ქართული გვარის რუსი ოკუპანტი გლობალურ ეკოკატასტროფაში - კახოვკის კაშხლის აფეთქებაშია დადანაშაულებული... - კვირის პალიტრა

ქართული გვარის რუსი ოკუპანტი გლობალურ ეკოკატასტროფაში - კახოვკის კაშხლის აფეთქებაშია დადანაშაულებული...

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტური საგამოძიებო პროექტის "Схемы" -ს და უკრაინული სააგენტო "Слідство.Інфо" -ს ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად (რომელიც ეყრდნობა კახოვკის კაშხლის რაიონში რუსი ოკუპანტების რადიოსაუბრების გადაჭერისა და მათი შინაარსიის გაანალიზებას), მათ მოიპოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქება განახორციელეს მანამდე იქ დისლოცირებულმა რუსეთის საოკუპაციო ძალების 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა, რომელთა შორის ფიგურირების ქართული წარმოშობის გვარიც - ფიცხელაური.

არსენ ფიცხელაური, სახმისით "Грузин"-ი კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ თურმე რუსეთშიც გაიწვიეს დასაჯილდოებლად, თუმცა, ახლა, ისევ ახალ კახოვკაში იმყოფება თავის ბრიგადასთან ერთად - აცხადებენ ამ ჟურნალისტური გამოძიების ჩამტარებლები.

ინტერნეტსივრცეში მართლაც მოიპოვება იმის დამადასტურებელი ფოტომასალები, რომ პიროვნება სახელითა და გვარით არსენ ფიცხელაური, მართლაც მსახურობს რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადაში, იმყოფებოდა კახოვკის კაშხალზე რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში და ჯავშანჟილეტზე მიკრული აქვს წარწერა დიდი რუსული ასოებით - ГРУЗИН...

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქება და ამას მოყოლებული ეკოლოგიური სახის მასშტაბური პრობლემები მსოფლიოში შეფასდა, როგორც გლობალური დონის ეკო-ტერაქტი, რომელიც თავის უარყოფით გავლენას მთელი შავი ზღვის რეგიონზეც მოახდენს...

ის, რომ კახოვკის კაშხალი მის შიგნით განზრახულად მოწყობილი მძლავრი აფეთქებებით დაინგრა, დღეს ეჭვს უკვე აღარ იწვევს, შესაბამისად, ნათელია მისი განმახორციელებელიც - რუსეთის საოკუაციო ძალები, რადგან სწორედ ისინი აკონტროლებდნენ კაშხლის შენობასა და სამანქანო განყოფილებას.

2-kax-1688022206.png
კახოვკის კაშხლის აფეთქების დამანგრეველი მასშტაბები კოსმოსიდანაც კი ჩანდა...

და, აი, კახოვკის კაშხლის აფეთქებიდან თითქმის ერთი თვის თავზე ვრცელდება რამდენიმე რუსი ოკუპანტის კონკრეტული გვარი, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ მასშტაბური დივერსიული აქტის უშუალო შემსრულებლებლები გახლდნენ და ძალზე არასასიამოვნოდ ხვდება ყურს, რომ მათ შორის პირველი, ქართული გვარი სახელდება...

რა კომენტარი შეიძლება გავაკეთოთ?

ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო გამოვლინება - სიამაყით ატარებს წარწერას "Грузин"-ს და ამასთან, მსახურობს და ომობს იმ რუსეთის 205-ე ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადაში, რომელიც დღეს უკრაინას ანგრევს, ხოლო 15 წლის წინ, მისი სამშობლოს - საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა ცხინვალთან და შემდეგ გორისკენ ქართულ სოფლებს იპყრობდა...

დიდი ალბათობით, ეს "Грузин"-ფიცხელაური აგვისტოს ომში შეიძლება არც მონაწილეობდა, მაგრამ ჩეჩნეთის პირველი ომის დროს შექმნილმა 205-ე ცალკეულმა მოტომსროლელმა ბრიგადამ, რომელიც ბუდიონოვსკშია დისლოცირებული, ჩეჩნებისა და ქართველების დიდი ცოდვა დაიდო, რასაც ახლა უკრაინელების განადგურებით კიდევ უფრო აღრმავებს...

უბრალოდ, წარმოუდგენელია, როგორ უნდა იმსახურო იმ აგრესორი ქვეყნის არმიაში, რომელსაც შენი სამშობლოს ორი ნაწილი აქვს ოკუპირებული, საქართველოს სრული განადგურებითაც არაერთხელ დაგვმუქვრებია, მისგან მედლები, ორდენები აიღო და გულზე წარწერა ატარო "ქართველი" ვარო?