"პუტინის შემდეგ: უნდა ვინერვიულოთ თუ არა" - კვირის პალიტრა

"პუტინის შემდეგ: უნდა ვინერვიულოთ თუ არა"

ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ "სფექთეითორში" (The Spectator), ლიდერი მასალის სახით, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "პუტინის შემდეგ: უნდა ვინერვიულოთ თუ არა" (ავტორი - მარკ გალეოთი, პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ევგენი პრიგოჟინისა და მისი "ვაგნერელი" დაქირავებულების მოკლევადიანი ამბოხება ყველაზე სერიოზულ რყევას წარმოადგენს ვლადიმერ პუტინის ბოლო 23 წლის მმართველობის პერიოდში. გასაკვირი არაა, რომ შეშფოთებული დასავლური მთავრობები კოშმარულ სცენარებს განიხილავენ, თუმცა, სინამდვილეში, პერსპექტივა უფრო ოპტიმისტური შეიძლება იყოს.

როცა ამბოხების შესახებ პირველი ამბები გავრცელდა, გაჩნდა შიში იმისა, ვაითუ ყველა ევგენი პრიგოჟინს მიემხროსო - პიროვნებას, რომელმაც "ვაგნერის" შემადგენლობაში მყოფი პატიმრების მოკვლის სანქცია გასცა და ისიც კი თქვა, რომ რუსები ჩრდილოეთ კორეაში უნდა ცხოვრობდნენ, უკრაინასთან ომი რომ მოიგონო. როგორც კი რუსეთში რაიმე უწესრიგობა ხდება, იმავ წუთს იბადება კითხვაც - თუ პუტინი არ იქნება, მაშ ვის ხელში აღმოჩნდება ბირთვული იარაღი? უსაფრთხოების პრობლემა დასავლეთს ძალიან აწუხებს.

ირონია იმაში გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინი, როგორც ავტორიტარი მმართველი, დასავლეთს არ მოსწონს, მაგრამ ახლა, როცა ბირთვული არსენალის უსაფრთხოებას სამხედრო სტრუქტურებს შორის გაჩენილი დაპირისპირება დაემუქრა (რომელსაც თვითონ პუტინმა ისეთ "არეულ დროდ" მონათლა, რომელიც რუსეთში ოდესღაც ივანე მრისხანის სიკვდილის შემდეგ დაიწყო), დასავლეთმა ორიენტაცია ისევ პუტინზე აიღო პრინციპით - "შეჩვეული ჭირი სჯობს შეუჩვეველსო".

70 წლის ვლადიმერ პუტინს თავის ირგვლივ ისეთი ადამიანები ჰყავს შემოკრებული, რომელთა წარსული ერთმანეთს ჰგავს. მის გარემოცვაში არიან ადამიანები "კაგებედან", ვეტერანები, რომლებიც სპეცსამსახურებში ნომენკლატურის სახით, კომუნისტური პარტიის მმართველობის დროს მუშაობდნენ. მართალია, საბჭოთა სისტემა დაემხო, მაგრამ მათ ხსოვნაში და გონებაში ის ძველი დრო ისევ არსებობს. ისინი ყველაფერში დასავლეთს ადანაშაულებენ, რომელმაც დიდებული სსრკ დაანგრია, შემდეგ, 1990-იან წლებში კი, რუსეთი ქვეშ მოიგდო და აღორძინების შესაძლებლობას უსპობდა. რუსულ პოლიტიკაში ნამდვილად არსებობს ასეთი ემოციური ასპექტი, რომელსაც დასავლეთი ნაკლებად აქცევს ყურადღებას, როცა დებატები გეოპოლიტიკურ ინტერესებს ეხება.

მაგრამ შედარებით უფრო ახალგაზრდა თაობა - ისინი, ვინც ახლა 50-60 წლისანი არიან, მათგან გარკვეულწილად განსხვავდებიან. ისინი არავითარ შემთხვევაში არ არიან ლიბერალური დემოკრატები. ისინი პრაგმატულ ოპორტუნისტებს წარმოადგენენ, კლეპტოკრატებს. მათზე არ მოქმედებს და მათ არ აწუხებთ ქართული წყევლა - "მხოლოდ შენი ხელფასით გეცხოვროსო". ისინი ვლადიმერ პუტინის მომხრეები არიან არა იდეოლოგიური რწმენით ან პირადი ლოიალობით, არამედ იმიტომ, რომ პრეზიდენტთან ახლოს ყოფნა მათთვის გამდიდრებისა და სტატუსის მიღების საუკეთესო გზას წარმოადგენს.

