"რუსეთის ქმედებანი სულთმობრძავის ბოლო გაფართხალებაა..." - ვინ არის ახალგაზრდა მწერალი და მეთევზე - ლუკა ბაქანიძე, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელია - კვირის პალიტრა

"რუსეთის ქმედებანი სულთმობრძავის ბოლო გაფართხალებაა..." - ვინ არის ახალგაზრდა მწერალი და მეთევზე - ლუკა ბაქანიძე, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელია

"პუტინის რეჟიმის დამხობასთან ერთად, ქართველის და საქართველოს ნამდვილი, ჭეშმარიტი გათავისუფლება იწყება..."

ლუკა ბაქანიძე - მწერალი და მეთევზე

არაერთი ჯილდოს მფლობელი ახალგაზრდა მწერალი ლუკა ბაქანიძე მკითხველისთვის ალბათ, იმით არის გამორჩეული, რომ მის ნაწარმოებებში შელამაზებული არაფერია; ყველა სიტყვა თუ აზრი, რომელიც სიხარულს თუ ტკივილს გადმოსცემს, ისეთივე მწვავეა, როგორიც სინამდვილე... კითხულობ და ფიქრობ, რომ ესა თუ ის კონკრეტული ფაქტი და მოვლენა შენიც არის, შენც გეკუთვნის, მაგრამ ამ კუთხით არასდროს შეგიხედავს...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"პოეტი შეიძლება გაძვრეს მარტო ნიჭის ანაბარა, მაგრამ პროზაიკოსს თუ ნიჭთან ერთად ცხოვრება არ ებოძა ზემოდან, მისი ფასი არაფერია. მე კი, ჩემი მხრიდან ნამდვილად მეტისმეტი მებოძა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ასაკისთვის. რამდენად მოვახდინე ჩემი ცხოვრების სინთეზირება ნიჭთან, მკითხველმა შეაფასოს. წერისთვის აუცილებელ თვისებებს რაც შეეხება - მართლაც, რომ ჯოჯოხეთური ნებისყოფაა საჭირო. მუდმივი მორალური სიფხიზლე ტანისა და გონის, რომ არ დაკარგო გარემოსთან, სამყაროსთან კავშირი..."

"სამწუხაროდ, ჩვენი თაობის ქვეცნობიერში დალექილმა გენეტიკურმა საბჭოთა ბალასტმა ბევრი რამის საშუალება არ მოგვცა, მათ შორის, არც გაზრდისა და განვითარების. ჩვენს ეროვნულ ხედვას, როგორც წესი, იგივე რადიუსი აქვს, რაც ჩვენს საცხოვრებელ კვადრატულ მეტრებს. საკუთარი ეზო-ყურის მიღმა დღევანდელი რიგითი ქართველის მიერ სამშობლოს აღქმა ძალზე ბუნდოვანი და შორეული ცნებაა, ასეა დამკვიდრებული ჩვენს აზროვნებაში. გამოცლილი გვაქვს ის ძალები, რომელიც საშუალებას მოგვცემდა დაგვენახა საკუთარი ქვეყანა, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა, მუდმივი ზრუნვის და გაფრთხილების ტერიტორია..."

"რუსეთის ქმედებანი, ხატოვნად და ცოტა ბანალურად, მაგრამ ზუსტად რომ ვთქვა - სულთმობრძავის ბოლო გაფართხალებაა. სამწუხაროა და ტრაგედია, რომ ამ დიდებული ხალხის, უკრაინელების (და არა მარტო მათი - ბევრი ქვეყნის ღირსეული ადამიანი იბრძვის მათ გვერდით, მათ შორის, ჩვენი გმირი ბიჭებიც) სიცოცხლის და სისხლის ფასი დაჯდა რუსული იმპერიის მითის საბოლოო ნგრევა..."

"მწერლის განხილვა და მიკუთვნება სხვადასხვა საზოგადოებრივ, იდეურ, ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ პლასტსა თუ კლანს, აქტუალური საკითხია. ამის თაობაზე მეც ბევრი მსმენია, თუმცა, პირადად თუ რაიმე ფლანგზე ვდგავარ, მას თავისუფლება და გულწრფელობა ჰქვია, მაგრამ არც მავანი კოლეგის კლანურობა თუ ასე შემდეგ გამაღიზიანებს - შემიძლია ადამიანურად გავიგო, რომ კარგ შემთხვევაში - ალბათ მისი რამე პრივატული ვითარების მნიშვნელობამ და საჭიროებამ, ხოლო უარეს შემთხვევაში, მისმა უნიჭობამ მოითხოვა, რომელიმე გავლენიან დაჯგუფებასთან მიკედლება..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 29 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ლალი პაპასკირი