"სერგეი შოიგუს ეპოქის დასასრული? - მომავალი მინისტრი ციმბირში, ერთ-ერთ საბჭოურ ობიექტზე ათასობით პატიმარს ამუშავებდა" - კვირის პალიტრა

"სერგეი შოიგუს ეპოქის დასასრული? - მომავალი მინისტრი ციმბირში, ერთ-ერთ საბჭოურ ობიექტზე ათასობით პატიმარს ამუშავებდა"

გერმანული სამაუწყებლო კომპანიის "დოიჩე ველეს" (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ევგენი პრიგოჟინის ამბოხება - სერგეი შოიგუს ეპოქის დასასრული?", რომელშიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბიოგრაფიული დეტალები, მისი შემდგომი ბედი და კარიერული პერსპექტივაა გაანალიზებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"ვაგნერის" ამბოხის დასრულებიდან რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ მთავარი კითხვა - რა ბედი ეწევა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს - უპასუხოდ რჩება. რას ნიშნავს ვლადიმერ პუტინის დუმილი სერგეი შოიგუს შესახებ და რა გავლენას მოახდენს სამომავლოდ მინისტრის სავარაუდო გადადგომა რუსეთ-უკრაინის ომზე?

სერგეი შოიგუ, რომელიც ამბოხებიდან ორი-სამი დღე საჯაროდ არ ჩნდებოდა, ახლა ისევ ტელეეკრანებზეა - იგი ჯერ საომარი მოქმედებების ზონაში მყოფი აჩვენეს, შემდეგ კი ვლადიმერ პუტინთან ერთად, როცა პრეზიდენტი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს შეხვდა. ვლადიმერ პუტინი თავის გამოსვლაში სერგეი შოიგუზე არაფერს ამბობს.

შოიგუ - საკუთარ თავზე მზრუნველი

"სერგეი შოიგუს კარგი ინსტიქტი აქვს", - ამბობს ბრაიან ტეილორი, ნიუ-იორკის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი, - "როცა იგი საგანგებო სიტუაციების მინისტრი იყო, მას ძალიან მოსწონდა ხოლმე კატასტროფების ადგილებზე გამოჩენა - ამით ხაზს უსვამდა თავის მთავარ როლს და მნიშვნელობას მოცემულ სიტუაციაში. ასე აგროვებდა ქულებს. მაგრამ როცა საქმე ეხება იმ კატასტროფას, რომელშიც პასუხისმგებელი თვითონაა, მინისტრი საზოგადოების წინაშე გამოსვლას ერიდება, კულისებში ვლადიმერ პუტინთან და მისი უახლოესი გარემოცვის წევრებთან ერთად არის და საკუთარი მდგომარეობის განმტკიცებას ცდილობს".

როცა ევგენი პრიგოჟინმა სერგეი შოიგუს (და გენშტაბის უფროსის ვალერი გერსიმოვის) კრიტიკა დაიწყო, მინისტრი შეხლა-შემოხლაში პირადად არ ჩაბმულა, მის ნაცვლად "ვაგნერის" ხელმძღვანელს სამინისტროს პრეს-სამსახური პასუხობდა. როგორც ბრაიან ტეილორი ამბობს, მართალია, ევგენი პრიგოჟინის კრიტიკა გარკვეული დონით სწორი იყო - არმიის სარდლობა ომს მართლაც ცუდად აწარმოებდა - მაგრამ "ვაგნერის" ლიდერის ბრალდებებიდან ბევრი რამ პირადად ვლადიმერ პუტინს უფრო ეხებოდა, რომელმაც უკრაინასთან ომი გამოგონილი საბაბით დაიწყო.

რატომ არ შეუძლია პუტინს შოიგუს სწრაფი გათავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტს ორი ვარიანტი აქვს: ან მოხსნას მინისტრი, ან თანამდებობაზე დატოვოს. ბრაიან ტეილორის თქმით, ბევრი რამ, რასაც სერგეი შოიგუ ვლადიმერ პუტინს უყვებოდა ახალი არმიის შექმნის თაობაზე, ტყუილი აღმოჩნდა. შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა, თუ მინისტრი პოსტიდან წავიდოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობის დაბალი დონე ნათელი გახდა ომის დაწყების პირველი თვეებიდანვე, სერგეი შოიგუ თანამდებობას მაინც ინარჩუნებდა. საქმე იმაშია, რომ იგი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრია და სხვადასხვა დონეზე დაშვებულ სამხედრო შეცდომებზე პასუხისმგებლები პროფესიონალი სამხედრო პირები არიან. საბოლოო ჯამში, მინისტრისა და მთელი სამხედრო უწყების ცუდ მუშაობაზე (და დაშვებულ "სტრატეგიულ შეცდომაზე" უკრაინაში შეჭრის სახით) ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მაინც პრეზიდენტ პუტინს აკისრია.