62 წლის ევგენი პრიგოჟინი ამ მხრივ პრეზიდენტის გარემოცვის განსაკუთრებით სასტიკი და ხისტი მაგალითია, "ბანდიტური" გამოვლინებაა. იგი თვითონ ვლადიმერ პუტინმა შექმნა - მისი გზა ჩვეულებრივი რესტორატორიდან ტროლების ფერმის მმართველად და კერძ სამხედრო ფორმირების მფლობელამდე, რომელსაც ფრაკი მისივე მფარველმა ჩააცვა. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ამბოხი ერთგვარი პროტესტის გამოვლინება იყო "ვაგნერის" სავარაუდო გაუქმების გამო და მიმართული იმისკენ, რომ ვლადიმერ პუტინი დაერწმუნებინა - შეეწყვიტა თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსადმი მხარდაჭერა, ეს მაინც, საბოლოო ჯამში, შეიარაღებულ ანტისამთავრობო ამბოხებას წარმოადგენდა. მართალია, თავდაპირველად თვითონ ევგენი პრიგოჟინი თითქოს თავს იკავებდა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული გამონათქვამებისგან, მაგრამ როცა ვლადიმერ პუტინმა "ვაგნერის" მიერ დაწყებული "სამართლიანობის მარში" სახელმწიფოს ღალატად შეაფასა, ევგენი პრიგოჟინმაც შესაბამისი რეაგირება მოახდინა: "პუტინმა არასწორი არჩევანი გააკეთა. მით უარესი მისთვის. მალე ახალი პრეზიდენტი გვეყოლება".

პრიგოჟინის პოლიტიკური [კოსმოპოლიტური] თაობა არამარტო მოთმინებას კარგავს იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებაში გერონტოკრატიის ტენდენცია მატულობს (პუტინის გარემოცვაში ბევრია ისეთები, რომლებმაც საპენსიო ასაკს უკვე დიდი ხანია გადააბიჯეს და 70 წლისანი არიან). პრიგოჟინის თაობა ხედავს, რომ მათი პრაქტიკული ინტერესები ითრგუნება. მათ სურთ კარგი ცხოვრება - შინ, რუსეთში მოიპარონ, მაგრამ ფული საზღვარგარეთ შეინახონ, შვილები უცხოეთში გაგზავნონ და იქაურ უნივერსიტეტებში ასწავლონ, შეიძინონ ბინები ლონდონში, პრაღაში, რიგაში, დაისვენონ დუბაიდან ფხუკეტამდე... თუმცა ისინი, რომლებიც თავს ევროპელებად თვლიან, ღიზიანდებიან, რომ ევროპა მათ თავისიანად არ თვლის.

არ არის იმის საფრთხე, რომ ვლადიმერ პუტინს საშიშროება უშუალოდ ემუქრება. მაგრამ მისი სისტემა სულ უფრო დისფუქნციური ხდება. იმავდროულად არაფერი არ მიუთითებს იმას, რომ პრეზიდენტს აქვს გეგმა და ენერგია რაიმე სერიოზული რეფორმის გატარებისა. ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ პუტინის სისტემა უფრო მყიფე გახადა. პრეზიდენტი სუსტად გამოიყურება იმიტომაც, რომ მან ევგენი პრიგოჟინს ჯერ მოღალატე უწოდა, მაგრამ შემდეგ, გარიგება რომ მომხდარიყო, ყველა ბრალდება მოუხსნა. ამით პუტინმა თავისი ხელისუფლება ეჭვის ქვეშ დააყენა.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ყირიმის დაკარგვას, კასკადურ ეკონომიკურ კრიზისს, არ მოასწავებს რაიმე სერიოზულ ავადმყოფობას და არ უნდა მივიღოთ ისე, რომ ეს ყველაფერი პუტინის ხელისუფლების "გედის სიმღერას" წარმოადგენს. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ პუტინის სისტემა სულ უფრო ნაკლებად უნარიანი იქნება მსგავს მომდევნო გამოწვევას გაუძლოს. ისევე როგორც იმპერატორი ნიკოლოზ მეორე, ვლადიმერ პუტინიც ძალიან რისკავს კუთხეში იყოს მიმწყვდეული თავისივე გენერლებ-ჩინოვნიკების მიერ და არჩევანის წინაშე დადგეს - ან გადადგეს და თანამდებობიდან "ღირსეულად" წავიდეს, ან ძალით იქნას დამხობილი და ტახტიდან გადმოგდებული. ეს თუ ოდესმე მოხდება, მაშინ ჩვენ დავინახავთ უკვე ისეთ ელიტას, რომელსაც კიდევ უფრო მეტი შიში ექნება ანარქიისა და ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდი.

