"60 წელი მალე გაფრინდა, მაგრამ იმდენ საინტერესო რამეს მოვესწარი..." - სცენის მუშობით დაწყებული თეატრალური ცხოვრება - კვირის პალიტრა

"60 წელი მალე გაფრინდა, მაგრამ იმდენ საინტერესო რამეს მოვესწარი..." - სცენის მუშობით დაწყებული თეატრალური ცხოვრება

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი - ბესო ბარათაშვილი იუბილარია, მას 26 ივნისს 60 წელი შეუსრულდა. ამბობს, რომ მისი ცხოვრებისა და პროფესიის კმაყოფილია, რადგან სხვადასხვა დროს, ბევრი საინტერესო და დასამახსოვრებელი რამ მოხდა... მიუხედავად იმისა, რომ თეატრში არაერთი წარმატებული და სახასიათო როლი შეასრულა, ფართო საზოგადოებამ "სიცილის ზონის" კომედიური როლებითა და სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო...

- ბატონო ბესო, გილოცავთ 60 წლის იუბილეს... რას იტყოდით ამ წლების გადასახედიდან?

- გმადლობთ... უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურები, მყავს შვილი, შვილიშვილი... როცა საყვარელი საქმე მაქვს, ოჯახი მყავს - უკმაყოფილო რატომ უნდა ვიყო?! ასე თუ ისე, ჩემს პროფესიაში რაღაცას მივაღწიე.

- საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რაიმე ღონისძიება ხომ არ იგეგმება?

- არაფერი! სახინკლეში აღვნიშნეთ ბიჭებმა!

- მშობლები მსახიობები გყავდათ, მათი ღვაწლი რომ გაიხსენოთ...

- დიახ, დედა და მამა ჭიათურის თეატრის მსახიობები იყვნენ, ჩვენს ქალაქში საკმაოდ ცნობილი და წარმატებულები. ჩემს მშობლებზე მეტის თქმა მეუხერხულება, ამაზე სხვებმა უნდა ისაუბრონ. დაფასებულები ნამდვილად იყვნენ და თანაც, თეატრში იმ დროს მუშაობდნენ, როცა საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ოქროს ხანა ჰქონდა. ჭიათურის თეატრს დიდი წარსული აქვს და ახლაც, როგორც თვალს ვადევნებ, თეატრი ამუშავდა, თითქმის ყოველ თვეში პრემიერები აქვთ... შემოქმედებითი კუთხით კარგად არიან.

- მსახიობობა პატარა ასაკიდან გქონდათ გადაწყვეტილი?

- არა, მე მაგაზე არც ვფიქრობდი. პატარას მხოლოდ ბურთი მაინტერესებდა, მეტი არაფერი... მერე მოვიდა სურვილი, დაახლოებით მეათე კლასიდან.

- რამ იქონია გავლენა?

- საბჭოთა პერიოდში სტაჟი იყო საჭირო, რომ უმაღლესში ჩაგვებარებინა... ჭიათურის თეატრში სცენის მუშად დამაწყებინეს მუშაობა, ერთ წლიანი სტაჟის გამო. დედა და მამა უკვე ცოცხლები აღარ იყვნენ... სპექტაკლებს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ რაღაცები მეც შემეძლო და ამიტომაც გადავწყვიტე ამ პროფესიაში ბედი მეცადა. ვცადე და რაღაც გამოვიდა.

- ქართველ არტისტებთან, ლეგენდებთან მოგიხდათ ყოფნა... ამ პროფესიამ ბევრი სიხარული მოგიტანათ?

- ნამდვილად! ძალიან დიდი სიხარული იყო, ჩემთვის დაუვიწყარია ყოველი დაკრული ტაში! ამაზე დიდი რამ თეატრში მსახიობს არ შეიძლება ჰქონდეს, როცა ტაშს გიკრავენ და ბრავოს გეძახიან!? სცენაზე შევხვედრივარ - გურამ საღარაძეს, გოგი ქავთარაძეს, თათული დოლიძეს, ზინა კვერენჩხილაძეს, გივი ბერიკაშვილს, ლეო ანთაძეს, გადაღებაზე - კახი კავსაძეს... მოკლედ, ისეთ ხალხს, რომლებსაც ბავშვობაში ტელევიზიით ვუყურებდი და მათი ახლოს ნახვაც კი ვერ წარმომედგინა. შემდეგ, ზოგიერთ მათგანთან ერთად გასტროლზეც კი ვიყავი... ისე მოხდა, რომ ცოტა მეც გავერიე მარაქაში.

