და მაინც - ქართველის "მფრინავ ლეგენდას" პენტაგონი "პენსიაზე" უშვებს... ის ვერც ჩაკ ნორისმა დაიცვა - კვირის პალიტრა

და მაინც - ქართველის "მფრინავ ლეგენდას" პენტაგონი "პენსიაზე" უშვებს... ის ვერც ჩაკ ნორისმა დაიცვა

მრავალწლიანი დებატების შემდეგ პენტაგონმა მაინც დასძლია თვით ყველაზე გავლენიანი ამერიკელი კონგრესმენების პროტესტი და ამერიკული კინოს ლეგენდის - ჩაკ ნორისის დაჟინებული თხოვნებიც არ გაითვალისწინა - აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იწყებს А-10 Thunderbolt II ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ექსპლუატაციიდან მასობრივად გამოყვანის პროცესს...

ქართველი მკითხველისთვის ეს შეიძლება ნაკლებად საინტერესო ინფორმაცია ყოფილიყო, რომ არა ერთი ძალზე მნიშვნელოვანი გარემოება - ამ ლეგენდარული მოიერიშე თვითმფრინავების, რომლებმაც ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში თითქმის ყველა დიდი ომი გამოიარეს, შემქნელი ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ქართველიშვილია.

2-kar-1687955224.jpg

... და თავად ალექსანდრე ქართველიშვილი, რომლის სახელი ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო დონის ავიაკონსტრუქტორების კოჰორტაში...

ცნობილი ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის, იგივე ალექსნდრე ქართველის მოღვაწეობის შესახებ პირველად "კვირის პალიტრაში" 1990-იანი წლების ბოლოს დავწერე, შემდეგ მასზე მომზადებული დოკუმენტური ფილმის ავტორიც ვიყავი და ამიტომაც, პირადად ამ ბლოგის ავტორისთვის ნამდვილად არ არის სულერთი თუ რა ბედი ეწევა ჩვენი თანამემამულის დანატოვარს - მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო რეაქტიულ მოიერიშე თვითმფრინავს...

ამერიკელი კონგრესმენებისა და პენტაგონის "შიდა ომი" ქართველის მოირიშეების ჩამოწერა - არ ჩამოწერასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2015 წლიდან დაიწყო, როდესაც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა ამტკიცებდა, რომ ამ მოიერიშე თვითმფრინავის დაბალი სიჩქარის გამო, ის თითქოს ადვილი ჩამოსაგდები ხდება მოწინააღმდეგის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვისო...

საფრენ აპარატებსა და საზენიტო საშუალებებს შორის ურთიერდაპირისპირება ერთ საუკუნზე მეტია მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის საბრძოლო მოქმედებებში გამოყენება პირველად სცადეს და დღეს ამ საუკუნოვან დაპირისპირებაში გარკვეულწილად უპირატესობას საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემები აღწევენ, რომელთათვისაც უკვე სულერთია მოირიშე თვითმფრინავი 700-800 კმ/სთ-ით იფრენს თუ მრავალფუნქციური გამანადგურებელი ზებგერით სიჩქარეზე გავა - თანამედროვე საზენიტო რაკეტები ერთსაც ეწევა და მეორესაც...

ამასთან ამერიკული А-10 Thunderbolt II -ები, ისევე როგორც საბჭოთადროინდელი და თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი Су-25-ები კარგადაა შეჯავშნული და ჰაერში მიღებული სერიოზული დაზიანებების მიუხედავად აეროდრომებზე ბევრჯერ დაბრუნებულან.

ეს და კიდევ სხვა მიზეზები გახდა იმის საფუძველი, რომ 2015 წელს ჰოლივუდის ლეგენდა ჩაკ ნორისმა მხარი დაუჭირა იმ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ პენტაგონის გადაწყვეტილებას, ჩამოეწერა A-10A Thunderbolt II-ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი და ის ჯერ F-16-ით, შემდგომში კი თანამედროვე F-35-ით შეეცვალათ.

ჩაკ ნორისმა პენტაგონის ხელმძღვანელობას განუცხადა: "მე 75 წლის ვარ, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ სანაგვეზე წასვლას. ზოგიერთი რამ ასაკში უკეთესი ხდება და ეს, უპირველესად, "თანდერბოლტს" ეხება".

მთელი წლის განმავლობაში ჩაკ ნორისი ამ მოიერიშის გამოსახულებიანი მაისურით დადიოდა კონგრესსა და პენტაგონში და მაინც თავისი გაიტანა - აშშ-მა "თანდერბოლტი" შეიარაღებაში დატოვა.

