რომ რაიმე კარგს გავიხსენებ და, ჰო მართლა, ამაზე კარგი რა უნდა გავიხსენო და ახლავე გეტყვით, რომ ჩემი ოპერით და კონცერტებით, მამა ილია, ძმისავს მეძეხის, – ისევ, კეთილად, იღიმებოდა, და უღიმოდაც, ქალი, – ხოლო მე ძმისავს მე მგონი როგორღაც კარგი, და ფართო გაგებით მეძახის რადგანაც მე მგონი, ფართოდ, ანუ ყველასათვის, ძმისავ, ო, ასე მიწოდებს, ხათრიანობით, მეუბნება...

– ასე ნუ გახვალთ.

– არა, რა უშავს... ტუშები მე არ დამდინდება, – და გაეცინაც, – ოპერებსავით, მრავლობითში ვიხმარე ტუში... ტაშებიცაა, იქ... არ დამდინდება.

– მაინც...

– და ახლა რომ ვტიროდი, ეგ არაფერი, ტაშებშიანებშიც, ვივლი.

რაღაც ანცურად, იღიმებოდა, თვალთმაქცი იყო?

არა. რაღაც გვიანი ბავშვივით, იყო, მუდამ კარგია, ეს.

– და მაგრამ, მაინც, გინდ მხოლოდ გარეგნულად, და მაინც უნდა ვიყოთ...

– როგორ თუ ვიყოთ... როგორი ვიყოთ?

– ერთიმეორით. – უთხრა ქალმა, – გაჭირვებაში. ამ.

ქალი რომ წავიდა, ლარისა ერთხანს ღია ჭიშკართან იდგა.

დაფიქრებული. მერე დაკეტა კარი ერთზე, მეორეზე, მესამეზე, მაგრამ ამასმხოლოდ უნებურად სჩადიოდა. მერე გადადგა კარგკიბისაკენ ფეხი. და ვერც ამჩნევდა, დაფიქრებული, ჩამოყრილ ხილზე რომ აბიჯებდა. და მხოლოდ როცა რომელიღაც ჩამოვარდნილ ნაყოფზე ცოტაოდენ შეუფერხდა და დაუცდა, ფეხი, მერეღა შეიცხადა:

და ხილიც რომ არ შესთავაზა!

!!

რა იცი,

ეგებ მშიერიც,

იყო!

რადგან ფერმკრთალი...

V

და ხოლო რადგან უცებ და ერთბაშად ჩვეულებრივ და ძირითადად არაფერი ხდება, ლარისა ცერცვაძე ამის მომდევნო დღეებში როგორღაც გამომუშავებულობისდა მიხედვით თუმც ძველებურად დადიოდა კვლავაც ამაყადსავით თავჩაქინდრული და მგლოვიარე, და რა იცი ეგებ მაგრამაც ხოლო ეგებად დამწყებად მეტეხიც ქალი, ოღონდაც სწორი, და მაინც რაღაც სხვაგვარად დაიარებოდა, რადგან აშკარად არა, მაგრამ აფიშებისკენ მაინც აპარებდა თვალს.

(R)