- მიუხედავად თეატრში წარმატებებისა, ფართო საზოგადოებამ კომედიური როლებით ძალიან შეგიყვარათ...

- კი, ბატონო... ეს კამერასთან მუშაობის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო. ფილმებში ძალიან იშვიათად მიღებენ, ალბათ საინტერესო ჰაბიტუსის არ ვარ, ეს რეჟისორების გადასაწყვეტია და გული საერთოდ არ მწყდება... უბრალოდ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან კარგი იყო კამერებთან მუშაობა, თან ტრისტან სარალიძე არაჩვეულებრივი პარტნიორია, ძალიან კარგი კაცი და მსახიობი... ეს წლები ძალიან ნაყოფიერი იყო მასთან ერთად მუშაობა. ალბათ, მართლაც შეუყვარდა ხალხს ჩვენი "სიცილის ზონა"...

- როგორი გარემოა დღეს ქვეყანაში ხელოვანისთვის?

- რა გითხრათ... ვერ გეტყვით, რომ იდეალურ გარემოში ვართ. ხელფასიდან ხელფასამდე ძლივს რომ გაგაქვს კაცს თავი, როგორ შეიძლება იდეალური იყოს?! დღეს ასეთი მოცემულობაა საქართველოში, ხელოვნება არ არის სახარბიელო დღეში და დუხჭირად ვცხოვრობთ... დანარჩენი, კი, ბატონო, შესანიშნავ რეჟისორთან - ჭოლასთან მაქვს ურთიერთობა. ჩვენ სიყრმიდან, დაახლოებით 40 წელია ერთად მოვდივართ. დღევანდელობის ერთ-ერთ გამორჩეულ რეჟისორთან მიწევს თანამშრომლობა. იმავეს ვიტყოდი ჩემს კოლეგებზე. მაგათ ენაცვალოთ ჩემი თავი!

- როგორ ისურვებდით ასი წლის საიუბილეო თარიღს შეხვედროდით?

- მე რას ვისურვებ, ეგ ღმერთმა უნდა ისურვოს! არც იუბილეზე ვფიქრობ, არც - არაფერზე ... ვფიქრობ, მომავალში რა იქნება ჩემს თავს, როგორ წავა ჩემი შემოქმედება. რაც წლები დამრჩენია, მინდა ოჯახს, თეატრს მივუძღვნა. ვნახოთ, როგორ გამოვა.

წლები მალე გაფრინდა, მაგრამ უკან რომ მოვიხედავ, ძალიან ბევრი საინტერესოს ნახვა მოვასწარი ამ 60 წელიწადში. ჯერ მარტო, რამდენი მთავრობა, წყობა გამოვიცვალე, ახალ საუკუნეში შემოვედი...

აქამდე მოვაღწიე, ჩემს პროფესიაში ვარ, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, ჩემს ოჯახთან ერთად ვარ... სამწუხაროდ, სრული შემადგენლობით აღარ, და და მეუღლე გარდამეცვალა, მაგრამ ვინც დავრჩით, შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ...

დიმა ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში წერს...

- თითქოს ძალიან რთულია დაწერო რაიმე შენი სიყრმის მეგობარზე, კოლეგაზე... ამავდროულად ადვილიცაა, რადგან მას კარგად იცნობ, იცი და თან გიყვარს, მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით... ხშირად უთქვამთ, "წერას ჰყავხარ ატანილიო" და... თუ შინაურზე და ახლობელზე არ დავწერე, აბა, სხვა ჩემზე გულიანად (მხოლოდ ეს პრეტენზია მაქვს) ვერც დაწერს.

26 ივნისს ბესო ბარათაშვილი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, 60 წლის შესრულდა.

