"საქართველოდან რომ მოვდიოდი, მახსოვს კოლეგების კომენტარები - აბა შენ იცი, მუშად მუშაობა არ დაიწყო.. არ სჯეროდათ ჩემი წარმატების" - ქართველი ფოტოგრაფის თავბრუდამხვევი მოღვაწეობა ამერიკაში
მისი კომპანია უდიდესსა და უმდიდრეს ივენთებსა და ღონისძიებებს უძღვება ისეთ ცნობილ ჰოლებში, როგორიც არის - გოთემ ჰოლი, კიპრიანი, ლასთ ჰაუსი ჩელსი, ლინკოლნის ცენტრი, პლაზა ჰოტელი და ასე შემდეგ... იქ შეხვედრია ისეთ ცნობილ მეგა არტისტებს, როგორიც არიან - ქარდი ბი , ფეტ ჯო , დიჯეი ქალედ, ჯონი მარტინო (ნათლიმამიდან)... ამის გარდა კიდევ ბევრი მიღწევები აქვს და თავის ცხოვრების, მოღვაწეობის შესახებ მიშო მაიკლ გოგიძე ამერიკიდან გვესაუბრა...
- მიშო, როგორ გახსენდებათ ბავშვობა?
- ალბათ, როგორც ჩემი თაობის ყველა ახალგაზრდისთვის, ჩემთვისაც ცოტა მძიმე იყო 90-იანი წლების ქართული რეალობა. გამიმართლა, ისეთ ოჯახში რომ დავიბადე, სადაც განათლება და კულტურა ყვაოდა. შესაბამისად, ჩემი აღზრდაც ამ კუთხით მიდიოდა... ბებია და ბაბუა მეცნიერები იყვნენ, მამა კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერია, დედა ისტორიკოსი...…
- სკოლის პერიოდი როგორი იყო?
- სკოლის პერიოდი ცოტა მტკივნეულად მახსოვს, რადგან ოთხჯერ მომიწია სკოლის შეცვლა. ახალი გარემო, ახალი მეგობრები... თუმცა ახლა ვხვდები, რომ სკოლიდან ძალიან დიდი სამეგობრო შევიძინე. დღემდე მომყვება ეს სითბო და სიყვარული. კარგად ვსწავლობდი, ასევე ფორტეპიანოს და ვიოლინოს ვეუფლებოდი. მაღალ კლასებში გიტარის შესწავლით დავინტერესდი, რაც სტუდენტობის დროსაც გავაგრძელე... შემდეგ დღევანდელმა პროფესიამ - ფოტოგრაფიამ და სინემატოგრაფიამ რეჟისურასთან ერთად ყველაფერს გადაძლია და იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.
- ფოტოგრაფია როდის დაიწყეთ?
- ზოგადად სიუჟეტური ფოტო-ხედვა ბავშვობიდან მქონდა, ვიღებდი პორტრეტებს, პეიზაჟებს, ჩანახატებს... რა თქმა უნდა, მოყვარული ფოტო კამერებით, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, უკვე სტუდენტს, ახალ წელს საჩუქარი დამხვდა, რომელიც მამამ მომიძღვნა. გავხსენი და იმ დროისთვის ყველაზე სუპერ აპარატი აღმოჩნდა. აი აქედან უკვე დაიწყო ჩემი პროფესიული ზრდა, განვითარება და ეს ხელოვნება ამყავს მეცნიერულ დონეზე.
- საქართველოში კარიერა როგორ აიწყვეთ?
- საქართველოში ჩემი საქმიანობა თითქმის ყველა მიმართულებით გავშალე. ეს ეხებოდა როგორც დიზაინერებთან და მოდელებთან თანამშრომლობას, ასევე კერძო და კომერციულ ფოტოგრაფიას. მქონდა ჩემი ფოტო სტუდიაც. მინდა აღვნიშნო ჩემი თანამშრომლობა დიზაინერ ლაშა დევდარიანთან, რომელიც ჟურნალ "ბომონდში" დაიბეჭდა. ასევე კოლაბორაციები დიზაინერ ნიკოლასთან, რომელიც ბევრჯერ გაშუქებულა სხვადასხვა ტელევიზიებში.
- ამერიკაში როდის წახვედით და თუ არის ის ქვეყანა, სადაც ოცნებები სრულდება?
- ამერიკა ოცნებების ასრულების ქვეყანაა, თუ შენს საქმიანობას და პოტენციალს სწორად წარმართავ. (გააგრძელეთ კითხვა)