რა თქმა უნდა, პენტაგონში არც ჩაკ ნორისის "თანდერბოლტიან" მაისურს აღუძრავს სენტიმენტალური გრძნობები და არც ჩვენთვის კარგად ცნობილი სენატორის - ჯონ მაკკეინის შეშინებიათ, რომელიც ასევე მხარს უჭერდა ჩაკ ნორისის იდეას. ამერიკელი გენერლები მიხვდნენ, რომ "ისლამური სახელმწიფოსთვის" ეფექტური საჰაერო დარტყმების მიყენება 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ბოლოსაც კი 44 წლის "თანდერბოლტს" უკეთესად შეეძლო, ვიდრე ბევრად ძვირადღირებული აპარატურით აღჭურვილ თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს.

მაშინ, თავისი სიჯიუტითა და სიმტკიცით, ჩაკ ნორისმა და ჯონ მაკკეინმა უნებურად სიცოცხლე გაუხანგრძლივეს ამერიკული სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ავიაკონსტრუქტორის, ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) იდეას შეჯავშნული რეაქტიული მოიერიშის მაღალი საბრძოლო ეფექტიანობით გამოყენების თაობაზე.

მაგრამ, რაღაცნაირად "გაქრა" "ისლამური სახელმწიფოს" პრობლემა და მსოფლიო, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ყველაზე ფართომასშტაბიან და სისხლისმღვრელ რუსეთ-უკრაინის ომის წინაშე აღმოჩნდა, რომელშიც ორივე დაპირისპირებული მხარე ძალზე აქტიურად იყენებს Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს.

თუმცა, ისიც რეალობაა, რომ ამ ომში სხვადასხვა კლასისა და ტიპის მართვადი რაკეტების გამოყენების შედეგად უკვე ჩამოგდებულია არანაკლებ 29 რუსული Су-25 და ანალოგიური ტიპის 16 უკრაინული მოიერიშე.

ანუ მიუხედვად ნახევარსაუკუნოვანი ასაკისა, ორივე ტიპის მოირიშე თვითმფრინავები ჯერ კიდევ შეიძლება გამოიყენონ თვით ყველაზე ინტენსიურ ბრძოლებშიც კი, სადაც საჰაერო თავდაცვის თანამედროვე საშუალებები ბატონობენ.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების არსენალში დღეს 273 ერთეული A-10A Thunderbolt II-ი იმყოფება, რომელთაგან 54 მოიერიშეს "პენსიაზე" გაყვანას ორი წლის განმავლბაში აპირებენ, ხოლო 2030 წლისთვის ქართველისშვილის ეს ლეგენდარული მოირიშე ეტყობა საერთოდ აღარ დარჩება პენტაგონის შეიარაღებაში.

ოღონდ ამერიკული "პენსია", საბჭოთა ან რუსულს არ ჰგავს, როდესაც მასიურად ჩამოწერილ "მიგებსა" და "სუებს" ღია ცის ქვეშ ალპობდნენ - ამერიკელებს სპეციალური შენახვის ბაზები ე.წ. საავიაციო სასაფლაოები აქვთ მოწყობილი ექსპლუატაციიდან გამოყვანილი თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების სათანადო დონეზე კონსერვაციისთვის, რათა საჭირობის შემთხვევაში ისევ შესძლონ მათ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა ან უარეს შემთხვევაში "საავიაციო კანიბალიზმის" პრინციპით მათგან მოხსნილი დეტალები სათადარიგო ნაწილებად გამოიყენონ.

პ.ს.

პენტაგონის მიერ ორი წლის წინ ჩატარებული მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2021 წელს ასე ნაქები ამერიკული მეხუთე თაობის F-35 Lightning II თვითმფრინავების პარკის მხოლოდ 68%-ი თუ იყო სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, ხოლო არანაკლებ ნაქები მრავალფუნქციური F-22 Raptor-ების მხოლოდ 50%-ი!

ამ ყველაფრის ფონზე კი თითქმის ფანტასტიკურად მოჩანს, რომ სრულ საბრძოლო მზადყოფნას ინარჩუნებდა A-10C Thunderbolt II ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების პარკის 72%-ზე მეტი...

ჩვენი დოსიე:

ამერიკული შეჯავშნული რეაქტიული მოიერიშე თვითმფრინავის, A-10A Thunderbolt II-ის, მაქსიმალური ასაფრენი მასა 21 ტ-ს აღწევს, საიდანაც 7 ტ-ზე მეტი შეიარაღებაზე მოდის. მოიერიშის არსენალშია 30 მმ კალიბრის 1 350 ცალი საქვემეხე ჭურვი, 227 კგ კალიბრის 24 უმართავი მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბი ან "ჰაერი-ხმელეთის" კლასის მართვადი რაკეტები, მათ შორის - ტანკსაწინააღმდეგო დანიშნულების AGM-65 Maverick -ის ტიპისა, რომელსაც 30 კმ-მდე ფრენა (მოიერიშე თვითმფრინავის მოწინააღმდეგე მხარის საჯარისო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების მოქმედების ზონაში შეუსვლელად) და ნებისმიერი ტანკის განადგურება შეუძლია.