ყველაზე დიდი ხელნაწერი გიგანტური კოდექსი - კვირის პალიტრა

ყველაზე დიდი ხელნაწერი გიგანტური კოდექსი

მსოფლიოში უდიდესი დღემდე შემორჩენილი შუა საუკუნეების ხელნაწერია ე.წ. გიგანტური კოდექსი - Codex Gigas. მიჩნეულია, რომ ის XIII საუკუნეში შეიქმნა ბოჰემიაში (დღეს ჩეხეთშია), ქალაქ პოდლაჟიცეს ბენედიქტელთა მონასტერში.

კოდექსი, უფრო ზუსტად კი ხელნაწერთა კრებული ლათინურ ენაზეა შედგენილი. სავარაუდოდ, მასზე ერთი ადამიანი მუშაობდა 20-30 წლის განმავლობაში. ლეგენდის თანახმად, მას ჰერმან განმარტოებულს უწოდებდნენ. ბოლო ჩანაწერი 1230 წლით თარიღდება.

მანუსკრიპტის გვერდის სიმაღლე 89, ხოლო სიგანე - 49 სმ-ია და პერგამენტის 310 ფურცელს შეიცავს. ტექსტი ორ სვეტადაა გადაწერილი და თითოეულში 106 სტრიქონია. წიგნის სისქე 22 სმ-ია და 75 კილოგრამს იწონის.

კოდექსში, როგორც ჩანს, შეიტანეს მთელი ცოდნა, რაც ბენედიქტელთა ორდენის მონასტერს დასჭირდებოდა - წმინდა წერილი, ენციკლოპედია, სამედიცინო ტრაქტატებიც კი. ხელნაწერი ძველი აღთქმის ტექსტით იწყება. მას მოჰყვება იოსებ ფლავიუსის წიგნი "იუდეველთა სიძველენი" და "ებრაელთა ომი", რომელიც წმინდა წერილის ისტორიულ ინფორმაციას ავსებდა. შემდეგ მოდის ისიდორე სევილიელის "ეტიმოლოგია", პირველი უნივერსალური ენციკლოპედია, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეებში.

pirvelio-2-1688210447.jpg
ამოსის წიგნის თავფურცელი

ეტიმოლოგიას მოსდევს სხვადასხვა საუკუნის პრაქტიკული და თეორიული რვა სამედიცინო ტრაქტატი (ჰიპოკრატესი, კონსტანტინე აფრიკელის და სხვ.). ამის შემდეგ კრებულში ახალი აღთქმის წიგნების ჯერია. მათ მოსდევს მონანიების მოკლე ინსტრუქცია, რომელიც სრულდება ზეციური ქალაქისა და ეშმაკის ორი მთელგვერდიანი მინიატიურით. მცირე ტექსტი ეგზორციზმის რიტუალს აღწერს, რის მერეც კოზმა პრაღელის "ჩეხური ქრონიკაა". ქრონიკის შემდეგ, როგორც ჩანს, წმინდა ბენედიქტეს წესდება იყო, მაგრამ აქ ფურცლები ამოჭრილია. კოდექსს ასრულებს კალენდარი-მარტიროლოგი - საღვთისმსახურო წლის, პასქალიების გამოსათვლელად და მეტად თუ ნაკლებად ცნობილ ადამიანთა ნუსხა ხსენების თარიღებით. სულ ბოლოს კი მონასტრის მკვიდრთა სიაა (შესაძლოა, შემწირველთა, ქველმოქმედთა თუ ინდულგენციების მყიდველთა). ნუსხები და მარტიროლოგი ძირითადად ადგილობრივი მოღვაწეებისა და ბოჰემიელი წმინდანების სახელებს შეიცავს, რაც დამატებით მოწმობს ხელნაწერის წარმომავლობაზე.

ორი მთელგვერდიანი მინიატიურის გარდა, კოდექსში 57 დეკორირებული ინიციალი და რამდენიმე გამოსახულებაა ტექსტში. ფლავიუსის "იუდეველთა სიძველენის" პირველ გვერდზე კი მისი პორტრეტია. ეშმაკის უზარმაზარმა ილუსტრაციამ, ასევე ლეგენდამ, თითქოს მისი დახმარებით გადამწერმა ერთ ღამეში შექმნა კოდექსი, განაპირობა, რომ გიგანტურ კოდექსს ზოგჯერ ეშმაკის ბიბლიასაც უწოდებენ.

pirvelio-3-1688210447.jpg
გიგანტური კოდექსის მთელგვერდიანი მინიატიურები ზეციური ქალაქისა (მარცხნივ) და ეშმაკის (მარჯვნივ) გამოსახულებებით

პოდლაჟიცეს ბენედიქტელთა მონასტერი XV საუკუნეში ჰუსიტური ომების დროს (1419-1434 წწ.) განადგურდა. ხელნაწერი ჯერ ინახებოდა ცისტერციანელთა მონასტერში, შემდეგ ის ბრევნოვის ბენედიქტელთა მონასტერმა შეიძინა. 1594 წელს მოხვდა იმპერატორ რუდოლფ II-ის კოლექციაში, პრაღაში, რომელიც მაშინ საღვთო რომის იმპერიის დედაქალაქი იყო. ოცდაათწლიანი ომის (1618-1648) მიწურულს, გიგანტური კოდექსი შვედეთში გაიტანეს ნადავლის სახით. 2007 წლამდე მანუსკრიპტი სტოკჰოლმის შვედეთის სამეფო ბიბლიოთეკაში ინახებოდა. აღსანიშნავია, რომ 1697 წლის 7 მაისს სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში გაჩნდა ძლიერი ხანძარი და კოდექსი ცეცხლს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ფანჯრიდან გადმოაგდეს. თუმცა ხელნაწერი დაზიანდა. XIX საუკუნიდან ის საჯაროდ გამოფინეს და პოპულარული სანახაობაც გახდა. 2007 წელს, ანუ 359 წლის შემდეგ, ხელნაწერი პრაღას დაუბრუნდა, თუმცა მხოლოდ ორი წლით. დღეს ის დაცულია სტოკჰოლმში, შვედეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, სადაც ფართო საზოგადოებისთვის არის გამოფენილი.

history.com-ის მიხედვით

"ისტორიანი" .#128