22-1688020803.jpg

იმ ექსპერტების აზრით, რომლებსაც "დოიჩე ველე" ესაუბრა, პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრის სწრაფი გათავისუფლება არ შეუძლია - ეს მისი სისუსტის მაჩვენებელი იქნება: "თუ ვლადიმერ პუტინი ადგება და უცებ მოხსნის პოსტიდან სერგეი შოიგუს, ეს ისე გამოვა, თითქოსდა პრეზიდენტი "მოღალატე და ბუნტისთავი" ევგენი პრიგოჟინის მოთხოვნას ასრულებს", - ამბობს ბრაიან ტეილორი. მას ეთანხმება პროფესორი ფაბიან ბურკჰარდი, რუსეთის სპეციალისტი რეგენსბურგის (გერმანია) უნივერსიტეტიდან: "იმის მიუხედავად, რომ უკვე ცნობილია სერგეი შოიგუს არაპოპულარობა უმაღლეს დონეზეც, მათ შორის არმიაშიც, შესაძლოა მაინც არსებობს კარგი არგუმენტები იმისთვის, რომ პრეზიდენტმა მოიცადოს და მინისტრის გაშვებაზე გადაწყვეტილება ცოტა მოგვიანებით მიიღოს", - ამბობს პროფესორი.

ვლადიმერ პუტინს არ უყვარს იმ ადამიანების თანამდებობიდან გადაყენება, რომლებსაც თავისიანებად თვლის - მით უმეტეს ისეთი პიროვნებისა, როგორსაც თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს. სერგეი შოიგუს შემთხვევა განსაკუთრებულია, რაზედაც მისი ბიოგრაფია მეტყველებს.

შოიგუ უფრო მეტია, ვიდრე მინისტრი

68 წლის სერგეი შოიგუ მატრიალურად უზრუნველყოფილ ოჯახში იზრდებოდა - საბჭოურ-პარტიული ნომენკლატურიდან. მამამისი კუჟუგეტი ჯერ კომპარტიის ტუვის საოლქო გაზეთის მტავარი რედაქტორი იყო, შემდეგ კი ტუვის საოლქო კომიტეტის მდივანი გახდა. როცა სერგეი კუჟეგეტოვიჩმა ინჟინერ-მშენებლის დიპლომი აიღო, მან კარიერა სწრაფად გაიკეთა და სრულიად ახალგაზრდა საკმაოდ მსხვილ სამშენებლო ობიექტებს, მათ შორის ქარხნებს ხელმძღვანელობდა. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში იგი მოსკოვში გადავიდა და "ზემოდან ჩარევა-დახმარებით" სახელმწიფო სამაშველო სამსახური შექმნა, რომელიც მოგვიანებით საგანგებო სიტუაციათა სამინისტროდ გადააქცია. ამ სამტავრობო სტრუქტურას სერგეი შოიგუ თითქმის 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და 1990-იანი წლების მიწურულს რუსეთის ყველაზე პოპულარულ მინისტრად ითვლებოდა. სერგეი შოიგუმ დიდი როლი შეასრულა 2000 წელს ამჟამინდელი მმართველი პარტიის "ედინაია როსსიას" წინამორბედის, პროკრემლური პარტიის "ედინსტვოს" გამარჯვებაში. მან იგივე გაიმეორა 2021 წელსაც, როცა სათავეში ჩაუდგა პარტიულ სიას, როგორც თავდაცვის მინისტრი.

2012 წელს, ვლადიმერ პუტინის პრემიერობიდან პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ, სერგეი შოიგუ მოსკოვის ოლქის გუბერნატორი გახდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა და სამხედრო რეფორმების განხორციელება დაიწყო. სულ მალე რუსეთის არმიაში დაბრუნდა საბჭოური პრაქტიკა "ბრძოლისუნარიანობის მოულოდნელი შემოწმებების" სახით.