მსახიობთა ოჯახში დაიბადა. მამამისი, ბატონი ანტონი ჭიათურის თეატრის წამყვანი მსახიობი გახლდათ, საქართველოს დამსახურებული არტისტი... ერთხელ, კოტე მახარაძემ მითხრა, არასდროს მხიბლავდა ისეთი როლით ჩასვლა რომელიმე რეგიონულ თეატრში, სადაც ის პიესა იდგმებოდაო... ეს წაგებულ თამაშში შესვლას ჰგავდაო, თუმცა მაინც მიწევდაო და აი, ჭიათურაში ჩავედი მოსამართლის როლით, გიგლა ხუხაშვილის ამავე სახელწოდების პიესაში და სწორედ ამ როლს ჭიათურის სცენაზე ბატონი ანტონი ასრულებდაო. იმერული სტუმართმოყვარეობითა და კეთილგანწყობით კი მიმიღეს, თუმცა აშკარა იყო რომ დავმარცხდიო. სპეციალურად ჩავედი ისევ, რომ ანტონი მენახა ამ როლში და მართლაც შეუდარებელი იყოო. სულ რაღაც 52 წელი იცოცხლა ბატონმა ანტონმა, თუმცა დატოვა ძალიან დიდი და საყვარელი არტისტისა და კაცი სახელი, საკუთარი ქალაქისა და თეატრის ერთგული მუშაკის, რომელსაც დღემდე იხსენებენ ჭიათურელები.

ბესოს ცხოვრება სულ სხვაგვარად აეწყო. მან დიდი მაესტროს - მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფი დაამთავრა. მუშაობდა ჭიათურისა და ბათუმის თეატრებში, რამდენიმე სეზონის განმავლობაში ჩვენთანაც იყო - მოზარდ მაყურებელთა თეატრში, აგერ უკვე 18-ე სეზონია მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, თუმცა მისი, როგორც არტისტის, თუ შეიძლება ასე ითქვას, "ფრთების გაშლა", თეატრალურ სარდაფს უკავშირდება. შეუდარებელი მხატვრული სახეები შექმნა მან რეჟისორების - ოთარ ეგაძისა და ლევან წულაძის სპექტაკლებში - მარტო ძია ვანიას ან რადიკალურად მისგან განსხვავებული ლამროს თამაში რად ღირდა, ან თუნდაც მისი მონაწილეობა საუცხოო სპექტაკლებში "ცხვირი", "ფაუსტი", "ფიგაროს ქორწინება" და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო...

ერთი პატარა პიესაც "შემოეწერა" - "აკუსტიკა" ერქვა, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა სარდაფის გულმხურვალე მაყურებელთა შორის. მისი აღმოჩენა კი სასწავლო თეატრის კედლებშივე მოხდა - გოგი მარგველაშვილის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" მაშინ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სტუდენტურ სპექტაკლად ითვლებოდა და ბესო ბარათაშვილიც შესანიშნავად ართმევდა თავს ოსეფას ურთულეს როლს, მით უმეტეს, სტუდენტი-მსახიობისთვის ძალზედ რთულს... მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარშიც არაერთი სახე შექმნა, მათ შორის, სულ ახლახან, ერთმანეთის მიყოლებით, ორი პრემიერაც ითამაშა, მაყურებელიც მოხიბლა საკუთარი ოსტატობით, აგერ უკვე თითქმის ოთხი ათეული წელია, იგი როლიდან როლამდე იხვეწება და იზრდება.

ამდენ მთავარ როლს შორის, მე მაინც ჩემთვის გამოვარჩევდი ერთ პატარა ეპიზოდს ჭოლას "დეკამერონიდან". მისი და ქეთი ცხაკაიას დუეტი ამ სპექტაკლის მშვენება იყო ჩემთვის. ყველა დეტალს, რომელსაც ის სცენაზე აღწევდა, უკვე ოსტატის სურნელი დაჰკრავდა და საოცარი სახილველი იყო.

კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარულით ვულოცავ ბესოს ამ საიუბილეო თარიღს, ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ შემოქმედებით წარმატებასა და აღიარებას.

თამასა აწეულია, ბესარიონ, მისი ძირს დაშვება აღარ შეიძლება. ასე რომ, სულ წინ და წინ, ახალი როლებისკენ და ახალი გამარჯვება.

(სპეციალურად საიტისთვის)