უფრო მეტიც - ისინი ყველანაირად იქნებიან დაინტერესებულნი დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით. მატულობს ჩუმი კონსენსუსი იმის შესახებ, რომ უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო და რომ სავარაუდო გამარჯვების ფასი - კრიზისის ესკალაცია, ეკონომიკის მილიტარიზაცია ქვეყანას საბოლოოდ ევგენი პრიგოჟინის რეცეპტამდე - "ჩრდილოკორეულ" სისტემამდე მიიყვანს. რუსეთის ომიდან გამოყვანაც იოლი და უდანაკარგო არ იქნება, მაგრამ ეს შესაძლებელია. ამით კონტინენტური ევროპაც თავის ყოველდრიურ საქმეებს დაუბრუნდება... და რუსეთში ისევ დაიწყებდა "მერსედესების" ნაკადის დინება.

ცხადია, ამით რუსეთში [სრული] დემოკრატია არ დამყარდება, მაგრამ ბოლო 16 თვის განმავლობაში მიმდინარე მცოცავი ტოტალიტარიზმი, ალბათ, შეწყდებოდა. წარმატებული კლეპტოკრატები, როგორც ცნობილია, კანონის უზენაესობას თავისებურად უყურებენ - ამ პრინციპით მათ უპირველესად მოპარულის დაკანონება სურთ. მოკლედ, შეიძლება იყოს კანონის უზენაესობა დემოკრატიის გარეშე, მაგრამ არ შეიძლება ნამდვილი დემოკრატია კანონის უზენაესობის გარეშე (როგორც ეს 1990-იანი წლების რუსეთში იყო). ამრიგად, თუ შემდგომი პოლიტიკური თაობა საკუთარი თავის ლეგალიზებას შეძლებს [კანონის უზენაესობის დაცვით], მაშინ მომდევნო ეტაპი საზოგადოების დემოკრატიზება იქნება.

ზოგიერთებს, ალბათ, შიში აქვთ, რომ იმ თაობას, რომლის წარმომადგენლებს ცნობიერება ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს ჩამოუყალიბდათ, ისტორიისა და მოვლენების ისეთი დამახინჯებული აღქმა ექნებათ, როგორი პროპაგანდითაც მათ ზრდიდნენ და თავებს უტენავდნენ. მაგრამ იმედი მაინც არის: თვით დახურულ საბჭოთა გარემოშიც და ინფორმაციის სასტიკი კონტროლის პირობებშიც კი ადამიანებს აინტერესებდათ ჯაზი, სურდათ ჯინსები, დოლარები და დემოკრატია. ასე რომ, ყველა თაობაში შეიძლება - ორმოცწლიანებშიც და უფროსასაკიანებშიც - არსებობდეს სწრაფვა დასავლური ღირებულებებისაკენ.

ეს ყველაზე პოზიტიურ და პოტენციურ ტრაექტორიას წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ დასავლეთს არ შეუძლია საკუთარი თავის პარალიზება იმით, თუ რა და ვინ იქნება ვლადიმერ პუტინის შემდეგ. აქტიური მუშაობა პუტინის დასამხობად შეიძლება არაგონივრულიც კი გამოდგეს - ჩვენ, ერაყის მაგალითზე, დავადასტურეთ, რომ უფრო კარგად შეგვიძლია რეჟიმის შეცვლა და არა იმ შედეგებისა, რაც რეჟიმის შეცვლას მოსდევს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივესალმოთ ყველაფერს, რაც [პუტინის] რეჟიმის დასასრულს დააჩქარებს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