" ხელისუფლებას მივმართავთ, დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მოძმე ერთან, უკრაინასთან ოფიციალური ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის" - კვირის პალიტრა

" ხელისუფლებას მივმართავთ, დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მოძმე ერთან, უკრაინასთან ოფიციალური ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის"

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენს მოძმე ერთან, უკრაინასთან საქართველოს

ოფიციალური ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

ის პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომ უკრაინის გამარჯვება მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა.

„რადაში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებას მოახსენა მისი ხედვა და წარმოთქვა ისტორიული საპროგრამო სიტყვა, რომელიც გულისხმობს უკრაინის განვითარებას, წინსვლას და ურთიერთობებს მის მოკავშირეებთან, მას შემდეგ, რაც უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს უკრაინელი ხალხის თავდადებით, უკრაინის ხელისუფლებისა და ჯარის ვაჟკაცობით. გამარჯვების უკრაინის მიმართ მთელი ცივილიზებული სამყაროს დახმარებით, რადგან სიმართლე არის უკრაინელი ხალხის მხარეს, რადგან რუსეთი აგრესორია, ბარბაროსი დამპყრობელია , რომლის შეჩერება ახლა უკვე არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს საზრუნავია, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს საზრუნავია. ისტორიულ და საპროგრამო სიტყვაში ზელენსკიმ ისაუბრა, თუ რა მოხდება და როგორ წარმოუდგენია მას გამარჯვების შემდეგ უკრაინის მეზობლების ბედი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება ნიშნავს არა მარტო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არამედ ეს ნიშნავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენასაც. ასე უყურებს გმირი უკრაინელი ერის გმირი პრეზიდენტი და ხელისუფლება, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო უჭერს მხარს.

ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ყველა, ვისაც კარგად ესმის უკრაინის მნიშვნელობა და უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობა, ამაზე საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი, რომ უკრაინის გამარჯვება ეს არის საქართველოს გამარჯვება, რომ უკრაინის ბრძოლა მტერთან, არის საქართველოს ბრძოლა მტერთან, ამას ამტკიცებენ ჩვენი გმირი მებრძოლები, რომლებიც იბრძვიან უკრაინის მიწაზე, უკრაინელ ძმებთან და დებთან ერთად და უკრაინაში საქართველოს, და საქართველოს გამთლიანებისთვის იღუპებიან”, - განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძემ უკრაინის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა, იმის გამო, რომ ზელენსკის არ წარმოუდგენია უკრაინის გამარჯვება უკრაინის მთლიანობის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე.

მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სასწრაფოდ აღადგინონ უკრაინასთან ურთიერთობები.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი განაცხადი. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ზელენსკის, რომ მას სწორედ ასე წარმოუდგენია უკრაინის გამარჯვება, რომ მას არ წარმოუდგენია უკრაინის გამარჯვება უკრაინის მთლიანობის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე.

აქედან გამომდინარე მინდა საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ - დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენს მოძმე ერთან, უკრაინასთან საქართველოს ოფიციალური ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის. დაუშვებელია და ეროვნული ინტერესების ღალატია , როდესაც საქართველო არის ზურგშებრუნებული უკრაინასთან, როდესაც საქართველოში არ აირს უკრაინის ელჩი, იმის გამო რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად მხარს უჭერს საქართველოსა და მთელი ცივილიზებული სამყაროს მტერს, რუსეთს. მოვუწოდებთ მათ, გონს მოეგონ და სასწრაფოდ აღადგინონ უკრაინასთან ურთიერთობები.

მეორე, ჯერ კიდევ არის დრო, რომ დააბრუნონ საქართველოს განვითარების ვექტორი ნატოს და ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე.

და მესამე, თუკი ამ ქვეყანაზე სიმართლისა და სამართლისა რამე ნატამალი არსებობს, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს საპყრობილედან საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი“,- გაანცხადა ბარამიძემ.

"ინტერპრესნიუსი"