"პუტინი სულ უფრო მეტად კარგავს კავშირს რეალობასთან" - კვირის პალიტრა

"პუტინი სულ უფრო მეტად კარგავს კავშირს რეალობასთან"

ბრიტანული ჟურნალის "სფექთეითორის" (The Spectator) ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "პუტინი სულ უფრო მეტად კარგავს კავშირს რეალობასთან" (ავტორი - ჯეიდ მაკგლინი, ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერ-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინის მოკლე გამოსვლა ორშაბათს, რომელიც "ვაგნერის" ამბოხების შესახებ ისტორიული მიმართვა უნდა ყოფილიყო, მთლიანობაში საკმაოდ არადამარწმუნებელი გამოდგა. თუ ვინმე მას ისტორიულად ჩათვლის, ალბათ, მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტი რუსეთის ისტორიაში მომხდარი ღალატისა და რევოლუციის შესახებ ლაპარაკობდა.

ის ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინი ხშირად სარგებლობს ქვეყნის ისტორიაში მომხდარი არასასიამოვნო და რუსებისათვის საწყენი ფაქტებით, დასავლეთში გაკვირვებას იწვევს, თუმცა ასეთი მოქმედება მას კარგ სამსახურს უწევს ქვეყნის შიგნით. კრემლის პროპაგანდისტული მანქანით ტირაჟირებული პრეზიდენტის გამოსვლა 1990-იანი წლების ქაოსისა და მე-20 საუკუნეში მომხდარი სამოქალაქო ომის სისხლიანი იარების შესახებ ზედმიწევნით კარგად არის მოფიქრებული, რომ მოსახლეობაში შიში გამოიწვიოს - აი, ასეთი ბედი ელოდება ქვეყანას, თუ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში არ იქნება. ეს კარგად არის შეთავსებული იმ დაპირებებთან, რომლებიც საბჭოთა ეპოქის დროინდელი დიდების აღორძინების იდეით არის გამსჭვალული, მაგრამ რომლებიც ჯერ რეალიზებული არ არის. კრემლის მუდმივმა გათამაშებებმა წარსულში მომხდარი ტრიუმფებისა და ტრავმების შესახებ გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაში, რომ რუსი ხალხი შეურიგდა სულ უფრო ავტორიტარული რეჟიმის არსებობას და კრემლის მიერ კატასტროფულად აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარებას.

მაგრამ 24 ივნისს მომხდარმა მოვლენამ ვლადიმერ პუტინის მიერ შეთხზული ისტორიის გაკვეთილები გადაწონა. მისი მინიშნებები სამოქალაქო ომზე და "არეულ დროზე" (ანუ იმ ისტორიულ პერიოდებზე, როცა რუსული სახელმწიფო სუსტდებოდა და ქაოსი ბატონობდა) მხოლოდ იმ არასტაბილურობას ადასტურებს მოსახლეობის თვალში, რომელიც ამჟამად არის შექმნილი. ანალოგიურად, როცა ვლადიმერ პუტინი "ნეონაცისტურ უკრაინაზე" ლაპარაკობს და მას "არშემდგარ სახელმწიფოს" უწოდებს, რუსეთის მოსახლეობას უჩნდება კითხვა - რატომ ესალმებოდნენ რუს მებრძოლებს ტაშით, პურ-მარილით და სელფებით როსტოვში და არა კიევში.

ვლადიმერ პუტინის მხრიდან "ვაგნერისათვის" (და "დასავლეთისათვის", როგორც ძველი ბოროტმოქმედისათვის) ყველაფრის დაბრალების მცდელობა გამოწვეულია ერთი არასასიამოვნო რეალობის იგნორირების მიზნით: უბრალო მოქალაქეებს მოსწონთ ევგენი პრიგოჟინის მიერ გაკეთებული გაბედული და მართალი განცხადებები ომში წარუმატებლობის შესახებ. პირველ რიგში იმიტომ, რომ "ვაგნერის" ლიდერი სწორს ამბობს (მაგალითად იმაზე, რომ უკრაინაში შეჭრას ცრუ საფუძველი ჰქონდა და ომი არაკომპეტენტურად წარმოებდა), მეორე მიზეზი კი ისაა, რომ პრიგოჟინის "სიმართლე" ათასობით რუსის გულს ეხება, რომლებმაც ომში ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგეს. ისინი დეზორიენტირებულები არიან კრემლის მოქმედებით, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

