"ვერც გააცნობიერებდა, რა გააკეთა" - დედის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა
საგარეჯოში 45 წლის ქალმა დედა მოკლა.
უმძიმესი დანაშაული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში, იორამაშვილების სახლში დატრიალდა. როგორც ირკვევა, მკვლელობას წინ დედ-შვილს შორის შელაპარაკება უძღვოდა, რა დროსაც თამილა იორამაშვილმა დედას დანით მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და ქალი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, გოგოს ფსიქიური პრობლემები აქვს. მეზობლები ვერ საუბრობენ თუ რაზე იკამათა დედა-შვილმა. დამნაშავე ახალგაზრდა ქალი, უკვე დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. `
"არ ვიცით ამ ტრაგედიის მიზეზი რა იყო. სავარაუდოდ, რაც მოხდა გოგოს ფსიქიურმა პრობლემებმა გამოიწვია. ძალიან შეძრულები ვართ და განვიცდით მომხდარს. მკვლელობაში ბრალდებული, თამილა იორამაშვილია. მან მოკლა დედამისი. დანით მოუკლავს საწყალი ქალი. ძალიან კარგი ადამიანი იყო ეთერი დეიდა, ძალიან შემეცოდა. მიზეზი ნამდვილად არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ის, რომ თამილას ფსიქიური პრობლემები ჰქონდა. ქუჩაში რომ დადიოდა, არავის ეკონტაქტებოდა ხოლმე. ნეტა არ მომხდარიყო ეს ტრაგედია. მე ცოტა მოშორებით ვცხოვრობ, მაგრამ ეს გოგო წყალზე მოდიოდა ხოლმე და იქ ვხედავდი. არავის დაელაპარაკებოდა, ისე წავიდოდა, თავისთვის დადიოდა. ხშირად მინახავს ასევე ქუჩაში მიმავალი დედა-შვილი ერთად. მარტო იყვნენ სახლში, მოკლულს კიდევ ერთი შვილი ჰყავს, გოგონა. მხოლოდ თამილა და დედამისი ცხოვრობდნენ იმ სახლში. როგორც ვიცი, არსად მუშაობდნენ. ძალიან შემეცოდა მოკლული. მძიმე ამბავია, თამილაც მეცოდება, მას პრობლემა ჰქონდა, მიხედვა სჭირდებოდა. როგორც ვიცი ბავშვობიდან ჰქონდა ფსიქიკური პრობლემა და საბოლოოდ ასეთი ამბავი მოხდა. არ ვიცი მკურნალობდა თუ არა. სხვა დეტალი მართლა არ ვიცი", _ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
`ძალიან განვიცდი, არაჩვეულებრივი ქალი იყო დედამისი, ეთერი დეიდა. თამილაც მეცოდება, ორივე როგორ შემებრალა ვერ წარმოიდგენთ. მაგრამ ალბათ თამილამ ვერც გააცნობიერებდა რა გააკეთა. ვიცი რომ ვერ იყო კარგად. ვწუხვარ ძალიან",_ ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
მეზობლები ამბობენ, რომ სახლიდან ჩხუბის ხმა ხშირად გამოდიოდა და იმ დღესაც ხმაურზე მივიდნენ იქ და ეს ტრაგედია დახვდათ.
საქმის ირგვლივ გამოძიება გრძელდება. სავარაუდოდ, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება და გაირკვევა შეეძლო თუ არა მას მომხდარი გაეცნობიერებინა.