"სოჭი საქართველოა" - ამას რომ დაწერ პრიგოჟინის ამბოხის ფონზე, უბრალოდ არ ვიცი, ან დებილი უნდა იყო, ან მოღალატე" - კვირის პალიტრა

"სოჭი საქართველოა" - ამას რომ დაწერ პრიგოჟინის ამბოხის ფონზე, უბრალოდ არ ვიცი, ან დებილი უნდა იყო, ან მოღალატე"

ვისაც ვეძახი აგენტს, სახელებით და გვარებით, მე შემიძლია თავი დავდო თითოეულ მათგანზე, რომ ისინი არიან აგენტები - აგენტს აგენტი დაერქმევა. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უცხოელი აგენტია, მათ შორის, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

„ვისაც ვეძახი აგენტს სახელებით და გვარებით, მე შემიძლია თავი დავდო თითოეულ მათგანზე, რომ ისინი არიან აგენტები. მე მიშა მშვილდაძეზე არ ვიცი, ის არის რიგითის რიგითი, მაგრამ ზურაბ ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, აგენტია. ზურაბ ჯაფარიძე არის უცხოელი აგენტი. არიან ადამიანები, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები და მათ თავისი სახელი უნდა დაერქვათ, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს იგივე გასული საუკუნის დასაწყისში, ასი წლის წინ, როდესაც აგენტებს არ დაერქვათ აგენტები. ისინი შემოუძღვნენ სერგო ორჯონიკიძესთან ერთად, „წითელ არმიას“ საქართველოში. ამიტომ, როცა ვიღაც არის აგენტი და არის მეხუთე კოლონა, მათ საკუთარი სახელი უნდა დაერქვათ აუცილებლად. ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ვინც არის აგენტი, იმათ დაერქმევათ აგენტი, იმიტომ, რომ საზოგადოებამ აგენტებისგან თავი უნდა დაიცვას. მე მაქვს უტყუარი ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები არიან აგენტები,“ - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი „ამჩატდნენ“ და თავი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიგდეს.

„ჩვენი საქმე ვერ იქნება, ბუნებრივია, სხვა სახელმწიფოს, მათ შორის, რუსეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, თუმცა ვერ მოითმინეს და საკუთარი თავი აჩვენეს. პირდაპირ გულშემატკივრობდნენ კაცს, რომელიც ამაყობდა იმით, რომ მოაწყო უკრაინელების სასაკლაო ბახმუტში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარული ანალიზის საშუალება ხომ უნდა გქონდეს, რომ მიხვდე, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სცენარი. ვერ გაანალიზეს. გამოავლინეს ათასი სისულელე. „სოჭი საქართველოა“ - ამას რომ დაწერ პრიგოჟინის ამბოხის ფონზე, ნუ, უბრალოდ არ ვიცი, ან დებილი უნდა იყო, ან მოღალატე. საოცრება იყო, რასაც ჩვენ იმ დღეს ვკითხულობდით. ამჩატდნენ, უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიგდეს საკუთარი თავი. კიდევ კარგი ეს ადამიანები არ იყვნენ იმ დღეს ხელისუფლებაში, ქვეყანას დააწევდნენ უბედურებას. მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანები არც იმ დღეს იყვნენ ხელისუფლებაში და არც დღეს არიან,“ - განაცხადა კობახიძემ.

IPN