რუსულ სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით იმის ფაქტებს, თუ როგორი ირონიულობით ეკიდება მოსახლეობა კრემლის გამონათქვამს - "ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის". სამაგიეროდ, ევგენი პრიგოჟინის ტირადები და აუდიომიმართვები "დაჭრილი" რუსული ეროვნული სიამაყისადმი ერთგვარი მალამოს როლს ასრულებს - "ვაგნერის" ლიდერი ხომ ომში წარუმატებლობისათვის პასუხისმგებლობას კორუმპირებულ და არაკომპეტენტურ ელიტას აკისრებს - იმ ელიტას, რომელთა შვილები ევროპაში განცხრომით ცხოვრობენ, ამ დროს კი რიგით მოქალაქეთა შვილებს ფრონტზე გზავნიან, სათანადო მომზადებისა და ამუნიციის გარეშე.

შეიძლება ითქვას, რომ რეალობის წარმოჩენის ევგენი პრიგოჟინისეული ვერსია ასე გამოიხატება: რუსეთის დიდება უდავოა, მაგრამ მას ზიანს აყენებს კორუმპირებული ელიტა, რომელიც საომარი მოქმედებებისათვის გამოყოფილ ფინანსებს საკუთარ ჯიბეში იდებს.

ასეთი ანტიელიტიზმი უბრალო ადამიანებს მოსწონთ, მაგრამ ასევე მოსწონთ ვლადიმერ პუტინის უახლოეს გარემოცვაშიც იმათ, ვისაც ომისადმი პრიგოჟინის მსგავსი მიდგომა აქვთ. ხდება აზრთა გარკვეული თანხვედრა, მაგრამ განსხვავებული მიზნებით: ბევრ "ძლიერთა ამას სოფლისა", რომლებიც ვლადიმერ პუტინის უახლოეს მრჩევლებს წარმოადგენენ, სურთ, რომ საზოგადოების მასშტაბური რეფორმა მოხდეს, მაგრამ უფრო მილიტარისტულ საფუძველზე. მათ ასევე სურთ სამხედრო სარდლობის წმენდა ჩატარდეს, ოღონდ მათი ჩანაცვლება ომის უფრო ეფექტური "გამჩაღებლების" სახით.

საზოგადოებასა და პრეზიდენტის გარემოცვას შორის ასეთი რეალური უთანხმოების შუქზე ვლადიმერ პუტინის გამოსვლა, როცა იგი დაბეჯითებით უსვამდა ხაზს იმას, რომ რუსი ხალხი საკუთარი სახელმწიფოსა და "კონსტიტუციური წესრიგის" დაცვისათვის გაერთიანდაო, ისეთივე არადამაჯერებელი იყო, როგორც მისი ქება-დიდება ადგილობრივი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველების გაბედული და მამაცური მოქმედების შესახებ.

რა შედეგები მოჰყვება იმას, რაც ახლა რუსეთში ხდება, ჯერჯერობით გაურკვეველია. ჯერ ძალიან ადრეა იმის მტკიცება, არსებობს თუ არა პირდაპირი საფრთხე პუტინის რეჟიმის მიმართ. თუმცა ბევრი რამ უკვე აშკარაა: ამბოხების მცდელობის დროს სახელმწიფოს არ ჰქონდა მოსახლეობის მხარდაჭერა, არავის არ გაუწევია წინააღმდეგობა ამბოხებულებისათვის და არ მომხდარა ყოველივე ის, რასაც ვლადიმერ პუტინი იმოწმებდა თავის გამოსვლაში, ანუ არ ჩანდა ეროვნული ერთიანობა კრიზისის დროს.

იმდენად, რამდენდაც პრეზიდენტი სულ უფრო შორდება რეალობას, ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ, სჯერა თუ არა მას თავის წარმოსახვებში ისეთი რუსეთისა, რომლის მოსახლეობა კონსტიტუციის ირგვლივ იქნება გაერთიანებული, მაგრამ საეჭვოა, რომ ისინი, ვინც მას უსმენდა, ამაში დარწმუნებულნი არიან. შესაძლოა, პუტინს თავისის ძველი კოზირის იმედი ჰქონდა - იმისა, რომ სწორედ მან მოუტანა სტაბილურობა რუსეთს ველური და ანარქიული 1990-იანი წლების შემდეგ. მაგრამ დღეს, როცა დაქირავებულების - სამხედრო დამნაშავეების - ამბოხი ხდება, ასეთი კრიზისული მოვლენის ფონზე ეს სტაბილურობა უკვე წარსულის გადმონაშთად აღიქმება - ისევე როგორც თვითონ ვლადიმერ პუტინის მიერ თავის გამოსვლაში გამოყენებული მოძველებული ანალოგები. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