რუს არტილერისტებს ისე გაუჭირდათ, რომ ძველი ირანული და ჩინური ჭურვების სროლაზე გადავიდნენ...
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 16-მა თვემ განვლო და მებრძოლმა მხარეებმა დიდწილად უკვე ამოწურეს წლობით დაგროვილი საბრძოლო მასალების მარაგები.
ეს აქამდე მეტწილად უკრაინის არმიას უფრო ეტყობოდა, რომელიც სერიოზულ "ჭურვების შიმშილს" განიცდიდა, რადგან საბჭოთა სტანდარტის სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ჭურვების მარაგი შემოელია, მაგრამ კიევმა გამოსავალი არტილერიის ნატოს 155 მმ კალიბრზე გადაყვანით, ნაწილობრივ გამონახა, რისი თქმაც რუსეთის საოკუპაციო ძალებზე არ შეიძლება.
რუსეთის არტილერია, რა თქმა უნდა, არ და ვერ გადავა ნატოს 155 მმ კალიბრის ჭურვებზე და უწევს 122 მმ და 152 მმ კალიბრის ჭურვების ახალი მარაგების მოძებნა, რადგან საარტილერიო საწყობები თითქმის დაიცალა.
რუსეთის არტილერიის პრობლემებზე ისიც მეტყველებს, რომ ფრონტის ხაზზე არც მეტი და არც ნაკლები...1939 წელს დამზადებული 152 მმ კალიბრის ჰაუბიცის ჭურვებიც კი გამოჩნდა, რომელთა გასასროლად არტილერისტმა დიდი გამბედაობა უნდა გამოიჩინოს, რადგან ასეთი ძველი ჭურვი შეიძლება ლულაშივე გასკდეს...
სხვათაშორის, ფრონტის ხაზზე უკვე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რუს არტილერისტებს 122 და 152 მმ კალიბრის ჭურვები გასროლის მომენტში ლულებშივე აუფეთქდათ, მაგრამ ჭურვების ეს პარტია ძველი კი არა, ახალი, 2023 წლის წარმოების აღმოჩნდა, ოღონდ რაღაც ტექნიკური დეფექტით, რის გამოც ამ პარტიის ჭურვების გამოყენება საერთოდ აკრძალეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალები ომის დასაწყისში დღე-ღამეში 60 ათას გასროლასაც კი ახორციელებდნენ, დღეს მათი შესაძლებლობები 20-30 ათასამდეა ჩამოსული, მაგრამ ესეც საარტილერიო ჭურვების უზარმაზარ მარაგს მოითხოვს, რის შესავსებადაც მოსკოვმა საიდუმლოდ ირანს მიმართა.
დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს რუსეთ-ირანის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ამსახველი დოკუმენტი (რომელიც მათ, სავარაუდოდ, დასავლეთის სადაზვერვო სტრუქტურებმა გადასცეს), რომელიც 2022 წლის 14 სექტემბრითაა დათარიღებული.
კონტრაქტი ითვალისწინებს ერთ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 40 ათასი 122 მმ-იანი,14 ათასი 152 მმ-იანი საარტილერიო,10 ათასი 125 მმ-იანი სატანკო მსხვრევად-ფუგასური, 4 ათასი 125 მმ-იანი სატანკო კუმულაციური ჭურვისა და 4 ათასი 122 მმ-იანი რაკეტის მიწოდებას.
ირანის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკის ერთი მხრივ და "როსობორონექსპორტის" მეორე მხრივ, ხელმოწერილი ეს დოკუმენტი შეიძლება ფეიკად ჩათვლილიყო, რომ ფრონტის ხაზზე მართლაც არ დაფიქსირებულიყო რუსი არტილერისტების მხრიდან როგორც ახალი 122 მმ-იანი, ისე ძველი 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების გამოყენება, რომლებსაც გარკვევით აწერიათ, რომ ისინი ირანსა და ...ჩინეთში არიან დამზადებულნი...

ასეულობით კამიკაძე "შაჰიდის" მიმწოდებელი ირანისგან გასაკვირვი არ უნდა იყოს საარტილერიო ჭურვებითაც რუსული არმიის დახმარება უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ, ნუთუ, ჩინეთიც ღიად ჩაერთო რუსეთის დასახმარებლად უკრაინის ოკუპაციაში?
სავარაუდოდ, არა, უბრალოდ, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ირანმა ჩინეთისგან შეიძინა 152 მმ კალიბრის ჭურვების დიდი პარტია და ახლა სწორედ მის გადაყიდვას ახდენს რუსეთში, ოღონდ თავისი წარმოების დენთის მუხტებს აყოლებს, რადგან ძველ ჩინურებს შენახვის ვადა გასული ექნებოდათ...
შედარებით იაფფასიანი საბჭოთა სტანდარტის საარტილერიო ჭურვების დიდი პარტიების ირანიდან და სავარაუდოდ ჩრდილო კორეიდანაც მიწოდების შემთხვევაში (ჩინეთი ეტყობა მაინც თავს შეიკავებს ამაზე) რუსეთის საოკუპაციო ძალები ნაწილობრივ მოიხსნიან "ჭურვების შიმშილს" უკრაინის ფრონტზე, რაც კიდევ უფრო გაართულებს უკრაინის არმიის მიერ დაწყებულ ქვეყნის დეოკუპაციის პროცესს...