"იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირს უნდა, რეგიონში ერთი მოკავშირე მაინც ჰყავდეს საქართველოს სახით, მგონია, რომ მაინც მოგვცემს სტატუსს"
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე, კვლავ კეთდება განცხადებები, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა სტატუსზე კიდევ ერთხელ უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს. კითხვის ნიშნები, რომ გასულ წელს საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტორის გამო ვერ მიიღო, აქამდეც არსებობდა. თუმცა, შეიძლება თუ არა, რომ ეს საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ხელისშემშლელი აღმოჩნდეს, ამაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.
"კვირის პალიტრასთან" საუბრისას ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ევროკომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადამწყვეტი ფაქტორი არაა. შარაშენიძე ფიქრობს, რომ ამჯერად საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
"გეოგრაფია არ იყო იმდენად შუაში, როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ჩვენთვის სტატუსი არ მოეცათ. გეოგრაფიის ფაქტორი რას ნიშნავს, რომ ევროკავშირს საქართველოს მიღება გაუჭირდება? მაშინ, უკრაინის მიღებაც უნდა გაუჭირდეს. პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე თუა საუბარი - უკრაინა წაახალისეს. ქვეყანა ომშია და სტატუსი რომ არ მიეცათ, კატასტროფა იქნებოდა. საქართველოს რატომ არ მისცეს, ამასთან დაკავშირებით რიგი ფაქტორები იყო, მათ შორის იყო გაურკვეველი გადაწყვეტილებები და შიდაპოლიტიკური პროცესები - გვარამიას დაკავება, რაც აჩენდა კითხვის ნიშნებს; დაძაბულობა; სააკაშვილი ციხეში და ა.შ.
სამეულიდან - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, ყველაზე უფრო იოლი მოლდოვას საკითხია, რადგან რუმინეთზეა მიბმული და მოლდოვას ლამის ყველა მოქალაქეს რუმინული პასპორტი აქვს. თუ ევროკავშირში მიღებაზეა საქმე, მოლდოვის საკითხი იოლია, ყველაზე რთული კი უკრაინის თემაა. საქართველოს მიმართ რომ იყო პრეტენზიები, მათგან ნაწილი ძალაშია, მაგრამ თუ ევროკავშირი დაინახავს, რომ რაღაც-რაღაცები დალაგდა - გვარამია ციხიდან გაუშვეს, სააკაშვილის ციხეში ყოფნაზეც აღარაა ისეთი ისტერიკა და აჟიოტაჟი, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირს უნდა, რეგიონში ერთი მოკავშირე მაინც ჰყავდეს საქართველოს სახით, მგონია, რომ მაინც მოგვცემს სტატუსს. გეოგრაფიული ფაქტორი იყო, თუმცა ეს არაა გადამწყვეტი. გეოგრაფიული ფაქტორი ვინმეს თუ წაადგა, წაადგა მოლდოვას",- აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
ექსპერტი ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად დღეს უკეთესი შანსი აქვს.
""ილუზიებში ნუ ჩავვარდებით - ეს სტატუსი არცერთი ჩვენგანისთვის წევრობას არ ნიშნავს, უკრაინისთვის მითუმეტეს, რადგან ომშია და ეს ომი როდის მორჩება, ღმერთმა უწყის. ომის შემდეგ, აღდგენასაც რამდენი ხანი დასჭირდება... შესაბამისად, ეს სტატუსი პოლიტიკური მნიშვნელობის სიმბოლოა უფრო მეტად და აქედან უნდა გამოვიდეთ ყველა. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ სტატუსი მივიღოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც 5 წელიწადში ევროკავშირში ვიქნებით, ჩვენ სამიდან რომელიმე. ალბათ, მოლდოვა უფრო შეიძლება შევიდეს, რადგან რუმინეთთანაა მიბმული",- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
(სპეციალურად საიტისთვის)
ლიკა რუაძე