შოიგუ - პუტინის მემკვიდრე? საეჭვოა.

2021 წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზე - მცირე ხნით ადრე, სანამ რუსეთი ორჯერ მოახდენდა ჯარების კონცენტრაციას უკრაინის საზღვრებთან, პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი ტაიგაში განმარტოვდნენ. ფოტოსესია, რომელიც მათი ერთად ყოფნას ასახავდა, იმის დემონტრირებას ასახავდა, რომ ვლადიმერ პუტინს სერგეი შოიგუსთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის მემკვიდრე იქნება?

ბრაიან ტეილორის ვარაუდით, ეს ნაკლებადსავარაუდოა. იგი აღნიშნავს, რომ "პუტინის მიერ შექმნილი პერსონალიზებული სისტემის მთელი ლოგიკა იმაშია, რომ მემკვიდრის ალტერნატივას არ გულისხმობს". ექსპერტი ასახლებს ორ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დავუჯეროთ შოიგუს გაპრეზიდენტების ვერსიას: "პირველი - მინისტრი თითქმის პრეზიდენტის თანატოლია, ახალ პრეზიდენტად კი ვინმე შედარებით ახალგაზრდა უნდა მოვიდეს. მეორე - შოიგუს გაპრეზიდენტების პოტენციალი იმითიც არის შეზღუდული, რომ იგი ეთნიკური რუსი არ არის. სანამ მინისტრია, იგი პრეზიდენტისათვის სანდო პირს წარმოადგენს, პატივცემულს და პოპულარულს, მაგრამ პრეზიდენტი ის ვერ გახდება".

სერგეი შოიგუს ბიოგრაფიის ერთი დეტალი ევგენი პრიგოჟინთან მის დაპირისპირებას ემოციურ შტრიხს მატებს: 1980-იან წლების დასწყისში სერგეი შოიგუ ციმბირში ერთ-ერთი საბჭოური მშენებლობის უფროსი იყო, სადაც მისი დაქვემდებარების ქვეშ არსებულ ობიექტზე 10 ათასზე მეტი პატიმარი მუშაობდა. 40 წლის შემდეგ კი "ვაგნერი", რომლის შემადგენლობაში ბევრი ყოფილი პატიმარია, თვით ევგენი პრიგოჟინის ჩათვლით, შეიარაღებულ ამბოხებაზე წავიდა, სერგეი შოიგუს თანამდებობიდან გაძევების მიზნით.

შოიგუს ირგვლივ შექმნილი სიტუაცია და რუსეთ-უკრაინის ომი

რა იქნება შემდეგ? როგორც ბრაიან ტეილორი თვლის, ვლადიმერ პუტინი რთული არჩევანის წინაშე დგას" ერთი მხრივ, სერგეი შოიგუს გადაყენება შეიძლება მისი მხრიდან სისუსტის გამოვლენად ჩათვალონ - საბოლოო ჯამში მაინც ამბოხებულ "ვაგნერელთა" მოთხოვნას დაყაბულდაო. მეორე მხრივ, თუ მინისტრს თანამდებობაზე დატოვებს, ეს ნიშნავს, რომ სერგეი შოიგუს მიმართ არმიაში უკმაყოფილება მოიმატებს. "არ არის გამორიცხული, რომ ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე კვირის შემდეგ პოსტიდან გაათავისუფლოს, მაგრამ მას არ დაამცირებს და რაღაც საპატიო თანამდებობას გამოუნახავს, მაგალითად, იქნება სენატორი ფედერაციის საბჭოში.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამბოხების მცდელობის შედეგებით უკრაინა მაინც მოგებული რჩება: რუსეთის არმიის წინააღმდეგობა კიევის კონტრშეტევისადმი შეიძლება ისეთი ძლიერი აღარ იყოს, გარკვეულწილად რუსი სამხედრო მოსამსახურეები მორალურადაც გულგატეხილები იქნებიან. თუმცა, რასაკვირველია, საბრძოლო მოქმედებები არ შეჩერებულა და მომავალშიც გაგრძელდება. მთლიანობაში რუსეთის მხრიდან ფრონტის დარღვევა მოსალოდნელი არ არის.

მოამზადა სიმონ კილაძემ